რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 5 პირს ბრალი წარუდგინეს - "თავიანთი ქმედებით გამოუსწორებელი რამ ჩაიდინეს"
რობერტ დე ნიროს შვილიშვილის, 19 წლის ლეანდრო დე ნიროს და მისი ასაკის კიდევ ორი ახალგაზრდის სიკვდილთან დაკავშირებით 5 ადამიანს ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება 2023 წელს რამდენიმე ახალგაზრდის, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავის შვილიშვილის ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით სიკვდილს.
გამოძიება ბრიუს ეპერსონს, ედი ბარეტოს, გრანტ მაკივერს, ჯონ ნიკოლასს და როი ნიკოლასს, ფენტანილის სადისტრიბუციო ქსელის მართვაში ადანაშაულებს, რომელიც ნიუ იორკში მოზარდებსა და ახალგაზრდებზე, სოციალური მედიის საშუალებით, ნარკოტიკს ყიდდა.
"ამ ბრალდებულებმა თავიანთი ქმედებით, გამოუსწორებელი რამ ჩაიდინეს. მათმა სავარაუდო ქმედებამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, რომლებსაც უსაზღვრო პოტენციალი ჰქონდათ", - აცხადებს ნიუ იორკის შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი რიკი პატელი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სოციალური მედია და დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციები გამოიყენეს ნიუ-იორკში ფენტანილის შემცველი ნარკოტიკული საშუალების ათასობით აბის გასაყიდად 2023 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში.