"იმ წუთას საოცარი რამ მოხდა. დედაჩემმა როგორც კი დაამთავრა წინადადება, ტელეფონმა დარეკა, მამაჩემს ისტერიკა დაემართა - ეროსი აღარ არისო... ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ"
"ნორა ყიფიანს ტრაგიკული ბედი დაჰყვა. მისი ერთადერთი შვილი, ვოვა და თვითონ, სოხუმში ერთად იყვნენ მთელი ომის პერიოდში. ვოვა მოულოდნელად, გულის შეტევით დაიღუპა, ნორამ სადარბაზოში, კიბეზე ნახა გარდაცვლილი შვილი"
მსახიობისა და ექიმის ოჯახში დაიბადა. მამა იყო რესპუბლიკის სახალხო არტისტი ვიქტორ (უმცროსი) ნინიძე, დედა - სტომატოლოგი მერი გოდერძიშვილი. თავად კი უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი დაამთავრა ინგლისური ენის სპეციალობით.

ფილოლოგიის დოქტორი მანანა ნინიძე ტელევიზიის პირველ არხზე უცხოური ფილმების ქართულად თარგმნის სათავეებთან იდგა. 1998 წელს ეთერში გადიოდა ფილმი „დინასტია“ (223 სერია) და მაყურებელს ყოველი სერიის დასრულების შემდეგ ესმოდა მისი სახელი და გვარი. სახეზე არავინ ცნობდა, მაგრამ ძალიან პოპულარული გახდა გვარითა და სახელით.
დედა და მისი პაციენტები
- დედაჩემი სტომატოლოგი იყო და მე-4 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში მუშაობდა მისი დაარსების დღიდან. ძალიან ნაზი ხელი ჰქონდა, ამიტომ ყველას მასთან უნდოდა მოხვედრა. უამრავი ცნობილი პაციენტი ჰყავდა: ვერა წიგნაძე, ეროსი მანჯგალაძე, მოჭიდავე გურამ საღარაძე, ტრისტან სარალიძე... რა ვიცი, ვინ არა. ოთარ რამიშვილთანაა დაკავშირებული კარგი ისტორია. როცა დედას პაციენტი გახდა, უთქვამს: უი, რა კარგი თითები გაქვთ. ისე, ჩემს თითებსაც არა უშავს, ამით ოჯახს ვინახავო. მაშინ ოთარი ჯერ არ იყო ცნობილი მომღერალი და დედაჩემს, თურმე ჯიბის ქურდი ეგონა...
მისი პაციენტები იყვნენ ანსამბლ „ორერას“ წევრები, რობერტ ბარძიმაშვილის გარდა. დედასთან იმდენად დამეგობრდნენ, რომ ფილარმონიაში კონცერტის შემდეგ, ჩაიზე ჩვენთან გადმოდიოდნენ, იქვე ახლოს ვცხოვრობდით. ნანი ამბობდა: რა კარგი ხალხი ხართ, არ გვთხოვთ - იმღერეთო. დედა კი პასუხობდა: კონცერტიდან ისედაც დაღლილები მოდიხართო... ძალიან ახლოს იყო ბუბასთან და მის მეუღლესთან - ირასთან. ოჯახები ახალ წელს ერთად ვხვდებოდით. ბუბა გვიყვებოდა: ერთხელ ამერიკაში ირას კბილი ასტკივდა და ოთუზბირი დაგვიჯდა მისი მკურნალობა, ვამბობდით - სად არის ახლა ჩვენი მერიკოო?
დედაჩემის მამიდაშვილი მხატვარი იყო, რომელმაც მოგვიტანა ბუბას დიდი პოსტერი, სადაც იცინის და კბილებზე დააწერა „რა ხელებმა შეაკეთეს!“. ის პოსტერი სახლში გვეკიდა კარგა ხანს.
თბილისის „დინამოს“ ექიმს ზაქრო თელიას სხვა სტომატოლოგი ვერ წარმოედგინა (თავადაც დედას პაციენტი იყო), ამიტომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი, დაწყებული სერგო კოტრიკაძით და ის თაობა, დედასთან დადიოდა. კახი ასათიანი როცა დაინიშნა გუნდის უფროსად, დედას ეუბნებოდა: მერიკო, რატომ მაწვალებ? ეს ფეხბურთელები შენთან მომყავს-მიმყავს... წამოდი, ჩვენს ბაზაზე კაბინეტს გაგიხსნი და ბარემ, იქ იყავიო.
მშობლები - სიყვარული, დაშორება...
- სკოლის მოსწავლე იყო მამაჩემი, როცა სანკულტურის თეატრის სპექტაკლებში ბავშვების როლებს ასრულებდა, ასევე მოსწავლე დედაჩემი კი ესწრებოდა წარმოდგენებს. ერთმანეთი ამ თეატრში გაიცნეს. დედა იყო მე-7 კლასში, მამა მეცხრეში, მაშინ შეუყვარდა მერი და იმ დროიდან სწერდა წერილებს. შენახული მაქვს ორი წერილი, რომლებიც ასე იწყება - ძვ. (ძვირფასო) მერი... და მამა აღწერს, როგორ დაინახა, შეუყვარდა და ა.შ. მამაჩემი ნახალოვკაში ცხოვრობდა, დედა - ვერაზე და დედაჩემი ამბობდა: ამოდიოდა ეს ნახალოვკელი და ვერელ თაყვანისმცემლებს მიფრთხობდაო.
დედას რატომღაც არ უნდოდა, რომ მამაჩემი მსახიობი ყოფილიყო და მან ჩააბარა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მოკლედ, შექმნეს ოჯახი სტუდენტობის დროს და ისე მალე დაშორდნენ, რომ არც კი მახსოვს. მე და დედა დავბრუნდით დედაჩემის მშობლებთან. მამაჩემთან დაშორებამდე, ბებია-ბაბუასთან როცა გამოვდიოდით, ასე გვეგებებოდნენ „მანანასი სტუმრობაო, ნუ გგონიათ ხუმრობაო“ იმიტომ, რომ დედა დიდხანს რჩებოდა მათთან, მეუღლის სახლისკენ გული აღარ უწევდა...
მამასთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. დედასთან დაშორების შემდეგ მამა სოხუმში წავიდა და იქ მუშაობდა თეატრში. ბებია და დედაჩემი მეტყოდნენ ხოლმე: აბა, მამას წერილი მისწერეო. პირველი კლასის მოსწავლე, ჯერ კარგად ასოებიც რომ არ ვიცოდი, ვწერდი წერილებს, რომლებსაც მამა ინახავდა. სოხუმში ყოველ წელს საგაზაფხულო არდადეგებზე ჩავდიოდი. მამაჩემი თბილისში ყოფნისას, ყოველთვის ჩვენს სახლში რჩებოდა.
14 წლისა ვიქნებოდი, როცა მამამ გადაწყვიტა, რომ შერიგებოდა დედაჩემს.
მას სოხუმში ჰყავდა მეუღლე - მსახიობი ნორა ყიფიანი, რომელსაც დაემშვიდობა... და ჩამოვიდა ჩვენთან.
მაშინ ვთქვი: თქვენ იმდენად განსხვავებული ხასიათი გაქვთ, რომ ერთად არაფერი გამოგივათ-მეთქი. წავედი აგარაკზე დასასვენებლად, ჩამოვედი და... მამა ისევ სოხუმში, ნორასთან დაბრუნდა. ჩემმა მშობლებმა ორი თვეც კი ვერ გაძლეს ერთად. მერე ამბობდნენ: რა ჭკვიანი შვილი გვყავს და როგორ არ დავუჯერეთო?
ნორა ყიფიანი
- ნორა იყო ძალიან კარგი ადამიანი. ჯერ მოსკოვში ცხოვრობდა, სკოლა იქ დაამთავრა, მამა რკინიგზელი ჰყავდა. თბილისში როცა ჩამოვიდა, ქართული ძალიან ცუდად იცოდა. ფილტვებზე რაღაც პრობლემა აღმოაჩნდა და გრიბოედოვის თეატრის რეჟისორმა, სადაც ნორა მუშაობდა, ურჩია სოხუმში წასვლა - იქაური კლიმატი მოგიხდება და თან, თეატრში რუსული დასი არისო. ნორაც წავიდა. ქართული დასი როცა შეიქმნა, იქ გადავიდა. თვითონ მითხრა: როლების ტექსტებს რუსული ასოებით ვწერდი, სანამ ენა არ გავიტეხეო. მამაჩემი და ნორა სოხუმში დაახლოვდნენ, ორივე გაშორებული იყო მეუღლესთან, გავიდა რაღაც დრო და დაქორწინდნენ. ნორასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.
მას ტრაგიკული ბედი დაჰყვა. მისი ერთადერთი შვილი ვოვა და თვითონ, სოხუმში ერთად იყვნენ მთელი ომის პერიოდში. ვოვა მოულოდნელად, გულის შეტევით დაიღუპა, ნორამ სადარბაზოში, კიბეზე ნახა გარდაცვლილი შვილი...
ომი ახალი დამთავრებულია და ნორა თავის საბედისწეროდ შევიდა მეზობლად მცხოვრებ ჯიბლაძეებთან. ოჯახის დიასახლისი ციმბირელი ქალი იყო, ქმარი და შვილები სახლში არ იყვნენ, იმალებოდნენ, ქართველებს ხომ სდევნიდნენ. კარზე რომ დააკაკუნეს, ნორამ ამ ქალს უთხრა, კარი არ გააღოო. მაინც გააღო, შემოვიდნენ აფხაზები, დაიარეს ოთახები და ქალს უთხრეს - სამ დღეში ბინა უნდა დაცალო და აქედან წახვიდეო. მერე აიღეს მაგიდაზე დადებული ჩვენი ბინის გასაღები და ნორას ფული და ოქრო მოსთხოვეს.
7 აფხაზიდან ნორას ბინაში წაჰყვა მხოლოდ ერთი. რომ ნახა, ჩვენთან არაფერი იყო ფასეული, გამოიხურა ბინის კარი, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და ისევ დაბრუნდა ჯიბლაძეებთან. ნორაც უკან გაჰყვა და რუსულად ეუბნება: დამიბრუნეთ გასაღები, თუ ღმერთი გწამთ! იმან ყურად არ იღო, ნორამ თხოვნა რამდენჯერმე გაუმეორა. რაღაც მომენტში ოთახში მარტო დარჩნენ. იმ აფხაზს უთქვამს, რა გამიწყალე გულიო, ამოუყარა ნორას ჟაკეტში ავტომატი, ფანჯარა გააღო, ასწია ქალი (პატარა ტანისა იყო) და გარეთ მოისროლა მეორე სართულიდან...
ნორა მიყვებოდა, იმდენად სულერთი იყო ჩემთვის ყველაფერი, რომ წინააღმდეგობაც არ გამიწევიაო. ის დაენარცხა ბეტონზე, რომელიც იყო ქვემოთ განთავსებული გასტრონომის სახურავი და წინ იყო გამოწეული მეორე სართულის სიმაღლეზე. მეზობლებმა ატეხეს ერთი ამბავი, აფხაზები გაიქცნენ. საწყალი ნორა საავადმყოფოში წაიყვანეს, მხოლოდ ფეხი მოსტყდა... ჩვენ ეს შემზარავი ამბავი აფხაზმა მეზობლებმა შეგვატყობინეს. არ დამავიწყდება ნატაშა ჩხიკვაძის გაწეული ამაგი. მან შეძლო საერთაშორისო წითელი ჯვრის დახმარებით, ნორა თბილისში ჩამოეყვანა სპეციალური თვითმფრინავით მას მერე, როცა ფეხი შეუხორცდა.
აფხაზებთან ურთიერთობა
- სოხუმის თეატრში თითქოს ნორმალურად მიდიოდა ყველაფერი, კვირაში 4-ჯერ ქართული დასის სპექტაკლები იმართებოდა, 2-ჯერ - აფხაზური დასის. ფაქტობრივად, თეატრს ინახავდა ქართული დასი. იყო ასეთი რეჟისორი - ნელი ეშბა (რობიკო სტურუას ჯგუფელი), რომელიც დანიშნეს აფხაზური დასის მთავარ რეჟისორად. მაშინ დაიწყო ნელ-ნელა ურთიერთობების რღვევა და სწორედ ეს ქალი იყო ინიციატორი. ბოლოს იმდენი ქნეს, რომ ქართული დასი თეატრიდან გამოაბრძანეს და სადღაც სხვა შენობაში გადაიყვანეს.
ერთი ამბავი მოხდა მამასთან დაკავშირებით. 1979 წელია, სოხუმში ვარ, ფილმი „დათა თუთაშხია“ ახალი გამოსულია. მე, ნორა და მამაჩემი თეატრიდან სახლში ვბრუნდებით. გზად გავიარეთ გაზეთ „სავეტსკაია აფხაზიას“ რედაქციასთან, საიდანაც ორი ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა. ერთი მამას გადაუდგა და რუსულად ეუბნება: სად გაგონილა, რომ აფხაზები ასე უღირსად იქცეოდნენო? გულისხმობდა იმას, რომ მამა ფილმში თამაშობს ზვამბას როლს, რომელიც კლავს კაცს და ძარცვავს.
მამა გაოცდა. მე ვეუბნები: მსახიობია, როლი ითამაშა და რაშია დამნაშავე-მეთქი? ბიჭი არ ჩერდება და იქაჩება. ამასობაში, რედაქციიდან გამოვიდა მამას ნაცნობი კაცი, ისიც იქ მუშაობდა, მამაჩემი ეუბნება: ხუტა, ამ კაცს რა უნდა, გააჩერეო... ბიჭი ისევ ჩხუბობს. ახლა, თანმხლები ბიჭი იძახის: ამას დღეს ვაჟი შეეძინა და ცოტა დავლიეთო. მამამ უთხრა: შე დალოცვილო, ბედნიერი უნდა იყო, ასე კი არ უნდა იქცეოდეო. ყველაზე მეტად იმისა მეშინოდა, რომ დაახლოებით ას მეტრში ქართული დასის ბიჭები იდგნენ და არ მინდოდა, იმათ რომ შეემჩნიათ ეს სიტუაცია.

წამოვედით სახლში, მაგრამ მამამ თქვა, ამას ასე არ დავტოვებო. მეორე დილას მივიდა რედაქციაში, მოძებნა ის ბიჭი, ჩამოართვა ხელი და უთხრა: საქართველოს და აფხაზეთის სახალხო არტისტი ვიქტორ ნინიძე. ახლა ამიხსენით, რა გინდოდათ გუშინ ჩემგან? ის შეცბა, ცოტა შეეშინდა და უთხრა: ახლავე წავალ და ბოდიშს მოვუხდი თქვენს ქალიშვილს და მეუღლესო. მამას უთქვამს: ამჯერად გაპატიებ, მაგრამ სხვა დროს აღარ მოვითმენო.
მეგობრების შესახებ
- შევედი მე-6 ქალთა სკოლაში და პირველი კლასიდან დაწყებული დღემდე ვმეგობრობთ: მე, ლენიკო სტურუა, ნუნუ მინდაძე, მანანა მიქაბერიძე, გუნდა ქარცივაძე. მე-5 კლასიდან უკვე ერთად ვსწავლობდით ბიჭები და გოგოები და ჩვენი ახლო მეგობარი გახდა ოთარ ქაჯაია. სტუდენტობის დროს ძალიან გვიყვარდა ლენიკოს სახლში მისვლა, სადაც თავს იყრიდნენ მისი ძმის - რობიკოს (5 წლით არის უფროსი ჩვენზე) მეგობრებიც. იმათთან ჩვენც ვმეგობრობდით.
ესენი იყვნენ: დიმა ბათიაშვილი, სანდრო მრევლიშვილი, თემიკო აბაშიძე, გოგი ხარაბაძე, გოგი ქავთარაძე...
რობიკომ დადგა რუსთაველის თეატრში „მზიანი ღამე“, მთავარ როლს გოგი ქავთარაძე თამაშობდა. ავანსცენა შემოდიოდა პარტერში მეათე რიგამდე და ამ რიგის შუაში ხშირად ვისხედით ხოლმე მე და ჩემი მეგობარი. გოგი გამოვიდოდა, მოგვესალმებოდა და მერე გვეხუმრებოდა: თქვენ თუ ვერ გხედავთ, იმ დღეს ვეღარ ვთამაშობო.

პირადად მე, განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა რობიკოსთან კიდევ იმიტომ, რომ ინგლისურში ვამეცადინებდი, უკვე რეჟისორი იყო. სხვათა შორის, კარგად აითვისა, ნიჭიერი კაცია. ერთხელ, ბევრი მაცინა იმაზე, თუ როგორ შეაფასა მისი ინგლისური ცნობილმა შექსპიროლოგმა და ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე ანიქსტმა, მას რობიკოსთვის უთქვამს: კაცი ასეთი შეცდომებით ლაპარაკობდეს და მისი ყველას ესმოდეს, ეგეთი რამ არ გამიგიაო. ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ისევე როგორც მამამისს, ძია რობერტს ჰქონდა. ის მხატვარი იყო, რამდენჯერმე დამხატა და როცა მუშაობდა, თან გართობდა, ამბებს ჰყვებოდა იუმორით. შვილების მეგობრებს, ყველას ასე გვეძახდა - „ულამაზესი და უნიჭიერესი ბაღანა“. მამასავით გვექცეოდა, ძალიან ვუყვარდით, ლაღი ბუნების კაცი იყო.
მეგობრებს ძალიან გვიყვარდა (ახლაც გვიყვარს) თეატრებში სიარული, არ ვაცდენდით პრემიერებს და თითოეულ სპექტაკლს რამდენჯერმე ვესწრებოდით. ყოველთვის დავდიოდით რობიკოს სპექტაკლების გასინჯვაზე. მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე, ის სხვა თვალით უყურებდა დადგმას და რაღაცებს ცვლიდა. ახლაც ასე იქცევა, პრემიერის შემდეგ კვლავ აგრძელებს მუშაობას სპექტაკლზე. ასევე ვესწრებოდი თემურ ჩხეიძის პრემიერებს, არ დამავიწყდება მისი ბოლო დადგმა „იდუმალი ვარიაციები“, ალეკო მახარობლიშვილის და გია ბურჯანაძის მონაწილეობით. თემურიმ თვითონ წამიყვანა თეატრში მანქანით და დარბაზში კაპელდინერს სთხოვა, სპექტაკლი როცა დაიწყება, უკეთეს ადგილზე გადასვიო. იმ ქალმა სცენის გასწვრივ მოთავსებულ ლოჟაში გადამიყვანა. თემური ბოლოს ვნახე თეატრალურ უნივერსიტეტში ქანთარიას ჯგუფის საკურსო სპექტაკლზე. მახსოვს, 3 მაისი იყო... მალე ისე ცუდად გახდა, საავადმყოფოში დააწვინეს და ივნისის დასაწყისში გარდაიცვალა.
ეროსი
- ეროსი და მამა უახლოესი მეგობრები იყვნენ. მამაჩემი ძალიან ხშირად იყო ეროსისთან სტუმრად. დედაც მეგობრობდა მასთან. ეროსი დაურეკავდა და ეტყოდა: მერიკო, ხვალ დილით შენთან მოვალო. დედას თუ ისეთი პაციენტი ჰყავდა, ვისაც გაუბედავდა და სთხოვდა, რომ ეროსი მოვიდა და ადექიო, ხომ კარგი. ასე თუ არ მოხდებოდა, ეროსის სწყინდა, თავისებური ხასიათი ჰქონდა. ერთ დღეს დედაჩემი და ბებიაჩემი დაპატიჟა „ხანუმაზე“. მიდის სპექტაკლი, ეროსი უყურებს მათ და უნდა რომ ასიამოვნოს. ტექსტს, სადაც ქალის გარეგნობას აღწერს, დაამატა: და როგორი კბილები აქვს? ანუ, რას ჰგავსო? მერე ეს ფრაზა დატოვა კიდეც.
თითქმის ყველა სპექტაკლზე იმპროვიზაციას გვთავაზობდნენ ეროსი და რამაზი. ეროსის ყოველთვის ჩამოჰქონდა გასტროლიდან დედასთვის და ჩემთვის რაიმე სუვენირი. ერთხელ, დედამ ბოთლის ლამაზი გასახსნელი მაჩვენა და თქვა, ეს მინდა ეროსის ვაჩუქოო. იმ წუთას საოცარი რამ მოხდა. დედაჩემმა როგორც კი დაამთავრა წინადადება, ტელეფონმა დარეკა, მამაჩემს ისტერიკა ჰქონდა - ეროსი აღარ არისო...
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)