პუტინის „ორეშნიკი“ უკრაინელ დივერსანტებს ჯერ კიდევ ორი წლის წინ აუფეთქებიათ?
უკრაინის მხარე სენსაციურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ პუტინის ერთ-ერთი მთავარი „სიამაყე“- „ორეშნიკი“ უკრაინულ სპეცსამსხურებს თურმე ჯერ კიდევ ორი წლის წინ აუფეთქებიათ!
ძალიან გაპიარებული, მაგრამ თვალით უნახავი პუტინის ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის „ბურევესტნიკისა“ და წყალქვეშა ტორპედო-დრონის „პოსეიდონისგან“ განსხვავებით, ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ „გამოჩნდა“ და თანაც პირველი საბრძოლო ნათლობით, როდესაც რუსული სარაკეტო პოლიგონიდან კაპუსტინ იარიდან გაშვებულმა ამ რაკეტამ 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინული ქალაქ დნიპროში ბირთვული ქობინების მაკეტები „ჩამოყარა“...
„ჩვენ ეს აქამდე არასდროს გვიხსენებია. თუმცა, შეგვიძლია მოკლედ და ლაკონურად ვთქვათ, რომ სამი „ორეშნიკის“ რაკეტიდან ერთ-ერთი წარმატებით განადგურდა რუსეთის ტერიტორიაზე, კაპუსტინ იარში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მალიუკმა პარასკევს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართულ ბრიფინგზე.
მან დასძინა, რომ რაკეტის განადგურების დადასტურება 100%-იანი დარწმუნებით მიიღეს.
„განადგურება სრული იყო. ეს იყო ძალიან წარმატებული ოპერაცია. ეს ექსკლუზიურად ეცნობა უზენაეს მთავარსარდალს, უკრაინის პრეზიდენტს და ასევე ცნობილი იყო რამდენიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის“, - თქვა მალიუკმა.
მისი თქმით, ოპერაცია განხორციელდა „მაშინ, როდესაც სახელი „ორეშნიკი“ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, არ გამოიყენებოდა და რუსები იმ დროს განსაკუთრებით არ ემუქრებოდნენ მას“.
ამავე ბრიფინგის დროს გამოქვეყნებულმა ახალმა მონაცემებმა დაადასტურა რუსეთის „ორეშნიკის“ სისტემის მოქმედების დიაპაზონის მახასიათებლები. რაკეტას, რომელიც მოსკოვმა ერთხელ გამოიყენა დნიპროზე დარტყმის დროს 2024 წლის 21 ნოემბერს, როგორც ამბობენ, მაქსიმალური დიაპაზონი 5500 კილომეტრია, ხოლო მინიმალური ეფექტური დიაპაზონი 700 კილომეტრი. ეს მონაცემები მას საბჭოთა ეპოქის RSD-10 „პიონერის“ რაკეტასთან ერთ კლასში ათავსებს, რომლის მოქმედების დიაპაზონი 600-დან 5000 კილომეტრამდე მერყეობდა.
„ორეშნიკისა“ და „პიონერის“ რაკეტებს შორის მსგავსება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად აღადგინა აკრძალული იარაღის კლასი, რომელიც ოდესღაც აკრძალული იყო ამჟამად გაუქმებული საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულებით. ასეთი დიაპაზონის პარამეტრებით, „ორეშნიკის“ სისტემების ბელარუსში განლაგება, როგორც ეს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, მთელ ევროპას, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს და არაბეთის ნახევარკუნძულსაც კი დარტყმის არეალში მოათავსებდა.
მინსკის რეგიონიდან გაშვების შემთხვევაში, მობილური სისტემა ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე სამიზნეებს მიაღწევს, რაც აძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას, ბირთვული დარტყმების განხორციელების შემთხვევაში.
როგორც ხედავთ,უკრაინულმა სპეცსამსახურებმა განაცხადეს ის, რასაც ამ ბლოგში, ერთი წლის წინათაც ვწერდით, რომ პუტინის „ორეშნიკი“ ფაქტობრივად საბჭოთადროინდელი „პიონერის“ მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის შემქმნელიც ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ...