"რეაბილიტაციის გზა იოლი არ არის... 2 წელზე მეტია, გაზიანი სასმელი არ მიმიღია" - რას ჰყვება ბარბარა სამხარაძე?
მომღერალი ბარბარა სამხარაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, რადიკალურად შეცვლილი იმიჯით წარდგა. გარეგნული ტრანსფორმაციის შემდეგ არტისტი ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და ამის პარალელურად, მსმენელს შემოქმედებით სიახლეებსაც სთავაზობს. ბარბარა, რომელიც ახლახან საკუთარ მუსიკალურ სტუდიაშიც შეუდგა სწავლებას, ახალი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
ბარიატრიული ოპერაცია: "ახლა თავისუფალი ვარ და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია"
მომღერალმა დაადასტურა, რომ მისი გარეგნობის მნიშვნელოვანი ცვლილება ბარიატრიულ ოპერაციას უკავშირდება. ბარბარა „სარკესთან“ საუბარში ამბობს, რომ თავს ახალ სხეულში კარგად გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციის გზა მარტივი არ იყო.
"ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე და ამით საკმაოდ კარგად დავიკელი. რეაბილიტაციის გზა იოლი არ არის. მარტივი არ არის იმ სხეულიდან გადმოწყობა ამ სხეულში. ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მაშინ ვერ წარმომედგინა. ახლა თავისუფალი ვარ და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. მაშინ თავად ვზღუდავდი საკუთარ თავს, რადგან კომპლექსები მაწუხებდა, დაბალი თვითშეფასება მქონდა“.
ბარბარას თქმით, ოპერაციის შემდეგ წონის შენარჩუნება რთული პროცესია, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად ექიმების ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.
"მართლაც რთულია, წონა რომ არ გაგექცეს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ექიმები მირჩევენ. ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, ვვარჯიშობ. არ ვიღებ ისეთ საკვებს, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას ვნებს, თუმცა ყოფილა მომენტები, როცა ეს წესი დამირღვევია რაღაც მიზეზის გამო. ადამიანები ვართ და ხშირად ვდგებით ცდუნების წინაშე. სწრაფი კვების საკვებიც მიმიღია, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. მთავარია, ძილის რეჟიმი იყოს მოწესრიგებული და შინაგანი ჰარმონია მქონდეს“.
მომღერალი ხაზს უსვამს ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლის აუცილებლობას. ოპერაციის შემდეგ ის ერთი წლის განმავლობაში სამ თვეში ერთხელ, ახლა კი ექვს თვეში ერთხელ დადის ექიმთან კონსულტაციაზე. გააგრძელეთ კითხვა