"საჭიროა ოპოზიციამ იმაზე იფიქროს, რომ პროტესტი რუსთაველიდან გავიდეს“
გასულ კვირას მორიგი სკანდალური კორუფციული დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სუს-თან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, ხოლო ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება - სულ 18 ობიექტი - გაჩხრიკეს. კობა გაბუნია სამინისტროში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი - ამ ფონდთან დაკავშირებით უკვე არაერთი მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში, მათ შორის, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე - მას 300 000-იანი გირაო შეუფარდეს. დავით ტაბიძისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავება უკავშირდება აუშენებელი საბავშვო ბაღების საქმეს. ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა: "საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული არიან შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელი პირები". ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სადავო პარლამენტში ინტერპელაციით მისვლის დროს საუბარი დაიწყო სამინისტროში ბოლო რამდენიმე თვეში გამოკვეთილ პრობლემებზე, რომლებიც, სოხაძის თქმით, ვადების დაცვის პრობლემაა სამინისტროს დაქვემდებარებულ სამივე უწყებაში: მუნიციპალური განვითარების ფონდში, გზების დეპარტამენტსა და წყალმომარაგების კომპანიაშიც. "214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში ვგულისხმობ როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ასევე შეჩერებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებს, ხარისხის პრობლემას და ა.შ.", - განაცხადა მან. სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობთ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- დავიწყოთ იმით, რომ სისტემური კორუფცია ჩვეულებრივი კორუფციისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება უპირველესად იმით, რომ სისტემური კორუფციისას მასში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მონაწილეობს. ეს კონკრეტული დანაშაული, რის თაობაზეც ხელისუფლებამ გვამცნო, სწორედ ამის ნათელი მაგალითია. წარმოიდგინეთ, ბრალდების თანახმად, მასში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური ფონდი და კომპანია, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახს.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამა თუ იმ კორუფციულ სქემაში შეიძლება მონაწილეობდა სხვადასხვა დაჯგუფება, მაგრამ ისინი წარმოადგენენ მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს. როგორც აღმოჩნდა, ამ ხელისუფლების პირობებშიც სისტემური დანაშაულის მასშტაბი განუსაზღვრელად დიდია და ითრევს ყველას, ვინც კი მზად არის ამის მონაწილე იყოს.
რაც უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, რომ ეს ახლა გაიგეს, ტყუილია, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში კორუფციის თაობაზე ცნობილი იყო კარგა ხანია. ამის თაობაზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაა მომზადებული, რასაც ახლა ფინანსური სამსახური ფეხდაფეხ მიჰყვება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გახსოვთ, ალბათ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი პირველად გაუშვა პრემიერობიდან, პირდაპირ ახსენა "კახური კლანი" და კორუფციაზე ეჭვები. ეს მოხდა 2015 წელს - ათი წლის წინ.
დღეს კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებას აქვს 2 შემადგენელი: ერთი, რომ კორუფციასთან ბრძოლა საზოგადოებაში ყოველთვის პოულობს მხარდაჭერას; მეორე - ეს ბრძოლა იძლევა საშუალებას, რომ შენთვის არასასურველი პირებისგან უმტკივნეულოდ გაათავისუფლო სახელისუფლებო ვერტიკალი. ამ ხალხისგან ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფულს უკან მიატანინებენ და გაუშვებენ, მაგრამ ისინი პოლიტიკაში და სახელისუფლებო სტრუქტურებში ვეღარ დაბრუნდებიან. მათ ჩაანაცვლებენ ამ ეტაპზე პოლიტიკური უპირატესობის მომპოვებელ კლანთან, რომელსაც კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს უწოდებენ, დაახლოებული პირები, რომლებიც იმნაირადვე გააგრძელებენ ფულის შოვნას. დღეს ხომ ამბობენ, რომ ქარსელაძე ლილუაშვილთან დაახლოებული პირი, მისი კლასელი და მეჯვარე ყოფილა. სწორედ ამგვარ ერთგულ ხალხს მოიყვანს თანამდებობებზე დღეს დომინირებული სახელისუფლებო კლანიც. შესაბამისად, შეიძლება კორუფციული სქემები ცოტა გადაალაგონ - თუ დღეს საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი 11 მილიონიდან 9 მოიპარეს, შემდგომ შეიძლება ამდენი ვეღარ გაბედონ და 11 მილიონის ნახევარი ან მესამედი მოიპარონ.
მოკლედ, კორუფციის დამარცხებას მხოლოდ ვიღაცების დაპატიმრებები არ ჰყოფნის. მთლიანად სისტემაშია საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასაც "ქართული ოცნება" არ აპირებს და არც ეცდება. უბრალოდ, ახლა კლანის ჩანაცვლება ხდება. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს პროცესები დიდი დარტყმა იქნება "ქართული ოცნებისთვის". მინდა ერთი საინტერესო პარალელი გავავლო - კობახიძემ არ იცოდა, რომ კორუფცია იყო აქამდეც მათ ხელისუფლებაში? - რა თქმა უნდა, იცოდა, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილმაც იცოდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება უკიდურესად კორუმპირებული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ამ ხელისუფლების რიგებში ჩადგა, თუმცა, როგორც კი მიხვდა, რომ კორუფციასთან ბრძოლით დიდი მხარდაჭერის მოპოვება შეიძლებოდა, მან ეს ბრძოლა გამოაცხადა. იმავეს გამეორებას ცდილობს კობახიძე, თუმცა ცოტა სხვა რაკურსით.
თუ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი მომავალი ერთი წლის განმავლობაში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებენ, ჩემი აზრით, მაშინ ეს იმიტირებული ბრძოლა მათ სასარგებლოდ კარგად იმუშავებს.
- მინდა ერთ თემაზე გავამახვილო თქვენი და მკითხველის ყურადღება - როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი გვეუბნება, რომ უამრავ მიმდინარე პროექტში ძალიან დიდი ხარვეზებია, მათ შორის ხარისხთან დაკავშირებული, ეს სერიოზული პრობლემა მგონია, რადგან ინფრასტრუქტურა ეს არის გვირაბები, ხიდები, შენობები და ა.შ., რომელთა მშენებლობისას მოპარული ფული პირდაპირ ნიშნავს უხარისხო მშენებლობას, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ხალხის უსაფრთხოებასთან.
- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოსწიეთ. უამრავი კითხვის ნიშანია რიკოთის შემოვლით გზაზე. გაიხსენეთ სამტრედიაში, რიონზე გადებული ხიდის ჩავარდნაც...
საფრთხე მართლაც ძალიან რეალურია. ხელისუფლება გვეუბნება, რომ მიმდინარე პროექტების ნახევარზე მეტი პრობლემურია. წესით, მან ახლა ყველა პროექტი სათითაოდ უნდა გადაამოწმოს, რაც უფრო მეტი დაუჯდება ქვეყანას, ვიდრე ამ პროექტებიდან მოპარული ფული. ღმერთმა დაგვიფაროს რაიმე მასშტაბური უბედურებისგან, თუმცა ამ თვალსაზრისით ღმერთის იმედზე თუ ვიქნებით მხოლოდ, რადგან დიდად არ მჯერა, რომ ამ პროექტებს სერიოზული ექსპერტიზა, დიაგნოსტიკა ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება უნდა დაიწყოს. აპირებს კი ამას ინფრასტრუქტურის მინისტრი? მარტო განცხადება, რომ მისი წინამორბედი არასწორად იქცეოდა და დანაშაულს სჩადიოდა, საკმარისი არ არის. რომ გვეუბნებიან, ვადა გადასცილდა, უხარისხოდ გაკეთდაო და ა.შ., ჩვენ რა უნდა ვქნათ, რა შეგვიძლია? კეთილი ინებონ და ისიც თქვან, შექმნილი პრობლემების გამოსწორებას და სავარაუდო საფრთხეების თავიდან აცილებას როგორ აპირებენ. რამე რომ მოხდეს, ამას ვერ უშველის მხოლოდ სოხაძის განცხადება, რომ ვიღაცამ ფული მოიპარა და რაღაც არასწორად აშენდა. რადგან შენ ხარ მინისტრი, ხელისუფლება, და იღებ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, კეთილი ინებე და ისიც თქვი, ამ ყველაფრის გამოსწორებას როგორ აპირებ.
ძალიან კი ცდილობენ აიცილონ პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ მოპარულ მილიონებსა და უხარისხო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ დღევანდელ ხელისუფლებას, რომლის ნაწილიც ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ქარსელაძე, ტაბიძე და ა.შ. სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ... ტყუილად ამბობს შარმანაშვილი, რომ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე თურმე გახარიაა პასუხისმგებელი. სასაცილოა ეს განცხადება. ყველამ კარგად იცის, რომ გახარიას არავინ ეკითხებოდა, ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრად დანიშნავდა ივანიშვილი თუ პრემიერობას უბოძებდა. ამ ქვეყანაში არის ერთი პირი, რომელიც პარლამენტსაც ნიშნავს, მთავრობასაც და მათ შორის შარმანაშვილიც მისი დანიშნულია.
- "ოცნებამ" ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მოითხოვენ სამი პარტიის აკრძალვას, ესენია "ნაცმოძრაობა", "ლელო" და "კოალიცია ცვლილებებისთვის". ჩამონათვალში არ მოხვდა პარტია "გახარია საქართველოსთვის". ასევე გვაცნობეს, რომ სასამართლოში აღარ მოითხოვენ კონკრეტული ინდივიდებისთვის საქმიანობის აკრძალვას.
- რთული სათქმელია. ამ სარჩელს როგორი გაგრძელება ექნება - დიდი ალბათობით, რასაც გადაწყვეტს "ქართული ოცნება", იმ ვერდიქტს გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლოც. "ქართული ოცნება" ცდილობს ყველა კონკურენტუნარიანი პარტია აკრძალოს. პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა, ამ ეტაპზე ავკრძალავთ იმ პარტიებს, რომელთაც აქვთ გავლენა და გადალახეს ბარიერი, სხვა პატარა პარტიებს ჯერ არაფერს ვერჩით, ვიდრე არ მოძლიერდებიან და როგორც კი გავლენას მოიპოვებენ, მათაც ავკრძალავთო. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩამოაყალიბონ ერთპარტიული, სრული ავტორიტარული მმართველობა. რამდენად შეძლებენ ამას, სხვა საკითხია... საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანა ფორმალობაა, ეს ხომ არ არის სამართლებრივი პროცესი... როდესაც ახსენებენ დასავლურ ქვეყნებს, ერთი დიდი განსხვავების აღნიშვნა ავიწყდებათ - იქ სასამართლო დამოუკიდებელია და მისი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ არ დგება. ჩვენ კი არათუ დამოუკიდებელი სასამართლო არა გვაქვს, საერთოდ არა გვაქვს სასამართლო. როდესაც მურუსიძე გველაპარაკება სამართლიანობაზე, ეს აბსურდია. მოკლედ, საკონსტიტუციო სასამართლო გაახმოვანებს იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს და დავბრუნდებით ისევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც პარტიები საერთოდ არ არსებობდა, თუმცა არაფორმალური პოლიტიკური მოძრაობა სულ უფრო ძლიერდებოდა. "ქართულ ოცნებას"" მოსწონს თუ არა, დღეს ქვეყანაში მის წინააღმდეგ განწყობილი ამომრჩეველი იმდენივე ან შეიძლება მეტიც არის, ვიდრე მისი მხარდამჭერი. პარტიების აკრძალვა ამ განწყობებსა და ამომრჩეველს ვერ გააქრობს. თუ ვინმეს ჰგონია, რეპრესიებით შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, მწარედ ცდება - რეპრესიები კომუნისტური რეჟიმის დროს იყო თუ იყო, თუმცა საბოლოოდ ეს პარტია არათუ დამარცხდა, საერთოდ გაქრა.
- სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ფონზე საკმაოდ უსუსურად გამოიყურება ოპოზიცია, ყველა ლაპარაკობს ერთიანობის მნიშვნელობაზე, თუმცა ამაზე ერთმანეთთან ლაპარაკს ვერ ახერხებენ.
- ოპოზიციაში არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ისინი ებრძვიან ხელისუფლებას, თუმცა ამასთანავე თითოეული მათგანი ებრძვის დანარჩენ ოპოზიციასაც. ოპოზიციაში ბრძოლა ლიდერობისთვისაც მიდის, ამიტომაც იდეის გარშემოც კი ვერ ერთიანდებიან. არაფერს ვამბობ საერთო სტრატეგიითა და ტაქტიკითG გაერთიანებაზე.
ერთიანობისკენ პირველი ნაბიჯი იქნებოდა, რომ პატივი სცენ ერთმანეთის გადაწყვეტილებას. ერთმანეთის გაკრიტიკება შეიძლება, მაგრამ უნდა მოეშვან იარლიყების მიკერებას. რაც დღეს ხდება გახარიას პარტიის გარშემო, ყოვლად მიუღებელია. ჩემთვის ამ პარტიის გადაწყვეტილება სრულიად გასაგებია - გახარიამ ადგილობრივ არჩევნებზე საკმაოდ მოკრძალებული შედეგი აჩვენა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა. საპარლამენტო არჩევნებზე მას ბარიერის გადალახვის შანსი არ ექნება, თუ მანამდე რეიტინგული არ გახდა. პარლამენტს გარეთ მათ რეიტინგს ვერაფერი ცვლის. შევიდნენ, რათა პარლამენტში აქტიურობით მხარდაჭერის მოპოვება შეძლონ. მეორე მხრივ, ეს მაინც "ქართული ოცნებიდან" წასული ხალხის პარტიაა, მათთვის პარლამენტში ყოფნა გაცილებით კომფორტულია, ვიდრე მის გარეთ.
დღეს ეს პარტია ორ ცეცხლს შუაა - ერთი მხრიდან ხელისუფლება უტევს, მეორე მხრიდან - ოპოზიცია...
აქვე მინდა ორიოდე სიტყვა პროტესტზე ვთქვა. ნებისმიერ აქციას თავისი ამოცანა და რესურსი აქვს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ დადებითად ან უარყოფითად მუშაობს. ჩემი შეფასებით, რუსთაველის უწყვეტმა პროტესტმა დიდი შედეგი მოიტანა - მისი დამსახურებაა, რომ "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციის საკითხი სერიოზულად უდგას და მას, ფაქტობრივად, არავინ აღიარებს. ეს სწორედ იმ უწყვეტი აქციების შედეგია, რაც რუსთაველზე მიმდინარეობს. თუ ადრე, როდესაც ასეთი ხალხმრავალი პროტესტი იყო, მის უკან ლამის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იდგა, დღეს ეს საპროტესტო ელექტორატს ვერ აერთიანებს - ოპოზიციას ეს სერიოზული პრობლემა აქვს. ოპოზიციამ ერთიანი გუნდის შეკვრა რომც მოახერხოს, ის ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანებას ვერ ახერხებს, ეს პრობლემა კი მხოლოდ რუსთაველზე დგომით და იქ მუდმივი საპროტესტო აქციებით ვერ გადაიჭრება.…
ნებისმიერი პროტესტი გარკვეული დროის შემდეგ ეფექტურობასა და ძალას კარგავს და ჩვეულებრივ რუტინად იქცევა. ამდენად, როდესაც ვამბობთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ რუსთაველი, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა ოპოზიციამ იმაზე იფიქროს, რომ პროტესტი რუსთაველიდან გავიდეს. შეიძლება რუსთაველზე ყოველდღე 200-300 კაცი მივიდეს და ქუჩა კი არ გადაკეტოს, არამედ გააპროტესტოს, მაგრამ თუ პროტესტი მხოლოდ რუსთაველზე გაგრძელდება და ის რეგიონებში არ გადაინაცვლებს, ოპოზიცია ამით ვერაფერს მოიგებს. ამასთანავე, უაღრესად მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა და რატომ მოხდა 4 ოქტომბერს. გასაგებია, ხელისუფლებას რაც უნდოდა, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევის იმიტირებით ფიქრობდნენ, რომ მოიპოვებდნენ დასავლეთის მხარდაჭერას, რაც, მათი გეგმით, რეპრესიებს გაამართლებდა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ოპოზიციის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია კითხვა - ვინ და რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, გულუბრყვილობა იყო თუ მიზანმიმართული ქმედება? მე რაღაც არ მჯერა, რომ როდესაც პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლა გამოცხადდა, ის ყველა ლიდერი, რომლებიც ორგანიზატორებად არიან მიჩნეული, საქმის კურსში იყო. სხვათა შორის, ამ "მშვიდობიან დამხობაზე" დიდწილად 2 კაცი ლაპარაკობდა - ხაბეიშვილი და ბურჭულაძე. მე არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ, მგონია, რომ ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, რა მოხდა და ამას პოლიტიკური შეფასება მაინც მისცეს.