"აფხაზები შიშობენ, რომ შესაძლოა მათი Duty Free "დამოუკიდებლობაში" გაიცვალოს, რაც სავსებით შესაძლებელია... აფხაზებს არავინ ეკითხება - დავალება მოსკოვიდან მოდის"
აფხაზებმა დე ფაქტო საზღვართან, ენგურზე, სატვირთო ტერმინალის მშენებლობა დაასრულეს. ინფორმაცია თავდაპირველად დე ფაქტო სახელისუფლებო ფეისბუქჯგუფში "აფხაზეთის პატრიოტები" გავრცელდა. ჯგუფის ადმინისტრატორმა დაწერა, რომ "თანამედროვე ტერმინალი ექსპლუატაციისთვის უკვე მზად არის და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვაჭრობის გასაუმჯობესებლად და გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრაციისთვის". ეს ინფორმაცია და ტერმინალის ფოტოები მალევე რამდენიმე ადგილობრივმა ოპოზიციურმა ტელეგრამარხმაც გამოაქვეყნა, რასაც მოჰყვა ფართო განხილვა და უკმაყოფილება აფხაზ საზოგადოებაში. აფხაზების მთავარი კითხვაა, რაში სჭირდებათ ეს ტერმინალი: "აფხაზეთის უსაფრთხოება სად არის, ისინი ხომ ჩვენი მტრები არიან?! ვხსნით საზღვარს საქართველოსთან? როგორ უნდა ვივაჭროთ მტერთან - გვაღიარებს საქართველო, თუ ჩვენ უნდა დაგვათმობინონ რამე? დამოუკიდებლები ვართ და ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს მოსკოვი იღებს".
გამოცემა "ეხო კავკაზას" ცნობით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია მდინარე ენგურზე დე ფაქტო საზღვრის ინფრასტრუქტურას აწყობს და ყოველი ეტაპი აფხაზებს შორის ცხარე დებატებს იწვევს. ენგურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად 2022 წელს გაიხსნა Duty Free, რასაც მაშინაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ანალოგიური რეაქცია გამოიწვია სატვირთო ტერმინალის მშენებლობის დაწყებამაც. ახლა კი უკმაყოფილების ახალი ტალღა აგორდა. ვრცელი დისკუსია პირველად "აფხაზეთის პატრიოტების" დახურულ ჯგუფში დაიწყო:
"ჯერ სამი Duty Free ააშენეს, ახლა საბაჟო ტერმინალი. იხსნება ჩვენი საზღვარი საქართველოსთან? სრული დატვირთვით იქნება ვაჭრობა? საქართველოდან საქონელი წავა აფხაზეთსა და რუსეთში? რუსეთიდან საქართველოში, სომხეთში, ირანში, თურქეთში? რა ტიპის ვაჭრობაა შესაძლებელი, როცა ქვეყნებს არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა? დაბეჭდავენ თუ არა მხარეები ერთსა და იმავე დეკლარაციას? აღიარებენ კი ქართველები ამ შტამპებს? განბაჟდება თუ არა ტვირთი, როგორც საერთაშორისო?"
"ეს ბჟანიას დროს დაიწყო და მისი მემკვიდრეობა გრძელდება. დღეს გავიღვიძე და ეს სისულელე წავიკითხე. ალბათ, ერთ კვირაში გავიგებ, რომ ჩვენ უკვე საქართველოს ნაწილი ვართ!"
დისკუსია გავრცელდა ოპოზიციურ ტელეგრამარხებზეც. "ნუჟნაია გაზეტამ", "ნიუს აბხაზიამ" და "აიაშარამ" გამოაქვეყნეს უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარები:
ასტამურ აგრბა: "როდესაც ენგურის საკონტროლო პუნქტზე სატვირთო ტერმინალს აშენებ და თან ამტკიცებ, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან, მაინც რა პოლიტიკაა ეს? ხალხს ატყუებთ თუ საკუთარ თავს? თბილისმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და ჩვენ ეს არც ვიცით?"
ალექსანდრე ფილია: "ჯერ იქ სამი Duty Free ააშენეს, ახლა კი საბაჟო ტერმინალი. როგორ მოხდა ეს, როცა გუნბამ თქვა, ქართველებს ჩვენი სიკვდილი და შურისძიება უნდათო... ვის მოტყუებას ცდილობენ?"
უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ ტერმინალის შენობის კედლები რუსეთის დროშის ფერებშია შეღებილი: "დამოუკიდებელმა ქვეყანამ სხვა სახელმწიფოს დროშით მოხატა საკონტროლო პუნქტის კედლები - ეს ხუმრობაა?"
"აფხაზებს არავინ ეკითხება - დავალება მოსკოვიდან მოდის"
მამუკა არეშიძე,„სტრატეგიული კვლევების "კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - აფხაზური დე ფაქტო ხელისუფლება ამბობს, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და მეორე დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარზე, ანუ საქართველოსთან საზღვარზე, უნდა გვქონდეს სავაჭრო ტერმინალი და მათ შორის Duty Free. ასეა მთელ მსოფლიოში. მაგრამ ამას მეორე შეკითხვა მოსდევს, - ის ქვეყანა, რომელსაც Duty Free გავუხსენით, არ გვცნობს, მაშინ რა ტიპის ვაჭრობა უნდა გვქონდესო? ჯერ გვცნოს, მერე დავდოთ ხელშეკრულებაო. ამაზე სეპარატისტულ ხელისუფლებას პასუხი არა აქვს.
როცა აფხაზეთში ჩემს კოლეგებს და ჟურნალისტებს ვეკითხები, რაში გჭირდებათ ეს ტერმინალი, მკაფიო პასუხს ვერ მაძლევენ. რუსი კოლეგების პასუხიც ბუნდოვანია, თუმცა აზრის გამოტანა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. არაერთხელ მითქვამს: რუსეთს ძალიან სჭირდება, რომ აზერბაიჯანის ალტერნატიული სავაჭრო გზა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის გავლით, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც აღადგინოს რკინიგზა და აამოქმედოს როგორც აფხაზეთის, ასევე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ სომხეთის ტერიტორიაზე, მერე კი ზანგეზურის კორიდორის პერპენდიკულარულად. ეს არის სავაჭრო გზა, რომელსაც ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო გზა ჰქვია "პეტერბურგიდან ბომბეიმდე" და რომელიც ძალიან სჭირდება რუსეთს. თუმცა, რადგან ეს გზა აზერბაიჯანისა და ირანის ტერიტორიებზე გადის, რუსეთს არ უნდა მთლიანად აზერბაიჯანზე იყოს დამოკიდებული. მოსკოვში კარგად ხედავენ, რომ თურქეთი სერიოზულად დაბრუნდა კავკასიაში, განსაკუთრებით ყარაბაღის მოვლენების შემდეგ. დღეს კავკასიის რეგიონის მთელი გეოპოლიტიკური სურათი იცვლება თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის გამო და თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ინტენსიური ამოქმედების შედეგად.
ეს ორგანიზაცია აერთიანებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს: ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და თურქმენეთს. მთავარი ქვეყანაა თურქეთი, საკვანძო - აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ღონისძიება ღონისძიებაზე იმართება, ყველაზე შედეგიანი ღონისძიება კი ოქტომბერში, ქალაქ კაბალაში გაიმართა, სადაც ილჰამ ალიევმა ისტორიული ფრაზა თქვა, მომავალ წელს ეს ორგანიზაცია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს აზერბაიჯანშიო. პრაქტიკულად, ორგანიზაცია ეკონომიკურიდან სამხედრო-პოლიტიკურ ფორმატში გადავიდა, რაც მოსკოვისთვის უზარმაზარი გამოწვევაა. ამიტომ მოსკოვი ცდილობს მხოლოდ აზერბაიჯანზე დამოკიდებული არ იყოს და ვაჭრობისთვის ალტერნატიული გზის ამუშავებას გეგმავს. ამ გზას კიდევ ერთი მიზანი აქვს - რუსეთი ამ მეთოდითაც ცდილობს სომხეთის შემობრუნებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთში გამავალი რკინიგზა ისედაც რუსეთის საკუთრებაა, ეს არგუმენტი კიდევ უფრო ძლიერი ხდება.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ზანგეზურის კორიდორი არ დარჩეს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და ამერიკის ხელში - ასე ფიქრობენ მოსკოვში, რადგან ეს გზა თუ ამუშავდა, ზანგეზურის კორიდორს პრაქტიკულად გადაკვეთს. სწორედ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი...
- თქვენ საუბრობთ რკინიგზაზე, თუმცა აფხაზების ვნებათაღელვა ეხება საავტომობილო ტერმინალს.
- ამ რკინიგზის ამუშავებას უკავშირდება სწორედ საავტომობილო გზა და ტერმინალი ენგურის ხიდზე. ძალიან საინტერესო რამ მოხდა ოქტომბრის ბოლოს ინგუშეთში - გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი, სადაც საქართველოს დელეგაციაც იყო, დაახლოებით 50 კაცი. დავით ცეცხლაძემ, რომელიც რუსეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარეა, კიდევ ერთხელ ილაპარაკა ამ ალტერნატიულ პროექტზე - პირობითად აფხაზეთის ალტერნატიული პროექტი დავარქვათ. ეს არის ინგუშეთიდან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების გაყვანა საქართველოსკენ. ეს ნახევრად არაოფიციალურად გახმაურდა, მაგრამ ტრიბუნიდან ითქვა. პრინციპში, ამის პროექტი არსებობს... რუსეთი ცდილობს დივერსიფიკაციის მთელი სისტემა შექმნას საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საქართველო წინააღმდეგია ამ ტიპის პროექტის შექმნის, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაწყდება. ზუსტად ეს აშინებს აფხაზ ოპოზიციას, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა მათი Duty Free "დამოუკიდებლობაში" გაიცვალოს, რაც სავსებით შესაძლებელია. არსებობს სერიოზული პოზიცია კრემლში, რომ თუ დასჭირდებათ, აფხაზების "დამოუკიდებლობა" გაცვალონ სავაჭრო გზის თემაში, თუ მათი პირობები იქნება დაცული. ჩემი აზრით, კრემლი ითხოვს, რომ აფხაზეთში დარჩეს რუსული სამხედრო ბაზები და შეიქმნას კონფედერაცია, თუმცა ეს საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.
- მოსაზრებაა, რომ რუსეთს ენგურის სატვირთო ტერმინალი სანქცირებული ტვირთებისთვის სჭირდება და ამით საქართველოს ხელისუფლება იხეირებს კიდეც.
- ამაზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამ გზის გარდა, არსებობს საზღვაო გზაც, რომელიც ბევრად რენტაბელურია. კონტრაბანდულად რაღაცები, ალბათ, მოძრაობს, თუმცა ეს ასეა თუ არა, ვერ დავადასტურებ. ოფიციალურად განსაკუთრებული არაფერი მოძრაობს, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებია. აქ საუბარია დიდ მოცულობებზე და არა 15-20 ტონა ტვირთის გადაადგილებაზე.
- აფხაზეთის რკინიგზა ახლა რა მდგომარეობაშია?
- ოჩამჩირემდეა მიყვანილი. 2008 წელს დაიწყო რეაბილიტაცია. ოჩამჩირიდან გალამდე არ მუშაობს, გაძარცულია. რკინიგზის ამუშავების გარეშე საავტომობილო მაგისტრალი ვერ იქნება იმ დატვირთვის, რაც ჩაფიქრებულია, რადგან მხოლოდ საავტომობილო გზა რუსეთის სანქცირების გამო საკმარისი არ არის. მას აუცილებლად სჭირდება რკინიგზა, რომელიც ინტენსიურად იმუშავებს ტვირთების გასატარებლად.
- აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების გარეშე ლეგალურად როგორ იმუშავებს ეს ტერმინალი?
- მე ვერ წარმომიდგენია ხელისუფლება საქართველოში, რომელიც ამაზე წავა... ყველაზე ცუდ ვარიანტში შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ევაჭრება. დაე, ევაჭროს. მთავარია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. გაუთავებელი ლაპარაკი, რომ ხელისუფლება პრორუსულია, ამ კონტექსტში სისულელეა.
- აფხაზებს რა ინტერესი აქვთ, რაში სჭირდებათ ეს ტერმინალი?
- აფხაზებს არავინ ეკითხება. დავალება მიღებულია და გუნბა იმ სავარძელში იმ პირობით ზის, რომ რუსეთის სტრატეგიული მოთხოვნების შემსრულებელი უნდა იყოს. სანაცვლოდ აფხაზეთი მიიღებს ფინანსურ დახმარებას. თუ ადრე რუსეთი ტრანშებს თვეების დაგვიანებით აძლევდა, ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. მოგვარდა ელექტროენერგიის საკითხიც. აფხაზებს არავინ ეკითხება არც ტერმინალის შექმნას და არც Duty Free-ის ამოქმედებას. რუსეთი ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს და აფხაზების შფოთვა არ აინტერესებს.
- ყოფილა ისტორიაში შემთხვევა, რომ რუსეთს ომის გარეშე დაეთმოს ტერიტორია?
- უახლოეს ისტორიაში კი. 2010 წელს, მედვედევის პრეზიდენტობისას, საკმაოდ დიდი ტერიტორია გადაეცა აზერბაიჯანს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. ეს არის მდინარე სამურის მიმდებარე ფართო ზონა. მდინარე სამური საზღვარია რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაღესტნის მონაკვეთში. ადრე მდინარე სამურის სამხრეთი ნაწილი დაღესტანს ეკუთვნოდა. იქ იყო ოთხი დაღესტნური სოფელი, ლეკების სოფელი, რომლებიც 2010 წლის შემდეგ აზერბაიჯანის მოქალაქეები გახდნენ...
ეკატერინე ბასილაია