პარტიების „შავი სია“, ისევ ოცნებები ერთიანობაზე და სოცქსელიდან გამოწოვილი პანიკა - კვირის პალიტრა

პარტიების „შავი სია“, ისევ ოცნებები ერთიანობაზე და სოცქსელიდან გამოწოვილი პანიკა

ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამხელა მნიშვნელობა აქვს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არასწორ ან ბუნდოვან ინფო­რმაციას და ამას დაუმატეთ ქვეყანაში­ არსებული ვითარება. არადა, ეს კანონი უკვე წლებია მოქმედებს და არც არაფერი შეცვლილა. კერძოდ, თუ თქვენი წლიური შემოსავალი აღემატება 40.000 ლარს და თქვენს სახელზე რამე ქონებაა რეგისტრირებული, იხდით გადასახადს. თუ არადა, არა! თუმცა ზოგიერთმა ექსპერტმა ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს რაღაც სიახლეა და ხშირ-ხშირად გაიმეორა ფრაზა "საშინელი ჯარიმები" (თუ ქონების გადასახადს არ გადაიხდით). ამ ექსპერტებს რამდენიმე­ პოლიტიკოსიც აჰყვა და პანიკისმაგვარი სიტუაცია შეიქმნა. კერძოდ, ჩვენს თანამოქალაქეებს ეგონათ, რომ რაღაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი, თორემ ისეთი ჯარიმებია, ლამის უსახლკაროდ დარჩებიან.

უპასუხისმგებლო ექსპერტები უპასუხისმგებლოებად დარჩებიან და მათ არაფერი ეშველებათ. ასევე, სოციალური ქსელები უკვე დიდი ხანია იქცა დეზინფორმაციის წყაროდ და, ალბათ, გებელსი ჯოჯოხეთში­ შურით სკდება, რომ პროპაგანდის ასეთი­ საშუალება არ ჰქონდა. თუმცა თავად ჩვენს თანამოქალაქეებს ასეთი რეაქცია რომ ჰქონდათ, გასაკვირი არაფერია. პარლამენტმა ბოლო პერიოდში იმდენი და ისეთი კანონი მიიღო, სავარაუდოდ, ესეც რაღაც ახალ რეგულაციად ჩათვალეს. როდესაც მსგავსი აჟიოტაჟი იქმნება ხოლმე, ხელისუფლებამ მაშინვე უნდა იმოქმედოს და მოქალაქეებს გასაგებად განუმარტოს, რა ხდება და რატომ. შემოსავლების სამსახურის განცხადება აშკარად დაგვიანებული იყო.

აჟიოტაჟი გამოიწვია კიდევ ერთმა­ კანონპროექტმა, რომელიც 1-ლი ნოემბრი­დან შევიდა ძალაში. კერძოდ, საჯარო სექტორში დასაქმებულებს ეკრძალებათ პარალელუ­რად სხვა სამსახურში მუშაობა. ერთი მხრივ, ეს გასაგებია, რადგან, მაგალითად, თუ მუშაობ ფინანსთა ან ეკონომიკის სამინისტროებში და პარალელურად რომელიმე ფინანსურ კომპანიაში ხარ დასაქმებული (რა თქმა უნდა, მეორე სამსახურშიც­ შენი პროფესიით იმუშავებ), ეს იწვევს ინტე­რესთა კონფლიქტს. თუმცა არის საჯარო სექტორში დასაქმებულების გარკვეული კატეგორია - მაგალითად, პედაგოგები, რომელთაც სხვაგან მუშაობით არ შეუძლიათ შექმნან ინტერესთა კონფლიქტი.­ ვფიქრობთ, ამ კატეგორიის ხალხს არ უნდა შეეშალოს ხელი დამატებითი შემოსავლის მიღებაში.

პარტიების "შავი სია"

გასულ კვირას ცნობილი გახდა იმ პარტიების ჩამონათვალი, რომელთა­ აკრძა­ლვასაც ითხოვს "ქართული ოცნება" (საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა): "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ლელო". მმართველი პარტიის სარჩელი ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პარტიის საქმიანობას, რომლის მიზანია საქა­რთველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. სარჩელში აღწერილია, თუ რას აკეთებდა "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნისას.

მოდი, ჯერ ეს ვთქვათ - კი მაგრამ "ლელო" რა შუაშია?! ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომელთაგან,­ თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ორია გამოსა­ყოფი - 2021 წლის ადგილობრივი­ თვითმმართველობის არჩევნებზე ნიკა მელიასთან ტანდემში არჩევნებში მონაწილეობა­ (მელია მაშინ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე იყო) და 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიების ჩახსნა. თუმცა, როდის ან როგორ აპირებდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, გაუგებარია. მათ ყველაზე­ კარგად იციან, რომ ნებისმიერი მძიმე სცენარი­ უფსკრულში, პირველ რიგში, საფინანსო-ეკონომიკურ სექტორს გადაიყოლებს, აქედან გამომდინარე ყველა კატასტროფული შედეგით. აქცენტირება იმაზე, რომ "ლელო" 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ არ ცნობს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ალბათ, უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე იურიდიული. ზვიად გამსახურდიას მომხრეებიც არ ცნობდნენ შევარდნაძის ხელისუფლების ლეგიტიმურობას, მაგრამ მათი პარტიები არავის­ აუკრძალავს და არჩევნებშიც მონაწილეობდნენ. ერთადერთი პარტია, რომელიც საქართველოში 1991 წელს აკრძალეს, კომუნისტური პარტია იყო, თუმცა უკვე 1992 წელს ეს შეზღუდვა მოუხსნეს.

რაც შეეხება კითხვას, ასაკრძალია თუ არა "ნაცმოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის". მოდი, ვიყოთ ობიექტურები­ - მიხეილ სააკაშვილის ნებაზე რომ იყოს, ყველაფერს დაამხობდა და გადაამხობდა კიდეც და სულაც არ დააინტერესებდა, რა დაემართებოდა ქვეყანას - მთავარია, ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო. "ნაცმოძ­რაობასა" და "კოალიცია ცვლილებებში" ზოგი იზიარებს სააკაშვილის ამ პოზიციას, ზოგი არა. თუმცა იქაც მრავლად არიან ისეთები, ვისაც არ უნდა რადიკალური სცენარები. პარტიის აკრძალვისთვის­ საჭიროა მთლიანი პარტიული სტრუქტურები ჩართული იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში.

მმართველი გუნდის არგუმენტით, ზემოხსენებული პარტიების აკრძალვა ქვეყანაში დეესკალაციას გამოიწვევს. ესეც საკამათო­ არგუმენტია. ჯერ ერთი, უკმაყოფილებას ვერ ჩააქრობს პარტიების აკრძალვა; მეორეც - აქვს კი "ნაცმოძრაობას" ან "კოალიცია ცვლილებებისთვის", ან "ლელოს" ესკალაციის თავი?! ან ჰქონდათ?! მოდი, უშუალოდ "ნაცმოძრაობაზე" ვისაუბროთ. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პირველი აქცია "ნაცმოძრაობამ" 2013 წლის ნოემბერში ჩაატარა და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცდილობდა მოვლენების რადიკალიზაციას, თუმცა არასოდეს არაფერი გამოსდიოდა, უპირველესად იმიტომ, რომ საზოგადოებისგან ამ სცენარებს არ ჰქონდა­ მხარდაჭერა. დიახ, მსხვილი ოპოზიციური­ პარტიაა, მაგრამ საარჩევნო უბანში ხმას რომ აძლევ, არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის­ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბარიკადებზე ახტები და "დუბინკას" შეუშვერ თავს. "ნაცმოძრაობას" ესკალაცია მაშინაც კი არ გამოუვიდა, როდესაც 2021 წელს, გაგანია არჩევნებისას, საქართველოში შემოპარული სააკაშვილი დააკავეს. ერთი მეტ-ნაკლებად ხალხმრავალი აქცია გამართეს და დაიშალნენ. "ნაცმოძრაობის" წევრთა ნაწილს უფრო ის ახასიათებს, თუ სადმე დაძაბულობას დაინახავს, მიეტმასნოს და სიტუაციის ადუღება­ სცადოს. თუმცა ესეც აღარ გამოსდით. აგერ უკვე აქციებიდან ერეკებიან იმ ხალხს, რომელთაც სააკაშვილის პორტრეტები უკავიათ. ავიღოთ თუნდაც 4 ოქტომბრის "დამხობა" თუ "რევოლუცია". რაც არ უნდა ელაპარაკა პაატა ბურჭულაძეს, მისი მთავარი საყრდენები­ იყვნენ "ნაცმოძრაობის" სპიკერები და აქტივის ნაწილი. გამოუვიდათ რამე? რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა უდიდესი ნაწილი არ გაჰყვა ავანტიურისტულ მოწოდებებს (რბილად რომ ვთქვათ) წასულიყვნენ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ და "გასაღები ჩაებარებინათ".

ასევე, ვიყოთ ობიექტურები - გასული წლების განმავლობაში ქვეყანა სამჯერ იყო იმის ზღვარზე, რომ ესკალაცია უფრო მძიმე სცენარში გადაზრდილიყო: 2019 წლის აპრილში სამარცხვინოდ დამთავრებული­ პანკისის სპეცოპერაციის დროს, 2019 წლის ივნისში "გავრილოვის ღამისას" და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. არც ერთი ეს ესკალაცია პარტიების მოწოდებებს არ მოჰყოლია, სამივე ხელისუფლების მძიმე შეცდომებმა თუ განცხადებებმა გამოიწვია. კიდევ ერთხელ გავიხსენებთ - 2024 წლის 26 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე ოპოზიციური პარტიები ხალხს ვერ კრებდნენ და უკვე პაროდიული იყო მათი აქციები. "აფეთქება" გამოიწვია 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, სამივეჯერ "ნაცმოძრაობამ" და მათთან აფილირებულმა პარტიებმა თუ პოლიტიკოსებმა ამ ესკალაციის სათავეში მოქცევა სცადეს, მაგრამ არც არაფერი გამოუვიდათ.

მოკლედ, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გასაღები პარტიების აკრძალვაში არ არის - არის დიალოგში, კონსენსუსსა და რაღაც შუალედური გზის პოვნაში. თუ საზოგადოების ნაწილსა და მმართველ გუნდს შორის სიტუაცია განიმუხტა, რადიკალიზაციის ან ესკალაციის მოსურნე პოლიტიკოსები ან პარტიები თავისივე ფეხით გაუყვებიან "პოლიტიკური სასაფლაოს" გზას.

რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ? თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ორი ვერსიაა: ან არავის აკრძალავს, თუმცა ამ პროცესს "ოცნება" კიდევ ერთხელ გამოიყენებს წინა ხელისუფლების დანაშაულებზე სასაუბროდ, ან აკრძალავს "ნაცმოძრაობას" და "ლელოსა"­ და "კოალიცია ცვლილებებისთვის" დატოვებს. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში აღარ არის ადრე მმართველი გუნდის დაანონსებული მოთხოვნა - კონკრეტულ პირებს­ აკრძალვოდათ პოლიტიკური საქმიანობა, ანუ თუ აკრძალავდნენ "ნაცმოძრაობას", მისი ლიდერშიფი ვეღარ შექმნიდა სხვა პარტიას, ვერც სხვა პოლიტორგანიზაციაში შევიდოდა და საერთოდ, პოლიტიკურად თამაშგარეშე რჩებოდა. ამ შემთხვევაში,­ თუ "ნაცმოძრაობა" აიკრძალა (ან მასთან ერთად აიკრძალა "კოალიცია­ ცვლილებებისთვის"),­ თეორიულად, მის ლიდერებს შეუძლიათ თავი "შეაფარონ" პოზიციურად ახლოს მდგომ პარტიებს - "დროას" ან "გირჩი - მეტი თავისუფლებას", მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი მიანიშნებენ, რომ თუ ასე მოხდა, მაშინ ზემოხსენებული პარტიების აკრძალვასაც მოითხოვენ, მაგრამ ეს ცოტა არარეალურია.

ვიპოვოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები

როგორც კი "ოცნების" სარჩელი დარეგისტრირდა, ოპოზიციის ნაწილმა მაშინვე­ დაიწყო ერთიანობაზე საუბარი. პირველ რიგში "ნაცმოძრაობამ" და ნიკა გვარამია­სგანაც იყო მესიჯები, ერთმანეთთან მისასვლელი გზა უნდა ვიპოვოთო. თუმცა ვინ ვისთან უნდა მივიდეს, საკითხავი აი, ეს არის. დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი ვითარებაა: "ლელოს" გარდა, პარტიებმა "გარიყეს" გახარიას პარტია, როგორ თუ პარლამენტში შევიდაო. თავად ის პარტიები­ კი, რომლებმაც გახარია გარიყეს, "ნაცმოძრაობის" გარიყვას ცდილობენ - პროტესტის ახალ ფორმებზე, ახალ პლატფორმებზე საუბრობენ, ოღონდ "ნაცმოძრაობის" გარეშე. მაშინ გამოდის, ერთმანეთთან მისასვლელი გზები "ნაცმოძრაობამ", "ლელომ" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" უნდა იპოვონ.

თუ რამე სასწაული არ მოხდა, "ლელო" 2021 წლის შეცდომას აღარ გაიმეორებს და "ნაცმოძრაობისკენ" გზებს არ "იპოვის".­ რჩება "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ნაცმოძრაობა". "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერია ნიკა მელია, რომელსაც "ნაცმოძრაობაში" გადატრიალება მოუწყვეს და ხაბეიშვილით ჩაანაცვლეს; მელია, რომელიც ტელეეთერში საუბრობდა "ნაცმოძრაობაში" კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გავლენებზე და მიანიშნებდა, რომ სააკაშვილი "ოცნებას" ევაჭრებოდა გრიგოლ ვაშაძის შუამავლობით. გვეეჭვება, რომ მელიასა და მის მომხრეებს იმ პარტიასთან მისასვლელი გზების "პოვნა" სურდეთ, საიდანაც ის გამოაგდეს. გამოდის,­ შესაძლოა პერსონალურად გვარამიამ გააკეთოს "დიდი ერთობა" "ნაცმოძრაობასთან".

კარგი, ვთქვათ, "ნაცმოძრაობამ", გვარამია-მელიას კოალიციამ და "ლელომ" იპოვეს ერთმანეთთან მისასვლელი გზები. რა შეიცვლება ამით? დიდი ალბათობით, არც არაფერი. ამ და სხვა პარტიებმა ბოლოდროინდელი პროცესებით ისეთი თვითდაზიანება მიიყენეს, რომ იმ ცნობილი იგავ-არაკის არ იყოს, ჯერჯერობით დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ დასხდებიან.

გიორგი კვიტაშვილი