"უკრაინას არა აქვს იმ რაოდენობისა და ხარისხის შეიარაღება, რომელიც საჭიროა ამ ომის დასრულებისთვის“
ფრონტის ხაზიდან მიღებული ცნობების მიხედვით, დონეცკის ოლქის პოკროვსკის სექტორი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ბრძოლა იქ უკვე ქუჩებში, შენობებსა და სარდაფებშიც კი მიმდინარეობს. რუსული ძალები მცირე დივერსიული ჯგუფებით ცდილობენ ქალაქში სამხრეთიდან შეღწევას, ხოლო არტილერია და დრონები თითქმის უწყვეტად მუშაობენ ორივე მხრიდან. რუსეთი აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასირებულ დაბომბვას. მათი მიზანია ზამთარში ქვეყანა ელექტროენერგიის, სითბოსა და მორალური გამძლეობის გარეშე დატოვონ. უკრაინა კი დრონების მეშვეობით ურტყამს რუსულ ლოჯისტიკას, საწვავის ბაზებსა და ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს. რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, უკრაინელი ხალხის განწყობისა და მებრძოლების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ
"ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:
- ფრონტის ხაზზე მძიმე მდგომარეობაა, რადგან, როგორც ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში, უკრაინა ახლაც საკმარისად ვერ მარაგდება, შეიარაღებაში, ამუნიციასა და სხვა სპეციფიკურ საშუალებებში დიდია დანაკლისი. თუმცა გადაჭარბებულია იმის თქმა, თითქოს რუსეთს დიდი წინსვლა აქვს. რაც შეეხება პოკროვსკს, დიახ, იქ ახლა მძიმე ვითარებაა, მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა ამ საკვანძო ადგილისთვის, რომელსაც უკრაინელები უკვე ერთი წელია თავდადებით იცავენ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ ახლა დაახლოებით 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი. რუსები დანაკარგს არ ერიდებიან, მეორე მხრივ, უკრაინელი მებრძოლები, მათ შორის "ქართული ლეგიონი" ცდილობს მტრის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების განადგურებას ან განდევნას. ცოტა ხნის წინ ჩვენებმა სამხედრო დაზვერვის დესანტი "შავი ქორი" გადასხეს. ვნახოთ, რა მოხდება...

რთულია ვითარება მთლიანად უკრაინაში. რუსეთი ცდილობს კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას, ბევრი ობიექტია დაზიანებული კიევშიც, მაგრამ ევროპელები გვეხმარებიან ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების აღდგენაში. წინ გველის რთული ზამთარი, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა შესაძლებელია, უკრაინელებმა ევროპელების დახმარებით უკვე მრავალჯერ შეძლეს ეს.
რუსეთის მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებითა და ქალაქების დაბომბვით მოსახლეობაში შიში დანერგოს, რათა უკრაინა დანებდეს და კრემლმა გავლენა მოიპოვოს ქვეყნის პოლიტიკაზე.
- რა მოხდება, თუ პოკროვსკი რუსების ხელში აღმოჩნდება?
- პოკროვსკი სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კვანძია როგორც უკრაინის, ისე აგრესორისთვის. მისი დაკარგვა დნეპრის ოლქისთვის დიდი საფრთხეა: ქალაქი ძალიან ახლოსაა რეგიონის საზღვართან და რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე მტრის არტილერიის რადიუსში მოხვდება. ლოჯისტიკურად ეს კვანძი განსაზღვრავს ძალების გადაადგილებასა და მომარაგებას, მისი კონტროლის დაკარგვა უკრაინის თავდაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს. მდგომარეობა ურთულესია.
- ბოლო ცნობების მიხედვით, პენტაგონმა უკრაინისთვის თომაჰაწკ-ების გადაცემაზე ნებართვა გასცა, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს ამერიკის მარაგებს ზიანს არ მიაყენებდა. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს. როგორია თქვენი მოლოდინი ამასთან დაკავშირებით?
- ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რას გადაწყვეტს ტრამპი. ის ხშირად ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. იგივე მოხდა "ტომაჰავკების" შემთხვევაშიც, თავიდან საუბარი იყო მათი გადაცემის შესაძლებლობაზე, შემდეგ უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ არ სურდათ ისეთი რაღაცების გაცემა, რაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. ახლა ისევ დაიწყეს საუბარი ამ იარაღის გადმოცემის აუცილებლობაზე. სამწუხაროდ, ვეღარ დავეყრდნობით აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას და მით უმეტეს, პრეზიდენტის პოზიციას. არადა, ამერიკული თომაჰაწკ-ები, რომლებსაც 1600 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ, მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანდა ფრონტის ხაზზე.
- ტრამპმა თავად განაცხადა, რომ პუტინთან მისი ურთიერთობის გამო ერიდებოდა კრიტიკული ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ის ახლა იმედგაცრუებული, გაბრაზებულია და ირწმუნება, "სხვაგვარად, მაგრამ აუცილებლად მოაგვარებს".
- ტრამპის მუქარებს პუტინი სერიოზულად აღარ აღიქვამს. რაც შეეხება ომის მშვიდობიანად დასრულების შესაძლებლობას, ტრამპი ამ თემაზე ისე ლაპარაკობს, ეტყობა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენაც კი არა აქვს. მართალია, მშვიდობისმყოფლის მანტიის მორგება სურს, მაგრამ რეალურად კარგი მომლაპარაკებელი არ არის. თუ მართლა სურს სისხლის ღვრის შეჩერება, უკრაინას შეიარაღება უნდა მისცეს.
ბოლო დროს ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ამერიკამ სანქციები დაუწესა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანია "როსნეფტსა" და "ლუკოილს". ეს რუსეთისთვის დიდი დარტყმაა. ბევრი რამ დამოკიდებულია ენერგორესურსებსა და საწვავზე, რომლითაც რუსულ ტექნიკას ამარაგებენ. სწორედ აქ გადის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხაზიც.
- უკრაინელებმა კამიკაძე-დრონებით ააფეთქეს ნოვო-კუიბიშევისა და ორენბურგის აირგადამმუშავებელი ქარხნები, ჩელიაბინსკის საარტილერიო ჭურვების ქარხანა და ასევე 20-მდე ნავთობგადამმუშავებელი საწარმო. ამას გაგრძელება ექნება?
- რა თქმა უნდა, უკრაინამ უკვე დაიწყო დრონების ერთობლივი წარმოება ევროპულ პარტნიორებთან. ეს აპარატები ძალიან დიდ მანძილზე მოქმედებენ და შეუძლიათ ლოგისტიკური და სტრატეგიული ობიექტების დაზიანება რუსეთის ღრმა შიდა ტერიტორიაზეც. შესაბამისად, მსგავსი ოპერაციები აუცილებლად გაგრძელდება. პირველადი სამიზნეები კვლავ იქნება ნავთობგადამმუშავებელი და ენერგეტიკული ობიექტები, ქარხნები, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის ჯარს საწვავითა და რესურსებით.
ცოტა ხნის წინ უკრაინელებმა Nეპტუნ-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს ორიოლის თბოელექტროსადგურსა და ნოვობრიანსკის ელექტროქვესადგურს. ორივე ობიექტი რუსეთის ენერგოსისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მსგავსი სიურპრიზები რუსებისთვის კიდევ აქვთ უკრაინელებს.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ რუსები კრემლს გაძლიერებულად იცავენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ზამთარი რთული აღმოჩნდება არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ რუსებისთვისაც?
- უკრაინელები არასდროს ესხმიან თავს სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა, ჩემი აზრით, მოსკოვმა, როგორც "ბოროტების იმპერიის" გულმა, უნდა იგრძნოს ისეთივე ტკივილი და სიმწარე, როგორსაც უკრაინელები განიცდიან. ვიდრე რუსი ხალხი საკუთარ თავზე არ იგრძნობს ომის შედეგებს, ვერ გაიაზრებს, რა ფასს იხდიან სხვები მათი აგრესიის გამო.
- ბრძოლის გაგრძელებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია სტიმული და გამარჯვების მოლოდინი. შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ფრონტის რომელიმე მიმართულებით უკრაინა უპირატესობას ფლობს?
- არის მონაკვეთები, სადაც უკრაინელებს აქვთ უპირატესობა და კონტრშეტევითი ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს, მაგალითად, სუმის რეგიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს.
ამასთან, უკრაინულ ძალებს ჩრდილოეთის მიმართულებით აქვთ წინსვლა, რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.
ვერ ვიტყვი, რომ რუსეთს რომელიმე მიმართულებით აშკარა უპირატესობა აქვს, გარდა ამუნიციისა და შეიარაღების რაოდენობისა.
უკრაინელ ხალხს მხოლოდ იარაღი სჭირდება, საბრძოლო შემართება საკმარისზე მეტი აქვს.
- უკრაინაში თუ იციან, რომ რუსები "ქართული ბატალიონის" შექმნას გეგმავენ?
- რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციამ ჩვენამდე უფრო ადრე მოაღწია. რუსებს "ქართული ლეგიონის" ანალოგის შექმნა სურთ, თუმცა ვერ შეძლებენ. მათ რამდენიმე მიზანი აქვთ: ალაფად ხელში ჩაგდებული დასავლური ტექნიკის სამართავად პროფესიონალები სჭირდებათ და მეორე - სურთ უკრაინელებს დაანახონ, თითქოს ქართველები მათ მხარესაც იბრძვიან.
ხათუნა ბახტურიძე