რუსეთი გააფთრებული უტევს უკრაინას - პოკროვსკის ბედი გადაწყვეტილია?!
პ უტინის გეგმა-მინიმუმი უკრაინასთან ომში გამოიკვეთა - ეს არის დონბასის ანუ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრული ოკუპაცია, რათა კრემლმა მთელ მსოფლიოს აუწყოს, რომ ის სრულად აკონტროლებს მანამდე თავისივე გამოცხადებულ "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს". და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები დონბასის მიწას ყოველდღე რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრით იპყრობენ, რუსეთს ეს ძალიან ძვირად უჯდება მუდმივი იერიშებისას დიდი რაოდენობით მებრძოლის დაღუპვისა და დაჭრის გამო, თუმცა რუსეთში ხომ ისტორიულად არ ითვლიდნენ ომში დაღუპულებს, მათთვის ომი ყველაფერს ჩამოწერდა.
პუტინის გეგმა-მინიმუმის შესრულება მეოთხე წელია გაიწელა და რუს ოკუპანტებს ჯერ კიდევ პატარა პოკროვსკი ვერ აუღიათ, მაშინ, როდესაც წინ ასაღები რჩებათ დონბასის უფრო მსხვილი უკრაინული ქალაქები - კრამატორსკი და სლავიანსკი. 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან რუსეთის საოკუპაციო არმიამ წამოიწყო ოპერაცია ქალაქ პოკროვსკის ასაღებად, რომელსაც საბჭოთა პერიოდში კრასნოარმეისკი ერქვა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებისას დონეცკის ოლქის პატარა ქალაქი პოკროვსკი ცნობილი იყო უკრაინის ყველაზე მსხვილი ქვანახშირის საბადოთი, რომელშიც წელიწადში 8 მლნ ტონა ქვანახშირს მოიპოვებდნენ.ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ფრონტის ხაზი პოკროვსკსაც მიადგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე პუტინის დამპყრობელმა არმიამ შეტევები არა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, არამედ 2014 წლიდან ოკუპირებული დონეცკიდან წამოიწყო, რომლიდანაც პოკროვსკამდე პირდაპირ ხაზით... 50 კმ-იც კი არ არის - ანუ პუტინის "ძლევამოსილ" არმიას 2022 წლის თებერვლის ბოლოდან 2024 წლის 1-ლ აგვისტომდე მთელი 29 თვე დასჭირდა ამ 50 კმ-ის გააფთრებული ბრძოლებით გადასალახად, რის დროსაც უზარმაზარი დანაკარგი ნახა პირად შემადგენლობასა და სამხედრო ტექნიკაში და ამიტომაც აღარაა გასაკვირი, რომ პუტინის არმია 460 დღეა გამწარებული ცდილობს ერთი პატარა პოკროვსკის აღებას გასული წლის აგვისტოს თვიდან მოყოლებული. თუმცა ამ დღეებში პოკროვსკთან დაკავშირებით სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა შეძლეს პოკროვსკის გარეუბნებსა და ცენტრალურ ნაწილშიც შეღწევა და ახლა ამ ისედაც დანგრეულ ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.
რატომ იცავს ასე თავგამოდებით უკრაინის არმია პოკროვსკს? პოკროვსკთან გადის სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რომელთა საშუალებითაც დნეპროპეტროვსკის ოლქიდან მარაგდება ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინული შენაერთები და პოკროვსკის დაცემის შემთხვევაში უკრაინის დამცველების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება.
ერთი შეხედვით, უკრაინის არმიას ჰქონდა იმის რეზერვი, რომ პოკროვსკის დამცველებისთვის დამხმარე ძალები მიეშველებინა, მაგრამ ვერ შეძლო იმის გამო, რომ რუსულმა კამიკაძე-დრონებმა მასობრივად "ჩაკეტეს" ლოჯისტიკის გზები პოკროვსკისკენ და ნადირობენ არათუ ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე, არამედ თითოეულ იმ უკრაინელ მებრძოლზეც კი, რომელიც პოკროვსკისკენ ფეხით მიიპარება. ფაქტობრივად, ეს არის საბრძოლო მოქმედების ზონაში მოწინააღმდეგის ახლო ზურგის ბლოკირება, რათა მან დამხმარე ძალები ვეღარ მიაშველოს თავისიანებს წინა ხაზზე.
ეს ყველაფერი კი ძალაუნებურად ავლებს პარალელს აფხაზეთის ომში 1993 წლის 16 სექტემბრიდან დაწყებულ სოხუმის ბოლო შეტევასთან, რასაც მისი დაცემა მოჰყვა ათიოდე დღეში.
აქ ორი ძირითადი პარალელის გავლება შეიძლება:
პირველი - 16 სექტემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუხანათურად დარღვევის შემდეგ, აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებისა და რუსი სამხედროების დაჯგუფებამ მდინარე კოდორთან ჩაკეტა ოჩამჩირე-სოხუმის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზი, რითაც ალყაში მოაქცია სოხუმი ანუ იზოლირებულ იქნა გუმისთის ფრონტის ხაზი და შეუძლებელი შეიქნა მისი დამცველების ლოჯისტიკური მომარაგებისა და პირადი შემადგენლობის გადასროლა სახმელეთო გზით.
მეორე და მთავარი: სოხუმზე მოწინააღმდეგემ მანამდე რამდენიმე შეტევა განახორციელა, რომელიც მარცხით დამთავრდა. განსაკუთრებით კი 1993 წლის 15-16 მარტის შეტევა მდინარე გუმისთის გადმოკვეთის დროს, როდესაც მან მძიმე საბრძოლო დანაკლისი განიცადა. 16 სექტემბერს დაწყებული იერიშისას კი მოწინააღმდეგე მხარემ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა და იმის ნაცვლად, გუმისთაზე მთელი ფრონტით შემოეტია, აირჩია სოფელ შრომის მხრიდან და სხვა მიმართულებებიდან (მათ შორის სატელევიზიო ანძის მხრიდანაც) მცირე ჯგუფებით შემოღწევა სოხუმის განაპირა ქუჩებში, რაც, სამწუხაროდ, შედეგიანი აღმოჩნდა.
მცირე, 5-10 კაციანი მოიერიშე ჯგუფებით შეტევის ტაქტიკა რუსეთ-უკრაინის ომში "ვაგნერის" დაჯგუფებამ დანერგა, როდესაც მსუბუქი შეიარაღებით აღჭურვილი ჯგუფები მოტოციკლეტებისა თუ ელექტროველოსიპედების გამოყენებით სწრაფად გადაკვეთენ ფრონტის "რუხ ზონას", გადარჩენილები გროვდებიან და იწყებენ უკრაინელების თავდაცვითი პოზიციების იერიშს.
როდესაც ქუჩის ბრძოლები მიდის, იქ არტილერიის ცეცხლის გამოყენება რთულდება, რადგან საკუთარი მებრძოლების დაზიანებაც შეიძლება აფეთქებული ჭურვების ნამსხვრევებით და ასეთ დროს, ძირითადად, მხოლოდ ავტომატები, ტყვიამფრქვევები და ხელის ყუმბარსატყორცნები გამოიყენება, რასაც ემატება რუსეთ-უკრაინის ომის "აღმოჩენაც" - FPV-დრონები.
მართალია, აფხაზეთის ომის დროს კამიკაძე-დრონები არ არსებობდა, მაგრამ ქალაქში შემოღწეული მცირე მოიერიშე ჯგუფების მოქმედების ტაქტიკის გამოყენებამ მოწინააღმდეგეს საშუალება მისცა სოხუმი აეღო, მას შემდეგ, რაც გუმისთაზე "შუბლა" შეტევებმა მას დიდი დანაკარგი მოუტანა და საწადელს ვერ მიაღწია.
რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზეც რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობდნენ ასეთივე "შუბლა" შეტევებისას ტანკებითა და ჯავშანმანქანებით გადაეთელათ უკრაინის დამცველების რიგები, მაგრამ ვერც კიევი აიღეს და რამდენიმე თვეში თითქმის ოკუპირებული ხარკოვიდან და ხერსონიდანაც კუდამოძუებულები გაიქცნენ. და სწორედ ამის შემდეგ შეცვალა რუსეთის გენშტაბმა ტაქტიკა - მათ პირდაპირ აღარ უტევენ, გვერდს უვლიან, ცდილობენ ალყაში მოაქციონ და ამასთან, რამდენიმეკაციან, მაგრამ მრავალრიცხოვან მოიერიშე ჯგუფებს სხვადასხვა მიმართულებიდან უსევენ მორიგ უკრაინულ ქალაქს, ისევე, როგორც 1993 წლის 16-27 სექტემბერს სოხუმს.
და კიდევ ერთი - პოკროვსკზე გული განსაკუთრებით იმიტომაც შეგვტკივა, რომ ის ჩვენი ზუგდიდის თანამოძმე ქალაქია და არ გვინდა რუსულმა ჩექმამ გადათელოს.