აპოკალიფსის აჩრდილი - რა დაემუქრება მსოფლიოს "განკითხვის დღის" იარაღის გამოცდების განახლების შემთხვევაში?!
დედამიწა ბოლო სამი ათეული წელი მოსვენებული გახლდათ, მას მიწის ქვეშ აღარ არყევდა საშინელი ძალის ბირთვული გამოცდები, რადგან 90-იანი წლების შუახანებიდან ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებმა შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს დედამიწის გლეჯა შიგნიდან. მართალია, ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ექვსჯერ მაინც ჩაატარა მიწისქვეშა ბირთვული გამოცდები, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაზე უარესი. და აი, გასულ კვირას "ბირთვული ბომბის" აფეთქებასავით გაისმა დონალდ ტრამპის განცხადება: "უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო მძულდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა! რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი - შორეულ მესამეზე, თუმცა 5 წელიწადში გაგვითანაბრდება. სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული პროგრამების გამოცდის გამო დავავალე ომის დეპარტამენტს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება".
და მისი ეს განცხადება ერთგვარ პასუხად იქცა ბოლო დღეებში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ ანონსირებულ ბირთვულძრავიანი და ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტა "ბურევესტნიკისა" და წყალქვეშა ტორპედო-დრონის "პოსეიდონის" გამოცდის შესახებ.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ... პუტინმა ტრამპი მარტივად "წამოიკიდა" ბირთვულ თემაზე და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს ათქმევინა ის, რაზეც ეს ორი ბირთვული სახელმწიფო სამ ათეულ წელზე მეტხანს იკავებდა თავს - ბირთვული გამოცდების განახლებაზე.
პირველი ატომური ასაფეთქებელი მოწყობილობა ამერიკამ 1945 წლის 16 ივლისს გამოცადა, საბჭოთა კავშირმა კი - 1949 წლის 29 აგვისტოს. მათ მოჰყვა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული გამოცდებიც. 1963 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც კრძალავდა ბირთვულ გამოცდებს ატმოსფეროში, წყალქვეშ და კოსმოსურ სივრცეში, ბირთვული აფეთქებები დაშვებული იყო მხოლოდ მიწის ქვეშ. 1996 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბირთვული გამოცდების სრულ აკრძალვაზე და ქვეყნებმა, რომლებმაც მას რატიფიცირება გაუკეთეს, აიღეს ვალდებულება, რომ აღარ განაახლებდნენ ბირთვულ აფეთქებებს მიწის ქვეშაც.
ბოლო ბირთვული გამოცდა საბჭოთა კავშირმა ყაზახეთის სემიპალატინსკის პოლიგონზე 1990 წელს ჩაატარა, აშშ-მა - 1992 წელს, 1996 წელს საფრანგეთმა და ჩინეთმა, 1998 წელს ინდოეთმა და პაკისტანმა, ხოლო ჩრდილოეთ კორეამ, პირიქით, 2006 წელს ჩაატარა პირველი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა და მას შემდეგ კიდევ ხუთჯერ გაიმეორა.
ბირთვული გამოცდების შეწყვეტამდე აშშ-მა 1 054 გამოცდის გამართვა მოასწრო, საბჭოთა კავშირმა - არანაკლებ 715-ისა, დიდმა ბრიტანეთმა 45, საფრანგეთმა 210, ჩინეთმა 45, ინდოეთმა და პაკისტანმა ექვსამდე, ხოლო ჩრდილოეთ კორეა 6 ბირთვული გამოცდის შემდეგაც, ეტყობა, გააგრძელებს ახალ მიწისქვეშა ბირთვულ აფეთქებებს.
ბირთვული საგამოცდო აფეთქებების აუცილებლობას ძირითადად ორი გარემოება იწვევდა: ახალი ბირთვული და თერმობირთვული ქობინების გამოცდა და ძველი ბირთვული იარაღის შემოწმება. თუმცა კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა ბირთვული აფეთქებების ვირტუალურად გამოთვლაც, რაც რეალური ბირთვული აფეთქებების აუცილებლობას აღარ მოითხოვდა.
1996 წლის ბირთვული გამოცდების სრული აკრძალვის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთმა 2000 წელს მოახდინა, თუმცა 2023 წელს უკან გაიწვია, ხოლო აშშ-ს ამ ხელშეკრულების რატიფიცირება საერთოდ არ მოუხდენია, შესაბამისად, თეთრ სახლსაც და კრემლსაც ხელი აქვთ გახსნილი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდების გასაახლებლად.
აშშ-ისა და რუსეთის მიერ ბირთვული გამოცდების განახლება ნიშნავს, რომ უფრო მეტ სახელმწიფოსაც გაუჩნდება ეს საშინელი იარაღი და მსოფლიო კიდევ უფრო საშიში გახდება. ოღონდ არის პატარა იმედი - არაორდინარულობით ცნობილ პრეზიდენტ ტრამპს, როდესაც დაიმუქრა ბირთვული გამოცდების განახლებით, არ დაუკონკრეტებია რა იგულისხმა - სრული მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება, ბირთვული იარაღის გადამტანი რაკეტების გამოცდა თუ ბირთვული ქობინების სუბკრიტიკული გამოცდა, როდესაც მათ ინიცირების დონემდე არმისულ ფაზამდე ამოწმებენ. და მაინც, თუკი პრეზიდენტმა ტრამპმა მართლაც განაახლებინა მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებები, ეს აუცილებლად გამოიწვევს ასეთი გამოცდების ახალ ტალღას მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც დღემდე არ ჰქონიათ ბირთვული შეიარაღება, თუმცა ამაზე ყოველთვის ოცნებობდნენ.
"ბირთვული ქვეყნების კლუბში" ახალი წევრის სტატუსით შესვლის უპირველესი კანდიდატი კი... თურქეთი გახდება, რომლის პრეზიდენტი ერდოღანი სულაც არ გამორიცხავს შეიარაღებულ დაპირისპირებას ისრაელთან; იმ ისრაელთან, რომელიც არც აღიარებს და არც უარყოფს ბირთვული იარაღის ქონას, თუმცა ეს პოლიშინელის საიდუმლოა ანუ ყველა დარწმუნებულია, რომ ისრაელს ნამდვილად აქვს ასეთი მძლავრი შეიარაღება და არც მის გამოყენებაზე იტყვის უარს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.