„იბერიიდან“ იბერიამდე:ესპანეთს ქართველი „კონკისტადორი“ იპყრობს - იური ტაბატაძე: "თავდაპირველად, თანაგუნდელი "თოფურიას" მეძახდა - ყველაზე ცნობილი ქართველი ის არისო" - კვირის პალიტრა

„იბერიიდან“ იბერიამდე:ესპანეთს ქართველი „კონკისტადორი“ იპყრობს - იური ტაბატაძე: "თავდაპირველად, თანაგუნდელი "თოფურიას" მეძახდა - ყველაზე ცნობილი ქართველი ის არისო"

წლევანდელი შემოდგომა საუკეთესოა იური ტაბატაძისთვის: ესპანეთის სეგუნდა (მეორე) დივიზიონის ბინადარ "კადისში" აგვისტოს ბოლოს გადაბარგდა, სადებიუტო მატჩის 92-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და მალევე იქცა ანდალუსიელ ქომაგთა საყვარელ მოთამაშედ! "ტაბატაზემ" (ასე გამოთქვამენ მის გვარს ესპანელები) მიმდინარე სეზონის ნახევარი მშობლიურ "იბერია 1999"-ში გაატარა და იბერიის ნახევარკუნძულზე გამგზავრებამდე 11 ბურთის გატანაც მოასწრო. "იმედია, კლუბი ლიდერის სტატუსს შეინარჩუნებს და ჩემპიონის ოქროს მედალი მეც მერგება", - მითხრა 25 წლის "ვინგერმა" (ფლანგზე მოთამაშე შემტევი, ვინც თავდამსხმის გარდა, დაცვასაც ეხმარება), რომელმაც "კადისის" ყვითელი მაისურით უკვე გაიტანა 4 გოლი, გასულ კვირას ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა, მერე კი "კვირის პალიტრის" კითხვებს უპასუხა.

- ახალ კლუბში სწრაფად ადაპტირება ყველასთვის რთულია, შენ რის წყალობით მოახერხე?

- ბევრი ვარჯიშის, კონცენტრაციის, მონდომების ხარჯზე. როგორც კი "კადისში" თამაშის შესაძლებლობა მომეცა, მაშინვე გავაცნობიერე, რამდენად ახლოს ვარ იმ საფეხბურთო ზეიმთან, რასაც ესპანეთის პრიმერა-დივიზიონი ჰქვია. გავიაზრე, რომ ერთ წარმატებულ სეზონს მთელი ჩემი კარიერის შეცვლა შეუძლია. შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება. ცხადია, იღბალი და ნდობაც აუცილებელია - თუ არ გათამაშეს, როგორ დაამტკიცებ, რა შეგიძლია?! მაგრამ როცა თავდაუზოგავი შრომით საქმეში მტკიცე საფუძველს ქმნი, შეუძლებელია ოდესმე არ გაგიმართლოს და შანსი არ მოგეცეს!

- ალბათ, მხოლოდ ზღაპრებსა და ოცნებებში ხდება - ახალი კლუბის მაისურით შენთვის სადებიუტო მატჩის 85-ე წუთზე შეხვიდე მოედანზე და შვიდ წუთში გამარჯვების გოლი გაიტანო!

- მოთელვისას, სანამ მოედანზე შევიდოდი, კარგი წინათგრძნობა მქონდა. ვფიქრობდი, თუ მოვასწარი და ბურთს რამდენჯერმე მაინც შევეხე, იქნებ რაღაც მოვახერხო-მეთქი და... მართლაც ასე გამოვიდა - გოლი მეორე თუ მესამე შეხებაზე გავიტანე!

- მომდევნო მატჩებში კიდევ სამი ბურთი გაიტანე, ორჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაგასახელეს: მოტივაციასთან ერთად, ალბათ, ეს ერთგვარი წნეხიც იქნება, გულშემატკივარი და თანაგუნდელები უკვე ყველა მატჩში ელიან შედეგიან თამაშს...

- მოლოდინი მართლაც დიდია, მით უმეტეს, ასეთი სტარტის შემდეგ. მაგრამ მთავარი მაინც ის მგონია, ყველა ხედავდეს, რომ ცდას არ აკლებ, ყოველთვის ბოლომდე იხარჯები. შეუძლებელია ყველა შეხვედრა გოლით ან "ასისტით" დაასრულო, მაგრამ მონდომებას მაყურებლებიც აფასებენ, თანაგუნდელებიც და მწვრთნელიც.

- ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი ტოპ-ჩემპიონატი არ არის, მაგრამ საქართველოს ან თუნდაც სლოვაკეთის ჩემპიონატზე გაცილებით ძლიერია. სხვა რომ არაფერი, ლა ლიგა 2-ის კლუბების უმეტესობას სხვადასხვა წელს არაერთხელ უთამაშია პრიმერა-დივიზიონში!

- ესპანეთში ჩამოსვლამდეც ვიცოდი, რომ ლა ლიგა 2 ძლიერი ტურნირია და ერთ ნაბიჯშია ევროპაში სიძლიერით ნომერ მეორე ჩემპიონატთან. ამიტომაც, როცა "კადისის" ინტერესის შესახებ შევიტყვე, ბევრი აღარ მიფიქრია. მალევე დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი: აქ მოთამაშე ფეხბურთელების უმეტესობა ფიზიკურად ჩინებულად არის მომზადებული, მოედანზე მოძრაობის ინტენსივობა კი ძალიან მაღალია. კილომეტრაჟს თუ დაითვლი, შესაძლოა საქართველოს ჩემპიონატს ბევრად არ აღემატებოდეს, მაგრამ ინტენსივობაა ისეთი მაღალი, მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა. ესპანურ ფეხბურთში ტემპი ძალიან მაღალია, ამოსუნთქვის დროც კი არა გაქვს... საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში ზოგჯერ "დასვენებასაც" ვახერხებდით, აქ მსგავსი რამ გამორიცხულია! თავდაპირველად, ვარჯიშების დროსაც კი ისე ვიღლებოდი, სახლში მისულს, პირველივე სკამზე მეძინებოდა. არადა, ახალი თანაგუნდელებისგან ვიცი, რომ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონი საერთოდ სხვა დონეა. იმედია, კოპა დელ რეიზე (ესპანეთის სამეფო თასი. - რ.შ.) კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლას შევძლებთ და მომეცემა შესაძლებლობა პრიმერა დივიზიონის კლუბ(ებ)ის წინააღმდეგაც ვითამაშო... ამ დონის მეტოქეებთან ძალის მოსინჯვა ძალიან მაინტერესებს.

- მოგვიყევი სეგუნდა დივიზიონის სპეციფიკაზე - რით განსხვავდება ის იმ ჩემპიონატებისგან, სადაც აქამდე გითამაშია?

- ფიზმომზადებაზე უკვე ვთქვი. ამას გარდა, ფეხბურთელების უმეტესობას ძალიან კარგი ტექნიკაც აქვს, ადვილად შეუძლიათ მეტოქის მოტყუება. სანამ ადაპტაციას გავივლიდი და ჩემი თანაგუნდელების უნარ-ჩვევებს შევისწავლიდი, ვარჯიშების დროს ბურთის ართმევას ვინ ჩივის, თვალს ძლივს ვაყოლებდი ხოლმე. ზოგადად, თამაშის დროს გაცილებით მობილიზებული ვარ, ვიდრე ვარჯიშზე. მატჩის დროს მენტალობა მთლიანად მეცვლება, ბევრად მეტი შემართებით ვარ, ვარჯიშებზე კი რთულია ასეთი ჟინისა და მონდომების მუდმივად შენარჩუნება.

- საქართველოში ჯერ ვერ გავარკვიეთ: ფეხბურთელების კარგ თამაშს მიჰყავს მაყურებელი სტადიონზე, თუ ჯერ გულშემატკივარი უნდა მივიდეს და მოთამაშეების მოტივაცია გაზარდოს? რას ფიქრობ ამ საკითხზე მას შემდეგ, რაც ესპანური სტადიონების სავსე ტრიბუნებს მიეჩვიე?

- საქართველოში ეს საკმაოდ რთული საკითხია: ფეხბურთელები ქომაგს ვითხოვთ სტადიონზე, გულშემატკივრები - კარგ თამაშს და... სადღაც შუაში "ვიჭედებით"... რაც შეეხება ესპანეთს, მაგალითად, გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 29 ოქტომბერს. - რ.შ.) ესპანეთის თასის 1/16 ფინალის მატჩი ვითამაშეთ მურსიაში. მეოთხე ლიგის გუნდია, მაგრამ ისეთი სტადიონი აქვს, მე და ჩემი სერბი თანაგუნდელი ვლაპარაკობდით, რომ ჩვენს ქვეყნებში ეს არენა აუცილებლად მოხვდებოდა ტოპ-5 სტადიონს შორის! როცა მეოთხე ლიგაში მოთამაშე კლუბი ასეთ სტადიონზე თამაშობს და ტრიბუნების მინიმუმ ნახევარი სავსეა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება ზედა ლიგებში, განსაკუთრებით კი - პრიმერა-დივიზიონში?!

- ალბათ, საქართველოს ჩემპიონატი გაგახსენდა...

- ჩვენთან 20 000-იანი სტადიონის ტრიბუნაზე, საშუალოდ 200-300 კაცია (უმეტესწილად - ფეხბურთელების ოჯახის წევრები და მეგობრები) ხოლმე, "სიჩუმის" ფონზე თამაშობ და ბუნებრივია, ვერც მაყურებლის წნეხს გრძნობ. ჰოდა, როცა ასეთ ატმოსფეროს ხარ მიჩვეული, ძალიან რთულია, ევროთასის მატჩი სტუმრად ითამაშო გადაჭედილი ტრიბუნების გამაყრუებელ ხმაურში. გულშემატკივრის კარგად მესმის - დიახ, ფეხბურთელმა უნდა მოინდომოს და ცდას არც ვაკლებთ ხოლმე, მაგრამ... ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლა და წარმატებული თამაშიც დიდწილად სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა ევროპის ძლიერ ჩემპიონატებსა და კლუბებშია და მიჩვეულია იქაურ დონეს, ტემპს, სავსე ტრიბუნების წინ თამაშს.

- "კადისის" საშინაო არენა - Estadio Nuevo Mirandilla 20 700 მაყურებელს იტევს და როგორც ვნახე, საყვარელი კლუბის მატჩებს მინიმუმ 15-16 ათასი ქომაგი ესწრება.

- აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ. როგორც კი რამდენიმე წუთი ვითამაშე და გოლი გავიტანე, ქუჩაში მეორე დღიდანვე მცნობენ, ფოტოს, ავტოგრაფს მთხოვენ. იმ დღეებში, როცა "კადისს" საშინაო მატჩი აქვს, ქალაქში ნამდვილი დღესასწაულია, თამაშის დაწყებამდე 4-5 საათით ადრე მთელ ქალაქს ყვითელი მაისური აცვია! ოჯახები ბებია-ბაბუებთან, ჩვილ ბავშვებთან ერთად მოდიან სტადიონზე...

- ვიცი, რომ ადგილობრივები საყვარელ კლუბს "კადისტას" უწოდებენ. მეტსახელები ფეხბურთელებსაც გაქვთ?

- ზოგადად, კლუბის ფეხბურთელებს "გადიტანოთი" მოიხსენიებენ. მე რაც შემეხება, რაკი ესპანელებს "ძ"-ს გამოთქმა უჭირთ, თავდაპირველად "ტაბატაზოს" მეძახდნენ. ახლა იური უფრო მოსწონთ. თავდაპირველად, თანაგუნდელი "თოფურიას" მეძახდა - ყველაზე ცნობილი ქართველი ის არისო... ცხადია, ესპანეთში ყველამ იცის, რომ ილია ქართველია, მაგრამ ესპანელადაც მიიჩნევენ და ძალიან უყვართ!

- UCAM Murcia-სთან ბოლო მატჩში როხერ მარტის ორი საგოლე გადაცემა მიეცი და ვხვდებით, რომ იმ შეხვედრაში ერთმანეთს კარგად გაუგეთ, მაგრამ მთლიანობაში თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტად ვის დაუმეგობრდი?

- სერბ ბოიან კოვაჩევიჩს - ინგლისურ ენაზე ყველაზე კარგად ლაპარაკობს, თანაც, ისიც მართლმადიდებელია და ბევრი რამ გვაქვს საერთო. ისე კი, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ხშირად ვხუმრობთ ხოლმე ჩვენ-ჩვენი "გატეხილი" ესპანურ-ინგლისურით. სხვათა შორის, მარტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, გამოცდილი ფეხბურთელია, უთამაშია "ვალიადოლიდსა" და "სარაგოსაში", ყველაზე მეტი სეზონი კი "ლევანტეში" აქვს გატარებული და გიორგი ქოჩორაშვილსაც იცნობს. სხვა გამოცდილი მოთამაშეებიც გვყავს - სუსო, ერნანდესი, კარსელენი და სხვ.

- ლა ლიგა 2-ის ცხრილში მეოთხე პოზიციაზე ხართ და ლიდერ "რასინგს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებით - მთავარი მიზანი საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებაა?

- კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიზანი, მინიმუმ, 50 ქულის მოგროვებაა, სეგუნდა-დივიზიონში გარანტირებულად რომ შევინარჩუნოთ ადგილი. სამი წლის წინაც, როცა "კადისი" ლა ლიგაში დაწინაურდა, მიზნად, მინიმუმ, 50 ქულის დაგროვება ჰქონდათ. როგორც ჩანს, პრეზიდენტს კარგად აქვს დაცდილი მსგავსი დათქმები და ამიტომ ამბობს, თორემ ყველამ ვიცით, რომ მიზანი მხოლოდ უმაღლესში დაწინაურებაა.

- კადისი ძვ. წ. 1104 წელს დაარსებული ქალაქია და, ალბათ, ადგილობრივები ძალიან ამაყობენ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის სტატუსით. უკვე უთხარი, რომ ასაკით არც შენი მშობლიური ქალაქი ჩამორჩება (ქუთაისის დოკუმენტურად დადასტურებული ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქის სტატუსი მის გაცილებით დიდ ისტორიაზე მოწმობს). თანაგუნდელებთან თუ გილაპარაკია ორ იბერიაზე, ქართულ-ბასკურ "ნათესაობაზე"...

- კადისის ისტორიაზე მიყვებიან ხოლმე, მირჩევენ, რა დავათვალიერო. რაც შეეხება ჩვენს "ნათესაობას", ჩვენი მწვრთნელი გაისკა გარიტანო ბასკია და ამ თემაზეც გვილაპარაკია, საერთო რაღაცებიც გამოვნახეთ. ესპანელებს და ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, სითბოს გამოხატვა არც ამათ უჭირთ და ჩემს სწრაფ ადაპტაციას ხელი ამ ყველაფერმაც შეუწყო.

- სლოვაკურ "ზლატე მორავცეში" გატარებული ნახევარი სეზონით კმაყოფილი ვერ იქნები - არც სათამაშო დრო გეძლეოდა და გუნდიც აუტსაიდერი იყო... მაგრამ კარიერის პირველი საზღვარგარეთული კლუბი გარკვეულ გამოცდილებას მაინც მოგცემდა.

- სლოვაკეთში გატარებული რამდენიმე თვე გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, იქ ძალიან ბევრი რამ გავიაზრე, სხვა მხრიდან შევხედე ფეხბურთსაც და ცხოვრებასაც... ეს გამოცდილება მჭირდებოდა, საქართველოს ჩემპიონატში გატარებული წლების შემდეგ თავი საზღვარგარეთაც უნდა გამომეცადა. სლოვაკეთში გავაცნობიერე, რომ ადგილობრივ მოთამაშეზე ორ-სამჯერ მაგარი უნდა იყო, მწვრთნელმა თამაშის შესაძლებლობა რომ მოგცეს. ამიტომ ესპანეთში სულ ვცდილობ ისე დავიხარჯო, ისე წარმოვაჩინო თავი ვარჯიშებისა თუ თამაშების დროს, რომ მწვრთნელს სხვა ფეხბურთელის არჩევის შანსი არ დავუტოვო! სლოვაკური პერიოდი რომ არ გამევლო, შესაძლოა ესპანეთში სხვა მენტალობით ჩამოვსულიყავი და რაღაცების გასააზრებლად გაცილებით მეტი დრო დამეკარგა.

- შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი მიდგომაა კლუბისა თუ ჩემპიონატის წარმატების გასაღები - ლეგიონერი ადგილობრივზე მინიმუმ ორ-სამჯერ უკეთესი უნდა იყოს! საქართველოს ჩემპიონატში კი... "ორჯერ უკეთესობას" ვინ ჩივის, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისების გარდა, ქართული კლუბების ლეგიონერები ადგილობრივ მოთამაშეებს მხოლოდ ხელფასის ოდენობით ჯობნიან! ჩვენი კლუბების წარუმატებლობის მნიშვნელოვანი მიზეზი ესეც მგონია.

- ერთ-ერთი ნამდვილად არის. სამწუხაროდ, არა - ერთადერთი... ყველგან პრობლემებია - გუნდის, მენეჯმენტის, მოთამაშეების, სტადიონების, გულშემატკივრობის... პატარა დეტალების ერთობლიობით კი დიდ პრობლემებამდე მივდივართ. ვეთანხმები ლევან კორღალიძეს, რომელიც სულ გვეუბნებოდა ხოლმე, რომ ფეხბურთში წვრილმანები არ არსებობს. დიახ, სხვისკენ ხელის გაშვერის და რაღაცების მომიზეზების ნაცვლად, ყველამ ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ და საერთო პრობლემებიდან ჩვენი ნაწილი მოვაგვაროთ... ვაღიარებ, რომ საქართველოში თამაშისას ასე არ ვიყავი, ჩემზე გაცილებით ნაკლები დატვირთვა და პასუხისმგებლობა მოდიოდა. ჩვენთან არც კონკურენციაა დიდი და 1-2 მატჩის "ჩაგდების" მიუხედავად, შემადგენლობაში დაბრუნების შანსი მაინც გაქვს. აქ კი, მოედანზე გასვლა უკვე სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია ჩემთვის, თუ არ ვითამაშებ, ეს ჩემს ოჯახზე აისახება. ხომ ვხედავთ, რომ უკვე ბევრი ქართველი ფეხბურთელია ძლიერ ლიგებში. ე.ი. შეგვიძლია, არა? მაგრამ ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო.

ესპანეთში რომ ჩამოვედი, ძალიან გამიჭირდა აქაური ტემპის და დატვირთვების გაძლება. ვიგუდებოდი, ვეღარ დავრბოდი ხოლმე... მაგრამ არ გავჩერდი, თანდათანობით გავზარდე დატვირთვები და ეს პრობლემა გადავლახე. საქართველოში თამაშისას, მე-60 წუთზე კუნთები უკვე დაჭიმული რომ მქონდა, ახლა უკვე გაცილებით დიდხანს შემიძლია თამაში. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელი მოედანზე ერთ საათზე მეტს რომ ვერ ძლებს, გუნდს ხომ მხოლოდ სანახევროდ ეხმარება?! საქართველოში ყველაფერი ვცადე - სპეციალური ვარჯიშები, საკვები დანამატები და ა.შ., მაგრამ თუ კვირის ციკლში ისე ინტენსიურად არ დაიტვირთე, როგორც კვირის ბოლოს, თამაშის დროს იტვირთები, გამორიცხულია, დადებით შედეგს მიაღწიო.

- რამდენიმე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვათ კლუბზე, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ძლიერ ფეხბურთელად შენს ჩამოყალიბებაში - რა მოგცა "იბერიამ"?

- 12 წლის ასაკიდან ამ კლუბში დაიწყო ჩემი საფეხბურთო თავგადასავალი. ყველა ჩემი მიღწევა და წარმატება ამ გუნდს, მის წევრებს, ხელმძღვანელებს უკავშირდება. ამაყი ვარ, რომ ვიყავი მათი ნაწილი. თვალს ვადევნებ "იბერიის" თამაშებს, მიმაჩნია, რომ იმსახურებენ ჩემპიონობას და მჯერა, რომ მოიპოვებენ კიდეც. მედალი მეც მეკუთვნის, რადგან მიმდინარე სეზონის ნახევარი იქ ვითამაშე.

- უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ ესპანეთის პრიმერა-დივიზიონი: გიორგი მიქაუტაძის სახით იქ უკვე გვყავს წარმომადგენელი, რომელიც ჩინებულად შეეწყო "ვილიარეალს" და შედეგიანადაც თამაშობს.

- მიხარია, რომ ჟორჟის ესპანური კარიერა კარგად დაიწყო და ქართველების მიმართ ინტერესი და კეთილგანწყობაც კიდევ უფრო იზრდება. რამდენიმე დღის წინ ვალენსიის რეგიონის დერბიში "ვილიარეალმა" მამარდას ყოფილი კლუბი დაამარცხა. თანაგუნდელებმა იმ მატჩს ერთად ვუყურეთ და ძალიან გამიკვირდა, რომ უმეტესობა "ვილიარეალს" ქომაგობდა და მე "მეჩხუბებოდნენ", გოლი რატომ ვერ გააქვსო?! გიორგის წარმატებას ვუსურვებ! რაც უფრო ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპის ტოპ-ლიგებში, ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესიც მეტად გაიზრდება. სხვადასხვა მასშტაბის ევროპულ კლუბებში ამდენი ქართველი რომ ვთამაშობთ, ამაში კვარას წვლილი უდიდესია. ისღა დაგვრჩენია, ამ პროცესს დანარჩენებმაც შევუწყოთ ხელი და ევროპული ფეხბურთისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო გავაფართოოთ.

4-1762108754.jpg

- საინტერესოა, ყველაზე მეტად რა მოგწონს კვარაცხელიას უნარებიდან, რისი გშურს "თეთრი შურით"?

- წარმოუდგენელია, მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს ხვიჩას რომელიმე თვისება არ მოსწონდეს - ტექნიკა, სისწრაფე, კოორდინაციის უნარი, დარტყმა... მაგრამ, ალბათ, ყველაზე მეტად - დრიბლინგი! რამდენიმე მეტოქის მოტყუება კვარასთვის პრობლემა არ არის. დრიბლინგს აუცილებლად "მოვპარავდი"! სხვათა შორის, ხვიჩას წინააღმდეგ ნათამაშევიც მაქვს 19-წლამდელების გუნდში ყოფნისას. მაშინ მარჯვენა მცველი ვიყავი, ის - ვინგერი, ცოტათი კი "მაწვალა", მაგრამ არ მოვეშვი.

- ესპანეთის ნაკრები ყველა საკვალიფიკაციო ეტაპზე "გამოწერილი" გვყავს... საინტერესოა, ესპანელმა თანაკლუბელებმა რა გითხრეს ელჩეში მოგებული მორიგი მატჩის შემდეგ?

- მეხუმრებოდნენ, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ გავბრაზდი, თავი დამანებეს... ესპანეთს ტრადიციულად უძლიერესი გუნდი ჰყავს - შეთამაშებული, ტექნიკურად და ტაქტიკურად უზადოდ გამართული. სულ გვიგებენ, მაგრამ ოდესმე ჩვენც ხომ უნდა დავამარცხოთ და იმედია, ეს 15 ნოემბრის მატჩი იქნება. ცოტა მონდომება, ბევრი გამართლება და... ვინ იცის?! იქნებ მერე მე გავაბრაზო "კადისის" ესპანელი მოთამაშეები!

- ესპანეთის შემდეგ თურქეთშიც ძალიან უსუსურად ვითამაშეთ, ნამატჩევს ვილი სანიოლმაც თქვა, რომ ბოლო თვეებია ბიჭების თვალებში ძველებურ ცეცხლს ვეღარ ამჩნევს... გულშემატკივრის ნაწილი მიიჩნევს, რომ ფრანგმა მწვრთნელმა უკვე "ამოწურა თავი" საქართველოს ნაკრებში - ვილის მადლობა უნდა ვუთხრათ და ახალი, უფრო კვალიფიციური მწვრთნელით ჩავანაცვლოთო...

- მიმაჩნია, რომ სანიოლი უნდა დარჩეს. ჯერ მხოლოდ ერთი წელიწადია გასული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის შემდეგ და სანიოლი ერთ წელიწადში გახდა ცუდი მწვრთნელი?! ჩავარდნის პერიოდი ყველა გუნდს ჰქონია და იმედია, ეს უიღბლო სერია მალე დასრულდება. ყველას გვინდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, მაგრამ წილისყრამ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვარგუნა. ზოგადად, მოტივაციის ხანგრძლივად შენარჩუნება იოლი არ არის. კი ბატონო, ერთ, სამ, ხუთ თამაშში "მოედანს შეჭამ", წინ ვერავინ დაგიდგება, მაგრამ ამ ცეცხლის მუდმივად შენარჩუნება ძნელია... ერთნაირი მუხტის "დაჭერა" წლების განმავლობაში რომ შეიძლებოდეს, ყველა ვარსკვლავი იქნებოდა.

- თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშია, მაგრამ ფეხბურთელის მთავარი მიზანი ეროვნული გუნდია. ესპანეთში გადაბარგების შემდეგ ამაზე უფრო ხშირად ფიქრობ?

- მე გავაგრძელებ ჩემს საქმეს და ვეცდები, კარგი თამაშით ნაკრების მწვრთნელების ყურადღება დავიმსახურო. აქამდე, რაც დავისახე მიზნად, ყველაფერს მივაღწიე და იმედია, ეროვნული ნაკრების მაისურსაც მოვირგებ...

- სად ხედავ შენს თავს 3-5 წლის შემდეგ?

- სად მინდა და სად ვხედავ ჩემს თავს, ერთი და იგივეა: ვხედავ ლა ლიგაში, ეროვნულ ნაკრებში, ჩემს საქმიანობაში წარმატებულს... შეუძლებელია ვერ გააკეთო ის, რასაც მიზნად დაისახავ, რასაც თავს დააჯერებ! აქამდე რაც მოვინდომე, ყველაფერს მივაღწიე, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.