სიძულვილში ჩამხრჩვალები
იცნობთ თუ არა სტატისტიკას, რომ მხოლოდ ერთ კვარტალში, 3 თვეში, "ფეისბუქის" პლატფორმა დაახლოებით 7.2 მილიონი სიძულვილის პოსტს შლის? ბევრად მეტი კი, სავარაუდოდ, პლატფორმის მესვეურებს წაუშლელი რჩებათ და ცნობიერებაში ისადგურებს. განსაკუთრებით ისეთი სუსტი კანონმდებლობისა და ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ, და როგორებსაც თავის დაცვა არ შეუძლიათ არც სიძულვილის ენისგან და არც მისგან გამოწვეული ძალადობისგან. ფსიქოლოგიური ძალადობა კი ხშირად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ფიზიკური: სიტყვას უდიდესი, დამანგრეველი ძალა აქვს. რაც მარტივ, მაგრამ ღრმა ქართული შეგონებით ასე გამოიხატება: "ტყვიით დაკოდილი მორჩება, ენით დაკოდილი არა", რისი მაგალითებიც ყოველდღიურობად გვექცა. საქმე იმ ზღვრამდეა მისული, როდესაც საზოგადოებაში გაბატონებული სიძულვილის ენა, განსაკუთრებით კი სოციალურ სივრცეში, არაერთ ადამიანს ფიზიკურადაც კი ანადგურებს.
როგორი სახე მიიღო ჩვენში სიძულვილის ენამ, რომელსაც ხშირად გამოხატვის თავისუფლებასთან აიგივებენ და რამდენად შესაძლებელია მისი გაკონტროლება, ფსიქოლოგ ნინო თურმანიძეს ვესაუბრეთ.
- ჩვენისთანა სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც საზოგადოების უმეტესობა არარეალიზებულია თავისი განუხორციელებელი ოცნებებით, იძულებულია ვიზუალურ სივრცეს მიეჯაჭვოს. ამაში ათეული წლები გადის და გვირაბის ბოლოს სინათლე არათუ ჩანს, ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ოდესმე იქნება. მსგავს სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ სიძულვილის ენა მუშაობს და ნაყოფიერად სულ უფრო და უფრო მეტ სივრცეს იპყრობს, თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ბოროტებას უფრო მეტად ახასიათებს მიმბაძველობა, ვიდრე სიკეთეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიკეთის კეთება ძალისხმევას მოითხოვს, ბოროტება კი თითქმის არაფერს. მით უფრო, ამ შემთხვევაში - დაჯექი კლავიატურასთან და თავს დაესხი ადამიანს: ამოქექე არა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება და ღირებულებები, არამედ ახლობლებისაც! მიაყენე შეურაცხყოფა, რომელსაც ზუსტად იცი, რომ ვერ აიტანს და ამით გაანადგურე! ეს ხომ ძალიან ადვილია! მით უფრო მაშინ, როდესაც შეგიძლია ამ თავდასხმების დროს თავი ვიღაცის გამოგონილ პროფილს შეაფარო, ისე, რომ შეტევის ობიექტი ვერც მიხვდეს, ვინ გაანადგურა და აქედან გამომდინარეც, საპასუხო თავდაცვა ვერ შეძლოს! ამიტომაც არის მოგონილი ტროლინგი, - ვიზუალურ სივრცეში პოსტების ან კომენტარების განთავსება სხვებისგან რეაქციის პროვოცირების მიზნით, რომლის პირდაპირი მიზანი ვინმესთვის ზიანისა და ტკივილის მიყენება და ამაზე საზოგადოების ყურადღების მიქცევაა. ამასთან, მსგავსი თავდასხმები ხშირად არა მხოლოდ ერთი პირზე ხდება, არამედ მთელ საზოგადოებაზეც, რომელსაც დაპირისპირებული მხარე მოიხსენიებს ბნელებად, ჯოგად და ა.შ.
სიძულვილის ენით ჩამოყალიბდა ასობით და ათასობით გვერდი სოცსივრცეში, სადაც ათასობით ადამიანის აგრესია ტრიალებს პირადი ანგარიშსწორების თუ სხვა მიზნით.
სამწუხაროდ, სისტემა უფრო და უფრო იხვეწება, იმდენად, რომ მას მართლაც შეუძლია კონკრეტული ადამიანის ცხოვრების შეცვლა. როდესაც ობიექტზე ასეთი მასირებული შეტევაა, შეიძლება მან მართლაც ჩათვალოს, რომ სიმართლეს ეუბნებიან, მართლაც ცუდია და ყველაფერი ცუდად ექნება. შესაძლოა მას ფსიქიკური ჯანმრთელობაც გაუუარესდეს, რაც არცთუ იშვიათად ცუდად მთავრდება.
- ამის მიუხედავად, თუ დააკვირდები, აგრესიული და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაცია საზოგადოდ, განსაკუთრებით კი სოციალურ სივრცეში, უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს, ვიდრე პოზიტიური.
- ჩვენს საზოგადოებაში სიკეთის დეფიციტია. ამასთან, ძალიან ხშირია სიკეთით მანიპულირება, განსაკუთრებით ონლაინსივრცეში, სადაც ადამიანში სიბრალულის გაღვიძებით, სიკეთის კეთების მოთხოვნილებით, ფულის გამოძალვა ხდება, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით, ასევე უმწეო, მიუსაფარი ცხოველებით. მსგავსი ინფორმაცია დიდ თანხებს იზიდავს და არავინ იცის, დასახელებულ მიზეზებს ხმარდება თუ პირად კეთილდღეობას.
- რატომ აქვს დიდი მიზიდულობა სიძულვილის ენას?
- ნეგატიური, მძიმე ინფორმაციით დაინტერესება ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ადამიანს, არსებობის გარიჟრაჟიდან, როდესაც თავს უამრავი მოულოდნელი საფრთხისგან იცავდა, მუდამ უნდა სცოდნოდა, რა ელოდა, სულ ფხიზლად უნდა ყოფილიყო, თვალი საშიში მოვლენებისთვის ედევნებინა. მსგავსი საფრთხეები, რა თქმა უნდა, დღეს არ არსებობს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სულ არის რაღაც საფრთხე. მაგალითად, ადამიანს ეშინია, შვილი რომ მძიმედ გაუხდეს ავად, როგორ უშველოს,A ან როგორ გაუმკლავდეს სიღატაკის სხვა გამოწვევებს, არსებობისთვის ბრძოლას და საერთოდ, რა ელის, რომ მზად დახვდეს. ასეთ სიტუაციაში მძაფრდება მძიმე ინფორმაციით დაინტერესება, რაც აზიანებს ფსიქიკას. განვითარებულ ქვეყნებში კი, სადაც ადამიანი დაცულია, რეალიზებული, სიძულვილის ენით დაინტერესება ნაკლებია.
რატომ უნდა უნდოდეს რეალიზებულ, წარმატებულ ადამიანს, რომ დრო სოციალურ ქსელში დახარჯოს სიძულვილის და აგრესიის გადმოფრქვევაზე, სხვების ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფაზე... ჩვენს გარემოში, სამწუხაროდ, ადამიანის რეალიზაციაზე საუბარი ნაადრევია. ნახეთ, ახალგაზრდებშიც კი როგორ არის: სტატისტიკურად იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან, დაახლოებით 40% არ და ვერ ამთავრებს. განათლების მიღებას წყვეტს განათლების უპერსპექტივობის გამო. არჩეულ პროფესიაზე კი 20%-ც ვერ მუშაობს.
- არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი სიძულვილის ენას საკუთარი დეპრესიულობის გამო მიმართავს.
- არა ზოგიერთი, არამედ აბსოლუტური უმრავლესობა. სიძულვილის ენას ისინი მიმართავენ, ვინც შესაძლოა ძალიან დიდხანს იკავებდა ნეგატიურ ემოციებს და შესაფერის გარემოში, თუნდაც სოციალურ სივრცეში, სადაც ვერავინ ხედავს, ნელ-ნელა გადმოსკდება, რომ არ "გასკდეს" შეუძლებლია.
არა მხოლოდ ნეგატიური ემოციები, თვით პოზიტიური ემოციების გაუზიარებლობაც იწვევს ადამიანის "მოწამვლას".
ნეგატიური ემოციები ხშირად ბავშვობაში გროვდება, რასაც შემდგომში, როგორც წესი, ნეგატიური შედეგები მოაქვს. არსებობს სტატისტიკა, რომ რევოლუციონერთა უმეტესობას ბავშვობაში კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, ან საერთოდ არ ჰქონდა, რაც პიროვნებაში, ცხადია, აგროვებდა აგრესიას, რომელიც შემდგომ ამოქმედდა.
არ ვამბობ, რომ აგრესია საჭირო არ არის ძირეული ცვლილებებისთვის, მაგრამ უნდა ისწავლო, როგორ მოახმარო დაგროვილი აგრესია საქმეს ისე, რომ არ გამოიწვიო ნგრევა. ამისთვის ენერგიის ხარჯვის სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა კი ადამიანის რეალიზაცია უპირატესია.
იმ გარემოში, სადაც ათეული წლებია ვერ ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს, საზოგადოების უმრავლესობას რეალიზაციის შესაძლებლობა არა აქვს, სტრესები ძალიან დიდხანს გრძელდება, შესაბამისად, ხშირია შფოთვითი აშლილობები, რაც გამოიხატება სიძულვილის ენაში, ბილწსიტყვაობაში, ადამიანის ღირსების შელახვიდან მიღებულ თვითრეალიზაციის განცდასა და ამით კმაყოფილებაში.
- საკმაოდ უსიამოვნო მოსასმენია.
- დიახ, მით უფრო, რომ სიძულვილის ენით მიღწეული თვითრეალიზაციის განცდა ილუზიურია და არა ნამდვილი. შეუძლებელია სიძულვილის ენამ წარმატება მოგიტანოს. პირიქით, მომენტი, რომელიც პიროვნებას ცნობადს ხდის იმიტომ, რომ სიძულვილის ენას, ასე ვთქვათ, კარგად იყენებს, როგორც წესი, ამავე პიროვნებას ძალიან რთული შედეგით უბრუნდება: ე.წ. ბუმერანგის წესით თუ სამყაროს კანონით. სამყაროში არაფერი იკარგება და რასაც გასცემ, იმავეს იღებ.
სხვათა შორის, სიძულვილის ენის ფრქვევა მხოლოდ ილუზიაა, რომ რაღაც საქმეს აკეთებ, რომელიც არანაირ შედეგს არ ტოვებს, გარდა იმისა, რომ პიროვნება თავადაც ისევე ინგრევა, როგორც სხვებს ანგრევს.
ამ მომენტს ფსიქოლოგიაში ხშირად ადარებენ ზღაპრის ჭრელ ფრინველს, რომელიც ზღაპრის გმირს მოაჯადოებდა, სწორი გზიდან გადაახვევინებდა და ილუზიურ სამყაროში აცხოვრებდა მანამდე, სანამ მის გასათავისუფლებლად ვინმე არ მივიდოდა. განსაკუთრებით სოციალური ქსელი და მასში გადმოფრქვეული ბოროტება ჰგავს ამ ფრინველს, რომელიც ადამიანს ილუზორულ სამყაროში აცხოვრებს და მართავს. რა თქმა უნდა, არსებობს გზები, რომ ვერავინ მიგიტყუოს, ვერავინ გამოგიყენოს თუნდაც ვიზუალურ სივრცეში, რომელსაც, მეორე მხრივ, ძალიან ბევრი სიკეთეც აქვს. თუმცა ჩვენისთანა ღატაკი ქვეყანა და არარეალიზებულობა ადამიანს პირდაპირ უბიძგებს, რომ ეს სივრცე სიძულვილის ენად გამოიყენოს...
ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გუნდურობა გადაგვარჩენს, ანუ ის, რასაც გაერთიანებას ვეძახდით ხოლმე, ახლა კი, მგონი, საერთოდ დავივიწყეთ ეს სიტყვა. იმაშიც კი ვერ შევთანხმებულვართ, ვინ არის ჩვენი მტერი. მე გუნდურობაში ვგულისხმობ ქვეყნის იმ მდგომარეობაში ჩაყენებას, იმ იდეოლოგიის შექმნას, რომლის გარშემო ყველა გაერთიანდება. ეს არ არის შეუძლებელი, ყველამ ვიცით, რომ მსგავსი გამოცდილება არაერთხელ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ამას სჭირდება დრო, მოვლენათა ერთობლიობა და ბრძოლა ამ იდეოლოგიის შექმნისთვის.
ახლა უმთავრესი საზრუნავი მომავალი თაობაა, რომელიც ხელიდან გვეცლება, რადგან მათი აღზრდისთვის არავის სცალია. ოჯახებსაც კი ურჩევნიათ, ბავშვები ინტერნეტზე ჰყავდეთ მიჯაჭვული, აცხოვრონ ილუზორულ სამყაროში, ვიდრე გაიყვანონ ბუნებაში, ადამიანებთან, რომლებიც ცოცხალ სამყაროში ბრძოლას ასწავლიან და არა ილუზიებისთვის თავის შეფარებას.
რაც შეეხება ჩვენს პირად გადარჩენას სიძულვილის ენისგან: როდესაც ვიცით, რომ არაფერი გვაკავშირებს სიძულვილის ენასთან, უნდა ვერიდოთ გამოჩენას სოციალური სივრცის დიდ ჯგუფებში. ეს საუკეთესო დაცვაა, როდესაც სიძულვილის ენისგან მიყენებულ ტკივილს ვერ უძლებ. უნდა ვეცადოთ გვქონდეს პოზიტიური განცდები. პოზიტიურია იმის განცდაც, რომ არც ერთი გვირაბი არ არის დაუსრულებელი და მათ შორის, არც ჩვენი იქნება.