„ჩვენ დავბრუნდით!“
"აქ ახალი გადმოსული ვიყავით, როცა დიდი განსაცდელი გამოვიარეთ, მძიმე სენი დამიდგინდა, ონკოპაციენტი ვარ. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებთ სტუმრების ხალისით მიღებას. უფრო გამიმძაფრდა ცხოვრების სიყვარული, მაბედნიერებს, სიხარულის ცრემლები მომდის, როცა ჩვენი„კარ-მიდამო ბავშვების ჟრიამულით ივსება", - ამბობს მაია შავკაციშვილი და გვიამბობს, თუ როგორ გადავიდა ოჯახით ბათუმიდან საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში საცხოვრებლად, სადაც სამასპინძლო კარ-მიდამო“შექმნეს...
- რევაზ ინანიშვილის სოფლიდან ვარ, ბათუმში ცხოვრების პერიოდში ბავშვებს ძილის წინ სულ მის მოთხრობებს ვუკითხავდი. ამან ძალიან იმოქმედა ჩვენზე და ივრის ჭალები და ეს ბუნება ჩვენთვის ჰაერივით საჭირო გახდა. არ გვინანია არც ერთი წამით, პირიქით, ყველას ვურჩევ, ერთი ცხოვრება მოგვცა უფალმა და არ უნდა გამოვიკეტოთ ოთხ კედელშუა! აქ დიდი თავისუფლებაა, სივრცე, მთები, აქაც შეგვიძლია ვიმუშაოთ, ვისწავლოთ, ვიაროთ ქალაქში საყიდლებზე, კინოში... ხაშმი ისტორიული სოფელია, ვახტანგ გორგასლის დროინდელი კაწარეთის სამების უნიკალური სამნავიანი ბაზილიკით, იოანე ნათლისმცემლის უძველესი მონასტრით, ჩოლოყაშვილების სასახლით, ტყეში გაბნეული პატარა საყდრებითა და სალოცავებით...
- სოფლად დაბრუნებულმა როგორი სივრცე შექმენით?
- ხაშმში სამასპინძლო „კარ-მიდამო“გვაქვს, სასკოლო ექსკურსიებს, სხვადასხვა ჯგუფს ვიღებთ ვახშამზე. ეზოში გვაქვს საფერავის ვენახი და ბიობოსტნეული, რომელსაც კერძებში სეზონურად ვიყენებთ. მეზობელი ფერმის ბიოპროდუქტებსაც ვიძენთ. ჩვენი კონცეფციაა ,,ეზოდან გაუსვლელად".

- ბათუმში ცხოვრობდით, წყვილს ძალიან წარმატებული კარიერა გქონდათ...
- ჩემი მეუღლე, ვასილ შენგელია, ბათუმში დაბადებული იმერელი გახლავთ. ორივე პედაგოგები ვართ, ბათუმის პროფესიულ კოლეჯში“ ვმუშაობდით. ვცხოვრობდით ბათუმურად - ჩემი მეუღლე თევზაობდა, ბულვარში ვსეირნობდით, ბავშვები ჩართული იყვნენ სასწავლო და კულტურულ ცხოვრებაში: ანდრია ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდა, მართა ფლეიტის კლასში სწავლობდა, ჩემი მეუღლეც ფოლკლორულ ტრიოში უკრავდა ფანდურზე. მეუღლე კოლეჯში ბართენდერის პროგრამის თანაავტორი იყო, ხშირად უხდებოდათ სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალზე გასვლა. მე კულინარიის ხელოვნების პედაგოგი ვარ, ასევე პროგრამის ხელმძღვანელი და თანაავტორი. ჩემი მონაწილეობით დაინერგა საქართველოში დუალური სწავლება, რაც ნიშნავს პროფესიული სტუდენტების სწავლებას როგორც კოლეჯში, ასევე სასტუმრო-სარესტორნო ობიექტებზე, რეალურ სამუშაო გარემოში. ამ პროექტზე მუშაობის დროს დავდიოდი სხვადასხვა შეხვედრაზე, ტრენინგზე, ვორკშოფზე, ფესტივალზე. ჩემი ყოფილი სტუდენტები წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების შეფმზარეულები არიან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვმუშაობდით აჭარის გასტრონომიის, ასევე ლაზური გასტრონომიის კვლევაზე, დავდიოდით ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სამეგრელოში, სვანეთში...
მიუხედავად ასეთი აქტიური სამუშაო პროცესისა, სოფელში ცხოვრების დიდი სურვილი გვქონდა, ვინაიდან მე კახელი ვარ, მამაჩემი, შოთა შავკაციშვილი, მეღვინე-მევენახე იყო, ამ წრეში ცნობილი, სხვადასხვა ფესტივალების პრიზიორი. დიდი სურვილი მქონდა, რომ მეც მქონოდა ვენახი, დაგვეწურა ღვინო და ჩვენი გამოცდილება ტურიზმის სფეროში ოჯახში სტუმრის გამასპინძლებით გამოგვეყენებინა. ამას ერთვოდა მეუღლის სურვილი, თავისი ცოდნა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში საკუთარ სამასპინძლო სივრცეში გამოევლინა.

- შვილები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს, ქალაქიდან სოფლად წამოსულიყვნენ?
- მართა და ანდრია თავისუფალ პიროვნებებად გავზარდეთ და აქ, სოფელში ძალიან კარგად გრძნობენ თავს. დედაქალაქთან სიახლოვიდან გამომდინარე, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სასურველი განათლება... სუფთა გარემოში ვართ, სოფლის განაპირას, მდინარის ხეობაში, ტყესა და ჭალასთან ახლოს. ჩვენი ოჯახის სასეირნო სივრცე ბულვარის ნაცვლად ახლა ველური ბუნებაა, ვაგროვებთ სეზონურად მაყვალს, ქაცვს, კუნელს, ველურ ჩაის... დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლდებით სტუმრებს ზამთარში ბუხრის პირას ჩვენი ხელით მომზადებული ჩაით. ჩვენი კერძები არ არის მხოლოდ კახური სამზარეულოდან, გვაქვს იმერული, გურული, აჭარული, ლაზური კერძები, ვინაიდან ამ რეგიონების გასტრონომიას კარგად ვიცნობთ.
მას შემდეგ, რაც მძიმე სენი დამიდგინდა, უფრო გამიმძაფრდა ცხოვრების სიყვარული, მაბედნიერებს, სიხარულის ცრემლები მომდის, როცა ჩვენი კარ-მიდამო ბავშვების ჟრიამულით ივსება.
ონკოპაციენტისთვის გასავლელი ყველა გზა გავიარე - ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივები, ჰორმონოთერაპია... არ გავჩერებულვარ არც ერთი დღე, ვატარებდი ლექციებს, თბილისშიც ვმუშაობდი კერძო კოლეჯში. არ დავეცი არც ფიზიკურად, არც მორალურად, უფლის რწმენით, ჩემი მოძღვრის, მეგობრების, ჩემი სტუდენტების, თანამშრომლების გვერდში დგომით ყველაფერი გადავლახე. მინდა ყველამ იცოდეს, თუ განსაცდელი თავს დაატყდებათ, არ დანებდნენ, გააგრძელონ ცხოვრება. უფრო ლამაზად გათენდება ყოველი დილა, უფრო მეტად შეგიყვარდებათ ბუნება, ოჯახის წევრები. მთავარია, დავძლიოთ სიკვდილის შიში, ის ხომ ისედაც მოვა ერთ დღეს, ჩვენს უკითხავად.

- დღეს თქვენ სტუმრებს მრავალფეროვან კერძებს სთავაზობთ...
- დიახ, რადგან პროფესიონალი მზარეული ვარ. ადრე ვხატავდი და ეს ნიჭი და ჟინი კერძებზე გადავიტანე. ჩემი კერძები შეზავებულია ეზოს მაყვლის საწებლით, შემწვარი კომშით, მკვახე რქაწითლითა და ალუჩით; შემწვარ იხვს და კურდღელს ვუხამებ ეზოს ბარდას, ოსპის და მუხუდოს გარნირებს; ცერცვიც მომყავს და გაზაფხულზე ახალ ტყემალში ვაწყობ, იმერულად, ზამთარში კახურ ჩიხირთმას ვაკეთებ ჩემი გულო ბებოს რეცეპტით, "იდეალს" ვაცხობ ეზოს კაკლით, ჩემი შვილების გურული ბებია-ბაბუის მოსაგონებლად ნეშოიან კეცის მჭადებს ვუცხობთ სტუმრებს. განსაკუთრებით უყვართ დედაჩემის, ციური ძულიაშვილის გამომცხვარი დედას პურები...
მამაჩემის ხსოვნას ეძღვნება ჩვენს ოჯახში დაწურული უნიკალური ხაშმის საფერავი. მამაჩემი, როგორც გითხარით, მეღვინე-მევენახე იყო. გარდაცვალების წინ ანდერძი დაგვიტოვა, ვენახი და ღვინო არ გადაშენებულიყო და შეეყვარებინა სოფლის ახალგაზრდობას. აქ ამიტომაც დავბრუნდით... მამას ფუტკარიც ჰყავდა. ყველას ეხმარებოდა, ფუტკრები რომ ჰყოლოდათ. სოფელში რომ გადმოვედით, გვჩუქნიდნენ ფუტკრის სკებს, ასე გავიჩინეთ და გვაქვს ჩვენი თაფლიც. აქ საუცხოო გარემოა ფუტკრისთვის, აკაციის ტყით და მინდვრის ყვავილებით...

- გაგვაცანით თქვენი შვილები...
- მართა 18 წლისაა, პირველკურსელი, დიპლომატის პროფესია აირჩია, მოგზაურობა უყვარს, ჩაკეტილ სივრცეში ვერ გავჩერდებიო. მაღალ დონეზე ფლობს უცხო ენებს.. ანდრია 16 წლისაა, კომაროვის სტემსკოლის კურსდამთავრებული, 2025 წლის„"ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის" ფინალისტია, გამარჯვების მოლოდინშია. გამარჯვებული გუნდი NASA-ში გაემგზავრება.

- როგორია ზამთარი ხაშმში?
- ზამთარი არ არის მკაცრი, საღამოს ვიკრიბებით ბუხართან და ვვახშმობთ. თოვლის მოსვლა ბავშვობაში გვაბრუნებს და მთელი სამეზობლო ვგუნდაობთ, ტოლს არ ვუდებთ პატარებს. შემდეგ ჩვენთან ვიკრიბებებით ჩაიზე და თუ ძალიან შეგვცივდა, ვასოს ჭაჭით ვხურდებით. ყველას უყვარს ჩემი ეზოს პატისონის მწნილი და გემრიელად შევექცევით.
მანანა გაბრიჭიძე