"ზურა ქაფიანიძემ თენგიზს მშვიდად უსმინა და ბოლოს უთხრა - ამხელა ტყუილი პარლამენტშიც კი არ გამიგონიაო... ზურა მას ქართული კინოს ალუდას ეძახდა, მე კი ზურას ქართული კინოს ზვიადაურს ვეძახდი. სიყვარულის ხალხი იყვნენ"
"იღბლიანი ვარ, რომ წილად მხვდა ისეთი ადამიანების გვერდით ყოფნის ბედნიერება, როგორებიც იყვნენ ზურაბ ქაფიანიძე, თენგიზ არჩვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი... კიდევ შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ დღეს ამ ადამინებზე მინდა გესაუბროთ", - ამბობს მსახიობი გია ჯაფარიძე.
- ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, კინოში "მიხა" რომ ვნახე და გადავირიე. იმ დღის შემდეგ სულ ველოდებოდი "იმ კაცთან" (ზურა ქაფიანიძესთან) შეხვედრას. მერე "ხევსურული ბალადა" გამოვიდა და კიდევ უფრო მოვიხიბლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, "ის კაცი" თურმე რაჭაში, ჩემგან 2 კილომეტრში ცხოვრობდა.
- მასთან პირველი შეხვედრა როგორ გახსოვთ?
- 50 წლის რომ გახდა, ბიძაჩემმა, შალვა ჯაფარიძემ, ონში საღამო მოუწყო. მე ანსამბლში ვმღეროდი და ჩვენი პირველი შეხვედრაც მაშინ მოხდა... თეატრალურში სასცენო მოძრაობას კოწო ბადრიძე გვასწავლიდა. რომ გარდაიცვალა, სტუდენტებმა სუფრა გავუკეთეთ და იქ მობრძანდა ზურაბ ქაფიანიძეც. იმ დღეს ხელი რომ მომხვია, მერე აღარც დავშორებულვართ.
დიდი გულის კაცი იყო, უზომოდ თბილი, საოცარი სიყვარული იცოდა. მთელ საქართველოს უყვარდა, მასთან ერთად ქუჩაში გასვლა ერთი ამბავი იყო, ადამიანები რომ ხედავდნენ, სახე უნათდებოდათ. ურთიერთობის დიდოსტატი იყო, საოცარად კეთილი, მაგრამ თუ გააბრაზებდი, ვაი... ისეთი მრისხანე ხდებოდა... სასწაული იუმორი ჰქონდა, იფიქრებდი, ამხელა მოუხეშავი კაცია, ამას რა იუმორი უნდა ჰქონდესო, მაგრამ საოცარი ენა ჰქონდა.
70 წლის იუბილე უნდა გადაგვეხადა და ზურა საავადმყოფოში მოხვდა. მე და დათო დვალიშვილი მივედით. მოგეხსენებათ, დათო ვანელია, ენამოსწრებული კაცი, ზურას ეხუმრებოდა, შენ მართლა 70 წლის ხდები თუ იუბილესთვის მოიმატეო? ზურა არც დაფიქრებულა, შემოგვხედა და დანანებით ჩაილაპარაკა, ავადმყოფობამ შემიშალა ხელი, თორემ მეტის ვიქნებოდიო...
თენგიზ არჩვაძისა და ზურას ურთიერთობა ძმობის საოცარი მაგალითი იყო. პირველივე ფილმებიდან ერთად მოდიოდნენ. მათ შორის იმდენად დიდი სიყვარული იყო, ზურას მამამ, ვასომ, თენგოს უთხრა, ნაკიეთში (ონი) რაც გვაქვს, იცოდე, ნახევარი შენიაო.

- თქვენ მათ გვერდით ხშირად იყავით და გასახსენებელიც ბევრი გექნებათ.
- ის პერიოდია, ზურა პარლამენტის წევრი რომ იყო. მეგობრები, ახლობლები წიგნის პრეზენტაციაზე მიგვიწვია. პრეზენტაციის შემდეგ კი, როგორც ხდება, ბანკეტი გაიმართა. თენგიზ არჩვაძე არც პრეზენტაციაზე მოსულა და ბანკეტზე მოსვლაც დააგვიანა. დარბაზში რომ შემოვიდა, ცოტა ნასვამი ჩანდა. თქვა, იქ მივედი, სადაც პრეზენტაცია იყო, არ დამხვდით, წამოვედი და აქაც დამაგვიანდაო... კიდევ რაღაცები ილაპარაკა, ცდილობდა, თავი ემართლებინა. ზურამ მშვიდად უსმინა, უსმინა და ბოლოს უთხრა: - ამხელა ტყუილი პარლამენტშიც კი არ გამიგონიაო...
თენგიზ არჩვაძე 3 აგვისტოს იყო დაბადებული და მეგობრები ყოველთვის თბილისთან ახლოს, ერთ ცნობილ რესტორანში უხდიდნენ. იქ იუბილარი ქეიფს დილის 10 საათიდან იწყებდა და თუ მისვლას დააგვიანებდი, სასტიკ საყვედურს ვერ გადაურჩებოდი. მე რომ მივედი, უკვე 11 საათი იყო. მისაყვედურა, აქამდე სად ხარო! მერე მეკითხება: "ის" სად არის? მიხვდებით, "ის" ზურა ქაფიანიძე იყო. დავურეკავ-მეთქი. არ დაურეკოო. მაინც დავურეკე, სად ხარ-მეთქი? აგერ ვარ, ახლავე მოვალო და 2 საათის შემდეგ მოვიდა. გაბრაზებული იუბილარი ეტაკა, რატომ მოხვედიო? ამან, მინდოდა და მოვედიო. წარმოიდგინეთ, პაპანაქება ზაფხულია, შაბათი დღე, რესტორნის გარე სივრცეში სუფრებია გაშლილი, ჩვენი სუფრაც იქვეა, კაკლის ჩრდილში. მთელი რესტორანი სავსეა, უმრავლესობა თბილისელები არიან. ბუნებრივია, ჩვენი სუფრისკენ ისედაც დიდი ყურადღება იყო მოპყრობილი და ამ დროს ზურა და თენგო ჩხუბობენ, მათი ხმა ყველას ესმის. ზურა აყვირდა, წავალ, მთელი საქართველო ჩემია და სადაც მინდა, იქ დავჯდებიო. ატყდა ამბავი, ყველა სუფრიდან ისმის: ბატონო ზურა, ჩვენთან მობრძანდით, ჩვენთან მობრძანდითო... რა თქმა უნდა, ზურა არსადაც არ წასულა. ცალ ხელში ყანწი აიღო, მეორე ხელის მუშტი თენგოს ყელზე მიადო და ისეთი სადღეგრძელო უთხრა, ისე მოეფერა, ეს განრისხებული კაცი დადნა, როგორც კარაქი. მერე დამტკბარი თენგო ჩემკენ შემოტრიალდა და გადმომილაპარაკა, - იცის ამ ყურუმსაღმა, საიდან უნდა შემომიაროსო. ასეთი იყო მათი ურთიერთობა.
თენგიზ არჩვაძე არისტოკრატი კაცი გახლდათ, ამაყი. ზურა ეუბნებოდა, ქართული კინოს ალუდა ხარო, მე კი ზურას ქართული კინოს ზვიადაურს ვეძახდი. თენგო თბილი კაცი იყო, მაგრამ არ უყვარდა რაღაცების გადამლაშება... მახსოვს, სუფრასთან ერთმა უთხრა, შენ ხარ კაცი, რომელმაც ტყუილი არ იცისო. თენგო მიუბრუნდა და - ტყუილი როგორ არ ვიცი, ბატონო, მაგრამ არ ვხმარობო.
ძალიან იღბლიანი ვარ, რომ წილად მხვდა მათ გვერდით ყოფნის ბედნიერება. ისინი ჩემზე 20 წლით უფროსები იყვნენ.
- მათგან რჩევებს თუ ისმენდით?
- რჩევები და დარიგებები არ უყვარდათ. იცით, რომ თენგო თავის ფილმებს საერთოდ არ უყურებდა? ჭკუის სწავლება არ უყვარდათ, ისინი სიყვარულის ხალხი იყვნენ. მათთან ერთად სუფრასთან ყოფნა დღესასწაული იყო. "თხას უთხრეს, მგელი მომკვდარა" - ამ სიმღერას ხშირად მღეროდნენ. ერთხელ ბანი ვუთხარი და მოეწონათ. ზურას იუბილეზე რომ სთხოვეს, ეს სიმღერა იმღერეო, მეც თან გამიყოლა, ბიჭო, შენც წამოდიო...
- ზურაბ ქაფიანიძეს ალბათ რაჭაშიც ხშირად ხვდებოდით.
- ახლაც რაჭაში ვარ, ვზივარ ჩემი სახლის აივანზე, ვუყურებ შოდაკედელას მთას, ულამაზესი ხედია, ნაირფერადაა დახატული ეს მადლიანი ბუნება, ამ გაფერადებულ ტყეს თავზე თოვლიანი მწვერვალი ადგას. ზღაპარია. ზურა მთლად შოდაკედელას ძირში ცხოვრობდა. პირველად ჩემთან რომ ამოვიყვანე და გაიხედა, გადაირია, ბიჭო, აქედან უკეთესად ჩანსო. ხომ იცი, ხელოვნებას დისტანცია სჭირდება-მეთქი (იცინის).
ზურა რაჭაზე გიჟდებოდა, რუსლან მიქაბერიძემ დაუწერა: "ქაფიანიძეს ჰგონია,/ სამყაროს ცენტრი ონია,/ ამბროლაური მგონია,/ სულაც არ გაუგონია".

- ინტერვიუს დასაწყისში ოთარ მეღვინეთუხუცესი ახსენეთ...
- ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო არტისტი, რომელთანაც ვერც ალ პაჩინო და ვერც დე ნირო ახლოსაც ვერ მივიდოდნენ (სიმაღლეში ხომ წელამდეც ვერ მისწვდებოდნენ). მის გარეგნობაზე რომ აღარაფერი გითხრათ, უზომოდ ნიჭიერი კაცი იყო. ჩემთვის ის ნომერ პირველი მსახიობია მათ შორის, ვინც კი მინახავს და დამიჯერეთ, ბევრი მინახავს, ამ პროფესიაში ვარ და ამ საქმის გამეგება. ოთარი ძალიან მაღლა იყო, მეცხრე ცაზე...
- ამბობენ, ცოტა რთული ხასიათი ჰქონდაო.
- ჩვეულებრივი კაცი არ იყო, არ შეიძლებოდა მასთან მისვლა და ბეჭზე ხელის დაკვრა, ფამილარული ურთიერთობები არ უყვარდა, მაგრამ თუ მიგიღებდა და შეგიყვარებდა, თან გადაგყვებოდა, ამხელა კაცი ბავშვივით ხდებოდა. ერთხელ უკნიდან მივედი და მხარზე ხელი ჩამოვადე. რომ მოიხედა და მოაბრიალა დიდი თვალები, სანამ გაიგებდა ვინ ვიყავი, ვიფიქრე, ახლა შემჭამს-მეთქი.
"ხარება და გოგიას" გადაღებების დროს, რაღაც შარის გამო, თეატრიდან გამომაძევეს. მოვიდა ოთარი, სამხატვრო ხელმძღვანელს ორი საათი ელოდა, მერე შევიდა და სთხოვა, დავებრუნებინე...
ავთო მაისურაძის ქორწილი იყო. სუფრასთან ცალ მხარეს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ისხდნენ, მეორე მხარეს - ახმეტელის თეატრის. ჩვენ ძალიან კარგად ვმღეროდით. ფაქტი იყო, მარჯანიშვილის თეატრიც კარგად მღეროდა.
ოთარ მეღვინეთუხუცესი მოპირდაპირედ იჯდა და ვერ მოვასწარი მისთვის ჭიქა ღვინით შემევსო, ეს ამხელა კაცი პირიქით, აქეთ მემსახურებოდა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ განმეორდა ასე და შემრცხვა - ბატონო ოთარ, უხერხულია, ღვინის დასხმა ვერ მოგასწარით-მეთქი. მე, ბიჭო, თუთაშხია ვარ, თანაც მეღვინეთუხუცესიო.

ერთხელ ერთმა ნაცნობმა მითხრა, - გია, სად იყავი, გუშინ გირეკავდი, კარგ სუფრასთან ვისხედით, სამი მარტო გენერალი იჯდა და მინდოდა მოსულიყავიო. გენერალი კი არა, გუშინ ისეთ სუფრაზე ვიყავი, ცალ მხარეს გიორგი მეფე მეჯდა, მეორე მხარეს - ზვიად სპასალარი, ერთი ფანჯრიდან სამთავროს მონასტერი მოჩანდა, მეორედან - სვეტიცხოველი, ჯვარი თავზე დაგვყურებდა და თამადად არსაკიძე მედგა-მეთქი. კაცი გადაირია, რას მელაპარაკებიო.
ერთ დღეს თეატრალური საზოგადოების ეზოდან მანქანით გამოვდივარ, ვხედავ, კიბეზე ოთარი ჩამოდის. მაშიIნ უკვე შეუძლოდ იყო. გავაჩერე, ბატონო ოთარ, გაგიყვანთ-მეთქი. მოვიდა, ხელი დამადო, იმხელა შინაგანი ძალა ჰქონდა, ვეღარ გავინძერი. მომეხვია, ჩამეხუტა, ძალიან მომეფერა. გია, ცუდად ვარ, ექიმებმა მირჩიეს, ფეხით ბევრი იარეო, წავალ, ფეხით გავუყვები ამ ქუჩას, ასე მირჩევნიაო. წავიდა, წავიდა და წავიდა...
ასეთი კარგი ადამიანები წავიდნენ ამ ქვეყნიდან და სულ მგონია, რომ ძალიან გავღარიბდით.
თამუნა კვინიკაძე