„მაკვირვებს უღმერთობა ადამიანებში და უსიყვარულობა“ - ირაკლი კავსაძე ლეგენდარულ მამასა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

„მაკვირვებს უღმერთობა ადამიანებში და უსიყვარულობა“ - ირაკლი კავსაძე ლეგენდარულ მამასა და კარიერაზე

"შეძლებ შენ მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმების ატანას? - კახის ეს სიტყვები იმდენჯერ გამხსენებია, რომ... მართალია ეს შეკითხვა იყო, მაგრამ მე დარიგებად მივიღე. თავად არაერთხელ ჰქონდა განცდილი ტკივილი, წყენა, შეიძლება გულაცრუებაც", - ამბობს მსახიობი ირაკლი კავსაძე.

- დაბადების თარიღი...

- 1969 წლის 31 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...­

- ფეხბურთელი და მსახიობი. რომ წამოვიზარდე, ფეხბურთის სიყვარულს მსახიობობის სურვილმა სძლია. მამასთან შეთანხმება მქონდა, თეატრალურში რომ ვერ ჩამებარებინა და გიზო ჯორდანიას ჯგუფში ვერ მოვხვედრილიყავი, ფეხბურთს გავყვებოდი, მაგრამ გამიმართლა, იმ ადამიანის ჯგუფში მოვხვდი, რომელიც ძალიან­ მიყვარდა.

- მამას რატომ არ უნდოდა მსახიობის პროფესია აგერჩიათ?

- მან ხომ ბრწყინვალედ იცოდა, როგორია მსახიობის ხვედრი...

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- იმ შეცდომებს გამოვასწორებდი, რაც წლების განმავლობაში დამიშვია...

- ჩემი პირველი წარმატება...

- ეს განცდა პირველად როდის მოვიდა? ალბათ, ამერიკაში რომ გადავედი და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, ეს ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება გამოცდაა, ადამიანი წარმატებას არ უნდა ელოდოს. ყველამ თავისი საქმე პირნათლად უნდა აკეთოს და ხალხი გადაწყვეტს, რამდენად წარმატებულია ჩვენი ნაბიჯები.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის ოჯახში დავიბადე. მათ შექმნეს რაღაც ისეთი, რაც სიამაყის გრძნობას მიჩენს.­ მათი სიყვარული, მათი ურთიერთობა ყოველთვის იყო აღმაფრთოვანებელი, უდიდესი ძალის მომცემი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ჩემი გვარი - კავსაძე!

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ამ ქვეყნად რაღაც კარგი გავაკეთო.

- თვისება, რომელიც ჩემში მომწონს...

- მიმტევებელი ვარ, ეს ძალიან კარგი­ განცდაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ცუდად მიბრუნდება, ამ გზიდან მაინც არ ვუხვევ, ესეც ჩემი მშობლებიდან მომყვება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- გვიან ვიძინებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ბევრი რამ... შეცდომებს ვერ ვივი­წყებ, თითქოს ჩემს თავს ვერ ვპატიობ­, ვბრაზობ, ცუდი საქციელი რატომ ჩავიდინე.­

- დღემდე ვერ გავბედე...

- ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, მიჭირს თქმა... რისკიანი ადამიანი ვარ და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება არც არის ჩემს ცხოვრებაში რამე ისეთი, რისი გაკეთებაც მინდოდა და ვერ გავბედე.

- ვრისკავ...

- დიახ, რადგან ისე ვერ გაიგებ, რა შეიძლება გამოვიდეს, ეს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაცაა. აწონ-დაწონა მიყვარს, გადაწყვეტილებებს გააზრებულად ვიღებ, გაუაზრებელ ნაბიჯებს ხშირად არასახარბიელო შედეგი მოჰყვება... ისეც ხდება, როცა იცი, ეს შენი საქმე არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ვერ გავბედე, გავმხდარიყავი ბიზნესმენი, ამის სურვილი მქონდა, მაგრამ ბიზნესის კაცი არ ვარ.

- ვნანობ...

- რომ მუსიკალური განათლება არ მივიღე. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სინანული. სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებებს ვაკეთებ, მაგრამ ეს საგანი პროფესიულ დონეზე არ ვიცი. გონებაში მუსიკას ვთხზავ, სპექტაკლში "ანტუანი და პატარა უფლისწული", რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდგი, ჩემი მუსიკაა, კომპოზიტორს ავუხსენი, როგორი ჟღერადობა მინდოდა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ყველასთვის საჭირო ადამიანი. კარგი განცდაა, როცა შეგიძლია სხვას გამოადგე.

- სიყვარული ეს...

- არის თავდადება, თავგანწირვა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- პატარა ვიყავი. ბაღში ერთი გოგო მიყვარდა, უცნაური შეგრძნება მქონდა, მანამდე გამოუცდელი, გაურკვეველი... თან მრცხვენოდა და ვერაფერს ვეუბნებოდი.

- მაკვირვებს...

- უღმერთობა ადამიანებში და უსიყვარულობა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ჩემი პროფესიაა, ვერაფრით ველევი, ძალიან მიყვარს და უდიდესი სურვილი­ მაქვს, მუდმივად ვიყო ამ პროფესიაში. არ მინდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდეს, ეს საქმე დავტოვო და "სხვა ვინმე" გავხდე. კარგია მსახიობობა, მაგრამ მხოლოდ ამ პროფესიით თავის რჩენა შეუძლე­ბელია, ამიტომ, პარალელურად, იძულების ფორმით მიწევს სხვა საქმის კეთება. დღესაც ამერიკაში სადისტრიბუციო კომპანიაში ვმუშაობ, საიდანაც მიღებული ანაზღაურება ჩემი მთავარი შემოსავალია. პერიოდულად ვახერხებ ხოლმე თბილისში ჩამოსვლას.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ძალიან მეუხერხულება, მრცხვენია, იმდენად ძლიერია ეს განცდა, რომ სიხარულს უკან სწევს. შექება მბოჭავს, ზედმეტში რომ გადადიან, მერე თავად ვაჩერებ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- დაგვიანების გამო, მაგრამ დაგვიანებაში ნახევარ საათს არ ვგულისხმობ, ვთვლი, რომ 3 და 5 წუთითაც არ უნდა დაიგვიანო.

- ვიტყუები...

- თითქმის არასდროს. ბავშვობაში შეიძლება მეთქვა რაღაც უწყინარი ტყუილი,­ მაგრამ ახლა აღარ. ტყუილის თქმისას ისეთი უსიამოვნება მეუფლება, ამ განცდას სულ გავურბივრ. კარგად არის ნათქვამი: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს", როცა ტყუილს ამბობ, ისიც უნდა გახსოვდეს, ადრე თუ გვიან მაინც გამჟღავნდება. სჯობს ყველამ ტყუილის გარეშე ვიცხოვროთ!

- თავისუფლება არის...

- ღმერთი და სიმართლე. როცა მართალი ხარ, მაშინ ხარ თავისუფალი. თავისუფლება საკუთარი თავისთვის ყველაფრის უფლების მიცემას არ ნიშნავს. თავისუფლება ბევრ კომპონენტს მოიცავს. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო ხანებში ცუდად არის აღქმული თავისუფლება, როცა ამბობენ, თავისუფალი ვარ და რასაც მინდა გავაკეთებო, ეს უზნეობაა და არა თავისუფლება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ამაზე მიფიქრია. ბევრი ფული რომ გაქვს, გეძლევა საშუალება სხვასაც გაუნაწილო და გაახარო, დააფინანსო კინო, თეატრი, შეეწიო ადამიანებს... ფულმა გადარევაც იცის და წითელი ხაზების გადაკვეთაც, მერე სხვა ადამიანი ხდები. ბევრი­ ფული არც არასდროს მქონია, ფუფუნების მოყვარული კაცი არა ვარ. რა საჭიროა, გქონდეს უზარმაზარი სახლი, რომლის ოთახებშიც შეიძლება არც შეხვიდე, გყავდეს ძალიან ძვირი მანქანები? ჩვეულებრივად იცხოვრე, რა არის ამაში წარმოუდგენელი? წლების წინ მთლად ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ დღეს დაღვინებული გონებით მართებულად ასე მიმაჩნია.

- მენატრება...

- ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან, ბავშვობა და ის სითბო მენატრება, რომელიც იმ ადამიანებთან ერთად მქონდა.

- როცა დაძაბული პერიოდი მაქვს...

- სიმშვიდე, მარტო ყოფნა მშველის. ეს ეგოისტური მიდგომა არ არის, ეს უფრო სხვა ადამიანების გაფრთხილებაა. ჩემი შფოთვით სხვისი შეწუხება არ მინდა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- "შეძლებ შენ მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმების ატანას?" - კახის ეს სიტყვები იმდენჯერ გამხსენებია... მართალია, ეს შეკითხვა იყო, მაგრამ მე დარიგებად მივიღე. კახიმ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა მამის სათქმელი. თავად არაერთხელ ჰქონდა განცდილი ტკივილი, წყენა, შეიძლება გულაცრუებაც. მან მე და ნანუკას დაგვარიგა, ეს ასეთი პროფესიააო. ჩვენ ხშირად ვიყავით კულისებში, მაგრამ იმ კულისებს მიღმაც იყო კულისები, სადაც მაშინ ვერ შევდიოდით და არ ვიცოდით, იქ რა ხდებოდა­. როცა პროფესიონალი არტისტები გავხდით, მერე ჩვენც შეგვეხო ეს რაღაცები და ყოველ ჯერზე გონებაში კახის სიტყვები ამოტივტივდებოდა ხოლმე.

- რა არის მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლი?

- შრომა, ამ პროფესიაში დიდი შრომის გარეშე არაფერი გამოგივა. იტყვიან ხოლმე, ვარსკვლავად ხარ დაბადებული, ყველაფერი გეხერხებაო. პოლ მაკარტნიც დაბადებული ვარსკვლავი იყო, ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა (ეს ხომ წარმოუდგენელია), მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაკარტნი­ იმიტომ გახდა მაკარტნი, რომ ის ძალიან ბევრს შრომობდა. შრომის გარეშე ასეთი­ აუნთებელი ვარსკვლავები ქრებიან.

ერთხელ ლევან კოღუაშვილის ფილმზე "მეოთხე ბრაიტონი" მუშაობისას, მე და გენიალური ლევან თედიაშვილი ცხოვრებისეულ ამბებზე ვსაუბრობდით. მითხრა, ჩემი წარმატება იცი, რაში იყო? საერთო ვარჯიშის­ შემდეგ ყველა შინ რომ მიდიოდა, მე დარბაზში ვრჩებოდი და კიდევ ვვარჯიშობდიო. წარმატების ფორმულაც ეს არის, საკუთარ თავზე მუშაობა!

- დაბოლოს გეტყვით...

- გიყვარდეთ ერთმანეთი!

თამუნა კვინიკაძე