შაჰის საჩუქარი - კვირის პალიტრა

შაჰის საჩუქარი

რა საიდუმლოებებს ინახავს საქართველოს მიწა, რომელსაც ძველთაგანვე სხვადასხვა ჯურის მტერთან უწევდა ბრძოლა და ვინ იცის, რა განცდებით, დარდით და ბრძოლის ჟინით ცდილობდა როგორმე გადარჩენილიყო! ქართული მიწა უამრავ საიდუმლოსა და მშვენიერებას ინახავს, მათ შორის არის ფართო საზოგადოებისთვის უცნობი სარგვეშის ბარძიმი: დიდი ირანის მეფეების სახელოსნოში გამოჭედილი ვერცხლის უნიკალური ნაკეთობა. დიახ, დიდი ირანის, რომლის დიდება პატარა საქართველოს ხმლებზე ხშირად იმსხვრეოდა. ამიტომ ცდილობდნენ ირანის შაჰები ბრძოლის ნაცვლად, ქართველი მეფეების გულის მოგებას საჩუქრებით.

განძი ხარაგაულის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, სარგვეშში, 1917 წელს, მიწის დამუშავების დროს იპოვეს. როდესაც გლეხს ოქროს ბზინვარებამ შემოანათა, არც უფიქრია, ოქრო სახლში წაეღო, პირიქით, მეცნიერები მოიხმო და კიდევ ბევრი რამ იპოვა. აი, ასეთი საქართველო იყო მაშინ, საუკუნეზე მეტი ხნის წინ! ექვთიმე თაყაიშვილის დროინდელი საქართველო, რომელთაც სარგვეშის განძის შესწავლას დიდი დრო შეალიეს და ირანის მეფის ხელოსნების ნაწარმად, საქართველოს მეფის საჩუქრად ჩათვალეს.

როგორ მოხვდა ბარძიმი მცხეთიდან, საქართველოს მეფეების სასახლიდან, ხარაგაულის პატარა სოფელში, ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით, თუმცა, განძის დასაკუთრებას მუდამ ვიღაც ცდილობს, ბარძიმიც, ეტყობა, მცხეთიდან ხარაგაულამდე სწორედ მან ჩამოიტანა. ან ვინ იცის, ეგებ თვალწარმტაც და გრილ ხარაგაულში­ იყო მირიან მეფის საზაფხულო რეზიდენცია და იქ მიართმევდა სტუმრებს ირანის შაჰის ნაჩუქარ ღვინით ავსებულ ბარძიმს. ისტორიკოსმა ქეთი დიღმელაშვილმა დიდი ამაგი დასდო სარგვეშის ვერცხლის ბარძიმის მზის სინათლეზე გამოტანას. კითხვაზე, რატომ არ ჩანდა აქამდე, მან ასე გვიპასუხა:

- კვლევები ამ ბარძიმზე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს ეკუთვნით, ძირითადად, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე. ამ კვლევების შესახებ კარგად იცის სამეცნიერო საზოგადოებამ და სწორედ მათი საშუალებით დადგინდა დამზადების ადგილიც, თარიღიც და მასზე დატანილი გამოსახულებების კუთვნილებაც. უბრალოდ, სარგვეშის განძის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც შედიოდა ეს ბარძიმიც, სრულად არასდროს გამოქვეყნებულა, რათა კომპლექსური წარმოდგენა გვქონოდა მისი რაობის შესახებ. ეს ჩვენ გავაკეთეთ, უბრალოდ, იმის მიახლოებითი განსაზღვრა შევძელით, რამდენი სამარხის ნივთებს შეიცავდა ეს განძი.

- მეცნიერებისთვის ეს მხოლოდ მეცნიერული ამბავია, მაგრამ ამ ბარძიმის ისტორიაში, ვფიქრობ, ძალიან ემოციური ისტორიაა: მეზობელი უძლიერესი სახელმწიფოს შაჰი ქართველი მეფის ერთგულების მოსყიდვას საჩუქრებით ცდილობს, თან ზედ მისი ოჯახის პორტრეტებია ამოკვეთილი.

- ბარძიმზე გამოსახულია ირანის შაჰი ბაჰრამ მეორე თავის მეუღლესთან, შაპურდუხტარსა და მემკვიდრე ბაჰრამ მესამესთან ერთად. ნივთი იმდენად მაღალი დონის ნამუშევარია, რომ ხელოვნებათმცოდნეებმა სამეფო სახელოსნოში დამზადებულად მიიჩნიეს. სავარაუდოდ, ბარძიმი ბაჰრამ II-ის მემკვიდრის, ბაჰრამ III-ის მეფობის დროსაა დამზადებული და სტილისტურადაც ამაზე მეტყველებს, ანუ მე-3 საუკუნის 80-იან წლებში. უმეტეს შემთხვევებში სამეფო სახელოსნოში დამზადებული ასეთი სამეფოპორტრეტებიანი ნივთები დიპლომატიურ საჩუქრებად მზადდებოდა. ეს ტრადიცია რომშიც დადასტურებულია, ირანშიც და საქართველოშიც გამოგზავნილა ასეთი დიპლომატიური საჩუქრები (მაგალითად, ადრიანეს, მარკუს ავრელიუსის, კარაკალას დროს).

- რატომ გზავნიდნენ საჩუქარს საქართველოში ასეთი დიდი იმპერიები. ცხადია, იმიტომ, რომ ქართველ მეფეებს აღიარებდნენ, აფასებდნენ და მათი ერთგულების მოპოვებას ცდილობდნენ.

- ირანისთვისაც და რომის იმპერიისთვისაც ამიერკავკასია უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული არეალი იყო ჩრდილოეთის­ მომთაბარეებისგან თავის დასაცავად და მეტოქეებზე უპირატესობის მოსაპოვებლად, ამიტომ არაფერს იშურებდნენ, რომ ან დაეპყროთ საქართველო, ან მოექრთამათ ქართველი მეფეები.

- საქართველოზე დღესაც ბევრს უჭირავს თვალი. სულით და გულით მინდა იმ დონემდე მივიდეთ, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფოები კვლავ გვაღიარებდნენ.

- ეს ყველას სურს, მაგრამ თუკი არ გავითვალისწინებთ ისტორიის მაგალითებს, არა მგონია, ადვილი მისაღწევი იყოს. თუმცა იქნებ ოდესმე ეს დროც დადგეს.