მშობლების გაშორების შემდეგ ენიჭება თუ არა მნიშვნელობა ბავშვის სურვილს, თუ რომელ მშობელთან დარჩება - იურისტის რჩევები - კვირის პალიტრა

მშობლების გაშორების შემდეგ ენიჭება თუ არა მნიშვნელობა ბავშვის სურვილს, თუ რომელ მშობელთან დარჩება - იურისტის რჩევები

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

მამას ჰქონდა ბანკის კრედიტი აღებული და გარდაიცვალა. გარდაცვალების ცნობაც მივიტანეთ ბანკში. კრედიტის აღებიდან 8 წელია გასული. მართალია, თავდები არ იყო დედაჩემი, მაგრამ ფინბიურო მას აჭრის ყოველთვე პენსიიდან თანხას. რა შეიძლება რომ გავაკეთოთ? აქვე იმასაც გეტყვით, რომ Mმამას სახელზე არ იყო არანაირი ქონება.

- ვალდებულება შეიძლება გადავიდეს მემკვიდრეზე, მემკვიდრეობით მიღებული ქონების ფარგლებში. თუ მემკვიდრეობა მიღებული არ ყოფილა, ან ქონება არ არსებობს, ბანკს არ შეუძლია მოითხოვოს თანხის გადახდა, თუ დედათქვენი არ ყოფილა თავდები. იმისათვის, რომ სრულყოფილი სამართლებრივი პასუხი გაგცეთ, აუცილებელია ვიცოდეთ, მამის გარდაცვალებიდან რა პერიოდია გასული, სესხის ბოლო გადახდა როდის განხორციელდა, იყო თუ არა სესხი უზრუნველყოფილი. არ არის სავალდებულო, რომ მამის ქონებით ყოფილიყო უზრუნველყოფილი, მიიღო თუ არა დედათქვენმა სამკვიდრო. რადგან დედათქვენს ეჭრება პენსიიდან თანხა, ესე იგი, საქმე უკვე აღსრულების ეროვნულ ბიუროშია. დიდი ალბათობით, სასამართლო წარმოება დასრულებულია, ამდენად, დეტალები უმჯობესია აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაარკვიოთ.

დედა წლებია ემიგრაციაშია და ვერ ახერხებს ჩამოსვლას, დეკემბრიდან ეკუთვნის ასაკობრივი პენსია, როგორც გავიგე, მან უნდა დაწეროს განცხადება სოციალურ სააგენტში. მე რომ გავაკეთო მინდობილობა სკაიპით, შემეძლება თუ არა პენსიის მოთხოვნით დავწერო განცხადება მის ნაცვლად, დაერიცხება თუ არა პენსია და შევძლებ თუ არა გამოტანას?

- თქვენ შეგიძლიათ მინდობილობით დაწეროთ განცხადება და ასევე მის მაგივრადაც გამოიტანოთ თანხა, აღნიშნულის შესახებ მითითებული უნდა იყოს მინდობილობაში, ამიტომ ნოტარიუსს აუხსენით, რისთვის გჭირდებათ მინდობილობა და იგი სათანადო ფორმას შეგირჩევთ.

მამის გარდაცვალების შემდეგ ჩემმა ძმამ სამკვიდრო გახსნა და სოფლის ქონება, ორი მიწის ნაკვეთი და სახლი, გადაიფორმა ისე, რომ არავის უკითხავს, ჰყავდა თუ არა სხვა მემკვიდრე. მე წლებია ვარ საზღვარგარეთ და ახლა გავიგე ეს ამბავი. 4 წელია უკვე გასული. როგორც ჩანს, ჩემმა ძმამ ჩემი თანხმობის გარეშე შეძლო ამ ქონების თავის სახელზე გადაფორმება ნოტარიუსის დახმარებით. მაინტერესებს, ნოტარიუსი იყო თუU არა ვალდებული მეორე შვილის აზრიც მოესმინა. ისიც არ ვიცი, ვარ თუ არა დაფიქსირებული როგორც შვილი. იმ მისამართზე არ ვიყავი ჩაწერილი. როცა ქონება უკვე მის სახელზეა, შემიძლია თუ არა რაიმეს გაკეთება?

- მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ხდება ნოტარიუსისათვის მიმართვა განცხადებით სამკვიდროს მიღების თაობაზე. აღნიშნულ ვადაში მიმართვის უფლება ჰქონდა თქვენს ძმასაც და თქვენც, როგორც უშუალოდ თქვენი მონაწილეობით, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით მინდობილობის საფუძველზე. შესაძლოა თქვენმა ძმამ დამალა თქვენი არსებობის ფაქტი. ვინაიდან 4 წელი არის გასული მამის გარდაცვალებიდან, სამკვიდროს მიღებას შეძლებთ, თუ დაადასტურებთ, რომ მამის ქონებას ფაქტობრივად დაეუფლეთ, თუმცა ვინაიდან საზღვარგარეთ იმყოფებით, ამ ფაქტის დადგენა გაგიჭირდებათ.

მაქვს ბანკიდან აღებული სესხი, რომელსაც არ ვიხდი, მაგრამ ჯერ არა ვარ მოვალეთა რეესტრში. 4 წელზე მეტია თანხა არ გადამიხდია. ჩემს ანგარიშზე, ოღონდ სხვა ბანკში, თანხა რომ ჩაირიცხოს, იმ თანხას ხომ არ დამიბლოკავენ?

- თუ თქვენ მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დაკისრებული გაქვთ სესხის თანხის გადახდა და ასევე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი, შესაძლოა ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა დაგიყადაღდეთ. თუ საქმე არ არის გადაცემული აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სხვა ბანკში არსებული ანგარიშები არ იბლოკება.

მამას ჰქონდა მიწა სოფელში, რომელიც არ იყი მის სახელზე გაფორმებული. ამ მიწაზე გვქონდა სახლი აშენებული, სადაც ვცხოვრობდით წლების განმავლობაში. შემდეგ თბილისში გადმოვედით და მოგვიანებით ჩემმა მშობლებმა დაანგრიეს ის სახლი, უნდოდათ ახლის აშენება, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ვერ ავაშენეთ. ახლა მშობლები გარდაცვლილი არიან, როცა არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რაიმე გზით შევძლებ თუ არა ამ მიწის დაკანონებას?

- პირველ რიგში, უნდა დაადგინოთ, ხომ არ ჰქონდათ თქვენს მშობლებს რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტი აღნიშნულ მიწაზე, ასევე ხომ არ იყვნენ კომლის წევრები. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იუსტიციის სახლის მეშვეობით ტექბიუროსა და არქივში. თუ აღნიშნული მიწის არანაირი უფლებადამდგენი დოკუმენტი არ გაგაჩნიათ, როგორიცაა ცნობა-დახასიათება, მებაღის წიგნაკი და სხვა, მაშინ როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების სპორადული წესით რეგისტრაციისათვის აუცილებელია აღნიშნული მიწა დაკავებული გქონდეთ თვითნებურად 2007 წლის სექტემბრამდე.

ვარ აფხაზეთიდან დევნილი. ორი წლის წინ მომცეს ბინა ქუთაისში, სადაც თანამესაკუთრეებად ჩაწერილები არიან ჩემი შვილებიც. წლებია ვცხოვრობთ თბილისში და მინდა იმ ბინის გაყიდვა და აქ ყიდვა, რადგან ვარ ნაქირავებში. მინდა დანარჩენი თანხა, რაც დამჭირდება ბინისთვის, კრედიტით ავიღო ბანკიდან. როგორც გავიგე, ასეთ დროს ბინას ვერ გავყიდი, რადგან ბავშვებიც იქ არიან ჩაწერილი. როგორც მითხრეს, სასამართლოს უნდა მივმართო. რა საბუთები დამჭირდება და მომცემს თუ არა მოსამართლე ამ ბინის გაყიდვის უფლებას?

- დიახ, როდესაც უძრავი ქონების თანამესაკუთრე არის არასრულწლოვანი, აუცილებელია ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების მიერ სასამართლოსთვის მიმართვა განცხადებით აღნიშნული ქონების გასხვისებაზე თანხმობის მისაღებად. აუცილებელია, დაასაბუთოთ, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ბავშვის თანასაკუთრებაში არსებული ბინის გასხვისება, ასევე უნდა მიუთითოთ, თუ რატომ იქნება კარგი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის მის თანასაკუთრებაში არსებული ბინის გასხვისება. თქვენს შემთხვევაში ასევე უნდა მიუთითოთ ის გარემოება, რომ ბავშვი ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს და შესაბამისად, გინდათ ბინის შეძენა თბილისში, რომლის თანამესაკუთრეც ასევე იქნება ბავშვი. ასევე უნდა გქონდეთ მოძიებული გასაყიდი ქონების სანაცვლოდ ბინა, რომელსაც მისი გაყიდვის შედეგად შეიძენთ. თუ მათ ღირებულებებს შორის სხვაობაა, მაშინ ასევე იმის დასტური, რომ სხვაობის მიუხედავად, შეძლებთ ახალი ბინის შეძენას, რათა ბავშვი არ დარჩეს საკუთრების გარეშე.

6 თვის წინ თბილისში ბინა შევიძინე. თავიდან შევთანხმდით, რომ მეპატრონე ბინას დაცლიდა 2 თვეში, მაგრამ ამ დრომდე არ გადის. ბინა გაფორმებულია ჩემს სახელზე, როგორ შემიძლია მისი ბინიდან გაყვანა? სასამართლოს გარდა, სხვა უფრო მოკლე გზა თუ არსებობს?

- სასამართლოს უნდა მიმართოთ ნივთის უკანონო მფლობელობიდან უკან დაბრუნების მოთხოვნით, სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არაა.

საქართველოში მოვაწერეთ ხელი მე და ჩემმა ქმარმა, რომელიც არის უცხოელი და შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქე. ვცხოვრობდით საზღვარგარეთ და ახლა ერთი წელია დავშორდით. მე დავბრუნდი საქართველოში და მინდა გავაკეთო განქორწინება, მაგრამ ის არ ჩამოდის. რა შეიძლება გავაკეთო?

- უნდა მიმართოთ სასამართლოს სარჩელით განქორწინების მოთხოვნით და სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდგომ სარჩელი უნდა გაუგზავნოთ თქვენს ყოფილ მეუღლეს იმ მისამართზე, სადაც ცხოვრობს ან ბოლოს ცხოვრობდა. თუ მას სურვილი ექნება, შესაგებელს შემოიტანს აღნიშნულ საქმეზე, თუ არადა, შესაძლებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნეს გამოტანილი და ისე მოხდეს თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ანუ განქორწინება.

როცა ბინას არა აქვს პრივატიზაცია, ამ მისამართზე ჩაწერა ან მიწერა თუ არის შესაძლებელი?

- მისამართზე რეგისტრაცია ანუ ჩაწერა ხდება მესაკუთრის თანხმობით. თუ ბინას არ ჰყავს მესაკუთრე, აღნიშნულ ბინაში ვერ ჩაეწერებით.

ვიგირავე ბინა 15.000 დოლარად სესხების ხელშეკრულებით. მეპატრონე თანხას არ აბრუნებს. როგორ მოვიქცეთ?

- უნდა მიმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოთ სესხის თანხის დაკისრება მოპასუხისთვის, თუ მსესხებლის სახელზე არის რამე ქონება, სასწრაფოდ უნდა მოითხოვით ყადაღის დადება, განკარგვის აკრძალვა, რათა სესხის თანხის ამოღება­ შეძლოთ. ეს გააკეთეთ სასწრაფოდ,­ რომ ქონება არ გაასხვისოს (გადამალოს). აქვე განგიმარტავთ, რომ სესხის საბუთებზე მოქმედებს 3-წლიანი ხანდაზმულობა. არაუზრუნველყოფილი სესხის ამოღება ხშირად რთულდება. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას ასეთი გარიგების დროს, ვისარგებლებ შემთხვევით და განვმარტავ განსხვავებას სესხისა და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე ოდენობის თანხა. თუკი მსესხებელი თანხას ვერ დააბრუნებს, გამსესხებელი სასამართლოს გადაწყვეტილების ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კუთვნილი ფულის მიღებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელს საკუთრებაში ექნება რაიმე სახის ქონება. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების დროს კი ნასესხები­ თანხის დაბრუნების გარანტიად უძრავი ქონება გამოიყენება. თუკი მსესხებელი არ დააბრუნებს­ ნასესხებ ფულს, გამსესხებელს (იპოთეკარს) უფლება აქვს მოითხოვოს ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული­ ქონების რეალიზაციით. ამიტომ მოქალაქეებს ვურჩევ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი გასცენ, ასე უფრო დაცულები­ იქნებიან.

როდესაც პირს ბინა ბანკში აქვს ჩადებული, შეუძლია თუ არა გადაუფორმოს სხვას? სესხი ბინით უზრუნველყოფილია, მყიდველი­ თანახმაა იყიდოს ასეთი ბინა. რა პროცედურების გავლა დამჭირდება? ამბობს, რომ ბანკის სესხს თვითონ დაფარავს, მე ხომ არ აღმოვჩნდები პრობლემის წინაშე?

- იპოთეკით დატვირთული ბინის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია, იპოთეკა გადაჰყვება ბინას და თუ ახალი შემძენი სესხს არ დაფარავს, მოხდება ბინის რეალიზაცია და სესხის დაფარვა. ასეა კანონში. ისე კი, ჯობს გაყიდვისას მოხდეს სესხის დაფარვა და იპოთეკის მოხსნა, რათა ორივე მხარე მშვიდად იყოთ.

- მეუღლესთან ვარ გაშორებული, ბავშვი დედასთან ცხოვრობს და სამწუხაროდ, სულ ცდილობს ჩემზე ცუდი რაღაცები უთხრას, არც შვილის ნახვის საშუალებას მაძლევს, არადა, სასამართლოთი მონიჭებული მაქვს ბავშვის ნახვისა და სახლში წაყვანის უფლება. მხოლოდ ერთხელ, ისიც სოციალური მუშაკის დახმარებით, ძლივს შევძელი ბავშვის სახლში წაყვანა. ბავშვს რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ დედა ხშირად უყვირის, ეჩხუბება. ბავშვს ჩემთან უნდა რომ იცხოვროს.

სასამართლოში რომ შევიტანო საჩივარი და მოვითხოვო ბავშვის ჩემთვის გადმოცემა, რამდენად დააკმაყოფილებს და საერთოდ რა ასაკიდან ექცევა ყურადღება ბავშვის ჩვენებას? ამჟამად მეორე კლასშია.

- ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომელ მშობელთან უფრო უკეთესი იქნება მისი ცხოვრება, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეჩვეულია და ადაპტირებული ბავშვი მის საცხოვრებელ ადგილსა და გარემოში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის სურვილს, თუ რომელ მშობელთან სურს მას ცხოვრება. ბავშვის მოსაზრებას ითვალისწინებენ ნებისმიერი ასაკიდან, მთავარია, ბავშვს შეეძლოს გამოხატვა და საუბარი, ასაკობრივი შეზღუდვა აღარ არსებობს.