უნდა აიკრძალოს თუ არა მოზარდებისთვის გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა - კვირის პალიტრა

უნდა აიკრძალოს თუ არა მოზარდებისთვის გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა

ტკბილი გაზიანი სასმელები თანამედროვე მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს. ამგვარ სასმელებს თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დიდი სიამოვნებით სვამს, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვები ეტანებიან. რა ზიანის მოტანა შეუძლია გაზიან სასმელებს ადამიანისთვის? - ამ შეკითხვას სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული უპასუხებს:

- გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნეა და ეს თითქმის ყველამ იცის. უპირველესი მიზეზი შაქრის მაღალი შემცველობაა. თუ ეტიკეტს ყურადღებით წავიკითხავთ, ნებისმიერი გაზიანი სასმელის მთავარი ინგრედიენტი სწორედ შაქარია, რომელსაც ორგანიზმისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.

მჟავიანობა და შაქრის მაღალი შემცველობა აზიანებს კბილის მინანქარს, რის გამოც კარიესი ბავშვებში ასე გახშირებულია. ტკბილი გაზიანი სასმელები წონაში მატების ერთ-ერთი მიზეზია, რადგან ბევრ კალორიას შეიცავს. გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარება ზრდის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ასევე, ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას და ძვლების დასუსტებას, მით უმეტეს, რომ ეს სასმელები ნატურალური წვენისგან არ არის დამზადებული. ადრე ნებისმიერ ლიმონათს ეწერა, რომ ის ტარხუნის, მსხლის, ფეიჰოას და სხვა ხილისგან იყო დამზადებული, მაგრამ ეს არ იყო ნატურალური მსხალი, ფეიჰოა ან ტარხუნა... საქართველოს კანონმდებლობით, მსგავსი წარწერები აკრძალულია და ახლა ყველა დასახელების ლიმონათის ეტიკეტზე წერია, რომ ეს არის სასმელი მსხლის, ტარხუნის, ატმის ან სხვა ხილის არომატით, რომ მასში შედის დანამატი, რომელიც სასმელს ხილის გემოს აძლევს.

- ბატონო ირაკლი, არსებობს კვლევა, რომლის მიხედვით, გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში აუტიზმის და სხვა დაავადებების რისკს ზრდის.

- დადგენილია, რომ გაზიან სასმელებში შემავალი მჟავები და საღებავები უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე, მის ყურადღებასა და აზროვნებაზე. თუ ბავშვი გაზიან სასმელებს დიდი ხნის განმავლობაში სვამს, მას არა მხოლოდ კარიესის, არამედ დიაბეტის რისკიც ეზრდება. შაქარს ჩვენ სხვა გზებითაც ვიღებთ, როცა ხილს, ნამცხვარს, კანფეტს ან ორცხობილას ვჭამთ. მართალია, შაქარს ჩვენი რაციონიდან მთლიანად ვერ ამოვიღებთ, მაგრამ უნდა შევამციროთ და ვეცადოთ ბუნებრივი გზით მივიღოთ, თუნდაც ხილიდან.

ენერგეტიკულ სასმელებში, გარდა შაქრისა, შედის კიდევ ერთი საყურადღებო ელემენტი - კოფეინი, რომელმაც შეიძლება მოზრდილებზე გავლენა ვერ იქონიოს, მაგრამ ბავშვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს: ის იწვევს გულის აჩქარებას და ენერგიის უეცარ მოზღვავებას, რაც პატარა ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის. ამგვარ სასმელებს აწერია, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ორსულებისთვის მათი მიღება სასურველი არ არის. დღეს ნებისმიერ არასრულწლოვანს თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ სასმელებზე. ბევრი მშობელი შვილს ყავის დალევას უკრძალავს და არ ფიქრობს, რომ ენერგეტიკულ სასმელში კოფეინის შემცველობა ყავაზე ბევრად მეტია. ამის გამო შეიძლება მოზრდილ ადამიანსაც ჰქონდეს ძილის დარღვევა, შფოთვა და აღგზნებადობა, რასაც ენერგეტიკულ სასმელში არსებული კოფეინი და სხვა სტიმულატორები იწვევს. წარმოიდგინეთ, როგორ მოქმედებს ეს სასმელი ჯერ ჩამოუყალიბებელ, მოზარდ არსებაზე.

- ძალიან ბევრი ენერგეტიკულ სასმელს დაღლილობის მოსახსნელად და ენერგიის მოსამატებლად სვამს.

- ამგვარი სასმელები ენერგიას ცოტა ხნით მართლაც გვმატებს, მაგრამ მერე დაქანცულობა ბრუნდება და ორგანიზმი უარესად იფიტება. თუ გვინდა ჩვენს ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, მსგავსი სასმელების მიღება მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. ენერგიის აღდგენა სხვა გზებითაც შეიძლება: ამისათვის საჭიროა ჯანსაღი, სრულყოფილი ძილი, ფიზიკური აქტივობა და ისეთი საკვების მიღება, რომელიც ნაკლებადაა გადამუშავებული - მათ შორის, ხილის და ბოსტნეულის. უმჯობესია, ასეთი სასმელები წყლით ჩავანაცვლოთ, რადგან ამაზე უნივერსალური სითხე დედამიწაზე არ არსებობს. კარგია, თუ ბავშვებს ამ ყველაფერს თავიდანვე ავუხსნით, მაგრამ უფრო მეტი ეფექტის მისაღებად, კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს: როგორც სიგარეტის მიყიდვა არ შეიძლება მოზარდებისთვის, ასევე უნდა იყოს აკრძალული გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების მიყიდვაც.

რას გვირჩევენ სპეციალისტები:

სვით სუფთა წყალი, რადგან ხშირად დაღლილობა დეჰიდრატაციის ნიშანია. ასევე კარგია ნატურალური წვენები და უშაქრო ჩაი. ენერგეტიკული სასმელები კი იშვიათად და მცირე რაოდენობით გამოიყენეთ. არ მიიღოთ ისინი ალკოჰოლთან ერთად - ეს განსაკუთრებით სახიფათოა.

ენერგეტიკულ სასმელში შემავალი კოფეინი დროებით ზრდის ყურადღებასა და ენერგიას, მაგრამ ეს ეფექტი ხანმოკლეა, მას ხშირად მოჰყვება ენერგიის ამოწურვა, დაღლილობა, გაღიზიანება და მოთენთილობა.

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ მოზარდებში კოფეინის ჭარბი მიღება აფერხებს ძილთან დაკავშირებულ პროცესებს, ზღუდავს მეხსიერებას და აქვეითებს სწავლის უნარს. ენერგეტიკული სასმელები ზრდის შფოთვას, აგრესიულობას... მათი ხშირი მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას - ტვინი ეჩვევა სტიმულაციას და ბუნებრივი გზით ენერგიის შევსებას ვეღარ ახერხებს.

კარგია, თუ ბუნებრივ მეთოდებს აირჩევთ ენერგიის შესამატებლად: 7-8-საათიანი ხარისხიანი ძილი საუკეთესო საშუალებაა ტვინის და სხეულის აღდგენისთვის.

ასევე არ დაივიწყოთ მზის შუქი და სუფთა ჰაერი: ბუნებრივი სინათლე ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ეს ჰორმონი კი ენერგიის და კარგი განწყობის წყაროა.

კოფეინი ზომიერად უნდა მიიღოთ: ერთი-ორი ფინჯანი ყავა ან მწვანე ჩაი დღის პირველ ნახევარში ორგანიზმისთვის სავსებით საკმარისია.

და ბოლოს: თუ ძალიან გეძინებათ, ხანმოკლე, 15-20-წუთიანი შუადღის ძილი საუკეთესოა - ეს უფრო კარგად აფხიზლებს ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი ენერგეტიკული სასმელი.

ხათუნა ჩიგოგიძე