"საქართველოს ცივი ზამთარი ელის - მხოლოდ 112-ის შეტყობინება "იყავით ფრთხილად" არ კმარა, როგორ მოვიქცეთ შტორმის, წყალდიდობის ან მიწისძვრის დროს, ინსტრუქცია ხომ უნდა არსებობდეს?!" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ცივი ზამთარი ელის - მხოლოდ 112-ის შეტყობინება "იყავით ფრთხილად" არ კმარა, როგორ მოვიქცეთ შტორმის, წყალდიდობის ან მიწისძვრის დროს, ინსტრუქცია ხომ უნდა არსებობდეს?!"

კლიმატის ცვლილების გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, როცა სპეციალისტები ქვეყანაში სტიქიის განმეორების საფრთხეებზე საუბრობენ, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მეწყრულ კერებზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება, ადრეული საფრთხეების შეფასება და რეკომენდაციების მომზადებაა საჭირო. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ გარემოს დამცველ ნინო ჩხობაძეს:

- ამბობენ, რომ მკაცრი ზამთარი გველოდება, ბარში - 10, მთაში კი 24 გრადუსამდეც დაეცემა ტემპერატურა.

- შეიძლება ტემპერატურა მართლაც საგრძნობლად დაეცეს. კლიმატური ცვლილების გამო ატმოსფეროში ძალიან ცუდი პროცესები მიდის და ბევრ მეტეოსადგურს უჭირს გრძელვადიანი პროგნოზირება, განსაკუთრებით ახლა, რადგან არაერთი ციკლონი შემოვიდა და კიდევ მოსალოდნელია. ამ დროს დაბალი ტემპერატურებია დამახასიათებელი, ხოლო სიცივის შეგრძნება - უფრო მძაფრი.

- შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში წერია, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება­ შეუძლებელი იყო, გაფრთხილების სისტემა­ კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა... იზიარებთ აზრს, რომ შეცვლილ კლიმატურ პირობებს ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება და კვლევის მეთოდები მოძველებულია?

- საკმაოდ რთული სიტუაციაა და უწყებას ძალიან გაუჭირდება ყველა საკითხის წამოწევა, გრძელვადიანად პრობლემების ჩამოყალიბება და ბევრ ადგილას გზების მოძიება, იმიტომ, რომ მთიან რეგიონში კლიმატის ცვლილების დროს რისკები მატულობს. ჩვენ არ ველოდებოდით გურიაში ამხელა დიდთოვლობას, რომელმაც ასევე შექმნა კრიზისი გაზაფხულის პერიოდში. ასე რომ, სად როდის და რა შეიძლება მოხდეს, არავინ იცის. წელს უჩვეულოდ წვიამიანი იყო შემოდგომა, იყო წყალდიდობებიც. ველოდებით ასეთი პროცესების უფრო გაძლიერებას, ასევე, შესაძლებელია არასეზონური წყალდიდობებიც.

- მაშინ თქვენი წინადადება იყო, ბუბას ხეობაში პირველ რიგში ის ზონები გამოეყოთ, სადაც დასახლებული პუნქტებია, ასევე, ტურისტულ-რეკრეაციულ ზონებში გაფრთხილების სისტემები დამონტაჟებულიყო. რა გაკეთდა?

- ეს სამუშაო ჩატარებულია და იმედია,­ საზოგადოება მალე იხილავს ამ დოკუმენტებს, მაგრამ ახლა ახალი თვითმმართველობებია არჩეული და მათ უნდა იმუშაონ ამ საკითხებზე. მუნიციპალიტეტებმა თუ არ აიღეს პასუხისმგებლობა, ვერაფერს დავ­ძლევთ. გაფრთხილების სისტემა­ განთავსებულია დევდორაკზე, რამაც კარგად იმუშავა. ისეთ ზონებში, სადაც ვიცით, რომ მოსალოდნელია საფრთხე, გაფრთხილების სისტემები აუცილებლად უნდა გაკეთდეს, უბრალოდ, ეს ტექნოლოგიურად ძალიან ძვირად ღირებულია, ამიტომ ფინანსური რეზერვების მობილიზება დასჭირდება.

- კვლევებმა აჩვენა, რომ შოვი ისევ რისკის ზონაა, შესაძლოა იქ ღვარცოფი და მეწყერი კვლავ გააქტიურდეს. თუმცა­ ცნობილია, რომ ამ დრომდე მოქმედებს შოვის­ განვითარების გეგმა, რომელიც სტიქიის­ ზონაში 13-სართულიანი შენობების მშენებლობას აკანონებს. თქვენ ამ გეგმის დაუყოვნებლივ­ გაუქმებას მოითხოვდით, ამბობდით, საკანონმდებლო ცვლილებების მთელი კასკადი გვჭირდებაო.

- დიახ, მე მოვითხოვდი ამ გეგმის გაუქმებას, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ონის მუნიციპალიტეტმა. გეგმა ერთხელ მიიღეს და მას მერე არავის გადაუხედავს. დასკვნის მიხედვით, მოთხოვნა იმდენად მკაცრია, რომ ხეობაში რამის აშენება გამორიცხულია, ვინაიდან ველოდებით, რომ იქ კიდევ იქნება ღვარცოფიც და მეწყერიც. თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ), მაგრამ არ ჩატარდა და მოიმიზეზეს, ეს უფრო ადრე გვქონდა შემუშავებული, ვიდრე ეს კანონი ამოქმედდებოდაო. სგშ უნდა მოემზადებინა მუნიციპალიტეტს. ეს რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ამხელა ტრაგედია არ დატრიალებულიყო.­ ბევრი საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო - რომელი უწყება რაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, როგორი უნდა იყოს რეაგირების სქემა. ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა მომზადდეს. უნდა იქნეს შემუშავებული საკომპენსაციო სოციალური დაცვის პროგრამაც. ვიცით, რაც მოხდა ხარაგაულში, სადაც კომპენსაციები ნორმალურად ვერ გაიცემა, რადგან ძალიან დაბალია. ჩვენ არა გვაქვს სისტემური მიდგომა ამ საკითხებისადმი. უნდა არსებობდეს ფონდი, რომელიც კონკრეტულად ამაზე იმუშავებს, ანუ თანხები უნდა იყოს აკუმულირებული. ახალი სისტემებია შესაქმნელი, სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაც უნდა დავიწყოთ - როგორ მოხერხდება მოსახლეობის განსახლება, კომპენსირება იქნება თუ პრევენცია. ბუნება არ ითმენს, ის მოქმედებს, ჩვენ კი ვერა.

- სპეციალისტები­ განმეორებით საფრთხეებზე, მეწყრულ კერებზე თანამედროვე მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებაზე, საფრთხეების­ შეფასებასა და რეკომენდაციების მომზადების საჭიროებაზე საუბრობენ...

- საერთოდ არაფერი გვაქვს, ახლა ასრულებენ რისკების ზონის შეფასებებზე მუშაობას, სად შეიძლება იყოს საფრთხეები. შესამუშავებელია ძალიან რთული სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც იქნება ჩადებული ყველა ღონისძიება (გამაფრთხილებელი თუ პრევენციული) და მოძიებული იქნება ფინანსური რესურსი. შეიძლება ეს მუნიციპალიტეტებს დაევალოთ, მაგრამ ამას სჭირდება მთავრობის გადაწყვეტილება, გეგმის შემუშავება, რაც მოგვცემს საშუალებას ჩვენი მოქალაქეები დავაზღვიოთ.

- საქართველოში ყველა რისკზონა გამოვლენილია? რა კეთდება, როცა ვიცით, რომ სტიქიური მოვლენები გლობალური კლიმატის ცვლილებებთანაა დაკავშირებული და, როგორც ამბობთ, უფრო და უფრო გახშირდება?

- დიახ, რისკზონები გამოვლენილია და შეფასებული... მაგრამ ყველა სცენარი უნდა იყოს დამუშავებული და მოსახლეობა­ მეტად ინფორმირებული. თქვენ იღებთ შეტყობინებას 112-დან, რომ ამინდი იცვლება­ ან მოსალოდნელია შტორმი. ამ დროს ზოგიერთ ქვეყნებში ამ შეტყობინებასთან ერთად მითითებულია ლინკი, რომელზეც შეგიძლია გადახვიდე და იქ წერია, როგორ უნდა იმოქმედო კონკრეტულ სიტუაციაში. ჩვენ მოსახლეობისთვის ასეთი ინსტრუქციები არ გვაქვს, მხოლოდ "იყავით ფრთხილად" არ კმარა. როგორ მოვიქცეთ შტორმის, დიდი ნალექის, მიწისძვრის ან წყალდიდობის დროს, ინსტრუქცია ხომ უნდა არსებობდეს?

ახლა მიმდინარეობს სივრცითი განვითარების გეგმის მომზადება. წესით, ამ გეგმამ უნდა გაითვალისწინოს ყველა რისკზონა და სადაც რისკია მაღალი, იქ მშენებლობებზე ნებართვები რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გავცეთ. მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი, თუ როგორ მოიქცეს ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლება ნებართვის გაცემის დროს. ძირითადი რისკები მოდის ცენტრალურ კავკასიონზე, მცირე კავკასიონზე, ფაქტობრივად,­ მთელი საქართველოა მოცული. მაგალითად, უმძიმეს მდგომარეობაშია აჭარა-თრიალეთის ქედი, მყინვარების დნობის ფაქტორი მაღალია, მდინარეების ჩამონადენი მცირდება, წვიმები ინტენსიურია და ერთჯერადად იმხელა ნალექი მოდის, რამდენიც მთელი კვარტალის განმავლობაში უნდა მოვიდეს. ეს ყველაფერი მოქმედებს და სტიქიური პროცესები უფრო გახშირდება. ვიცი, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს მუშაობას გეგმაზე და ამას 2 წელი დასჭირდება. მანამდე რა ვქნათ? ჩემი აზრით, უნდა იყოს საკანონმდებლო ინიციატივები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა, იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში გარკვეული ინტელექტუალური პოტენციალი დაგროვილია. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა დახმარებასაც ვერავინ გვიწევს, საგრანტო პაკეტები ძალიან შემცირებულია და არ ზის პრიორიტეტებში. ქვეყანას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება, ასევე, ძალიან სჭირდება უცხოელი სპეციალისტები, რადგან შესაბამისი დარგის კარგი სპეციალისტები არ გვყავს. საჭიროა ტექნიკური დახმარებები იმ სახელმწიფოებისგან, ვისაც ეს უკვე გამოვლილი აქვს.

- დედაქალაქისთვის დიდი პრობლემაა ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე წარმოქმნილი ღრმა ნაპრალები. ინტენსიურმა მშენებლობებმა პროცესი გაააქტიურა და სპეციალისტებს საგანგაშო პროგნოზი აქვთ. იმასაც ამბობენ, რომ იქ სამშენებლო ნებართვები არ უნდა გაცემულიყო,­ ვინაიდან ამან მეწყრული პროცესის პროვოცირება მოახდინა. ითქვა, რომ ნახევარი მილიონი კუბი მიწაა დაძრული და მეწყერს ვერაფერი შეაჩერებს. რა მასშტაბის საფრთხე ემუქრება თბილისს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

- ჩვენს დეველოპერებს ჰგონიათ, მართლა 21-ე საუკუნეში არიან და ისეთ საინჟინრო ტექნოლოგიებს ფლობენ, რაც ზოგიერთ სხვა ქვეყანას აქვს. ჩვენ არა გვაქვს ასეთი ტექნოლოგიები, ამას სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ ინჟინრებიც კი არა გვყავს, რომელთაც შეუძლიათ სწორი კონსტრუქციის აგება. ასეთი დაცვა შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური უფრო ძვირი დაჯდება. თითქმის არც ერთ შენობას არა აქვს მდგრადობა, საქართველოს ევროპული სამშენებლო სტანდარტები ჯერ მიღებული არა აქვს, ამას შეიძლება კატასტროფა მოჰყვეს. ჩვენ სწრაფად ვიღებთ სხვადასხვა ტიპის კანონებს, მაგრამ ერთი უცნაური კანონი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში მიიღეს (მაშინ, როცა საქართველოში მოქმედებს 36 ქვეყნის სტანდარტი), არც გაუქმებულა და მასში არც ცვლილება შეუტანიათ. ეს კანონი ადგენს, თუ როგორი უნდა იყოს სამშენებლო სტანდარტი­ და სხვა. მიჭირს პროგნოზის გაკეთება, რა იქნება კონკრეტულ უბანში, კანონმდებლობაც სუსტი გვაქვს, ჩვენთან არც ერთ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი არავინ არის.

წაიკითხე ვრცლად