ვინ გაასწორებს მოსკოვს მიწასთან?! - "მსოფლიო "ცივი ომის" ახალ ფაზაში შედის და მდგომარეობა თანდათან საშიში ხდება!" - კვირის პალიტრა

ვინ გაასწორებს მოსკოვს მიწასთან?! - "მსოფლიო "ცივი ომის" ახალ ფაზაში შედის და მდგომარეობა თანდათან საშიში ხდება!"

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი უწოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ბიუჯეტის განხილვა პირველად მიმდინარეობს აზერბაიჯანთან მშვიდობიანი ურთიერთობების პირობებში.­ სომეხი ლიდერის თქმით, უკვე წელიწადი და რვა თვეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა. მისივე შეფასებით, მშვიდობამ ახალი პოლი­ტიკური და ეკონომიკური რეალობა­ შექმნა, მათ შორის ბაქოს გადაწყვეტილება­ ტრანზიტის შეზღუდვების მოხსნის შესახებ. სომხეთი მზად არის დაიწყოს სატვირთო ტრანზიტის უზრუნველყოფა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც რეგიონული კომუნიკაციების გახსნისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება. რეგიონში შექმნილ ახალ რეალობაზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი­ გობრონიძე გვესაუბრება.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა­ სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ "მოსკოვი ნებისმიერ ფასად შეეცდება კავკასიაში მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას", ამისთვის კი გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტს. ლავროვის ტონისა და განცხადების ქვეტექსტიდან ჩანს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი სამხედრო ზომების გამოყენებასაც არ გამორიცხავს. უბრალოდ, ამ ეტაპზე კრემლს არ სცალია. კავკასიაში­ რუსეთის გავლენის შესუსტება აშკარაა­, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი რეგიონიდან გაქრა, ის კვლავ აქ არის და მისი პოლიტიკური დღის წესრიგი კავკასიის მიმართ არსებითად არ შეცვლილა.­ თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინულ ტერიტორიებს და დასავლეთი ნაწილობრივ მაინც მოუხსნის სანქციებს, კრემლში გაჩნდება "გამარჯვების განცდა". ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის რევანშს სამხრეთ კავკასიაში.

- თუ რუსეთი უკრაინაში­ დამარცხდება?

- იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვში პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთი სახელმწიფო არ განიხილება როგორც სრულფასოვანი სუვერენული პარტნიორი და ჩვენ მათთვის ტერიტორიული დანაკარგი ვართ, რუსეთმა უკრაინაში ომი რომც წააგოს, კრემლის რევანშისტული დღის წესრიგი იგივე დარჩება. ეს არ ნიშნავს საფრთხეების გაქრობას, ეს იქნება მხოლოდ მათი დროებითი გადავადება.

- აზერბაიჯანული­ მხარის ინფორმაციით,­ ზანგეზურის დერეფანი შეიძლება 2028 წლისთვის­ გაიხსნას, ამასთან, ტრამპმა ამ პროექტს­ თავისი სახელი უწოდა. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისას კავკასია მზად იქნება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასამკლავებლად?

- სომხეთს აქვს უამრავი შინაგანი წინააღმდეგობა, აზერბაიჯანი უფრო მედგრად გამოიყურება, საქართველოში კი იცით, რაც ხდება... კავკასიის რეგიონს დღეს ისე, როგორც არასდროს, სჭირდება სამმხრივი პარტნიორობის ჩარჩო. საჭიროა თანამშრომლობის გეგმა, მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები და ამ სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახლო კავშირი, მჭიდრო თანამშრომლობა და საკუთარი ინტერესების საერთო ფრონტით დაცვა. ამის გარეშე, როგორი დინამიკითაც არ უნდა განვითარდეს პროცესები, რუსეთი ყოველთვის გამონახავს ძალას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ყველაფრის ასარევად. უნდა გვესმოდეს: რუსულ ეროვნულ პროექტში არსად წერია სუვერენული საქართველოს, სუვერენული სომხეთის და სუვერენული აზერბაიჯანის არსებობა. რუსეთის ნაციონალური იდეა, ყველაზე "დამთმობ" ვარიანტშიც კი, მხოლოდ ერთია­ - ამ ქვეყნების არსებობა რუსეთის სატელიტებად.

რაც შეეხება ზანგეზურს, ამ პრო­ექტისთვის ტრამპის სახელის დარქმევა მხოლოდ სიმბოლურია. ტრამპმა ჯერ ის უნდა გაარკვიოს, სად არის საერთოდ აზერბაიჯანი, ეს ქვეყანა სომხეთია, ალბანეთი თუ კიდევ სხვა... მისი დაინტერესება ამ თემით მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ შეიძენს, როცა გამოიკვეთება ამერიკის რეალური პოლიტიკა კავკასიის მიმართ. ჯერ ასეთი პოლიტიკა არ ჩანს, ფაქტობრივად, არც არსებობს. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები შეჩერებულია სწორედ ამერიკის ინიციატივით, თითქოს თბილისში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ, სინამდვილეში, ეს მხოლოდ მიზეზია. საუდის არაბეთშიც არ ყვავის დემოკრატია, მაგრამ ის ამერიკისთვის სხვა კალიბრის პარტნიორია. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის დაინტერესება კავკასიით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ამ ეტაპზე ვაშინგტონის სამი მთავარი პრიორიტეტია: პირველი - უკრაინა, მეორე - ახლო აღმოსავლეთი და მესამე ახლახან გამოიკვეთა - ლათინური ამერიკა. ამ სამმა მიმართულებამ პრაქტიკულად ჩაანაცვლა კავკასია ამერიკის სტრატეგიულ რუკაზე. ჩვენი რეგიონი ახლა გაცილებით საინტერესოა ევროპული თანამეგობრობისთვის და სწორედ ამ ინტერესით ცდილობს მანიპულირებას საქართველოს ხელისუფლება. "ქართული ოცნება" დასავლეთს ეუბნება: "მიგვიღეთ ისეთებად, როგორიც ვართ, იმიტომ, რომ თქვენ უფრო გჭირდებით". ეს არის ის ხაზოვანი პოლიტიკა, რასაც ახლა ვხედავთ.­ რაც შეეხება ტრამპს, სანამ არ გავიგებთ, რაში მდგომარეობს მისი პოლიტიკა კავკასიის მიმართ, სერიოზულ მსჯელობას აზრი არა აქვს. ამ ეტაპზე ტრამპის მთავარი ამოცანა მარტივია: ფურცელზე ჩაიწეროს რაც შეიძლება ბევრი ომის დასრულება, რათა ოდესმე ეღირსოს ის, რაზეც წლებია ოცნებობს - ეს არის ნობელის პრემია.

- ნობელის პრემიის მიღების შესაძლებლობას მას პუტინი კიდევ დიდხანს არ მისცემს. ცოტა ხნის წინ Financial­ Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკამ ტრამპისა და პუტინის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი რუსეთის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებულ მკაცრ მოთხოვნებზე მტკიცე პოზიციის გამო გააუქმა.

- ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთი არ არის მზად ომის დასრულებისთვის. მას შემდეგ, რაც ტრამპი და პუტინი უნგრეთის დედაქალაქში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა განეხილათ უკრაინაში ომის დასრულების გზები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც ხაზგასმულია კონფლიქტის "ძირეული მიზეზების" მოგვარების უცვლელი მოთხოვნები, რაც მოიცავს ტერიტორიულ დათმობებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მკვეთრ შემცირებას და გარანტიებს, რომ ის არასდროს შეუერთდება ნატოს. რუსულ დიპლომატიას ყოველთვის ახასიათებდა ე.წ. პერმანენტული უხეში­ ვაჭრობის ტაქტიკა - მოსკოვი ითხოვს ყველაფერს, რათა მიიღოს მცირე. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი კვლავ უკიდურესად ხისტ პოზიციაზე იქნება და მოითხოვს მაქსიმალურ დათმობებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დღის წესრიგის შესაბამისად. თუმცა მთავარი პრობლემა,­ რომელსაც დასავლეთი წლებია უშვებს და როგორც ჩანს, ამჯერად ამერიკამაც დაუშვა, არის ის, რომ ვერ აფასებს რეალურად, რამდენად დიდ რისკზეა წამსვლელი რუსეთი უკრაინასთან ომში და რა ფასის გადახდა შეუძლია მიზნის მისაღწევად. რუსული არმიის დანაკარგი უკვე მილიონზე მეტია. შესაბამისად, რუსეთმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ უკან არ დაიხიოს, ისევე როგორც უკრაინამ, რომელსაც აღარ აქვს უკან დასახევი­ გზა. ამიტომ არ უნდა ველოდოთ ომის სწრაფ დასრულებას. პირიქით, უნდა გავი­თვალისწინოთ, რომ

ეს ომი შესაძლოა გაგრძელდეს და, სამწუხაროდ, უფრო მეტ ნგრევას, სიკვდილსა და ტკივილს მოიტანს. რაც უფრო გრძელდება ომი, მით უფრო იზრდება დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის.დღეს უკვე ლაპარაკია შესაძლო აგრესიაზე ნატოს წევრ ქვეყნებში. ნატოს ლიდერები აცხადებენ, რომ თუ რუსეთი გაბედავს რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას, თუნდაც ბელგიაზე, მოსკოვი "მიწასთან გასწორდება". მსგავსი განცხადებები არასდროს მოგვისმენია. ამ ფონზე განახლდა შეიარაღების რბოლა:

ერთი მხრივ, რუსეთმა წარმოადგინა ახალი სტრატეგიული იარაღები - "ბურევესტნიკი" და "პოსეიდონი", მეორე მხრივ კი ტრამპმა დააანონსა აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდების განახლება. ეს ფაქტები მიუთითებს, რომ მსოფლიო გლობალური ტურბულენტობისა­ და დაძაბულობის ახალ ფაზაში შედის და ეს სერიოზული გამოწვევაა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

უკვე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო "ცივი ომის" ახალ ფაზაშია შესული, თუმცა ამჯერად გაცილებით მრავალშრიანი ფორმით, ვიდრე წარსულში. თუ წინა "ცივი ომის" დროს უთანხმოება ორ მკაფიოდ დაპირისპირებულ ბანაკს შორის მიმდინარეობდა, ახლა სურათი ბევრად კომპლექსურია: ერთ მხარეს არის რუსეთი - მუდმივი სამხედრო საფრთხის წყარო; მეორე მხარეს - ჩინეთი, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს გახდეს გლობალური ეკონომიკური ჰეგემონი. მესამე მხარეს არის დასავლური თანამეგობრობა, რომელიც, ერთი მხრივ, ცდილობს შეასუსტოს რუსეთიც და ჩინეთიც, მეორე მხრივ კი გაუმკლავდეს საკუთარ შიდა გამოწვევებსა და გეოპოლიტიკურ საფრთხეებს. ამიტომ რუსულ პოზიციაში მოულოდნელი არაფერია. პირიქით, გასაკვირი იქნებოდა, სხვაგვარად მოქცეულიყო.

რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას, გაუგებარია, რატომ სჯერათ, რომ სანქციების მეცხრამეტე თუ მეოცე პაკეტი მოსკოვს აიძულებს უკან დაიხიოს. მიდგომა, თითქოს რუსეთი ეკონომიკური პრობლემების გამო ომს შეწყვეტს, ფუნდამენტურად არასწორია. დავფიქრდეთ: საბჭოთა კავშირში, სადაც ყველაფრის - ძეხვის, კარაქის, თუნდაც ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი იყო, ქვეყანა მაინც იყო პირველი კოსმოსური სახელმწიფო და უდიდეს ბირთვულ არსენალს ფლობდა.

წაიკითხე ვრცლად