"სამ თუმნად ფოთის პოლიცმაისტერიც კი გაიხდიდაო...დღევანდელი კურსით ეს 3600 დოლარია" - რატომ ძვირდება ოქრო საქართველოში და მსოფლიოში?!
ძვირფასი ლითონის ფასი შეუჩერებლად იზრდება და ეს ტენდენცია აისახა საქართველოზეც, სადაც ოქროს ბირჟის მონაცემებით, ფასმა შარშანდელთან შედარებით 35%-იან ნიშნულს გადააჭარბა. რა დგას ამ გლობალური ფინანსური რყევის უკან? ერთი შეხედვით, პასუხი თითქოს აშკარაა - გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ეკონომიკური გაურკვევლობა და კატაკლიზმები აიძულებს როგორც სახელმწიფოებს, ისე რიგით მოქალაქეებს, უსაფრთხო ფინანსური ნავსაყუდელი ეძებონ, ოქრო კი ათასწლეულების განმავლობაში რჩება სწორედ ასეთ აქტივად, რადგან ის არის ფულის უნივერსალური ფორმა, რომელიც, ქაღალდის კუპიურებისგან განსხვავებით, ვინმეს ხელის ერთი მოსმით ვერასდროს "გაუფასურდება". მაგრამ არის თუ არა ლითონის ეს თვისება ერთადერთი მიზეზი, რაც ასე იზიდავს კაცობრიობას და რაც მთავარია, რა გავლენა ექნება ოქროს გაძვირებას სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.
- 2000-იანი წლების დამდეგს Financial Times-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით: "ხომ არ კვდება ოქრო, როგორც სპეციფიკური საქონელი?" მაშინ 1 უნცია ოქროს ფასი დაახლოებით 350 დოლარის ფარგლებში იყო, რაც დღევანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ამჟამად 1 უნცია ოქროს ფასი 4.000 დოლარს გადასცდა (ცნობისთვის: 1 უნცია იწონის 28,3495 გრამს). რა თქმა უნდა, ეს კონიუნქტურულ ცვლილებებს უკავშირდება, თორემ კაცობრიობის ისტორია, ერთი მხრივ, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობებისა და ინფლაციის ისტორიაა, მეორე მხრივ, ოქროს მოპოვების, რეალიზაციისა და გამოყენებისა. ექსპერტები ვერ თანხმდებიან, რამდენი ოქროა სულ მოპოვებული, სხვადასხვა შეფასებით, 240 000 ტონა. შედარებისთვის, საბჭოთა პერიოდში რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პიკურ წლებში თითქმის მილიონ-ნახევარ ტონა ფოლადს აწარმოებდა - ანუ ხუთჯერ მეტს, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მოპოვებული ოქროს წონასთან შედარებით.
ოქროს კუთრი წონა 19,32-ჯერ მაღალია წყლის კუთრ წონაზე. ამიტომ 240 000 ტონამდე ოქრო ერთი კუბის სახით რომ წარმოვიდგინოთ, მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე დაახლოებით 24-25 მეტრი იქნება. აი, სულ ეს დააგროვა კაცობრიობამ.
ოქრო, ფაქტობრივად, არ კარგავს სამომხმარებლო თვისებებს, სხვა ლითონებისა და სამომხმარებლო პროდუქტებისგან განსხვავებით. ნებისმიერ სასაქონლო პროდუქტს აწერია გამოყენების ვადა, აქ კი თვით ოკეანეში აღმოჩენილ ოქროსაც, რომელიც XVII საუკუნეში პერუსა და ცენტრალური ამერიკიდან ესპანეთში ხომალდებით გადაჰქონდათ და გზაში მეკობრეების ან ქარიშხლის გამო ჩაიძირა, იქიდან ამოღებულ ოქროსაც კი ისეთივე სამომხმარებლო თვისებები აქვს, როგორიც ჩაძირვამდე ჰქონდა. ამიტომ ოქრო შეუდარებელი საქონელია და კაცობრიობის ინტერესიც ამით არის განპირობებული.
კიდევ ერთი შედარება: აშშ-ში ამერიკული დოლარის ბეჭდვა, 100-დოლარიანი მაქვს მხედველობაში, ახლანდელი ფასებით დაახლოებით 16 ცენტი ჯდება. ამიტომ, თუ საბაზრო ურთიერთობებსა და ვალდებულებებს გამოვრიცხავთ, ფაქტობრივად, ეს არის ქაღალდის ნაჭერი, რომლის წარმოებაზეც მხოლოდ 16 ცენტი დაიხარჯა, მაშინ როცა ოქროს სულ სხვა დატვირთვა აქვს.
თავის დროზე, როდესაც ჩვენთან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა, მქონდა შესაძლებლობა და ბედნიერება, მაშინდელ "სახსტატკომში" დაგვეანგარიშებინა საქართველოს ეროვნული სიმდიდრე და მათ შორის საოჯახო ქონების ელემენტები, საიუველირო ნაწარმის ჩათვლით. წონით რომ შევაფასოთ მისი ღირებულება და არა საიუველირო ნაწარმის სახით, რომელიც დაახლოებით სამჯერ მეტი ღირს და ეს კეთილშობილი ლითონი ჯართად წარმოვიდგინოთ, მოსახლეობას დაახლოებით 40 ტონა საიუველირო ნაწარმი ჰქონდა მაშინ, 90-იანი წლების დამდეგს. სულ საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონი იყო - ანუ სადღაც 1 400 000 ოჯახი და თითოეულზე 13-14 გრამი გამოდიოდა, რაც არცთუ ბევრია. ახლა არ ვიცი, როგორ არის, მაგრამ მაშინ სამზითვო და სტუმრების მირთმეულ საჩუქარს წონით ზომავდნენ, რამდენი ოქრო მიიღო ნეფე-დედოფალმა... ეს სხვა ისტორიაა. იმის თქმა მინდა, რომ ოქროსადმი ამგვარი დამოკიდებულება ყოველთვის არსებობდა და ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი.
- საქართველოს ოქროს მოპოვების თვალსაზრისით რა ადგილი უკავია?
- ოფიციალური სტატისტიკით, ჩვენთან არც ისე ბევრი მოიპოვება - სხვადასხვა შეფასებით, 4,5-დან 5 ტონამდე. თუმცა, ალბათ, გახსოვთ, წინა წლებში სხვადასხვა ტელეარხის რეპორტაჟები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ამა თუ იმ რეგიონში მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით იძიებს და მოიპოვებს ოქროს. ამ მხრივ საქართველო საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, რადგან არიან ქვეყნები, რომლებიც გაცილებით მეტს მოიპოვებენ. მაგალითად, უზბეკეთი წელიწადში 150-დან 180 ტონამდე ოქროს მოიპოვებს და ამით საკმაოდ სოლიდურად არის წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე.
აქ კიდევ ერთი მომენტია საინტერესო - წარმოება ერთია, მაგრამ მეორეა ქვეყნების ეროვნული ვალუტის რეზერვებში ოქროს წილი. სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით, ეს საშუალოდ სადღაც 1/3-ის დონეზეა. დანარჩენი, როგორც უწოდებენ, კონვერტირებადი ვალუტაა. საქართველოზე რომ ვთქვათ, ჩვენ შევიძინეთ დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოქრო და ოქროს ფასის გაძვირების შემდეგ, სავალუტო რეზერვებში ამ ოქროს წილი და ფასი საგრძნობლად გაიზარდა.
ზოგადად მოსახლეობას აქვს ოქროსადმი მიდრეკილება და ამას ტრადიცია და კულტურაც უწყობს ხელს. მაგალითად, მუსლიმანურ ქვეყნებში, სადაც მეუღლის (ქალს ვგულისხმობ) გაშვება საკმაოდ იოლია, ის შეიძლება ყველაფრის გარეშე წავიდეს, გარდა იმ ნივთებისა, რაც მას, ქმართან გაყრის შესახებ განცხადების შემდეგ, ხელზე უკეთია. ამიტომაც არის, რომ ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც და ჩრდილო კავკასიაშიც, ქალებს ძალიან ბევრი ოქროულობა უკეთიათ. ყოველ შემთხვევაში, ისინი თავის დაზღვევას საკუთარი სხეულით ატარებენ.
შინამეურნეობების მიხედვით, ოქროს ყველაზე დიდი მარაგი ინდოეთის მოსახლეობას აქვს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოსახლეობა მრავალრიცხოვანია და მეორეც, მათთვის ოქროს ნივთებს ტრადიციული დატვირთვა აქვს. მსოფლიოს მოსახლეობაში განფენილი ოქროს დაახლოებით 1/7 სწორედ ინდოეთის მოსახლეობაზე, ძირითადად ქალებზე მოდის. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ სხვა კონტექსტში გამახსენდა და დავიანგარიშე ახლანდელი მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიაში" ერთი სცენა - ერთ-ერთი პერსონაჟი კიკუსთან დაკავშირებით სამთუმნიანს რომ ახსენებს და თანამეინახეები ეუბნებიან, რა ამბავია სამი თუმანი, სამ თუმნად ფოთის პოლიცმაისტერიც კი გაიხდიდაო. დავინტერესდი, იმ ისტორიულ ეპოქაში, სადაც ეს მოქმედება ხდება, როგორი იყო ოქროს კურსი, რა მსყიდველობითი უნარი ჰქონდა და დღევანდელ კურსზე რომ გადმოვიყვანოთ, არც ისეთი "იაფფასიანი" ყოფილა ფოთის პოლიცმაისტერი. ახლანდელი კურსით რომ ვიანგარიშოთ (1 უნცია ოქრო 4000 დოლარი ავიღოთ), მაშინდელი სამი ოქროს თუმნიანი დაახლოებით 3600 დოლარზე მეტი გამოდის. ასეთი იყო, ნახევრად ხუმრობით რომ შევაფასოთ, ახლანდელი გადმოსახედიდან იმ ლიტერატურული პერსონაჟის ქმედების მოტივაცია...
მოსახლეობა ოქროს აგროვებდა და აგროვებს. ეს არის დანაზოგის დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. პერსპექტივაში, როგორადაც არ უნდა შეიცვალოს ოქროს ფასი, მთლიანობაში მას დაღმავალი ტრენდი არ ექნება. პერსპექტივაში კი ფასი, ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება. გაიზრდება იმის გამოც, რომ მოპოვების რესურსი საკმაოდ შემცირებულია. რაც უფრო გაურკვეველი, რთული, წინააღმდეგობრივი პროცესები მიდის მსოფლიოში, ადამიანები ცდილობენ დაიცვან თავიანთი რესურსები და ქონება, თანაც ყველაზე საიმედო საშუალებით.
- წელს შარშანდელთან შედარებით, სიტუაცია იმდენად გაუარესებულია, რომ ოქროს ფასი ასე მკვეთრად გაიზარდა?
- არსებობს კორელაცია, თუ შემოსავლის ერთეულზე როგორ იცვლება ჩვენი მოთხოვნები - ე.წ. ელასტიკურობის კოეფიციენტი. ოქროს მიმართ ელასტიკურობა საკმაოდ მაღალია. ზოგიერთი რამის მიმართ შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ ოქრო, საიუველირო ნაწარმი ზოგადად მაღალელასტიკურია. მაგალითად, კოვიდპანდემიის დროს გლობალური მასშტაბით საიუველირო ნაწარმის გაყიდვა 72%-ით დაეცა. ეს ოფიციალური მონაცემია. იმიტომ, რომ ხალხი შინ დარჩა, არ ფუნქციონირებდა გასართობი საშუალებები, შეზღუდული იყო მოძრაობა და ვისთან უნდა "ეკეკლუცათ" და ვისთვის ეჩვენებინათ ეს ნივთები? ოქრო ხომ მარტო დაგროვების საშუალება არ არის, ეს საკუთარი თავის, სოციალური კუთვნილებისა და პრესტიჟულობის დემონსტრირებაცაა. როდესაც ამის შესაძლებლობა შეზღუდული ან აკრძალულია, მოთხოვნა საიუველირო ნაწარმზე ეცემა. მეორე მხრივ, როცა შემოსავლები იზრდება, ადამიანებს უჩნდებათ მოტივაცია, შეიძინონ მეტი ოქრო, საიუველირო ნაწარმი, ანუ გადაერთონ მაღალელასტიკურ საქონელზე. ამ სიაში ოქრო პირველ რიგშია. ესე იგი, გვაქვს ორი მომენტი: შემოსავლების ზრდა და გლობალური გაურკვევლობისა და დაძაბულობის პროცესების ზრდა. ეს არის ის ორი მთავარი ფაქტორი, რომელთა გამოც მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა იზრდება. პლუს ამას, რასაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, არის ის, რომ ოქრო ასევე გამოიყენება მრეწველობაში, ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, სტომატოლოგიაში და ა.შ. ამ კუთხითაც მზარდია მოთხოვნა.
- საქართველოში გაძვირებასაც ეს ფაქტორები განაპირობებს?
- არაფერი გლობალური ჩვენთვის უცხო არ არის, ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ. ჩვენც იმავე "მეინსტრიმში" ვართ, რაშიც დანარჩენი მსოფლიო. ამას ემატება ისიც, რომ ქართული ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მიუხედავად, გლობალურ ეკონომიკაში მაინც პატარა ნაფოტივით ვართ. შესაბამისად, თავდაცვის, საკუთარი რესურსებისა და თვითგადარჩენის, როგორც ბიზნესის, ისე ინდივიდუალურად, ერთ-ერთ ფორმას ოქრო წარმოადგენს.