"ნორმალური ოპოზიცია არ გვყავს... მიშა სააკაშვილი 34 წლის იყო, გუნდი რომ შეკრიბა. ძალაუფლება ქუჩაში გდია და არავინ იღებსო - ლევანმა თქვა და ვეთანხმები... სხვათა შორის, რამდენმა გვიღალატა, როდესაც ლევანი მარჯანიშვილის თეატრიდან წამოვიდა"
"მე და ლევანმა ხელი რომ მოვაწერეთ, ზუსტად იმ დღეს გამოირთო გაზი, დაახლოებით ათასი ცალი ბუტერბროდი გავაკეთეთ და ვალამაზებდით, რაღაც ყვავილებს ვადებდით. მაინც ხალისისკენ მიგვყავდა ყველაფერი. ადამიანი რომ გადარჩეს, ასე იწყებს რაღაცების შეთხზვას..."
"ლევანის თეატრიდან გაშვების შემდეგ გაიხსენეთ, აბა, თეატრალური საზოგადოება სად იყო? ვითომც არაფერი ხდებოდა... მართალია, ლევანი თვითონ წავიდა, მაგრამ მაგალითისთვის, მე სახლიდან კარს კი არ გაგიღებ და გაგაგდებ, ძალიანაც ზრდილობიანად გაგიშვებ, თუ ეს მინდა. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ იყო, ფაქტი მოხდა, რომ პოლიტიკური ნიშნით რეჟისორი თეატრიდან გაუშვეს. ვინმემ შეიმჩნია?", - ამბობს ცნობილი მსახიობი მანანა კოზაკოვა.
იგი ქვეყანაში არსებულ დღევანდელ სიტუაციაზე გვესაუბრა...
- ქალბატონო მანანა, რას იტყვით ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე, ხალხის მასობრივ დაკავებებზე, ბოლო დროს?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცალსახად არასწორია, იმ ხალხისთვისაც, ვინც არ იმჩნევს, მათთვისაც, ვინც ამ მთავრობის მომხრეა, თუნდაც, ვისაც უნდა მშვიდობა და აპოლიტიკურია. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელ მხარეზეა, არავისთვის არ არის სწორი! ჩვენ 90-იან წლებში გვქონდა მაგალითები, როცა გაზი, გათბობა, წყალი, შუქი ითიშებოდა, ფული უფასურდებოდა და ამ ყველაფერს არ ვიმჩნევდით. ეტყობა, ეს გადარჩენის ინსტინქტია. ადამიანი ასე იწყებს ფიქრს, თითქოს ეს არ ხდება.
მე და ლევანმა ხელი რომ მოვაწერეთ, ზუსტად იმ დღეს გაზი გამოირთო და ბუტერბროდები გავაკეთეთ, დაახლოებით ათასი ცალი. სხვანაირად ვერაფერს მოვამზადებდით და ამ ბუტერბროდებს ვალამაზებდით, რაღაც ყვავილებს ვადებდით. მაინც ხალისისკენ მიგვყავდა ყველაფერი. ადამიანი რომ გადარჩეს, ასე იწყებს რაღაცების შეთხზვას...
ნუ ჰგონიათ, რომ ამ დაჭერებით ვინმე ბედნიერია, შემსრულებლებს თუ არ ჩავთვლით! ისედაც ერთი კინკილა ერი ვართ, აუცილებლად ვიღაცა ვიღაცის ნაცნობია, ახლობელია და გული როგორ არ ეტკინება?!
როდესაც ლევანი მარჯანიშვილის თეატრიდან წამოვიდა, რამდენმა გვიღალატა, რამდენმა არ შეიმჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იციან, რაც მოხდა. ერთია, რომ იფიქრო, არაფერს შევიმჩნევ, თავს გავიშტერებ, რადგან თუ შევიმჩნევ, რეაქციაც უნდა მქონდეს, მაგრამ ძალიან კარგადაც იციან, რა არის სწორი!
- თითქოს შიშიც არის, უფროსი თაობის ხელოვანები თავს არიდებენ პოლიტიკაზე ისაუბრონ...
- მაგ თაობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რა შეიძლება მოჰყვეს მის ნათქვამს... ჩვენ კი ძალიან ვაბრახუნებთ ამ სიტყვებს, მაგრამ დიქტატურას თავისი კანონები, დრამატურგია აქვს. იმიტომაც ეშინიათ, რომ იციან, თუ დღეს არა, სულ მალე, რა განვითარებაც შეიძლება მოჰყვეს მის ნათქვამს. ადამიანურია ეს ყველაფერი და ვერავის განვსჯით.
- ბევრ მათგანში დაგინახავთ შიში?
- რა თქმა უნდა, ზუსტად ეს ვთქვი. ლევანის თეატრიდან გაშვების შემდეგ, გაიხსენეთ, აბა, თეატრალური საზოგადოება სად იყო? ვითომ არაფერი ხდებოდა... მართალია, ლევანი თვითონ წავიდა, მაგრამ მაგალითისთვის, მე სახლიდან კარს კი არ გაგიღებ და გაგაგდებ, ძალიანაც ზრდილობიანად გაგიშვებ, თუ ეს მინდა. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ იყო, ფაქტი მოხდა, რომ პოლიტიკური ნიშნით რეჟისორი თეატრიდან გაუშვეს. ვინმემ შეიმჩნია?
- არ გვახსენდება...
- ამაშია საქმე! მართალია, ლევანი არავის მხარდაჭერას არ ითხოვდა, მაგრამ ადამიანი თავად თუ არ ითხოვს სოლიდარობას, არ ნიშნავს, რომ არ გამოუცხადონ.
- ეს სიჩუმე ოჯახისთვის მტკივნეული არ იყო?
- ძალიან რთული იყო, ბევრი რამ გამოვიარეთ, ამიტომაც კარგად ვიცი სხვისი ტკივილი, გრძნობები, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
- დღეს რუსთაველზე დგახართ?
- მე ზოგჯერ ვარ, რადგან ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, ყოველდღე იქ ვიყო. ლევანი და თინათინი უფრო ხშირად არიან... გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია, აღარ იცის, რა ქნას ამ სასოწარკვეთილმა ხალხმა. ქვეყანაში არ გვყავს ნორმალური ოპოზიცია, მხოლოდ ერთმანეთთან ჩხუბით არიან დაკავებულები. რასაც ხალხი აკეთებს, ეს ყველაფერი ოპოზიციის გასაკეთებელი, დასაორგანიზებელია, თუნდაც მოლაპარაკებაზე წასვლა რაღაც დოზით... პოლიტიკოსს მეტად შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, უნდა შეეძლოს პოლიტიკურ მაგიდასთან დაუჯდეს ნებისმიერს! რაღაც პროცესი უნდა დაიძრას. ერთხელ, ლევანმა თქვა და ზუსტად ასეა, - ისეთი სიტუაციაა, ძალაუფლება ქუჩაში გდია და არავინ არ იღებსო...
ერთი რამ სულ მაფიქრებს: ამდენ ბრძოლაში ახალგაზრდები ხომ გაიზარდნენ, იმ თაობის ადამიანები, რომლებმაც საუკეთესო განათლება მიიღეს... ხომ შეიძლება რაღაც გუნდი შეიკრას იურისტების, ეკონომისტების და ასე შემდეგ... ჯგუფი, რომელიც არცერთ დიდ პარტიას არ მიეკედლება, არავისთან იქნება ასოცირებული. რაღაც პროგრამა შეადგინონ და ადრე თუ ტელევიზია იყო საჭირო, დღეს ინტერნეტით ბევრად ადვილია ხალხის გაერთიანება.
ზღაპრებს ნურავინ მომიყვება, რომ რამე შეუძლებელია! აგერ, აკადემია დავაარსე. მეტყველების კურსების აკადემია რომ დამეარსებინა, ოქრო დავაგირავე. პირადი სახსრებით, ხუთი დოლარით დავიწყე ეს ყველაფერი. გასაგებია, რომ ცნობადი სახე, მსახიობი ვიყავი, მაგრამ მეტყველების კურსებთან ამას არაფერი ჰქონდა საერთო. ასევე მარტომ, ფინანსების გარეშე დავაარსე - აკადემია... ამიტომაც ზუსტად ვიცი, ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც არ იქნება "ქოც-ნაცებთან" გასვრილი, ყველა გვერდით დაუდგება! დაარსების დღიდანვე დიდ დაფინანსებას ნუ მოითხოვენ, ავტობუსებით იარონ, ბატონო!
ჩემმა ბიზნეს-გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყოველთვის ის უნდა გაყიდო, რასაც თავად იყიდდი, შენ თვითონ მოისმენდი, შენი შვილებისთვის შეიძენდი... მე რომ სხვისთვის ყური დამეგდო, მეუბნებოდნენ, ჯერ რამდენიმე თვე მოემზადეთ, ნახევარი წლის შემდეგ რეკლამა გაუშვითო და ასე შემდეგ... ამდენი არც დრო მქონდა, არც ფინანსები და დავიწყე ზრუნვა, ისეთი რამ დამეარსებინა, როგორსაც თავად ვისურვებდი, თუ მოსწავლე ვიქნებოდი. ორ კვირაში ამუშავდა ბავშვების კურსი, რაც ვერაფრით წარმოგვედგინა. სწორი იდეა გვქონდა: წიგნი როგორ წაგვეკითხა, გაგვერჩია, მშობლებს მოეწონათ. დღეს ბავშვებს ატარებენ უცხო ენებზე, მათ კლასგარეშე ქართული ლიტერატურის კითხვა აკლიათ, რაც მშობლებს აწუხებთ და ამიტომაც მოიყვანეს ბავშვები, ფულიც გადაიხადეს.
მე კი არ ვამბობ, რომ მიშა სააკაშვილი კარგია, მაგრამ რამდენი წლის იყო, გუნდი რომ შეკრიბა? 34 წლის იყო და დღეს მაგ ასაკის ახალგაზრდებმა რომ გუნდი შექმნან, სწორი იდეა დაისახონ, ხალხი აუცილებლად გვერდით დაუდგება! მათ მთავრობაც თავს დაესხმება და არანაკლებ ოპოზიციაც, მაგრამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული ყველაფერს შეძლებენ. ევროპაში ნასწავლი, განვითარებული ახალგაზრდები დღეს თავიანთ სამშობლოში არ არიან რეალიზებულები და მათ უნდა შექმნან ჯგუფი, სადაც დიდი აზრი იქნება. მხოლოდ პატრიოტობა არ კმარა, კონკრეტული პროგრამა უნდა იყოს ეკონომიკაში, სხვა სფეროებში.
ყველა მხარს დავუჭერთ, მაგალითად მე, ამაზე დროსაც დავხარჯავდი, ფულსაც და ენერგიასაც!
(სპეციალურად საიტისთვის)