„გაზპრომის“ „ბრწყინვალება“ და „სიღატაკე“: „რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში ბოლო 50 წლის განმავლობაში მინიმუმამდე შემცირდა“ - Deutsche Welle - კვირის პალიტრა

„გაზპრომის“ „ბრწყინვალება“ და „სიღატაკე“: „რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში ბოლო 50 წლის განმავლობაში მინიმუმამდე შემცირდა“ - Deutsche Welle

„2025 წლის 10 თვის განმავლობაში რუსულმა კონცერნმა „გაზპრომმა“ ევროპელ კლიენტებს მხოლოდ 14,7 მილიარდი კუბმეტრი გაზი მიაწოდა, რაც ადრინდელი მოცულობის მხოლოდ ერთ მესამედს შეადგენს“, - ნათქვამია გერმანული „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში ბოლო 50 წლის განმავლობაში მინიმუმამდე შემცირდა“ (ავტორი - რომან სულიმა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„გაზპრომი“: „ნაშთი ძველი დიდებისა...“

ოდესღაც რუსული გაზის გიგანტური ექსპორტიორისაგან - სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომისაგან“, შეიძლება ითქვას, დღეს მხოლოდ აჩრდილიღაა დარჩენილი: კომპანიამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ თითქმის მთელ ევროპას ციმბირული გაზით ამარაგებდა (40 მილიარდი კუბმეტრით), მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ევროპის ბაზარზე მხოლოდ 14,7 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი გაზის ექსპორტი მოახერხა. 2025 წლის დასრულებამდე ექსპორტის მოცულობა, როგორც ჩანს, კიდევ მოიმატებს, მაგრამ საეჭვოა, 16 მილიარდ კუბმეტრს გადააჭარბოს - სწორედ ეს არის გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ზღვრული სიმძლავრე, მისი საპროექტო გამტარუნარიანობა.

ჯერ კიდევ 2024 წელს „გაზპრომი“, ვიდრე სატრანზიტო გაზსადენი „ურენგოი-პომარი-უჟგოროდი“ მუშაობდა, უკრაინის ტერიტორიის გავლით, ევროპაში მთლიანი მოცულობით 26,6 მილიარდ კუბმეტრ გაზს გზავნიდა, მაგრამ სატრანზიტო კონტრაქტის ვადის დასრულებისა და უკრაინის მიერ მისი შეწყვეტის შედეგად, რუსული გაზის ექსპორტი თითქმის 45%-ით დაეცა.

რა თქმა უნდა, რადგან „ურენგოი-უჟგოროდი“ გაჩერდა, დატვირთვა „თურქულ ნაკადს“ დააწვა, მაგრამ არც მაინცდამაინც ძალიან, რადგან მისი განშტოებები ევროპის იმ ქვეყნებს ვერ წვდება, რომლებიც გაზით „ურენგოი-უჟგოროდის“ მილსადენით მარაგდებოდნენ. და მაინც, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებმა „თურქული ნაკადით“ მიმდინარე წლის 10 თვეში 7,5%-ით მეტი რუსული გაზი მიიღეს, ვიდრე 2024 წელს.

„გაზი მილების სანაცვლოდ“: 1970-იანი წლების მნიშვნელობა

ასეთი მცირე მოცულობით რუსული (საბჭოთა) გაზი ევროპას მხოლოდ 1970-იანი წლების დასაწყისში მიეწოდებოდა, როცა სსრკ-ის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმ მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა პირველი ხელშეკრულება გააფორმა ციმბირული ბუნებრივი გაზის ავსტრიისათვის მისაწოდებლად. 1975 წელს ევროპამ 19,3 მილიარდი კუბმეტრი გაზი მიიღო, ხოლო 1980 წელს - გერმანიასთან დადებული ცნობილი კონტრაქტის - „გაზი მილების სანაცვლოდ“ ჩარჩოებში, უკვე - 54,8 მილიარდი. უკრაინასთან ომის დაწყების წინ რუსეთიდან მილსადენის გაზის ექსპორტი ევროპაში 200 მილიარდ კუბმეტრს აღწევდა, ომის დაწყების შემდეგ კი - 12-ჯერ შემცირდა.

„გაზპრომს“ უკვე ძალიან ბევრი „ზედმეტი გაზი“ აქვს, მაგრამ მისი გაყიდვა, ფაქტობრივად არსად აღარ შეუძლია. რუსეთ-ჩინეთის გაზსადენი „სილა სიბირი“ („ციმბირის ძალა“), რომელიც 2019 წელს შევიდა ექსპლოატაციაში, ევროპაში დაკარგული ექსპორტის მხოლოდ ერთ მეხუთედს აკომპენსირებს, ხოლო მოლაპარაკებამ ახალი გაზსადენის „სილა სიბირი-2“-ის შესახებ უშედეგოდ ჩაიარა. ასევე, ჩაიშალა თურქეთის გაზის ჰაბად გადაქცევის პროექტი, რუსული გაზის გამოყენებით, რომლის ანონსი კრემლმა 2022 წელს გამოაცხადა.

გასულ წელს „გაზპრომის“ მიერ ბუნებრივი გაზის ამოღებამ 416.19 მილიარდი კუბმეტრი შეადგინა, რომლიდანაც 355,23 მილიარდი საგარეო და საშინაო ბაზარზე გაიყიდა. საბოლოოდ გაზპრომს გაუყიდავი დარჩა 60 მილიარდი კუბმეტრი გაზი - ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელიც შეიძლება შევადაროთ ზოგიერთი გაზმომპოვებელი ქვეყნის მიერ მიწის წიაღიდან ამოღებული გაზის საერთო მოცულობას (არაბთა გაერთიანებული საემიროები ყოველწლიურად მოიპოვებენ 55 მილიარდ კუბმეტრს) ან ზოგიერთი ქვეყნის მიერ მოხმარებული გაზის მოცულობას (პოლონეთი ყოველწლიურად იყენებს 20 მილიარდ კუბმეტრს)...

„გაზპრომის“ ბუნდოვანი პერსპექტივები, ზარალის ფონზე

ბოლო წლებში რუსული „გაზპრომის“ ზარალი მატულობს: 2023 წელს კონცერნმა 629 მილიარდი რუბლი დაკარგა (ფინანსური ანგარიშმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით). 2024 წელს „გაზპრომმა“, შემოსავლების სახით, მიიღო 1,2 ტრილიონი რუბლი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მინუსში დარჩა - ფინანსური წელი ერთი ტრილიონი რუბლის წაგებით დაასრულა. სხვადასხვა კომპეტენტური წყაროს პროგნოზით, 2025-2034 წლებში „გაზპრომი“, ექსპორტის შესაძლებლობის არარსებობის გამო, 15 ტრილიონ რუბლს დაკარგავს.

ევროკავშირს განზრახული აქვს რუსული გაზის იმპორტი მთლიანად 2028 წლის პირველი იანვრისათვის შეწყვიტოს, ხოლო რუსულ თხევად გაზზე ბრიუსელი უარის თქმას უფრო ადრე გეგმავს - 2027 წლის პირველი იანვრისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო