ნატოს საიდუმლო გეგმა: პირველი ნაბიჯი, რომელსაც ალიანსი "დიდი ომის" დაწყებისას გადადგამს - უშველის თუ არა პუტინი კალინინგრადს?! - კვირის პალიტრა

ნატოს საიდუმლო გეგმა: პირველი ნაბიჯი, რომელსაც ალიანსი "დიდი ომის" დაწყებისას გადადგამს - უშველის თუ არა პუტინი კალინინგრადს?!

„დიდი ომის“ დაწყების შემთხვევაში ნატო ბალტიის ზღვაში რუსულ ანკლავს-კალინინგრადის ოლქს დაბლოკავს...

რუს პოლიტიკოსებსა და პროპაგანდისტებს უყვართ ფრთიანი ფრაზის - У Росси́и есть только два союзника — её армия и флот-ხშირი გამეორება, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს(1845-1894 წწ) წარმოთქმულია და იმაზე მიანიშნებდა, რომ რუსეთის იმპერიას მხოლოდ თავისი სამხედრო ძალის იმედი უნდა ჰქონოდა და არა რომელიმე ევროპელი მოკავშირის...

ახალი რუსული იმპერიის (რომლის „შექმნასაც“ ამდენი სისხლისღვრით მეოთხედი საუკუნეა ლამობს პუტინი), „მოკავშირეებში“ რუსეთის არმიისა და ფლოტს, ავიაციაც და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებიც დაემატა, მაგრამ სწორედ სამხედრო ფლოტის მხრივ მკვეთრად მოიკოჭლებს კრემლის სამხედრო ძლიერება...

დღეისათვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ჯარების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რომელშიც ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანების სახით შედიან ბალტიის, ჩრდილოეთის, შავი ზღვის და წყნარი ოკეანის ფლოტები, ასევე კასპიის ზღვის ფლოტილია.

და მიუხედავად ამისა, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის რეალური საბრძოლო შესაძლებლობები სერიოზულად შეზღუდულია, რადგან შავი და ბალტიის ზღვებიდან რუსული სამხედრო ხომალდების გასვლა მხოლოდ მოსკოვის ნებაზე როდია დამოკიდებული, კასპიის ზღვა კი ფაქტობრივად ერთ დიდ ტბას წარმოადგენს...

რუსეთის უკრაინაზე ღიად თავდასხმის დღიდან თურქეთმა 1936 წლის მონტროს საზღვაო კონვენციის თანახმადб ჩაკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, რითაც ერთი მხრივ შეუზღუდა ნატოს წევრ ქვეყნებს სამხედრო ხომალდების შემოყვანა შავ ზღვაში, მაგრამ ამასთანავე აუკრძალა მოსკოვს მისივე სხვა ფლოტებიდან დამატებითი ხომალდების გადმოყვანა, იმ თავისი, შავი ზღვის ფლოტის დასახმარებლად, რომელსაც უკრაინულმა კამიკაძე-კატარღებმა და კამიკაძე-დრონებმა შავი დღე აყარეს.

შავ ზღვაში შემოსასველი ჩაკეტილი აღმოჩნდა პუტინის სამხედრო ფლოტისთვის და ასეთივე ბედი შეიძლება გაიზიაროს რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტმაც, თუკი სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა რუსეთსა და ნატოს შორის...

1-bal-1762347535.jpeg
Baltic Sentry-ის საზღვაო ოპერაციაში მონაწილე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდები...

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელსაც თავი დიდ სტრატეგად მოაქვს და იმით ამაყობს, რომ არ დაუშვა ერთი პატარა საქართველოსა და ბევრად დიდი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ( სხვა საკითხია,თავად ნატოს მართლაც სურდა თუ არა საქართველოსა და უკრაინის ალიანსის სრულუფლებიან წევრებად ხილვა, როგორც ამას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდა), უხმოდ „ჩაყლაპა“ რუსეთის ასევე ორი მეზობლის, ფინეთისა და შვედეთის ნატოში უსწრაფესი გაწევრიანება, არადა ეს ქვეყნები პუტინის არმიის უკრაინაზე თავდასხმამდე არც კი ფიქრობდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში შესვლას...

კრემლს არ სურს ამ ფიასკოს აღიარება და „აწვება პირველ ჩვენებას“ - უკრაინამ ოფიციალურად უარი უნდა თქვას ნატოში როდესმე გაწევრიანებაზე.

ამის ფონზე რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტი უდიდესი პრობლემის წინაშე დგება, როდესაც მას ბალტიის ზღვიდან ჩრდილოეთ ზღვაში გასვლას კი არა, არამედ მის სამხედრო ხომალდებს სანკტ-პეტერბურგიდან ფინეთის ყურეშიც კი არ გააყოფინებენ ცხვირს...

შესაბამისად, რუსეთი აღმოჩნდება სერიოზული გამოცდის წინ, რადგან დაკარგავს კომუნიკაციის საშუალებას თავის ანკლავთან-კალინინგრადის ოლქთან, საიდანაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (მას მერე,რაც დამარცხებული გერმანიის კენისბერგის მხარე სტალინმა კალინინგრადის ოლქად გამოაცხადა და რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შეუერთა) გამუდმებით აშინებს ნატოს, მით უმეტეს ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ, რადგან კალინინგრადის ოლქი ჩრდილოეთ ევროპაში შეჭრილი რუსული „ჩაუძირავი ავიამზიდია“, საიდანაც აფრენილ რუსულ ბომბდამშენებსა და სტარტაღებულ „ისკანდერებს“ ბირთვული ქობინების „ჩატანა“ ნატოს წევრი ყველა ევროპული ქვეყნის დედაქალაქამდე ძალუძთ...

მართალია, რუსეთის საქართველოზე 2008 წელს თავდასხმამ ვერ „გამოაღვიძა“ „ბებერი ევროპა“ და ვერც პუტინის „მწვანე კაცუნების“ ყირიმში 2014 წელს გამოჩენამ „გამოაფხიზლა“ ბოლომდე ის, მაგრამ 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაზე ფართომაშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ევროპელები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მშვიდობის შენარჩუნებას ძალა სჭირდება, რადგან პუტინის სწრაფვა ახალი „რუსული იმპერიის“ შესაქმნელად, აუცილებლად გამოიწვევს იმავე ევროკავშირისა და ნატოს სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფას...

2-bal-1762347534.png
ნატოს წევრი ცხრა ქვეყანა მზადაა რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის ხომალდებს ჩრდილოეთ ზღვაში გასასვლელი ჩაუკეტოს...

ამიტომაც, ნატო უფრო ხშირად მართავს სხვადასხვა სახის სამხედრო სწვლებებს, რომლებიც პირველი „ცივი ომის“ დამთავრების შემდგომ დავიწყებული ჰქონდათ და ერთ-ერთ ასეთს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო-საზღვაო ოპერაცია Baltic Sentry ანუ „ბალტიის ზღვის მცველი“, რომლის მთავარი ამოცანაა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი საკომუნიკაციო და ენერგეტიკული წყალქვეშა კაბელების დაცვა, რომელთა ნაწილი გასულ წელს შემთხვევით თუ მიზანმიმართულად იქნა გამოყვანილი, სავარაუდოდ, რუსული „ჰიბრიდული ოპერაციების“ საშუალებით.

თუმცა, კრემლში აცხადებენ,რომ წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელების დაცვა, მხოლოდ საბაბია და ნატოს „ბალტიის ზღვის მცველის“ ოპერაციის ფარული მიზანი გახლავთ, რუსეთის ანკლავის-კალინინგრადის სრულ საზღვაო და საჰაერო ბლოკადაში მოქცევა, თუკი საქმე „დიდი ომის“ დაწყებამდეც მივიდა...

ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც კრემლი შეიძლება მართალიც იყოს, რადგან ნატოს საიდუმლო სამხედრო გეგმებში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ასეთი ოპერატიული ქმედებები, თუკი რუსეთმა უკრაინის შემდეგ დასავლეთის მიმართულებით კვლავ მოინდომა გალაშქრება, მათ შორის ალიანსის წევრი რომელიმე ან სამივე ბალტიისპირეთის ქვეყნის-ესტონეთის,ლატვიისა თუ ლიეტუვას ოკუპაციის მიზნით...

და სწორედ ასეთ დროს,პ უტინს გაახსენდება თავისი როგორც „დიდი სტრატეგის“ გრანდიოზული ფიასკო, როდესაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმით შეშინებულ ფინეთსა და შვედეთს(რომლებიც ათწლეულები იკავებდნენ ამაზე თავს) ძალაუნებურად უბიძგა სასწრაფოდ შესულიყვნენ ნატოს რიგებში...

რუსულმა სამხედრო ხომალდებმა კრონშტატიდან ჩრდილოეთ ზღვამდე მთელი ბალტიის ზღვა რომ გადაცურონ, ახლოს უნდა ჩაუარონ ნატოს წევრი ფინეთის, ესტონეთის, ლატვიის, შვედეთის, ლიეტუვას, პოლონეთის, გერმანიის, დანიისა და ნორვეგიის სანაპიროებს და როგორ ფიქრობთ, შეძლებენ კი რუსი მეზღვაურები ალიანსის ამ ცხრა ქვეყნის საზღვაო ბლოკადის გადალახვას?!

რაც შეეხება რუსეთის ანკლავის - კალინინგრადის ოლქის ბლოკადას, მისი სახმელეთო ბლოკადა, ფაქტობრივად ისედაც არსებობს, რადგან რუსეთს იქ თავისი სამხედრო ტვირთების შეტანა საავტომობილო და სარკინიგზო გზებით არ შეუძლია - რჩება მხოლოდ საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა.

რუსული სამხედრო თვითმვრინავები და სამხედრო ხომალდები სანკტ-პეტერბურგიდან ფინეთის ყურის გავლით ძალიან ვიწრო დერეფნით(ფინეთის ყურეში, ესტონეთისა და ფინეთის სანაპიროებს შორის, საერთაშორისო წყლების თავზე არსებული ამ დერეფნის სიგანე სამ ათეულ კმ-მდეა თუა) აღწევენ კალინინგრადის ოლქამდე და ამ დერეფნის გადაკეტვა(როგორც რუსული თვითმფრინავებისთვის,ისე ხომალდებისთვის) სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით დიდ პრობლემას არ წარმოადგენს...