ტრამპმა პუტინი „წუთის კაცის“ გაშვებით დააშინა - რას წარმოადგენს მთავარი ამერიკული „განკითხვის დღის" იარაღი Minuteman III
აშშ-მა Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობა ავრცელებს.
„საჰაერო ძალების გლობალური დარტყმის სარდლობამ 2025 წლის 5 ნოემბერს კალიფორნიის შტატში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან შეუიარაღებელი [ბირთვული ქობინის გარეშე] Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება განახორციელა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გამოცდის მიზანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის სანდოობის, სამოქმედო მზადყოფნისა და სიზუსტის შემოწმება იყო.
Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურმა რაკეტამ, დაახლოებით, 4200 მილი იფრინა და სამიზნეს მარშალის კუნძულებზე მდებარე რონალდ რეიგანის სახელობის ბალისტიკური რაკეტების საცდელ ცენტრში მიაღწია.
უდავოდ ეს იყო ტრამპის საპასუხო ნაბიჯი პუტინის მიერ „გამოცდილი“ და გაპიარებული „ბერევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ საპირწონედ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუკი რუსული ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და, ასევე, ბირთვულძრავიანი წყალქვეშა ტორპედო-დრონი „პოსეიდონი“ ჯერ კიდევ „იბადებიან“, Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები აშშ-ის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ტრიადაში ჯერ კიდევ… 1970 წლიდან ირიცხებიან!
ამ ამერიკული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტის სახელი სიტყვა Minute man -ენიდან მოდის, რომელსაც ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომში(1775-1783 წწ) ახალი ინგლისის იმ მეომრებს ეძახდნენ, რომლებიც ყოველ წუთს მზად იყვნენ ბრძოლაში ჩასართავად.
და ეს სახელი შემთხვევით არ შეურქმევიათ ორი საუკუნის შემდეგ ამ ბალისტიკური რაკეტისთვის...
საქმე ის არის, რომ გერმანელების პირველი ბალისტიკური რაკეტები „ფაუ-2“-ები, რომლებსაც ლონდონისკენ მასობრივად უშვებდნენ, თხევადსაწვავიანი გახლდათ - მათ რაკეტულ ძრავაში საწვავად ჩვეულებრივი სპირტი გამოიყენებოდა, ხოლო დამჟანგავად კი - თხევადი ჟანგბადი. დამარცხებული გერმანიიდან წაღებული „ფაუ-2“-ების ბაზაზე ამერიკელებმაც და საბჭოელებმაც ასევე თხევადსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტების დამზადება დაიწყეს, რომლებშიც დამჟანგავად აზოტმჟავას შემცველ, ძალზე ტოქსიკურ ნივთიერებებსაც იყენებდნენ.
ეს კი ამ რაკეტების ექსპლუატაციას ძალზე ართულებდა და ამასთან, სახიფათოს ხდიდა, რასაც ემატებოდა საბრძოლო მზადყოფნის დიდი დროც -რაკეტის ავზში ჩასხმული თხევადი ჟანგბადი ორთქლდებოდა, აზოტმჟავა კი ავზის კორპუსს დროთა განმავლობაში „ჭამდა“, შესაბამისად, ასეთი საწვავით გამართული ბალისტიკური რაკეტების დიდი ხნით საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება შეუძლებელი ხდებოდა, მაგრამ მათ საწვავითა და დამჟანგველით გამართვას კი ათეულობით საათი სჭირდებოდა, შესაბამისად, 1950-იანი წლების ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად მოსამზადებლად ხშირად მთელი დღეც კი იყო საჭირო.
და ასეთ დროს ამერიკელმა ინჟინრებმა და სამხედროებმა ნამდვილად რევოლუციური ნაბიჯი გადადგეს, როდესაც 1962 წელს შეძლეს ამონიუმის პერქლორატის მყარი საწვავის მქონე LGM -30A Minuteman I -ის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენება და რადგან ამ რაკეტის სტარტის განსახორციელებლად მხოლოდ წუთებიც კმაროდა, მას ორი საუკუნის წინანდელი ამერიკელი მებრძოლების Minute man-ების სახელი შეარქვეს...
ამონიუმის პერქლორატი კომპოზიტური საწვავია, რომელშიც საწვავიც და დამჟანგველიც ერთგვაროვან ნარევშია გაერთიანებული და მასში ასევე შედის რეზინისებრი შემაკავშირებელი - ეს იყო იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული საიდუმლო, რომელსაც ისინი ბოლომდე ვერ გაუფრთხილდნენ. მათ აგენტებმა ეს საიდუმლო საბჭოთა კა-გე-ბესა და გე-ერ-უს მაინც მოჰპარეს, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირმაც დაიწყო მყარსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რაც... ჩვენს თანამემამულეს, იმ დროისთვის კოროლიოვის დონეზე გასაიდუმლოებულ კონსტრუქტორ ალექსანდრე ნადირაძეს ჩააბარეს, რომლის სახელსაც უკავშირდება ამერიკასა და ევროპაზე დამიზნებული ბირთვულქობინიანი და მყარსაწვავიანი „ტემპების“, „პიონერებისა“ და „ტოპოლების“ წარმოების დაწყება...
თავად ამერიკელებმა კი „მინიტმენის“ პირველ მოდიფიკაციას მეორე მოაყოლეს, ხოლო 1970-დან 1978 წლებში დაამზადეს მისი მესამე მოდიფიკაციის 550-მდე რაკეტა, რომლებიდანაც დღეისათვის შეიარაღებაში რჩება 450-მდე მოდერნიზებული მინიტმენ-3, რომელიც აშშ-ის სამ სარაკეტო ბაზაზეა განთავსებული, მიწისქვეშა დაცულ შახტებში და გუშინ სწორედ ერთ-ერთი მათგანის საცდელი სტარტი განხორციელდა, იმის დასადასტურებლად, რომ ნახევარსაუკუნოვანი „მინიტმენები“ ისევ რჩებიან პუტინის რუსეთის „ბირთვული დაშინების“ ერთ-ერთ მთავარ ამერიკულ საშუალებად...