"გოგი დოლიძემ უამრავი ქართული ფილმი აღადგინა. ეს შედევრები რუსული ტიტრით იყო დაბეჭდილი, მოსკოვში "გოსფილმოფონდში" ინახებოდა და კინოჩინოვნიკებს უკვირდ - კვირის პალიტრა

"გოგი დოლიძემ უამრავი ქართული ფილმი აღადგინა. ეს შედევრები რუსული ტიტრით იყო დაბეჭდილი, მოსკოვში "გოსფილმოფონდში" ინახებოდა და კინოჩინოვნიკებს უკვირდათ კიდეც, ამ პატარა ბიჭს რაში აინტერესებს ფირები, რომლებიც არავის სჭირდებაო"

"ჩემთვის გოგი დოლიძე ძველი საქართველოს ერთგვარი სიმბოლო იყო, არაორდინარული, ტრადიციული და თან, მუდმივად თანამედროვე.

ის ქართული კინოს ნამდვილი უკანასკნელი მოჰიკანი იყო"

91 წლის ასაკში გარდაიცვალა კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე.

dolidze-gogi-1762440979.jpg

გოგი დოლიძემ 1959 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი. 1961-1970 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის პრორექტორი იყო...

"სულ ამბობენ ჩემზე, გადაგვაყოლა ვასილ ამაშუკელს და როგორ არ გადაგაყოლებდით, როცა მე მოვედი კინომცოდნეობაში, ამ კაცის ღვაწლი მივიწყებული იყო და ქუთაისის მერიაში მონტიორად მუშაობდაო..." - კინომცოდნე, ჟურნალისტი - ზაკ მირიანაშვილი გოგი დოლიძის ნათქვამ სიტყვებს იხსენებს და მისი უდიდესი ღვაწლის შესახებ გვესაუბრება...

choxosnebi-dolidze-gogi-2-1762440794.jpg

ზაკ მირიანაშვილი:

- ძალიან სამწუხაროა მისი წასვლა. გოგი დოლიძე უხუცესი ქართველი კინომცოდნე იყო, რომელიც ქართული კინოს ნამდვილმა მემატიანემ, კარლო გოგოძემ აღზარდა. უამრავ ამბავს იტევდა მისი ფენომენალური მეხსიერება, რომელიც თითქმის საუკუნეს სწვდებოდა... მახსოვს, როცა კინომცოდნეს უწოდებდნენ, ამბობდა, მე ქართული კინოს ისტორიკოსი ვარო...

უდიდესია მისი ღვაწლი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის - "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", საერთაშორისო აღიარებისა და ქართული კინოს ისტორიაში დაბრუნების საქმეში. "ჩემზე სულ ამბობენ, გადაგვაყოლა ვასილ ამაშუკელსო და როგორ არ გადაგაყოლებდით, როცა მე მოვედი კინომცოდნეობაში, ამ კაცის ღვაწლი მივიწყებული იყო და ქუთაისის მერიაში მონტიორად მუშაობდაო..." - ამბობდა იგი. გოგი დოლიძემ დაასაბუთა, რომ ამაშუკელი არამხოლოდ ქართული, მსოფლიო კინოს ნამდვილი პიონერი იყო. ვასილ ამაშუკელი ავტორია მსოფლიო კინოს ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისა.

gogi-dolidze-1997-251-1762440868.jpg

თითქოს ხომ ყველასთვის სასიხარულო უნდა ყოფილიყო ქართული კინოს ეს აღიარება, მაგრამ ბატონ გოგის დიდი წინააღმდეგობები ხვდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ქვეყნის შიგნითაც. ის ეწინააღმდეგებოდა იმ პროპაგანდას, რომ თითქოს კინო მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩაისახა ჩვენთან. თითქოს მისი ბედისწერა იყო ქართული კინოს ამ შედევრის აღიარება და საკადრისი ადგილის მინიჭება ისტორიაში, რაც ნამდვილად რაინდულად მოახერხა.

gogi-dolidze-4-1762440848.jpg

ჩემთვის ის ძველი საქართველოს ერთგვარი სიმბოლო იყო, არაორდინარული, ტრადიციული და თან მუდმივად თანამედროვე. ხშირად ვხვდებოდი ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველოში, როგორ მუშაობდა პატარა ფურცლებით ხელში. სულ მქონდა განცდა, რომ ყოველი შეხედვისას მისი კიდევ ერთი ახალი აღმოჩენის მომსწრე ვიყავი.

ბევრმა არ იცის, რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი 15 მაისის ქართული კინოს დღედ გამოცხადების საქმეშიც, იკვლია უძველესი აფიშები, რომელიც მაყურებელს ქუთაისში კინოთეატრ "რადიუმში" პირველი ქართული ფილმის ჩვენებაზე ეპატიჟებოდა მაყურებელს 1912 წელს და აქედან გამომდინარე ჩაუყარა საფუძველი ამ საკითხს.

ბატონმა გოგიმ 20-ზე მეტი ძველი ქართული ფილმი აღადგინა. ეს შედევრები რუსული ტიტრით იყო დაბეჭდილი, ჯერ ქართულად თარგმნიდა, შემდეგ ახმოვანებდა და უბრუნებდა დღის სინათლეს.

dolidze-1-1762440823.jpg

ყველა ეს სურათი მოსკოვში "გოსფილმოფონდში" ინახებოდა, სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა ქართულ ფირებს ეძებდა საცავებში. კინოჩინოვნიკებს უკვირდათ კიდეც, ამ პატარა ბიჭს რაში აინტერესებს ფირები, რომლებიც არავის სჭირდებაო. რა იცოდნენ მათ, რომ ეს ფირები გოგი დოლიძისთვის მთელი ცხოვრება იყო.

ის სინათლე, რომელიც ქართული კინოს კვლევაში მოიტანა და დაამკვიდრა, მუდამ დარჩება, როგორც სიმბოლო, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი პროფესია.

ის ქართული კინოს ნამდვილი უკანასკნელი მოჰიკანი იყო...

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს ბატონი გოგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი გოგი დოლიძეს.

(სპეციალურად საიტისთვის)