წარუმატებელი ქორწინება ქართველ ქალთან, შეიხი მამა და ქველმოქმედება: საქართველოზე შეყვარებული ერაყელი "ტიკტოკერის" ცხოვრება
იასენ იბრაჰიმს საქართველოში, ძირითადად, "ხუჭუჭათი" იცნობენ. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოელი ტიკტოკერია, რომელსაც სოციალურ ქსელში 450 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. თუმცა, მილიონერის იმიჯსა და ძვირად ღირებულ მანქანებთან ერთად, იასენის სახელი ბევრს ქველმოქმედებასთან და, განსაკუთრებით, ბავშვების დახმარებასთან უკავშირდება.
ის არის ერაყელი, რომლის მამაც დუბაიში შეიხია. თავად იასენი თინეიჯერობის წლის ასაკში ჩამოვიდა საქართველოში, დაოჯახდა ქართველ ქალზე, დააარსა ტურისტული კომპანია და ენა ქართულ ოჯახში ცხოვრებისას ისწავლა. ის არასდროს მალავდა სიყვარულს საქართველოს მიმართ, მაგალითად, ორი წლის წინ, რაჭის სტიქიის დროს, დაზარალებულებს პირადად ჩაუტანა პროდუქტები.მიუხედავად ყველაფრისა, იასენ იბრაჰიმი ამჟამად საქართველოში ვერ შემოდის. ის დუბაიში ცხოვრობს, ყოფილ მეუღლესთან დაშორებულია და ერთადერთი ქართველი ქალიშვილის ნახვის სურვილი ამოძრავებს.
ინტერვიუში ტიკტოკერი გვიყვება ომის ფონზე გატარებულ ბავშვობაზე, როგორ დაუახლოვდა ქართველებს, რატომ წაართვეს ქონება და ბიზნესები საქართველოდან წასვლის შემდეგ, და რა უსამართლობას განიცდის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის გამო.
- ბავშვობა ერაყში გავატარე, იქიდან ვარ, მაგრამ სულ ომი და არეულობა იყო. ოჯახი ჯერ თურქეთში გადავედით საცხოვრებლად, სადაც ბიზნესი დავიწყეთ, შემდეგ იქ გავიცანით ქართველები და დავახლოვდით. საქართველოში პირველად ძმასთან ჩამოვედი, რომელიც სამედიცინოზე სწავლობდა. ის ჩემზე უფროსია, დიდი ხანია დაამთავრა და ახლა დედასთან ერთად ავსტრიაში ცხოვრობს.
საქართველოში რომ ჩამოვედი, 17-18 წლის ვიქნებოდი, ზუსტად არ მახსოვს. ძალიან მომწონდა ქართული ენა, გავიჩინე ბევრი მეგობარი, ტურისტული კომპანია დავაარსე, მუშაობა მაშინვე დავიწყე. ჩამოსვლის შემდეგ ქართულ ოჯახთან ვცხოვრობდი და ენა მათთან ვისწავლე. დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა, აქაც ჩამოდიან ხოლმე.
- საქართველოში დაოჯახდით, თუ არ ვცდები...
- დიახ, 2018 წელს მოვიყვანე ქართველი ცოლი. ახლა დუბაიში ვცხოვრობ, ცოლთან დაშორებული ვარ, ერთად აღარ ვცხოვრობთ. ერთი გოგონა მყავს, 7 წლის.
- როგორც გავარკვიე, საქართველოში შემოსვლის უფლება არ გაქვთ ახლა, შეგიძლიათ მომიყვეთ, რა მოხდა?
- ყველანაირი საბუთები დალაგებული მაქვს, არ მაქვს პრობლემები, მაგრამ იმედი მაქვს, ეს მთავრობა მიხედავს ყველაფერს. ძალიან დიდი უსამართლობა გავიარე. არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც ჯარიმა, არ მჭირდება ვიზა, ვადიანი პასპორტი მაქვს, სამსახური, შვილი მყავს იქით. მაგრამ მოვედი და საზღვარზე მითხრეს, რომ არ შემიშვებდნენ. მიზეზს არ მიხსნიან. ბოლოს საქართველოში ერთი წლის წინ ვიყავი. შემდეგ შვილი სკოლაში მინდოდა შემეყვანა, ხომ იცით, ბავშვს უხარია პირველ დღეს, როცა მშობლები მასთან ერთად არიან და უარს მეუბნებიან, თორემ არ ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას. ვრცლად