"კა-გე-ბეს" მახე დისიდენტებისთვის - როგორ ქმნიდა საბჭოთა სპეცსამსახური პოლიტიკურ პარტიებს და ფარულ ორგანიზაციებს - კვირის პალიტრა

"კა-გე-ბეს" მახე დისიდენტებისთვის - როგორ ქმნიდა საბჭოთა სპეცსამსახური პოლიტიკურ პარტიებს და ფარულ ორგანიზაციებს

თავიდანვე უნდა ითქვას: საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ისტორიის სიღრმისეული შესწავლა/ანალიზი არ არის ჩვენი საუბრის მთავარი თემა და ეს მძიმე საქმე ისტორიკოსებს უნდა მივანდოთ. თუმცა ფაქტია, რომ გასული საუკუნის 60-80-იანი წლებში დისიდენტური ორგანიზაციებისა და ჯგუფების შექმნა/მოქმედების შესწავლა/ანალიზი, ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ძალზე გართულებულია. ამ პრობლემებში წვლილი მიუძღვის, როგორც კა-გე-ბეს (რომელიც ყველანაირად ცდილობდა ობიექტური სურათის შეცვლა/დამახინჯებას), ასევე, თავად დისიდენტებსაც (რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეების გამო, ძირითადად, სუბიექტურად აფასებდნენ მოვლენებს და საკუთარ ადგილს დისიდენტურ მოძრაობაში). ამიტომ ზამოაღნიშნული გარემოება უნდა გავითვალისწინოთ, როგორც კა-გე-ბეს "სრულიად საიდუმლო" გრიფის დოკუმენტების, ასევე, საბჭოთა და ქართველი დისიდენტების (ლ. ალექსეევას, ვ. ბუკოვსკის, ვ. ფრიდის, ზ. გამსახურდიას, ვ. რცხილაძის და სხვ.) მოგონებების ციტირება/ანალიზისას. დღეს მინდა, საბჭოთა დისიდენტურ ორგანიზაციებში კა-გე-ბეს მიერ შეგზავნილი აგენტი-პროვოკატორების შესახებ ვისაუბროთ.

როდის დაიწყო საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობა და რა ძირითადი მიზნები ჰქონდა მას? მიჩნეულია, რომ საბჭოთა მწერლების - ანდრეი სინიავსკისა და იული დანიელის სასამართლო პროცესი (რომელიც 1966 წლის თებერვალში დასრულდა და მათ, შესაბამისად, 7 და 5 წელი მიესაჯათ, რსფსრ სს კოდექსის 70-ე მუხლით: "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა". მათი მთავარი "დანაშაული" კი ის იყო, რომ საკუთარ კრიტიკულ ნაწარმოებებს საზღვარგარეთ აქვეყნებდნენ) იყო ის ათვლის წერტილი, რომელმაც ბიძგი მისცა საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის დაწყებას. ამას დაემატა 1968 წლის 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია, საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტი ქვეყნების მიერ.

საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი - ლუდმილა ალექსეევა ათწლეულების შემდეგ ამგვარად იხსენებდა იმ პერიოდს: "1968 წელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის წლად გამოცხადდა... მომავალი ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის ყველაზე გამოჩენილი და აქტიური მოღვაწეები შეიკრიბნენ პეტრე გრიგორენკოს ნათესავის აგარაკზე. იქ იყვნენ თავად გრიგორენკო, ნატაშა გორბანევსკაია, ლარისა ბოგორაზი და ვიქტორ კრასინი. სწორედ იქ გადაწყდა, რომ გაეროს მიერ გამოცხადებული ადამიანის უფლებათა დაცვის წელი საბჭოთა კავშირში ბიულეტენის გამოცემით აღნიშნულიყო, რომელიც ყოველ ორ თვეში ერთხელ გამოიცემოდა. ნატაშა გორბანევსკაიამ... მოიფიქრა სახელი "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკა"... პირველი ბიულეტენი გამოვიდა 1968 წლის 30 აპრილს და მანქანაზე ნაბეჭდ 18 გვერდს შეადგენდა. იყო ახალი ამბები მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, ინფორმაცია ყირიმელი თათრების შესახებ და საპატიმრო ბანაკებიდან. არავინ იცოდა, ვინ გამოსცემდა ბიულეტენს, რადგანაც მითითებული არ იყვნენ ავტორები".

საბჭოთა იმპერიაში დისიდენტური ორგანიზაციების წევრებს ანტისაბჭოთა პროკლამაციების და „სამიზდატის“ (ანუ ფარულად დაბეჭდილი) ხელნაწერების გამრავლება საბეჭდ მანქანებზე უხდებოდათ. მათგან ყველაზე ცნობილი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამზადებული ლეგენდარული საბეჭდი მანქანა „ერიკა“ იყო, რომელიც ოთხ ასლს ერთდროულად ბეჭდავდა (საბჭოთა საბეჭდი მანქანები მხოლოდ სამ ასლს ბეჭდავდნენ). რეალურ ინფორმაციას მოკლებულ საბჭოთა საზოგადოებაში ამ საინფორმაციო ბიულეტენების წაკითხვის მსურველთა „ცოცხალი რიგი“ იდგა და ტექსტი მხოლოდ ნათესავ/მეგობრებზე და სანდო ადამიანებზე ხელიდან ხელში გადადიოდა.

erika-1762448331.jpg

„ერიკა“

ასე იქცა "მიმდინარე მოვლენათა ქრონიკა" საბჭოთა იმპერიაში პირველ არასამთავრობო საინფორმაციო ბიულეტენად და ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროდ. რა ინფორმაცია იყო „ქრონიკაში“? - განსხვავებული აზრის გამო დევნის ფაქტები, დაპატიმრებები, სასამართლო პროცესები, სასამართლო ანგარიშები, სიახლეები საპატიმროებსა და სასჯელაღსრულებით ბანაკებში მყოფთა შესახებ (ვინ გახდა ავად, ვინ ჩასვეს კარცერში, ვინ გაათავისუფლეს, ვინ შიმშილობდა). "ბიულეტენში" ასევე იყო ინფორმაცია მორწმუნეთა დევნაზე.

საბჭოთა დისიდენტური მოძრაობა მიზნად ისახავდა საბჭოთა სისტემის არა შეცვლას, არამედ - არსებული კონსტიტუციისა და კანონების გაუმჯობესებას. დისიდენტები ხშირად ხუმრობდნენ: „საბჭოთა კონსტიტუცია სულაც არაა ცუდი. იქ პირდაპირ წერია მიტინგებისა და შეკრებების თავისუფლებაზე. თუმცა რაც შეეხება თავისუფლებას შეკრების შემდეგ, ამაზე არაფერი წერიაო“. დისიდენტები არ მიისწრაფოდნენ პოლიტიკური საქმიანობისკენ და თავდაპირველად არც ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნები ჰქონდათ. ცნობილი დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკი მოგვიანებით წერდა: " ჩვენ ვიყავით არა პოლიტიკური, არამედ - მორალური მოძრაობა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო არა რუსეთის შეცვლა, არამედ - გვინდოდა, არ ვყოფილიყავით დანაშაულის მონაწილე და რეჟიმის ნაწილი". საბჭოთა დისიდენტები, ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური მოძრაობებისგან განსხვავებით, არ ცდილობდნენ ბრძოლას საბჭოთა რეჟიმისა და მარქსისტული იდეოლოგიის შესაცვლელად. ამის მიუხედავად, საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა დისიდენტების დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების აგენტებად წარმოჩენას.

1960-1990-იან წლებში, “უცხოეთის მტრული იდეოლოგიის შემოტევებისაგან” ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საბაბით, კა-გე-ბე თვითონ ქმნიდა „კონსპირაციულ ორგანიზაციებსა“ და „პოლიტიკურ პარტიებს“, პოლიტიკური და სოციალური პროტესტების შირმით ახდენდა მოქალექეთა პროვოცირებას “დისიდენტურ” პროცესებში ჩასართავად.

კა-გე-ბემ, ძირითადად, 1960-იანი წლების ბოლოდან დაიწყო საბჭოთა დისიდენტების წინააღმდეგ სხვადასხვა ოპერატიული კობინაციის დაგეგმვა (ანუ “ხაფანგების დაგება“) და განხორციელება. დისიდენტების წინააღმდეგ ქრესტომათიული ოპერატიული კომბინაციები ტარდებოდა: საზოგადოების ყველა ფენაში შეგზავნილი აგენტი-ინფორმატორების საშუალებით ადგენდნენ საბჭოთა რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, შემდეგ მათ „შემთხვევით“ უკავშირდებოდა აგენტი-პროვოკატორი (მეტი დამაჯერებლობისათვის ამ როლში კა-გე-ბე იყენებდა ადრე „ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის“ რეპრესირებულ და სასჯელმოხდილ, შემდეგ კი - გადაბირებულ აგენტებს), რომელიც ვითომდა ყველაზე კრიტიკულად განწყობილი იყო საბჭოთა რეჟიმის მიმართ და გამოირჩეოდა განსაკუთრებული რადიკალიზმით. კა-გე-ბეს დავალებით აგენტი-პროვოკატორები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეთრიათ დისიდენტურ მოძრაობაში.

ყოველთვის არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დისიდენტურ ორგანიზაციებში თავიდანვე მრავლად იყო კა-გე-ბეს აგენტურა, ხოლო ზოგიერთ „ფარულ“ ორგანიზაციას თავად სუკი ქმნიდა. ამიტომ იყო, რომ კა-გე-ბე დისიდენტური მოძრაობის დასაწყისიდანვე იქ მიმდინარე პროცესების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდა, რაც აგენტურული შეღწევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

petre-iakiri-da-viktor-krasini-1762448347.jpg

მარცხნიდან მარჯვნივ: პეტრე იაკირი და ვიქტორ კრასინი

საბჭოთა კავშირში პირველი დისიდენტური ორგანიზაცია 1969 წლის მაისში ადრე რეპრესირებულებმა პეტრე იაკირმა და ვიქტორ კრასინმა შექმეს. ეს იყო "სსრკ-ში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი", რომელმაც 1976 წლამდე იარსება. მხოლოდ წლების შემდეგ გაირკვა, რომ პეტრე იაკირი ჯერ კიდევ 1950-იანი წლების დასაწყისში გადაბირებული იყო კა-გე-ბეს მიერ და მის დავალებებს ასრულებდა. თავად ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და საპატიმრო საკნებში, თუ ბანაკებში „ჩამშვების“ ფუნქციას ასრულებდა. 1972 წლის ზაფხულში კა-გე-ბემ პეტრე იაკირი და ვიქტორ კრასინი დააპატიმრა. დაკითხვების დროს იაკირმა და კრასინმა, დანაშაული მოინანიეს, ორასზე მეტი საბჭოთა დისიდენტი გასცეს და მათ წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

საბჭოთა პოლიტიკური პოლიცია ცდილობდა, რომ დისიდენტები ისეთ "ოპერატიულ კომბინაციებში" გაება, საიდანაც იოლი იქნებოდა მათთვის "სამშობლოს ღალატისა" და "უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებების წარდგენა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სახის დანაშაული ყველა ქვეყნის მოქალაქეების სამართლიან გულისწყრომას იწვევდა და იწვევს. ამ გარემოებით ხშირად სარგებლობენ ავტორიტარული რეჟიმები და მათთვის არასასურველ პირებს თუ ორგანიზაციებს "სამშობლოს ღალატისა" და "ჯაშუშობის" საქმეებს "უკერავენ". 1976 წლის ბოლოს კა-გე-ბემ "მოღალატის" და "ჯაშუშის" კანდიდატი შეარჩია: ეს იყო "ჰელსინკის ჯგუფის" ერთ-ერთი აქტიური წევრი ანატოლი (ნათან) შჩარანსკი. საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად ჯერ პროპაგანდისტული

anatoli-natan-shcharanski-1762448366.jpg

ანატოლი (ნათან) შჩარანსკი

შეტევა დაიწყო. 1977 წლის 4 მარტს საბჭოთა გაზეთმა "იზვესტიამ" ა. შჩარანსკი ჯაშუშობაში დაადანაშაულა, რასაც იმით "ასაბუთებდა", რომ დისიდენტს კავშირი ჰქონია ამერიკელ ჟურნალისტებთან და დიპლომატებთან, რომლებიც სინამდვილეში ამერიკელი მზვერავები იყვნენო. უკვე 15 მარტს კი დისიდენტი დააპატიმრეს. სამაგალითო დასჯისთვის ა. შჩარანსკის კანდიდატურა კა-გე-ბემ ორი მიზეზით შეარჩია: ის აქტიურ დისიდენტურ მოღვაწეობასთან ერთად საბჭოთა კავშირში მცხოვრები ებრაელების უფლებების დამცველიც იყო. ამიტომ "ჯაშუშობაში" შჩარანსკის ბრალდებით კა-გე-ბე “ორ კურდღელს“ ერთდროულად დაიჭერდა: მსოფლიოს აჩვენებდა, რომ საბჭოთა დისიდენტებს, ვითომდა, უცხოეთის დაზვერვა მართავდა და, მეორე მხრივ, ყველა საბჭოთა ებრაელს, ვინც აპირებდა ისრაელში გამგზავრებას, ვითომდა, ისრაელის დაზვერვა ("მოსადი") და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აქეზებდნენ. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაირკვა, რომ წლების მანძილზე ა. შჩარანსკის გარემოცვაში მოქმედებდა კა-გე-ბეს აგენტი, პროფესიით ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ვინმე ა. ლიპავსკი, რომელიც სუკმა 1972 წელს გადაიბირა და მისი ოპერატიული ფსევდონიმი "ერვინი" იყო. სუკ-ის ერთ-ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ: "აგენტის დახმარებით განხორციელებული ოპერატიული კომბინაციის შედეგად, კა-გე-ბემ მოახერხა შჩარანსკის და "ერვინის" დასახლება ოპერატიული ტექნიკით აღჭურვილ ბინაში".

marjvniv-aleksandre-lipavski-1762448381.jpg

მარჯვნივ ალექსანდრე ლიპავსკი

ა. შჩარანსკის სასამართლო პროცესზე სწორედ ა. ლიპავსკი იყო ბრალდების მხარის მთავარი მოწმე. მსოფლიოში ყველაზე "ჰუმანურმა" საბჭოთა სასამართლომ დისიდენტი "სამშობლოს ღალატის" მუხლით გაასამართლა და 1978 წლის ივლისში ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "ღვაწლი" არ დაუკარგეს ლიპავსკისაც: კა-გე-ბეს წარდგინებით "სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სპეციალურ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის" 1979 წელს აგენტი "ერვინი" შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. აგენტისთვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენის მინიჭება მართლაც რომ უნიკალური მოვლენა იყო.

კა-გე-ბეს საბჭოთა დისიდენტების წინააღმდეგ მოქმედებების მრავალფეროვანი არსენალი ჰქონდა დამუშავებული და ამ საკითხს “შემოქმედებითად” უდგებოდა. მაგალითად: ოპერატიული კომბინაციების შედეგად “მახეს აგებდა” და თავად უბიძგებდა დისიდენტებს კავშირი დაემყარებინათ უცხოეთში მოქმედ ანტისაბჭოთა ორგანიზაციებთან, რათა ეს ფაქტი შემდეგ მათივე კომპრომეტირებისთვის გამოეყენებინა. ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი იხსენებს, რომ კა-გე-ბე ფარულად ხელს უწყობდა საბჭოთა დისიდენტების დაკავშირებას უცხოეთში მოქმედ ანტისაბჭოურ ორგანიზაცია НТС-თან (народно-трудовой союз”). НТС საბჭოთა პროპაგანდის მიერ საბჭოთა ხელისუფლების მთავარ მტრად იყო შერაცხილი და იმდენად იყო “დემონიზირებული”, რომ მასთან კავშირი ძალზე ამძიმებდა დისიდენტთა ბრალდებას და “სამშობლოს ღალატისა“ და “ჯაშუშობის” მუხლებით ისჯებოდა. აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებს, როგორც НТС-ში, ასევე, სხვა ემიგრანტულ ორგანიზაციებსა და უცხოურ “რადიოხმებში” მრავლად ჰყავდა აგენტურა, რაც უადვილებდა “დისიდენტებისთვის” ხაფანგების დაგებას. ასე რომ, დისიდენტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ჯაშუშობაში ბრალდება და მათი უცხოეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირების მცდელობა, ჯერ კიდევ კა-გე-ბეს მიერ დამუშავებული და აპრობირებული კლასიკური ოპერატიული კომბინაცია იყო.

(მესამე ნაწილის დასასრული)