"მანჩო გიორგობიანის სკანდალზე" პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა
შსს-მ თბილისში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ძალადობის საქმეს, სადაც უკვე დაკავებულები არიან მანანა გიორგობიანი და კიდევ 4 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებული არიან: 1970 წელს დაბადებული მანანა გიორგობიანი, 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა თბილისში, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის 2 თანამშრომელზე რამდენიმე პირთან ერთად ჯგუფურად იძალადა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.
დღესვე, ბრალდების წარდგენის შემდეგ, სავარაუდოდ, გაიმართება ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირიდან 4-ის მიმართ, მათ შორის, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილის, ჯაკო ჩარკვიანის სასამართლო პროცესიც.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
IPN