ზელენსკის "გაჯიუტება", რომელიც შესაძლოა დიდი ტრაგედიით დასრულდეს?! - იქნება თუ არა პოკროვსკი უკრანელი მებრძოლებისთვის ახალი მარიუპოლი - კვირის პალიტრა

ზელენსკის "გაჯიუტება", რომელიც შესაძლოა, დიდი ტრაგედიით დასრულდეს! - იქნება თუ არა პოკროვსკი უკრაინელი მებრძოლებისთვის ახალი მარიუპოლი?

ზელენსკის მორიგი „გაჯიუტება“- თითქმის დაკარგულ პოკროვსკიდან უკრაინელი ჯარისკაცების დროულ უკანდახევაზე ის ბრძანებას ისევ აგვიანებს...

მარიუპოლი, ბახმუტი, ავდეევკა - აი, იმ უკრაინული ქალაქების არასრული ჩამონათვალი, რომელთა დაცვას რუსი აგრესორების შეტევებისგან უკრაინის არმია სისხლის ბოლო წვეთამდე ცდილობდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მოუწია მათი დათმობა...

წაგებული პოზიციებიდან უკან დახევასაც თავის ტაქტიკა გააჩნია, ისე, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით განხორციელდეს და მით უმეტეს, არავითარ შემთხვევაში არ აღმოჩნდნენ მტრის ალყაში...

მარიუპოლის შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა და იქ რამდენიმე ათასი უკრაინელი სამხედრო აიყვანეს ტყვედ რუსმა ოკუპანტებმა, ამ ქალაქის ქარხნების სარდაფებში.

ბახმუტსა და ავდეევკაში, მართალია, ვერ შეძლეს უკრაინელი მებრძოლების სრულ ალყაში მოქცევა,მაგრამ მათი დაცვისას მაინც ბევრი გამოცდილი უკრაინელი მეომარი დაიღუპა, მათ შორის - სპეცრაზმებიდან, რადგან თითქმის დაკარგულ ამ ქალაქების ქუჩებში საბრძოლველად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მათ დამატებით აგზავნიდა, იმის ნაცვლად, რომ იქ მყოფთა დროულ და ორგანიზებულ უკანდახევაზე ბრძანება გაეცა. შედეგად, ბახმუტიდან და ავდეევკიდან დაგვიანებული და არაორგანიზებული უკანდახევა გამოქცევას დაემსგავსა, რამაც ბევრი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა, დაჭრილების ევაკუაცია კი ვერ განხორციელდა...

ყველაფერი ერთი ერთში მეორდება დღესაც, ამჯერად პოკროვსკის შემთხვევაში - რუსი ოკუპანტები ქალაქის 80%-ზე მეტ ნაწილში მცირე საბრძოლო ჯგუფებით მოქმედებენ და ფლობენ საბრძოლო ინიციატივას. მათგან პოკროვსკის სრული გაწმენდა, როდესაც არ არსებობს ერთიანი ფრონტის ხაზი და, შესაბამისად, ურთულესია ოპერატიულად დადგენა, თუ რომელ ქუჩასა და სახლს რომელი მხარე აკონტროლებს, შეუძლებლად მოჩანს.

ამას ემატება სრულ ალყაში მოქცევის უდიდესი საფრთხე, რადგან რუს ოკუპანტებს მხოლოდ ხუთიოდე კმ თუ დარჩათ ალყის „ტომრის“ პირის შესაკრავად პოკროვსკისა და მირნოგრადის დასავლეთით, რის შემდეგაც თითქმის შეუძლებელი გახდება პოკროვსკის დამცველი უკრაინელი მებრძოლების უკანდახევა და სამშვიდობოს გამოსვლა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალი სირსკი კი ასეთი ბრძანების გაცემას აგვიანებს და პირიქით - დამატებით დანაყოფებს აგზავნის პოკროვსკის გარეუბნებში, რაც გასაგებია, მარტო მისი ინიციატივა ვერ იქნება, რადგან ის ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს ანუ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის...

პრეზიდენტი ზელენსკი კი კვლავ „ჯიუტობს“, არ იძლევა ბრძანებას თითქმის დაკარგული პოკროვსკიდან მისი არმიის ჯარისკაცების დროულ და ორგანიზებულ უკანდახევაზე, რითაც რისკავს, რომ განმეორდეს ბახმუტისა და ავდეევკის მძიმე სცენარი ან კიდევ უფრო უარესი - სრული ალყა, მარიუპოლის მსგავსი ტრაგედიით...

გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენკის, პირველ რიგში, ამოძრავებს პოლიტიკური მიზნები - ერთი პატარა უკრაინული ქალაქის, პოკროვსკისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლით მას სურს დასავლეთს და, პირველ რიგში კი, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს დაუმტკიცოს, რომ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობით უკრაინა აგრძელებს ბოლომდე ბრძოლას რუს დამპყრობლებთან და ამერიკულ მხარეს შეუძლია, დამატებითი სამხედრო დახმარება გამოუგზავნოს კიევს...

ამდენი ქალაქის დაცემას ბევრი ქვეყანა უბრალოდ ვერ გაუძლებდა და აქამდე კაპიტულაციას გამოაცხადებდა. უკრაინელებმა ეს არ დაუშვეს და გმირულად აგრძელებენ რუსი აგრესორების მუდმივი და ფართომასშტაბიანი შეტევების დროებით შეჩერებას მაინც, მაგრამ იმისთვის, რომ უკრაინის არმიამ შეინარჩუნოს ბრძოლისუნარიანობა და გააგრძელოს თავდაცვითი ბრძოლები მტერთან, დანარჩენი უკრაინის დასაცავად, საჭიროა სწორედ ამ უკრაინული არმიის პირადი შემადგენლობის მოფრთხილება და მათი გადარჩენა იქ, სადაც ადგილობრივი მასშტაბის ბრძოლა უკვე წაგებულია და აღარ ღირს თავის შეკვლა...