“საუკეთესო ადამიანი იყო. ძალიან ფრთხილი და გამოცდილი... ძალიან დიდი ტკივილია მისი გარდაცვალება" - რას ჰყვებიან ახლობლები ახალგაზრდა ბაიკერზე
უმძიმესი ავარია მოხდა თბილისში, სანაპიროზე, რასაც 22 წლის ბიჭის, დიმა პანიუკოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
შედეგი უმძიმესია, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს:
“მე რომ გავიარე ავარია უკვე მომხდარი იყო, მოტო იქვე ეგდო, სასწრაფო უკვე მოსული იყო და ექიმები ბიჭს გულის მასაჟს უკეთებდნენ. მართლა საშინელი სანახავი იყო, სულ თვალწინ მიდგას ეს მძიმე კადრები. ბიჭის ჩაფხუტი მოშორებით ეგდო, გული ცუდათ გამიხდა, მერე სოციალური ქსელით გავიგე, რომ სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს ექიმებმა”.
სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ამ უმძიმესი ავარიის ამსახველი კადრები. დიმას ახლობელს ძალიან უჭირს მასზე წარსულში საუბარი.
“საუკეთესო ადამიანი იყო დიმა. ძალიან ფრთხილი და გამოცდილი ბაიკის მართვაში. გაგვანადგურა ამ ამბავმა. 22 წლის იყო. ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. ავტო ფოტოგრაფი იყო. იღებდა ავტომობილების ფოტოებს, ჰქონდა თავისი გვერდი სოციალურ ქსელში და იქ აქვეყნებდა. მართლა კარგი ფოტოები აქვს გადაღებული, ასე კარგად არავინ აკეთებდა ამას. იმ დღეს რა მოხდა არ ვიცი, ძალიან განვიცდი მომხდარს, ძალიან ახალგაზრდა იყო, 22 წლის, ოჯახიც არ ჰქონდა შექმნილი. თბილისში ცხოვრობდა, ძალიან დიდი ტკივილია მისი გარდაცვალება" -ამბობს გარდაცვლილი ახალგაზრდას ახლობელი.
დიმას გარდაცვალებას ეხმაურებიან სოციალურ ქსელშიც:
"კიდევ ერთი კარგი ავტომოყვარული გამოგვაკლდა, დიმა იყო ადამიანი ვინც მხოლოდ სიკეთეს და პოზიტივს ქმნიდა. უწესიერესი, უკეთილშობილესი, კარგი ადამიანი. ლოცვებში მოგიხსენიებთ და სულ გვემახსოვრები ძმაო".
"ესეთი ადამიანები ძალიან იშვიათები არიან. უკარგესი უწესიერესი და უპატიოსნესი ბიჭი იყავი ჩემო ძმაო. დასანანია ძალიან შენნაირი მეგობრის- ძმაკაცის დაკარგვა ესე ადრეულ ასაკში . ძალიან მენანები ჩემო დიმა. ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ძმაო"
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
(სპეციალურად საიტისთვის)