"სამწუხაროდ, ის წკრიალა ხმები აღარ არის... სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ ფონოგრამაზე გამოვიდეთ" - გია ნაცვლიშვილის გზა ფიზიკოსობიდან "4 გიამდე"
გია ნაცვლიშვილი ფიზიკოსია, 1979 წლიდან 28 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში მუშაობდა. "ცუდი ფიზიკოსი ნამდვილად არ ვიყავი. უნივერსიტეტიდან წამოსვლის შემდეგ, ორჯერ მქონდა შეთავაზება, უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ფიზიკა ჩემთვის უკვე დამთავრდა,“ - გვეუბნება გია ნაცვლიშვილი...
მიუხედავად იმისა, რომ არის ფიზიკოსი, პედაგოგი, სიმღერების ავტორი და მომღერალი, მასობრივად მაინც კვარტეტიდან "4 გია" გაიცნეს. როგორ მოვიდა ამ პოპულარულ ჯგუფამდე, რა გზა გაიარა "4 გიასთან" ერთად, ამაზე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- მუსიკა ჩემთან ალბათ დაბადებიდან იყო, - ბებიები, პაპები - ორივე მხრიდან საკმაოდ კარგი მუსიკოსები მყავდა. დედა მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსი გახლდათ, ძალიან კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, დამთავრებული ჰქონდა მუსიკალური ტექნიკუმი. მამაჩემს ძალიან უყვარდა ოპერა, ხშირად დადიოდა სპექტაკლზე და ოპერა კარგად იცოდა. მამის მხრიდან მყავს ცნობილი მუსიკოსი პავლე დემურიშვილი, ასევე ლოტბარი - შალვა სიხარულიძე. ჩემი და - თინა ნაცვლიშვილი, გარდა იმისა, რომ მუსიკათმცოდნეა, ცნობილი სიმღერების ტექსტების ავტორიც, მათ შორის, ბევრი ჰიტის.
- მერე ისე მოხდა, რომ მუსიკის პედაგოგიც გახდით, ხომ?
- პატარა ისტორიას მოვყვები: ბნელ 90-იანებში მე და ნუგზარ კვაშალმა გადავწყვიტეთ, საბავშვო სტუდია დაგვეარსებინა. ჩემი და მაშინ ჯაზის აკადემიაში მუშაობდა და სტუდიის გახსნა იქ გადაწყდა. დავნიშნეთ კასტინგი, მოვიდნენ ბავშვები, მაგრამ ნუგზარი არ ჩანდა, თურმე სამუშაოდ მოსკოვში წავიდა. გადავირიე, ბავშვებთან მუშაობის არავითარი გამოცდილება არ მქონდა. ხალხს ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ ამის გაკეთებას მარტო ვერ შევძლებდი. მშობლები მეუბნებოდნენ - გვინდა ბავშვები თქვენთან მოვიყვანოთო. ცუდ დღეში ჩავვარდი...
აკადემიაში ერთი კარგი გოგო, მაკა გამყრელიძე სწავლობდა, რომელიც დღეს ჯაზის სერიოზული მომღერალია და მასთან ერთად დავიწყე სტუდიის შენება. იძულებული გავხდი, სიმღერებიც დამეწერა, არანჟირებებიც გამეკეთებინა და ასე შევქმენით სტუდია „ექსპრომტი“. სხვათა შორის, ჩვენთან ბევრი კარგი ბავშვი იყო, რომლებიც დღეს ცნობილი ადამიანები არიან... რადგან სიმღერების წერა დაწყებული მქონდა, სხვებისთვისაც ვწერდი... პედაგოგობას ასე ავუღე ალღო. ბოლო დროს გადავწყვიტე, ჩემს პედაგოგობაში რაღაც ახალი შემეტანა - ბავშვებს გიტარაზე ცოტა სხვა მეთოდით ვამეცადინებ. არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ვასწავლი მუსიკას და მგონი, არ ვარ ცუდი მასწავლებელი. ბევრ მოსწავლესთან ერთად არ ვმუშაობ - მაქსიმუმ 2-3. ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. გააგრძელეთ კითხვა