"მამა ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია იმ დროს... ბევრ სისასტიკეს უმკლავდებოდა. როდესაც საბჭოთა ტერორი გაძლიერდა და მონასტრების დარბევა დაიწყეს, იგი საქართველოში, სოხუმში ჩამოვიდა. დიდხანს იყო განდეგილი აფხაზეთის "შორეულ უდაბნოში"
"იჩქარეთ, თესეთ სიკეთე, თორემ ამ ქვეყნიდან რომ გახვალთ, მერე უკვე გვიან იქნება"
არსებობენ ბერები, რომელთა ამქვეყნიდან წასვლა მხოლოდ სხეულის გაცილებაა. მათი სულიერი ძალა და მეოხება კი სიკვდილის შემდეგაც უქრობი კანდელივით ანთია. სწორედ ასეთია მამა ვიტალი, რომელმაც საქართველო, რომელსაც წმინდა ივერიად იხსენიებდა, საკუთარი სამშობლოსავით შეიყვარა.
მამა ვიტალის სიკვდილის წინ ნუგეშად დატოვებული აღთქმა ყველა მიწიერ ზღვარს სცდება: "მოდით ჩემს საფლავთან, მიამბეთ თქვენს გასაჭირზე, როგორც ცოცხალს, და მე დაგეხმარებით". მართლაც, წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, მის განსასვენებელთან მუხლმოყრილს, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს ცოცხლად ხედავ და ესაუბრები.
შარშან, მამა ვიტალის ხსენების დღეს, იღუმენია ელისაბედმა (ზედგინიძე) საფლავზე ტელეფონით ჩვეულებრივი ფოტო გადაიღო. შემდეგ აღმოაჩინა ის, რაც ძნელად დასაჯერებელია - ფოტოზე მამა ვიტალია გამოსახული - არადა, იმ ადგილზე არავინ მდგარაო, ამბობს იღუმენია.

საფლავზე ყოველთვის დაგხვდებათ კანფეტები - მამა ვიტალის ყველაზე ტკბილი ანდერძი.
იღუმენია დედა ელისაბედ ზედგინიძე გვიზიარებს, რომ ეს ბერის სიცოცხლის დროინდელი ჩვევის გაგრძელებაა: მამა ვიტალი მასთან მისულ ყველა ადამიანს, სიტკბოების ნიშნად, კანფეტებით უმასპინძლდებოდა. არადა, რაღაც სხვანაირი, მადლიანი გემო აქვს "მამა ვიტალის კანფეტებს".
წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენია, ელისაბედ ზედგინიძე, მამა გაბრიელის სულიერი შვილი იყო და ახლოს იცნობდა მამა გაბრიელის სულიერ ძმას, - სქეტმარქიმანდრიტ ვიტალის, ხშირად გამხდარა მამა ვიტალის არაამქვეყნიური ძალით ქმნილი უჩვეულო საქმეების მომსწრეც...
- იღუმენია ელისაბედ, თქვენ ახლოს იცნობდით მამა ვიტალის, მისი ამქვეყნიური ცხოვრება ხშირად იმეორებს სახარებისეულ მოვლენებს, გავიხსენოთ მისი ამქვეყნად მოვლინება...
- როდესაც მომავალი ბერის დედა, ელისაბედი, მამა ვიტალიზე იყო ფეხმძიმედ, უჩვეულო ხილვის ღირსი გახდა. მას ანგელოზი გამოეცხადა და ორი მზის გამოსახულება უჩვენა. გაკვირვებულმა დედამ იკითხა, რას ნიშნავდა ორი მზე, პასუხად მიიღო: "ერთი მზე ცაშია, მეორე შენს მუცელშიო".
მართლაც, დაიბადა საოცარი ყრმა, ვიტალი. მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, ოჯახისთვის არასასურველი ბავშვი აღმოჩნდა. ოჯახს ძალიან უჭირდა. მამა კეთილი კაცი იყო, მაგრამ ბებია (მამის დედა) მეტად ავი ქალბატონი გახლდათ. ის სულ ეჩხუბებოდა რძალს და აიძულებდა, მთელი დღე ყანაში ემუშავა. პატარა ვიტალი მშიერი რჩებოდა, მაგრამ ხმასაც არ იღებდა. ბებია ამაზეც ბრაზობდა, - "საჭმელი არ გაქვს და როგორ არ ტირიო?!" – პირში ჩალას უტენიდა. ის ამ ყველაფერს მორჩილებით და მდუმარებით იტანდა.
- მამა ვიტალის ცხოვრება ყრმობიდან სასწაულებით გაბრწყინდა, იქნებ რამდენიმე ამბავიც გავიხსენოთ...
- 40 დღის ვიტალი დედამ ტაძარში მიიყვანა. როდესაც მღვდელმა საკურთხეველში შეიყვანა, ჩვილიდან ისეთი მადლი წამოვიდა, მღვდელიც და ბავშვიც გაბრწყინებულები გამოვიდნენ. მოძღვარს დედისთვის უთქვამს: "ეს ბავშვი დიდი ადამიანი გაიზრდებაო".
კითხვა ისწავლა თუ არა, მისი საყვარელი წიგნი სახარება გახდა. ორლესული მახვილივით გაიარა ღვთის სიტყვამ ჯერ კიდევ ყრმა ვიტალის გულში. 7-8 წლის ასაკში, მთელი სახარება ზეპირად იცოდა და ყველას ღვთის სიტყვაზე ესაუბრებოდა.
ბებია ამის გამოც ეჩხუბებოდა, ერთხელ დაუხია, კიდეც, სახარება.
წავიდოდა დიდ ორმოში, ჩაწვებოდა და ლოცულობდა. ერთხელ, მისი მეზობელი მევახშის ვალის გამო ქონებას კარგავდა. კაცმა პატარა ვიტალის გაუზიარა თავისი გასაჭირი. ვიტალიმ ილოცა და მოხდა სასწაული: ვაჭარმა ვალი აპატია.
როდესაც წამოიზარდა, ზუსტად იცოდა, რომ უარი უნდა ეთქვა ამქვეყნიურ მოქალაქეობაზე და მხოლოდ ზეციური მოქალაქეობის მისაღებად ეღვაწა, ამიტომაც, იმ დროისათვის გაუგონარი რამ ჩაიდინა - საბჭოთა პასპორტი დახია.
ყმაწვილკაცობიდანვე წავიდა სახლიდან და ეკლესიებსა და მონასტრებს აფარებდა თავს. 19 წლის იყო, როდესაც ჯარში გაიწვიეს, თუმცა მალევე განაცხადეს, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სინამდვილეში, მამა ვიტალი გლინის უდაბნოში იმყოფებოდა.

- საქართველოში როგორ აღმოჩნდა?
- როდესაც საბჭოთა ტერორი გაძლიერდა და მონასტრების დარბევა დაიწყეს, მამა ვიტალი იძულებული გახდა გლინის უდაბნო დაეტოვებინა და საქართველოში, სოხუმში ჩამოვიდა. დიდხანს იყო განდეგილი აფხაზეთის „შორეულ უდაბნოში“...
თბილისში სიცოცხლის ბოლო წლებში ჩამოვიდა, უკვე ხანში შესული. წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში მსახურობდა და დიდუბეში, ერთ პატარა, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობდა. საოცარი იყო მისი თავმდაბლობა: ის იქაურ დედებსა და მორჩილებს თვითონ ემსახურებოდა. ხშირად იცოდა თქმა: "თუ გინდა ღმერთთან მიხვიდე, უკიდურესად უნდა დაიმდაბლო თავიო".
- მამა ვიტალისთან თქვენი პირველი შეხვედრაც შთამბეჭდავი და ემოციურია, გავიხსენოთ კიდევ ერთხელ..
- მამა გაბრიელის სულიერი შვილი ვიყავი და სწორედ მისგან მივიღე კურთხევა, რომ მონაზვნობის გზას სანამ შევუდგებოდი, მამა ვიტალი მენახა. დიდი ბრძოლები მქონდა, სწორად ვიქცეოდი თუ არა მონასტერში წასვლის გადაწყვეტილებით. საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა ერში და ჩემს ირგვლივ ყველა ეწინააღმდეგებოდა ჩემს მონასტერში წასვლას.
ვიცოდი, დიდი ბერი იყო. როდესაც მის სენაკს მივუახლოვდი, შიში ვიგრძენი - ვფიქრობდი, ასკეტი ბერია, მკაცრი იქნება და ჩემი ფიქრების გამო დამსჯი-მეთქი. ვერ გავბედე შესვლა და უკან წამოსვლას ვაპირებდი. უეცრად სენაკის კარი გაიღო და ვხედავ, ერთიანად გაბრწყინებული დგას კარებში. თბილად მომკიდა ხელი და მკითხა - შვილო, რისი გეშინიაო?..
აზრებს კითხულობდა ადამიანი!
დაიჩოქა და მეტანიების კეთება დაიწყო, ფეხებს მიკოცნიდა. საოცარი სიმდაბლის მაგალითი მიჩვენა. იმდენად ემოციური და ამაღელვებელი მომენტი იყო, ერთიანად შემძრა, შევწუხდი, ტირილი დავიწყე და მეც დავიჩოქე. მომეფერა, კანფეტები მაჩუქა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და სერაფიმ საროველის ხატებთან მიმიყვანა და მითხრა:
"არასოდეს შეგეშინდეს, შენი გზა მონასტერია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და სერაფიმ საროველი გაგიწევენ მფარველობას. მთავარია, სთხოვო უფალს და ისინი შეგეწევიანო".

- თვითონაც განსაკუთრებით სასოებდა ღვთისმშობლის და სერაფიმე საროველის ხატებს...
- მამა ვიტალი განსაკუთრებით სასოებდა სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც „ოდიგიტრია“ ანუ "გზის მაჩვენებელი" ეწოდება.
როცა ძალა შესწევდა და ოჯახებში დადიოდა, ეს ხატი სულ თან დაჰქონდა და მისი მეოხებით კურნავდა ადამიანებს. სმოლენსკის ღვთისმშობლისგან გამოცხადებაც ჰქონდა – არ ვიცი, რაზე ესაუბრა დედა ღვთისმშობელი, მაგრამ მამა ვიტალი ამბობდა, რომ ყველაფერზე მისი კურთხევა მაქვსო. იმდენად ახლობელი იყო მისთვის, გულის ჯიბითაც ატარებდა ხატს. ადამიანებს ხშირად უნახავთ, როგორ ლოცულობდა მუხლმოყრილი ბერი სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის წინაშე.
სერაფიმე საროველის ხატსაც განსაკუთრებულად ეთაყვანებოდა, რომელზეც წმინდა მამა ქვაზე დაჩოქილია გამოსახული. ეს სერაფიმ საროველის უმძიმესი ასკეტური ღვაწლის - 1000 დღის მანძილზე ქვაზე მუხლმოყრილი ლოცვის განსახიერებაა.
- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ორ დიდ ბერს - მამა გაბრიელს და მამა ვიტალის?
- ხშირად არ ხვდებოდნენ, მაგრამ სულიერად სულ კონტაქტში იყვნენ. მამა ვიტალისთან მივედი თუ არა, მითხრა: "მამა გაბრიელმა გამოგიშვა, ხომ?"
მაგალითად, მამა გაბრიელი იტყოდა ხოლმე: „ახლა მამა ვიტალი ლოცულობს, რომ საქართველო გაბრწყინდეს.“ რა თქმა უნდა, დეტალებში არ ვიცი, რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ფაქტია - მამა ვიტალიმ წაიკითხა, რომ მამა გაბრიელისგან ვიყავი გაგზავნილი. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით საუბრობდა გაბრიელ ბერზე - მშვენივრად ესმოდა სულიერი თანამებრძოლისა და ამბობდა: გაბრიელ ბერი უდიდესი ბერიაო.
- მამა ვიტალიმ, ისევე, როგორც მამა გაბრიელმა, ათწლეულებით ადრე იწინასწარმეტყველა ძმათამკვლელი ომი და ეს იყო მათთვის დიდი ტკივილი...
- ხედავდა, რომ მძიმე დრო მოდიოდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა, რომ ომი არ მომხდარიყო. სამწუხაროდ, ომი გარდაუვალი აღმოჩნდა.
1991 წლის დეკემბერში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე სროლა დაიწყო, მამა ვიტალი ღვთისმშობლის ხატით ხელში დადგა და ლოცვა დაიწყო. იმ წუთებში ტყვიებმა მოძრაობა შეწყვიტეს და არავინ დაშავებულა. ღმერთს არასოდეს უნდა ომი და სისხლის ღვრა, თუმცა უნდა მოხდეს სინერგია, ხსნა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა სინერგია ადამიანის ნებისა და ღვთის მადლის თანამოქმედებაა.
ძალიან კარგი ხალხური სიბრძნე გვაქვს: „მე ღვთისკენ და შენ ეშმაკებისკენო?“ ჭეშმარიტი სასწაული და ხსნა მოითხოვს სინერგიას. ლოცვა გვეწევა, მაგრამ ადამიანის ნება არის მთავარი გასაღები.
მამა ვიტალი ერთხანს მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობდა, მოსანახულებლად მივედი, უძლურად იყო და დედა სერაფიმეს ვუთხარი, არ შევაწუხებ, როცა შეძლებს, მომიხსენიოს-მეთქი. მეორე ოთახში იწვა, კარიც მიხურული ჰქონდა და იმდენად ჩუმად ვუთხარი, შეუძლებელია გაეგო. იგრძნო, რომ მოვედი. დაუძახა დედაოს და უთხრა, შემოვიდესო.
შევედი, დავიჩოქე, მაგრამ თვითონ მომკიდა ხელი და მითხრა: „ნუ იჩოქებ.“ დამლოცა, გამაძლიერა და გამომიშვა.
როდესაც კითხვას უსვამდი, ან ფიქრობდი, რა კითხვა დაგესვა, ან გადაწყვეტილება უნდა მიგეღო და ორჭოფობდი, მიუახლოვდებოდი თუ არა მის კელიას, ზუსტად იცოდი, რა იყო სწორი. შედიოდი და გიდასტურებდა.
- დედაო, რა იყო მამა ვიტალის მთავარი სულიერი დარიგება?
- "იჩქარეთ, თესეთ სიკეთე, თორემ ამ ქვეყნიდან რომ გახვალთ, მერე უკვე გვიან იქნება". სიყვარულს გულისხმობდა, თუ არ გიყვარს, სიყვარული არ შეგიძლია, სიკეთეს ვერ გააკეთებ.
გული მტკივა, რომ ადამიანი ადამიანს ასე ადვილად იმეტებს, ლანძღავს, ურჩობს.
მამა გაბრიელი ყოველთვის ამბობდა: „ყველა ადამიანში ყოველთვის არის ერთი რამ მაინც, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს. გიყვარდეთ ყველანი".
მამა ვიტალი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს ხალხის დახმარებას. დღემდე უამრავი ადამიანი მიდის მის განსასვენებელთან, ესაუბრებიან როგორც ცოცხალს, დახმარებასა და ნუგეშს სთხოვენ. ისიც, როგორც სიცოცხლეში, ყველას ეხმარება...

- დედა ელისაბედ, მამა ვიტალის საფლავთან მომხდარი უამრავი სასწაულის თვითმხილველიც იქნებით. გახსენდებათ რომელიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც დღესაც ისე ცხადად გიდგათ თვალწინ, თითქოს ახლახან მომხდარიყოს?
- ჩვენ ყოველ დილას და საღამოს მივდივართ მამა ვიტალის საფლავზე: დილით კურთხევას ვთხოვთ, საღამოს მადლობას ვწირავთ შეწევნისთვის.
ერთ დილას, გამოვდივარ და ვხედავ, ერთი ქალბატონი დაჩოქილია საფლავთან და გულამოსკვნით ტირის. მივუახლოვდი, მიზეზი ვკითხე. აღმოჩნდა, მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა პანკრეასზე. მითხრა, ექიმები პანკრეასს არ ელოდნენ, როდესაც გახსნეს, ნახეს, რომ მეტასტაზები მთელს ორგანიზმზე იყო მოდებული, ჭრილობა დახურეს და საავადმყოფოდან მხოლოდ ერთი თვის სიცოცხლის გარანტიით გამომიშვესო. ქალიშვილი ჰყოლია ფეხმძიმედ, მამა ვიტალის ევედრებოდა, იმდენი ხანი გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე, რომ შვილიშვილი დაენახა. ვანუგეშე, ვუთხარი, თქვენ ისეთი გულშემუსვრილი ითხოვთ, აუცილებლად შეგისრულებთ-მეთქი.
დაახლოებით შვიდი თვის შემდეგ ვხედავ ამ ქალბატონს, დგას მამა ვიტალის საფლავთან გაბრწყინებული და გახარებული. მოვიკითხე და მითხრა: „თქვენ წარმოიდგინეთ, სრულიად განვიკურნეო!“ ექიმები არ იჯერებდნენ. კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ორჯერ გადამიღეს, დაეჭვდნენ, ალბათ ვერ გადაიღო კარგადო. წარმოიდგინეთ: მცირედი ითხოვა და მეტი მიეცა.
ერთი ქალბატონის შვილი საზღვარგარეთ პატიმრობაში აღმოჩნდა. მამა ვიტალის საფლავთან ტიროდა, დეტალებში აღარ ჩავძიებივარ, მაგრამ ვურჩიე, შეევედრე მამა ვიტალის-მეთქი. ზუსტად ორ კვირაში მისი შვილი გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნდა. დიდი ძალა აქვს მის მეოხებას.
რამდენიმე წლის წინ, ერთი უშვილო ქალბატონი იყო მოსული და მთელი არსებით ევედრებოდა მამა ვიტალის, დედობის სიხარული განეცადა. 51 წლის ასაკში ეყოლა შვილი. ხომ არის ეს უდიდესი სასწაული? ბავშვს ვიტალი დაარქვეს, მისგან ნაჩუქარი შვილიაო.
- მთელი მისი ცხოვრება კი იყო განუწყვეტელი განსაცდელი, გაუგონარ სისასტიკეებს უმკლავდებოდა, ერთხელ ისე სცემეს, მკვდარიც კი ეგონათ და მორგში გადაიყვანეს, ტუბერკულოზსაც გადაურჩა, - არადა უკვე ფილტვები ეშლებოდა...
- ამ ადამიანის გამძლეობა ღვთის სასწაული იყო. არაამქვეყნიური სულიერი ძალები ჰქონდა ღვთისგან. ერთხელ, დედაო მალამოს აცხებდა და შემთხვევით მოვკარი თვალი, უამრავი იარა ჰქონდა სხეულზე. ის გამოდიოდა განსაცდელისგან და მადლობას სწირავდა უფალს. უდიდესი სიყვარული ამოძრავებდა.
ჯერ კიდევ ჩვილი, ერთხელ ისე გადააგდო ბებიამ, რომ ცოცხალიც არ უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ არაფერი დაზიანებია - ხმაც არ ამოუღია. ასე ეწეოდა მას ზეციური ძალა.
- მამა ვიტალის ამქვეყნიდან გასვლაც სასწაულებით გაბრწყინდა... დედები, რომლებიც მამა ვიტალის უვლიდნენ, იგონებენ, რომ სიკვდილის წინ ღვთისმშობელი გამოეცხადა და ატირდა...
- ეს ისტორია დეტალებში არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ღვთისმშობელი გამოეცხადა და მამა ვიტალის სიხარულისგან ცრემლები სდიოდა. არ ვიცი, რა აუწყა დედა ღვთისმშობელმა, ალბათ არც არავინ იცის. თავად ღვთისმშობლის დანახვაც ხომ უდიდესი სულიერი სიხარული იქნება.
წესის აგების დროს კი თვითონ აიღო ხელში შენდობის ფურცელი, - ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი.
მამა ვიტალი ჯერჯერობით წმინდანად არ არის შერაცხული, მაგრამ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უკვე იქცა სასწაულებრივი სიწმინდის მაგალითად. ვინც ოდნავ მაინც შეხებია მის სულიერ მადლს, ყოველთვის გრძნობს მის დახმარებას; არ არსებობს ხატებიც, თუმცა არსებობს რამდენიმე ფოტოასლი, რომლებიც იქცნენ მადლის მატარებლად...
ასეთი სამი ფოტოა, - მამა ვიტალი სმოლენსკის ხატთან, მეუფე ზინობთან და მარტო. მათაც ევედრებიან ადამიანები და მამა ვიტალი ისმენს და ეხმარება.
წმინდა სერაფიმე საროველი ასი წლის შემდეგ შერაცხეს წმინდანად, არადა, უდიდესი მოღვაწე იყო, მიწიერებაშიც აურაცხელ სასწაულს ჩადიოდა. მან თავად იწინასწარმეტყველა: "ვინც მე წმინდანად შემრაცხავს, იმ ადამიანზე მე ვიქნები მეოხი ღვთის წინაშე, რომ წმინდანად შეირაცხოსო". ნიკოლოზ II-მ შერაცხა იგი ასი წლის შემდეგ და მამა სერაფიმეს ზეციური ლოცვით, თავად ნიკოლოზ II-ც წმინდანად შერაცხეს. ასევე, ყოველ ღვთის მონაზე დგება თავისი ჟამი, მანამდე კი შეგვიძლია ვევედროთ გულით და აუცილებლად დაგვეხმარება.
- მამა ვიტალის კანდელის ზეთსაც აქვს მაკურნებელი ძალა?
- ზოგადად, კანდელის ზეთი მადლმოსილია, მამა ვიტალის საფლავთანაც ზუსტად იგივე სულიერი კანონი მოქმედებს. წმინდანის მეოხეობითა და საფლავზე აღვლენილი ლოცვებით, ზეთი ივსება განსაკუთრებული მადლით და ბუნებრივია, მაკურნებელია. ბევრი ადამიანი განუკურნავს სხვადასხვა სნეულებისგან ამ ზეთის ცხებით.
- დედაო, ყოფილა შემთხვევა, მამა ვიტალისთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ გითქვამთ საჯაროდ?
- ყოფილა, სიცოცხლეში რაღაცის თქმა ვერ მოვასწარი, მაგრამ მის საფლავთან მითქვამს და მიგრძნია, რომ მან ეს მიიღო და გავთავისუფლდი. როცა შინაგანად რაღაც გაწუხებს, გღრღნის, გადაწყვეტილების მიღება გიჭირს, საფლავთან მიდიხარ, გულით ესაუბრები და სიმძიმეც და გაურკვევლობაც გეხსნება.
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)