"როცა პირველად ინდონეზიის ჯუნგლებში, ორანგუტანგების გვერდით აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ მულტფილმი "მაუგლი" შესაძლოა, რეალობაც ყოფილიყო" - ქართველი მოგზაური გოგონას შოკისმომგვრელი ამბები
"ის ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მოქმედი ვულკანია, რომლის კრატერში 200 მეტრის სიღრმეზე, ღამის 3 საათზე ჩავედით"
„საფარის აღმოჩენისას, მანქანა ტალახში გაიჭედა, იქ, სადაც მანქანიდან გადმოსვლა აკრძალულია, რადგან ცხოველების სამყაროში იმყოფები. მაინც მოგვიწია გადმოსვლა, რეინჯერები აკონტროლებდნენ სიტუაციას, რომ საფრთხე არ შეგვქმნოდა, უდიდესი ადრენალინი იყო" - ამბობს მირანდუხტ დავითულიანი.
მან უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა და გამაოგნებელი თავგადასავლებიც აქვს, რომლის ნაწილიც ჩვენც გაგვიზიარა...
- დავიბადე და გავიზარდე ულამაზეს რაჭაში. ბავშვობიდან, ჩემი ყოველდღიურობა ბუნებასთან კავშირით იწყებოდა, შესაბამისად, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, რაჭის რაღაც ნაწილი მაინც აღმომეჩინა და კლასელებთან ერთად, რამდენიმე ლაშქრობაც კი მოვაწყვეთ, რაჭის ულამაზეს სოფლებში. მივხვდი, რომ სიახლეების აღმოჩენა საოცარ ემოციას მანიჭებდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით დაიწყო ჩემი მიზიდულობა მოგზაურობის მიმართ.
- ლაშქრობები სტუდენტობის პერიოდშიც გააგრძელეთ?
- დიახ, 4 წელი ვსწავლობდი სოციოლოგიის ფაკულტეტზე, ყოველი თავისუფალი დრო მოგზაურობას და ლაშქრობას ეძღვნებოდა. ფული არ მქონდა, შესაბამისად, ყოველი მოგზაურობა, თუ ლაშქრობა ავტოსტოპის მეშვეობით ხორციელდებოდა. ერთ დღესაც, როცა მივხვდი, რომ ლაშქრობაში ის ფეხსაცმელი აღარ მადგებოდა, რაც მქონდა, ჩემი გრძელი თმა უმოკლესად შევიჭერი, გავყიდე და ჩემი პირველი სალაშქრო ფეხსაცმელიც შევიძინე.
- საქართველოში სად იმოგზაურეთ?
- ასე ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან ფაქტობრივად, ყველგან ვიყავი. აი იქაც, რომელი ადგილის სახელიც კი თვით რაჭის 98% მოსახლეობისთვისაც უცნობია. ზოფხითო - შორეული მთები, სადაც ადრეულ წლებში ვერცხლისწყალს მოიპოვებდნენ... უამრავი თავგადასავალი იყო თითოეული გასვლა, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველა კუთხეში მყავს ვინმე ისეთი, ვისთანაც შემიძლია მივიდე და დავრჩე. რაჭის მთებში შეძენილი მეგობრები კი უახლოესი მეგობრები გახდნენ. ბებია აღარ მყავს-მეთქი აღარ ვამბობ, რადგან ამ ოჯახის ბებია ჩვენი ბებიასავით ახლობელი გახდა. ავტოსტოპით მოვიარე აზერბაიჯანში ბაქო, შაქი, კახი, შირვანი, ტაოკლარჯეთი, არტანუტი, კაბადოკია, ტრაბზონი, სუმელას მონასტერი და ა.შ.
- სათავგადასავლო ამბავიც უხვად გექნებოდათ...
- დიახ, ისტორია უამრავია, ყველა ძალიან დადებითი და სასიამოვნო. თუმცა ერთ-ერთს გაგიზიარებთ: როცა ანკარიდან საქართველოს მიმართულებით ავიღეთ გეზი, ერთმა კეთილმა კაცმა მანქანა გაგვიჩერა, გზაში ვისაუბრეთ და რომ ვუთხარით, საქართველოში ავტოსტოპით მოვდიოდით, პირდაპირი მნიშვნელობით შოკში ჩავარდა. გვეხვეწა, რომ ასეთი საშიში რამ აღარ გაგვეგრძელებინა და ავტობუსით წავსულიყავით საქართველოს საზღვრამდე. თავისივე ინიციატივით აიღო გეზი სადგურისკენ და თან გვეუბნებოდა, მე ასეთ სახიფათო გზაზე ვერ გაგიშვებთ ავტოსტოპით, ახლავე გიყიდით ყველას ავტობუსის ბილეთებს და მშვიდობიანად გაგიშვებთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი თავგადასავლის გაგრძელება ავტობუსში არ გვინდოდა და ზუსტად 40 წუთზე მეტი დაგვჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ საფრთხეში არ ჩავიგდებდით თავს და დიდი თხოვნით, სადმე ქალაქის გასასვლელთან ჩამოვესვით. კაცი გაგიჟებული იყო, თუმცა სხვა გზა არ დავუტოვეთ, მიგვიყვანა ქალაქის გასასვლელთან, მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვა და თან მოგვაძახა, თქვენ გიჟები იქნებითო და წავიდა.
- მხოლოდ გოგონები იყავით?
- გოგონებს ორი ბიჭიც გვახლდა... რა თქმა უნდა, ყოველი გადაადგილება უდიდეს თავგადასავალს გვაძლევდა. ერთხელ, ჩემი ტყუპისცალი და ერთი კვირით ადრე იყო არტანუჯში ჩემ გარეშე, ვიღაც კეთილმა ცოლ-ქმარმა მიიპატიჟა და მათთან გაათია ღამე, ძალიან დამეგობრდნენ. ერთი კვირის შემდეგ მე წავედი, გზაში შევხვდი შემთხვევით იმ კაცს, მეძახდა - თამარ, თამარ, მე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ თან გამიკვირდა ჩემი დის სახელი საიდან იცის-მეთქი. მერე კარგად დავაკვირდი ამ კაცს და ფოტოთი მივხვდი, ვინც იყო. კარგი მეგობრებივით გამოვესაუბრეთ ერთმანეთს, ჩაიზე დამპატიჟა და წამოვედი.
- დები დღემდე ერთად მოგზაურობთ?
- ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად გვიწევს ერთად მოგზაურობა, ბოლოს შარშან ვიყავით ერთად სეიშელის კუნძულებზე.
- ევროპას როდის ეწვიეთ პირველად?
- პირველად 16 წლის ვიყავი, როცა ევროპაში, სლოვენიაში მოვხვდი. საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ფეხბურთის ნაკრებში ვიყავი, თამაში გვქონდა სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე. საქმიანი ვიზიტის მიუხედავად, სხვადასხვა ადგილიც მოვინახულეთ და ეს იყო ჩემი პირველი უცხოური თავგადასავალი, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და უფრო გამიმყარა ის მიზანი, რომ მსურდა რაც შეიძლება მეტი აღმომეჩინა.
შემდეგ პირდაპირ აზიაში ვიყავი, მალაიზიაში. სიმართლე გითხრათ, მე უფრო ისეთი ქვეყნების აღმოჩენა მიყვარს, სადაც არცთუ ისე მარტივია მოგზაურობა. თუმცა უკვე ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნაყოფი, ვერასოდეს ვამბობ, რომელი უფრო კარგი იყო, ან სად უფრო მეტი თავგადასავალი მქონდა. თითოეულ ქვეყანას თავისი უდიდესი ხიბლი აქვს და ყველა თავის სათქმელს ამბობს - ბუნებით, ხალხით, კულტურითა და ა.შ.
- ევროპის რომელმა ქვეყნებმა მოგხიბლათ განსაკუთრებით?
- შვეიცარიამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი ინფრასტრუქტურით. ფაქტობრივად, მთის მწვერვალამდე მატარებლით ავედი. ყველაფერი საოცრად ლამაზი და მოწესრიგებულია. მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში გავიზარდე, შვეიცარიის ბუნებით მაინც შოკი მივიღე... იტალია მიყვარს, იქაური ყველაფერი - მთა, ზღვა, ტბები, ადგილები, სადაც მართლა ზღაპრის გმირი გგონია თავი.
- ევროპის რომელ ქვეყნებში იმოგზაურეთ?
- სლოვენია, იტალია, შვეიცარია, დანია, ესპანეთი, ლიხტენშტეინი, ბელგია, ჰოლანდია,პოლონეთი, გერმანია, ფარერის კუნძულები, ჩეხეთი, საფრანგეთი...
- რას იტყოდით აზიაზე?
- აზია ჩემთვის ძველი კულტურის სამყაროა, სადაც საუკუნეების წინანდელ წიაღში შეგიძლია აღმოჩნდე. გარდა ამისა, აზიაში ყველაფერი სხვანაირია, ღარიბი ხალხი ბედნიერებით სავსე სახეებით, სოფლები, სადაც ზუსტად იგივე წესით ცხოვრობენ, როგორც საუკუნეების წინ, ცხოველთა სამყარო, რომელიც მხოლოდ წიგნებში მქონდა ამოკითხული, ან ფილმებში ნანახი.
როცა პირველად ინდონეზიის ჯუნგლებში, ორანგუტანგების გვერდით აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ მულტფილმი მაუგლი შესაძლოა რეალობაც ყოფილიყო.
ფილიპინების სანაპიროებმა კი იმ ზღაპარში აღმომაჩინა, რომელიც მხოლოდ იქ ყოფნის დროსაც მართლა ზღაპარი ჰგონია, საკუთარ თავს ჩქმეტ რომ მიხვდე, აქ ხარ, ამ მომენტში და დიახ, ეს რეალობაა!
- სამზარეულოებმაც მოახდინა შთაბეჭდილება?
- კამბოჯაში საოცარი სამზარეულო აქვთ, ობობები, კაკალაკა, ტარაკნები, გველები, კატები... კამბოჯაში ავტობუსში ერთადერთი უცხოელი ვიყავი, გვერდით ბიჭი მეჯდა და რაღაცას მზესუმზირასავით აკნატუნებდა. მეც მომინდა უცბად მზესუმზირა, ვიფიქრე, რომ გავჩერდებით ვიყიდი-მეთქი, დავაკვირდი და თურმე მოხალულ ტარაკანს აკნატუნებდა. ადრე ჩვენთან რომ მზესუმზირას ჭიქებით ყიდდნენ, ასე შეგიძლია იყიდო ყველგან.
- ამ კერძებიდან რომელიმე დააგემოვნეთ?
- დიახ, ობობა, გველი, ბაყაყი, კაკალაკა გამისინჯავს.
- ექსტრემალურ თავგადასავლებზეც გვიამბეთ..
- შრი-ლანკაზე პირველად ცხოვრებაში პითონი შემოვიხვიე კისერზე, თავიდან შიში მქონდა, მერე ვიგრძენი, რომ ძალიან მძიმე იყო და თავზე რომ მეჯდა ამაყად, მივხვდი, ცუდს არაფერს აპირებდა. გავთამამდი და გავაგრძელეთ მე და გველმა მეგობრობა... აზიაში გადახდენილ თავგადასავლებს ვერ მოვყვები, უნდა ნახო, რადგან იმდენი თავგადასავალი გადაგხდება, მოყოლით ვერასდროს გადმოსცემ ისე, რაც რეალობაშია... ინდონეზიის უძველეს სოფელში აღმოვჩნდი, სადაც ტრადიციული წესით ყავა მოჰყავთ და ამზადებენ. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რა დონეზეც ვეძებე, ქართული ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე ამ სოფელზე, ვინმე ქართველი რომ ყოფილიყო იქ ოდესმე. თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი.
მთებში ჩაკარგული ასწლოვანი სოფელია, ძალიან მიმზიდველი. ერთ სივრცეში რომ ცხოვრობენ 25-30 სულიანი ოჯახები, შუა ცეცხლი აქვთ მოწყობილი მისაღებ ოთახში და მთელი დღის განმავლობაში ხან ყავა იხარშება, ხან საჭმელი. მათთან საღამოს გატარება უდიდესი შთაბეჭდილება იყო, მათთან ღამის გათევა კი კიდევ უფრო მეტი თავგადასავალი. საუკეთესო კი ის არის, რომ არანაირი სატელეფონო კავშირი არ არსებობს და ხართ შენ, “ისტორია “ და ბუნება ერთად, სადაც ახალი ისტორია იწერება. მხოლოდ იმით, რომ იქაურობაზე ხარ ორიენტირებული და არანაირი სოციალური ქსელი არ იპყრობს შენს ყურადღებას. ველურ ბუნებაში, ნახო ცხოველები, რომლებიც მხოლოდ ზოოპარკში გვყავს ნანახი, გამაოგნებელი შეგრძნებაა. ხვდები, რომ მათ „სახლში“ იმყოფები, ცხოველების ნამდვილ „სახლში “, სადაც მათ თავიანთი კანონები აქვთ და მათი კანონებით მოქმედებ. საკუთარი თვალით ხედავ ბუნების ყველა იმ კანონსა თუ ჯაჭვურ რეაქციას, რაც ველურ სამყაროში დაუწერელი კანონია. როგორ მისდევს ლომი ზებრას თუ ბუფალოს, როგორ ეჯიბრებიან უზარმაზარი ბუფალოები ერთმანეთს სიძლიერეში, როგორ მიათრევს ლეოპარდი ანტილოპას, როგორ იგრილებენ სპილოები ხორთუმს და როგორ იმალება სპლიყვი დედის უზარმაზარი ფეხების უკან...
- აფრიკული შთაბეჭდილებებიც რომ გაგვიზიაროთ...
- აფრიკულ ტომებს ესტუმრო, ეს კიდევ სხვა თავგადასავალია, აქ ჯერ კიდევ მიწით აგებულ ქოხებში ცხოვრობენ, ჯერ კიდევ ნადირობენ და იატაკიც მიწის აქვთ, უბრალოდ, ქვეშაგებზე წვანან და შუა ცეცხლზე საჭმელს ამზადებენ.
სარეცხს ისევ მდინარეზე რეცხავენ, მდინარეა მათი აბაზანაც და მათი ცხოვრების სტილში არაფერია 21-ე საუკუნის. აფრიკას ულამაზესი სანაპიროებიც აქვს, ულამაზესი სასტუმროებით, რამდენიმე მეტრით გაცდები სანაპიროს და კატასტროფულად გაჭირვებული ცხოვრებაა. თუმცა მოწყენილი სახით ვერავის დაინახავ... ერთხელ, კანფეტებით გავივსე ჩანთა და სასეირნოდ გავედი. ყველა ბავშვს მივეცი, ვინც კი გზაში შემხვდა. ისეთი ბედნიერები იყვნენ, მათი ციმციმა თვალების დანახვა კიდევ ერთი ამბავი იყო. ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ისინი ჩემს თმას ეფერებოდნენ და უცნაურად უყურებდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი რბილი და სწორი თმა... აფრიკაში ჯერჯერობით მხოლოდ კენიაში, ტანზანიასა და სეიშელის კუნძულებზე ვიმოგზაურე.
- ამდენი მოგზაურობის დროს, გქონიათ შეგრძნება, რომ საფრთხე შეგექმნათ?
- საფარის აღმოჩენისას მანქანა ტალახში გაიჭედა, იქ, სადაც მანქანიდან გადმოსვლა აკრძალულია, რადგან ცხოველების სამყაროში იმყოფები, მაინც გადმოსვლა მოგვიწია, რეინჯერები აკონტროლებდნენ სიტუაციას, რომ საფრთხე არ შეგვქმნოდა, უდიდესი ადრენალინი იყო.
ან კიდევ, ინდონეზიის ჯუნგლებში, ნავზე "ცხოვრებისას", როცა საშინელი წვიმა იყო, ჭექა-ქუხილი, არანაირი სატელეფონო სიგნალი, ჩვენგან დაახლოებით 50 მეტრში მეხიც ჩამოვარდა. მერე ვნანობდი, როგორ ვერ გადავიღე-მეთქი ეს მომენტი, თუმცა ისე შემეშინდა, ტელეფონი საერთოდ დავმალე.
ყველაზე მძაფრად მახსოვს, ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მოქმედი ვულკანი, რომლის კრატერში, 200 მეტრის სიღრმეზე, ღამის 3-საათზე ჩავედით, სადაც უდიდესი სიფრთხილით უნდა იყო, რომ სადმე ფეხი არ დაგიცდეს და იმ წამსვე სიცოცხლე არ დაასრულო. თუმცა დიდი ადრენალინითა და ასევე დიდი სიფრთხილით ესეც მოვახერხე და ძალიან ბედნიერი ვარ.
უამრავი ტურისტი ჩადის, მაგრამ გიდის გარეშე აკრძალულია, 2 კაცს 1 გიდი მოგყვება. ფაქტობრივად, ბევრ ადგილას მისი დახმარებით გადაადგილდები, სხვა შემთხვევაში შეიძლება ისეთ ადგილას გადააბიჯო, სადაც არაფერია და გადავარდე, გადაიჩეხო. ამ ყველაფერს ღამე უფრო ართულებს. ჩვენ როცა ჩავედით, წინა დღით, სამწუხაროდ, ერთი ადგილობრივი ტურისტი დაიღუპა.
- სულ რამდენ ქვეყანაში იმოგზაურეთ და არის თუ არა ეს დიდ ფინანსებთან დაკავშირებული?
- ჯერჯერობით მხოლოდ 30 ქვეყანაში ვიმოგზაურე. ხარჯებთან ნამდვილად არის დაკავშირებული, თუკი პრეტენზიული არ ხარ, ჩვეულებრივ ღამის გასათევზეც თანახმა ხარ და სადმე იაფფასიან კაფეებში იკვებები, მაშინ ყველა მოგზაურობა საკმაოდ ბიუჯეტურად შეგიძლიათ დაგეგმოთ.
თუმცა ორი რამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან: მოგზაურობა და დასასვენებლად წასვლა სხვადასხვა რამეა და სრულიად სხვა ხარჯებთანაა დაკავშირებული. ისიც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოგზაურობა, რომელსაც მე და ჩემნაირები ვირჩევთ, ძალიან ბევრი არაა მსგავსი მოგზაურობის მოყვარული და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი კარგი სასტუმრო, აუზი და უბრალოდ, ლამაზი ფოტოების გადაღებაა. ჩემთვის კი უმთავრესია ყველა კუთხე შევიცნო.
(სპეციალურად საიტისთვის)