აზერბაიჯანმა აჩვენა ის შეიარაღება, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ზუსტი დარტყმების განსახორციელებლად...
8 ნოემბერს აზერბაიჯანმა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების 5 წლისთავი პომპეზური სამხედრო აღლუმით აღნიშნა, რომელშიც აზერბაიჯანის გარდა თურქეთისა და პაკისტანის სამხედროებიც მონაწილეობდნენ, ისევე როგორც მათი პრეზიდენტები ესწრებოდნენ ამ საზეიმო ღონისძიებას.
თავისი მასშტაბით, განსაკუთრებით კი ნაჩვენები სამხედრო ტექნიკის რაოდენობითა და მრავალფეროვნებით, ბაქოს აღლუმი მართალია ჩამოუვარდებოდა 3 სექტემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ გრანდიოზულ სამხედრო აღლუმს, მაგრამ ბევრად აჭარბებდა 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე ჩატარებულ რუსულ აღლუმს.
საგულისხმოა, რომ საზეიმო მარშით ჩავლილ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფების კოლოფებში მიბიჯებდა ბევრი ის სამხედროც, ვინც ხუთი წლის წინანდელი, 44 დღიანი ყარაბაღის ომის მონაწილე გახლდათ და თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.
რაც შეეხება აღლუმზე ჩავლილ აზერბაიჯანის არმიის სამხედრო და საბრძოლო ტექნიკას, ის ძირითადად ოთხი ქვეყნის-თურქეთის, ისრაელის, რუსეთისა და ჩინეთის სიმბიოზს წარმოადგენდა, თუმცა ასევე გამოჩნდა სერბული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები „ნორა“-ც.
რაც შეეხება რუსულ შეიარაღებას აზერბაიჯანის არმიის არსენალში,ის წარმოდგენილი გახლდათ ტრადიციული Т-90С ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკებით, БМП-3 ქვეითთა საბრძოლო მანქანებით,БТР-82А ჯავშანტრანსპორტიორებით, „გვოზდიკის“, „აკაციის“, „მსტა-ს“,„ვენასა“ და „პიონის“ ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით,ზალპური ცეცხლის „სმერჩებით“, „შილკას“ მოდერნიზებული თვითმავალი საზენიტო დანადგარებით,საზენიტო-სარაკეტო „ბუკ“-ებითა და „ტორ“-ებით, С-300ПМУ-2 «Фаворит»-ებით, მოძველებული,მაგრამ მოდერნიზებული С-125 ტიპის საზენიტო რაკეტებით.
საინტერესოა,რომ ბაქოში წინა წლებში გამართული სამხედრო აღლუმებიდან განსხვავებით,ამჯერად ყველა მუხლუხებიანი მძიმე ჯავშანტექნიკა თავის სვლით კი მიდიოდა,არამედ გადაიზიდებოდა სპეციალური ლაფეტებით,რამაც ბაქოს მერიას აღარ გაუხადა ხელახლა დასაგები ასფალტი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედანზე.
საინტერესო გახლდათ ისრაელის წვლილი აზერბაიჯანის არმიის გადაიარაღებაში, რაც გამოიხატა სხვადასხვა დანიშნულების მსუბუქად შეჯავშნული მანქანების ჩატარებაში, რომელთა ნაწილზე დამონტაჟებული გახლდათ დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულები ტყვიამფრქვევებით, ნაწილზეც „სპაიკის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები დანადგარები, ნაწილი კი მობილურ ნაღმსატყორცნებს წარმოადგენდნენ, რომლებიდანაც ცეცხლის წარმოება უშუალოდ მანქანის ძარიდან შეიძლება, განსხვავებით „დელტას“ ანალოგიური დანიშნულების „დიდგორი მეომრისგან“, სადაც ჯერ სპეციალური ფილის ჩამოშვება და მიწაზე დაბჯენაა საჭირო.
ისრაელის წამოების შეიარაღებიდან აზერბაიჯანის არმიას ყველაზე მეტად სხვადასხვა დანიშნუელბის დრონები აქვს შესყიდული მათ შორის,როგორც სადაზვერვო „ორბიტერები“ და „ჰერმესები“,ისე კამიკაძე-დრონები „ჰერო“ და „ჰაროპი“, ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემა „ლორა“,რომელმაც საბრძოლო ნათლობა სწორედ ყარაბაღის მეორე ომში მიიღო.
თურქული შეიარაღებიდან აღსანიშნავია სადაზვერვო-დარტყმელი დრონების Bayraktar-TB2 ჩვენება კომპაქტური მართვადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით.
აღლუმზე ასევე ჩაიარეს თურქულმა მოდერნიზებულმა Kobra-2-ის ბაზაზე დამზადებულმა შეჯავშნულმა სამედიცინო-საევაკუაციო მანქანებმაც,რომლებიც ჩვენი „დელტას“ „დიდგორი-მედევაკის“ პირდაპირ კონკურენტებს წარმოადგენენ შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე.
აზერბაიჯანის არმიის წლევამდელი სამხედრო აღლუმის სიახლეს წარმოადგენდა ისრაელის წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Predator Hawk-ი,რომელსაც 140 კგ-იანი საბრძოლო ქობინინებით აღჭურვილი 370 მმ კალიბრის ოთხი მართვადი რაკეტის 300 კმ სიშორეზე მიტანა მიზანთან ათიოდე მეტრის სიზუსტით შეუძლია...
ანუ ეს სწორედ ის იარაღია,რაზეც ამდენი ხანია ოცნებობს და ეხვეწება უკრაინა,ხან ამერიკელებსა და ხანაც ევროპელებს,რომ მისცენ ამგვარი რაკეტები აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უზუსტესი საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად.
კიევი ასეთ თხოვნას,რა თქმა უნდა თელ-ავივსაც გაუგზავნიდა,მაგრამ ნეთანიაჰუს მთავრობა ტრადიციულად ითვალისწინებს კრემლის ინტერესებს და უკრაინას ასეთი შორსმსროლელი და ზუსტი რაკეტებით არ აიარაღებს,სამაგიეროდ აზერბაიჯანისთვის მიყიდვაზე უარს არ ამბობს.
გარდა ამისა,აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ასევე აჩვენეს კიდევ ერთი „ნოუ-ჰაუ“ ისრაელიდან-ICE BREAKER ანუ „ყინულმჭრელი“ ფრთოსანი რაკეტა 300 კმ სიშორეზე ფრენისა და მიზანში ზუსტად მოხვედრის გარანტიით,რომლის გაშვება შეიძლება,როგორც მანქანიდან და კატარღიდან,ისე თვითმფრინავიდან და შვეულმფრენიდაც და ასეთი ულტრათანამედროვე ფრთოსანი რაკეტები ჰაერივით სჭირდებათ უკრაინის დამცველებს,მაგრამ ვინ აძლევს?!
ბაქოს სამხედრო აღლუმზე კიდევ ბევრმა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკამ ჩაიარა (მათ შორის ჩინური წარმოების მობილურმა საზენიტო-სარაკეტო დანადგარებმა HQ-9BE-ბმა, რომლებიც რუსული С-300ПМУ-2 «Фаворит»-ის მსგავსია), რითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აზერბაიჯანის არმია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის ყველაზე თანამედროვე შეიარაღებას ფლობს...