ბოსტანი... თქვენს ფანჯრებში - კვირის პალიტრა

ბოსტანი... თქვენს ფანჯრებში

რამდენად შესაძლებელია შინ, თუნდაც ფანჯრის რაფაზე, ბოსტნის გაშენება, ამას მებოსტნე შალვა გორდეზიანი გვეტყვის, ადამიანი, რომელმაც საქმე სწორედ კორპუსის ბინაში, მეშვიდე სართულზე გაშენებული მინიბოსტნით დაიწყო. შალვა გორდეზიანს იცნობს ინტერნეტმომხმარებელიც, რადგან გამოცდილებას სხვებს მუდმივად უზიარებს და განსაზღვრულ თემებზე მასტერკლასებსაც ატარებს.

- ფანჯრის რაფაზე მინი-ბოსტნის გაშენება ძალიან მარტივია. პირველ რიგში, მთავარი მონდომებაა. ადამიანმა უნდა მოინდომოს, და არა ისე, იმან გააკეთა და მეც მივბაძეო. ეს საქმე გულით უნდა უნდოდეს. აქედან იწყება და ყველაფერი გამოდის.

პირველი და მნიშვნელოვანი სათესლე მასალა და ნიადაგია. თუ საკითხს განვიხილავთ, ორი პერიოდია - ადრეული, სანამ დათბება, სიცხეები დაიწყება და მისი მომდევნო... ადრეულ პერიოდში

სახლის პირობებში შეიძლება ყველანაირი მწვანილის მოყვანა, მათ შორის, სალათების, ბოლქვიანების, როგორიც არის ხახვი, ნიორი. შესაძლებელია სტაფილოც, მაგრამ მას უფრო ღრმა ქოთანი სჭირდება. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კონტეინერებში უნდა დაითესოს. აუცილებელია ნიადაგი ნოყიერი იყოს.

მე ტორფსა და ასევე კომპოსტს (ჩემს მომზადებულს) ვიყენებ. რაც შეეხება ბოლქვიანებს, მათ ცოტა დიდი ფართობი სჭირდება.

მწვანილებისთვის 10 სანტიმეტრის სიღრმის ქოთანი მაინც უნდა იყოს. ვგულისხმობ მწვანე ხახვისა და მწვანე ნივრის მოყვანას, მწვანილად რომ იყოს გამოსაყენებელი, და არა ბოლქვიან ხახვსა ან ნიორს. მაგალითად, სალათის ფურცლები 500-გრამიან ერთჯერად ჭიქებში მქონდა დათესილი.

- და შეიძლება ისეთ ოთახშიც მოვიყვანოთ, რომელიც არ თბება?

- მთავარია, ტემპერატურა, მინუს 10-ს არ ჩასცდეს, თორემ მინუს 5-საც უძლებს. რაც შეეხება დათესვის პერიოდს, ახლა შეიძლება, რადგან აგრილდა. ამიტომ მწვანილისა და ასეთი ასორტიმენტის მოყვანას შევძლებთ.

- მწვანილის თესლი სად უნდა შევიძინოთ?

- მე ვიყენებ პროფესიონალურ თესლებს, რომელთაც სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში ვყიდულობ. ეს თესლები ხარისხითაც გამოირჩევა და გაცილებით მაღალი აღმოცენების მაჩვენებელიც აქვს.

eaa3c5fa-186e-4633-9b4a-69b67c03fbfa-2-1762693088.jpg

- ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, კამა, ბაზილიკი, სალათის ფურცელი რამდენ ხანში ამოდის?

- დაახლოებით ერთი კვირაში. ცოტათი უჭირს ოხრახუშსა და ნიახურს. კამაც მალე ამოდის, თუ ტემპერატურული რეჟიმი 5 გრადუსი და მეტია.

- რამდენ ხანში შეგვეძლება მისი გამოყენება?

- დაახლოებით 10 სანტიმეტრი რომ გაიზრდება, უკვე შეგვიძლია.

b145ecf8-0ed6-49b1-b38f-a70de3c26151-2-1762693087.jpg

- სასუქად კომპოსტი და ტორფი საკმარისია?

- კომპოსტი სავსებით ჰყოფნის მწვანილს. მწვანილის მოყვანა ნებისმიერ ნიადაგზე შეიძლება. დამატებით სასუქით ნიადაგის განოყიერება აუცილებელი არ არის, მაგალითად, გადამწვარი ნაკელით ან მინერალური სასუქით. ამოდის კარგად, მთავარია, თავის დროზე ჰქონდეს განათება და წყალი.

- დავუშვათ 10 სანტიმეტრამდე გაზრდის შემდეგ მოვჭერი, ფესვი ხომ რჩება, რომელზეც ახალი ამონაზარდი ამოდის.

- რა თქმა უნდა. ასე მთელ ზამთარს იქნება და გაზაფხულამდე გასტანს. 2-3 თვეში ახალი თესლი შეგვიძლია ჩავყაროთ. სალათების გარდა, ყველა მწვანილი ამოდის და ამოდის. ხახვსა და ნიორსაც თავისი რესურსი აქვს. მცენარეს ემჩნევა, ძალას როდის კარგავს და როდის უნდა ჩანაცვლდეს.

- აივანზე ბოსტნის გაშენებაზე რას იტყვით?

- როდესაც ზამთარში მწვანილი გარე გრუნტზე მოგვყავს, ნიადაგი ისე მარტივად არ იძლევა პროდუქტს, ვიდრე ოთახში კონტეინერებში, თან შეიძლება გაიყინოს. ამიტომ ზამთრის პერიოდში რეკომენდებული არ არის, თუმცა ზაფხულში, ვისაც მიწა არა აქვს, ბოსტნის მოწყობა აივანზეც შეუძლია.

ასე დაიწყო ჩემი მებოსტნეობა. მიწა არ მქონდა თბილისში და იძულებული ვიყავი, რაღაც გზა გამომენახა. ვირუსებმა რომ შემოგვიტია, ადამიანების დიდი ნაწილი სოფელში გადავიდა და სუფთა პროდუქტის მოყვანა დაიწყო. ხარისხიანი და სანდო საკვები საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია. ის ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობას და ამიტომ უცხოეთიდან შემოაქვთ, სადაც მესათბურეობა მეტადაა განვითარებული და სეზონის ნებისმიერ პერიოდში შეიძლება პროდუქციის მოყვანა. საქართველოში ასე არ არის და ზამთრის პერიოდში ფასი კატასტროფულად მატულობს. ამიტომ, ვისაც სახლის პირობებში მინი-ბოსტნის მოწყობის საშუალება აქვს, უნდა სცადოს.

d9fe0d5c-dd21-4d64-8b04-2e02c260eec1-2-1762693088.jpg

- რამდენი წყალი უნდა მივაწოდოთ ჩვენი ბოსტნის მცენარეებს?

- თუ კონტეინერებს დრენაჟი არ აქვს, დაჭაობდება და იქიდან ხდება პათოგენური სოკოების განვითარება.

- მაგალითად, ყვავილის გრძელი ქოთნებიც რომ გამოვიყენოთ...

- შეიძლება, მთავარია, სიღრმე ჰქონდეს. ყველაფერი ერთდროულად - კამა, ოხრახუში, ქინძი და ა.შ. მოვიყვანე - სამ-სამ ცალ კონტეინერში. ვთესავდი და მერე ვაკვირდებოდი, როგორ, რამდენ ხანში ამოდიოდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა. მომხრე ვარ, სანამ არ ამოვა, კონტეინერები სითბოში იყოს. პირველი ამონაყარი რომ გამოჩნდება, შემდეგ ფანჯრის რაფაზე უნდა გადავიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ღრმად არ ითესება. ფაქტობრივად, ზემოდან უნდა მოვაბნიოთ, ასევე უნდა მოეყაროს ტორფის ძალიან თხელი ფენა, სადღაც ორი-სამი მილიმეტრი.

- პიტნაზე რას გვეტყვით...

- პიტნა არ მომიყვანია და როგორც ვიცი, ტარხუნასავით კალმით ამრავლებენ. ტარხუნამ ფესვი რომ გაიდგას, ოჯახად ყალიბდება. მერე თითო-თითო ნერგი გადააქვთ სხვა ადგილას და ასე ნელ-ნელა ამრავლებენ.

- მოკლედ, მინი-ბოსტნით მსურველი მცირე ეკონომიასაც გააკეთებს და საჭიროების შემთხვევაში სუპერმარკეტშიც არ გაიქცევა მწვანილის შესაძენად.

- ჩემი მეუღლე ჩემი მინი-ბოსტნით ჩვეულებრივ სარგებლობდა. პატარა ბოსტანი, ცხადია, კერძის მომზადებისას დაეხმარებათ, თანაც, ნატურალური პროდუქტით, რაც შეიძლება მოტივაციაც იყოს იმისთვის, რომ ადამიანი სოფელს დაუბრუნდეს, ან მიწის პატარა ნაკვეთი მონახოს. ყველას ვურჩევ, ეზოში 10 ან 20 კვადრატულზეც გააკეთოს ბოსტანი.

- რა მოგიტანათ ამ ყველაფერმა?

- კორპუსში, მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, როდესაც მიწასთან მაქვს ურთიერთობა, ეს გარკვეული ჰარმონიაა ადამიანისა და ბუნების ერთმანეთთან ურთიერთკავშირისა. ნერვულ სისტემას აწყნარებს, გაცილებით ხალისიანი ვართ, გაცილებით ჯანმრთელი, ენერგიული, საქმის კეთების ხასიათზე მოვდივართ. უკვე გადაწყვეტილებაც მივიღე, ნელ-ნელა ავაწყოთ ჩვენს სოფელში ცხოვრება.

ასე რომ, მოსინჯონ, დაიწყონ მინი-ბოსტნით ფანჯრის რაფაზე და მერე სხვა სურვილებიც გაუჩნდებათ. არაფერს წააგებენ. ვინც ოფისებში მუშაობს, მისთვის, ალბათ, ნაკლებად საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ ქალაქგარეთ აგარაკებს რომ იშენებენ, მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ ქალაქიდან გავიდნენ და სადღაც დაიძინონ?! იქ მიწასთან შეხების, ჯანსაღი ცხოვრების წესის აწყობის შესაძლებლობაა. რატომაც არა, ქალაქის რუტინიდან რომ გადაინაცვლო სიწყნარეში, სიმშვიდეში, ვფიქრობ, ყველა ადამიანის სურვილი და მიზანიც უნდა იყოს, რათა თავისი ცხოვრება სხვა ფერებში დაინახოს.