„ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან და ...“ - კვირის პალიტრა

„ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან და ...“

4 ნოემბერს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების ანგარიში წარუდგინა, რომელშიც საქართველოს შესახებ დასკვნები უკიდურესად კრიტიკულია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი - და მნიშვნელოვანი რეგრესი - აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე. "ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არა აქვს, თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება", - განაცხადა მან. საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად უსამართლოს უწოდებს ანგარიშში გამოთქმულ შეფასებებს. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:

- ჩემი შეფასებით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ცივი შხაპია "ქართული ოცნებისთვის" და საზოგადოდ, ქართველი საზოგადოებისთვის. მისი შეფასებისას შეგვიძლია გავიხსენით ფრაზა ამ დოკუმენტიდან, რომ "საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელიღა დარჩა". იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კურსი, თუ სურს ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნება.

ეს ანგარიში ცხადყოფს, რომ უმძიმეს ვითარებაში ვართ და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, "ქართული ოცნებაა". გაფართოების ანგარიში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელშიც საქართველოს მწვავე კრიტიკა მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ევროინტეგრაცია არსებულ პირობებში და დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ხელში თითქმის შეუძლებელია.

ეს ანგარიში ნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეალურად არათუ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ევროინტეგრაციის გზაზე, პირიქით, ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ უკან. ჩვენც ხომ კარგად ვხედავთ, რაც ხდება, რაოდენ გაუარესებულია ქვეყანაში ვითარება დემოკრატიის ყველა კრიტერიუმის თვალსაზრისით. შესაბამისად, ქვეყანამ მიიღო ისეთი შეფასება, რაც დავიმსახურეთ.

ამ ანგარიშით ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები მისივე დეკლარირებულ ევროპულ მისწრაფებებისგან სრულიად აცდენილია.

- ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორიოდე დღეში გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მათ აღკვეთის ღონისძიებად მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.

- "ქართული ოცნების" ქმედებები ბოლო დროს იმდენად პირდაპირ არის ევროკავშირის, საზოგადოდ, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული, ბუნებრივია, გაჩნდა ვარაუდი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება სწორედ ანგარიშის საპასუხოდ მიიღო და არანაირ დანაშაულთან რეალურად საქმე არა გვაქვს. მოგეხსენებათ, ისინი პირდაპირ ადანაშაულებდნენ აქამდეც ჩვენს პარტნიორებს გადატრიალების მცდელობაში, "გლობალური ომის პარტიას" უწოდებდნენ და ა.შ. ხელისუფლების ეს რიტორიკა სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

თუ ამბობ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და "ქართულმა ოცნებამ" ეს გზავნილი თვითონ აირჩია (წლებია გვარწმუნებენ ამაში, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ევროკავშირის ვარსკვლავები გამოსახეს თავიანთ სარეკლამო ბანერებზე და დააწერეს, ღირსებით ევროპისკენო), დღეს საპირისპიროდ იქცევიან. გამოდის, ეს მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად სჭირდებოდათ. აბსურდულია ის ბრალდებები პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მეტიც, ეს "ქართული ოცნების" დისკრედიტაციაა. რა გამოდის, მთელმა სახელმწიფო აპარატმა, ელჩებმა, დიპლომატებმა, "ქართული ოცნების" ლობისტებმა, ვერავინ შეძლო ევროკავშირსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში პოლიტიკოსების დარწმუნება და რამდენიმე პოლიტიკოსმა ოპოზიციიდან, თან უმრავლესობა ციხეშია, მოახერხა ასეთი უზარმაზარი გავლენის მოპოვება ევროკავშირზე, რომ საბოტაჟი მოეწყო? ეს არის ან კომიკური, ან საკუთარი უუნარობის აღიარება. რა მტრულ საქმიანობაზე ვლაპარაკობთ, როცა საქმე შეეხება ევროკავშირსა და აშშ-ს?! საქართველოს დაუძინებელი მტერი, აგრესორი, ოკუპანტი არის რუსეთის ფედერაცია, დასავლური ქვეყნები კი მოყოლებული 90-იანი წლებიდან გვეხმარებოდნენ და დღემდე გვეხმარებიან პოლიტიკურად, ფინანსურად და ა.შ., რათა ჩამოვყალიბებულიყავით ნორმალურ სახელმწიფოდ. ის, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება", როდესაც საკუთარი პროპაგანდით ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, მხოლოდ და მხოლოდ მეტყველებს "ქართული ოცნების" სრულიად მიუღებელ საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის მათი ელექტორატისთვისაც. დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი უკვე ხვდება, რომ არანაირ ევროპაში არ მიდიან და ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტად ეფლობა იზოლაციაში.

მოკლედ, ეს ბრალდებები, რომლებიც წარუდგინეს პოლიტიკოსებს, რეალობისგან სრულიად აცდენილია და მორიგი პროპაგანდისტული ტყუილია. საბოტაჟი და სხვა ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების რახარუხია, რაც ემსახურება პარალელური რეალობის შექმნას, რათა, ერთი მხრივ, ჰყავდეთ პატიმრები სავაჭროდ დასავლეთთან, მეორე მხრივ, რაკი მიხვდნენ, რომ ელექტორალურად ძალიან უჭირთ უკვე, ძალაუფლების ძალადობით შენარჩუნებაზე გადავიდნენ.

"ქართული ოცნება" ისტერიკულად ცდილობს ამერიკელებისა და ევროპელების ყურადღების მიპყრობას. გავიხსენოთ, ყაველაშვილის განცხადება, რომელიც აქამდე ამაოდ ელის ტრამპის ზარს. ასევე გვახსოვს, როგორ გვპირდებოდნენ ტრამპთან ურთიერთობის მოგვარებას, რაც ასევე ვერ მოხდა. მათ არავინ ელაპარაკება, არავინ ვაჭრობს და ეს უფრო ააფთრებს "ქართულ ოცნებას", რომელსაც სჭირდება ლეგიტიმაცია, რაც ვერა და ვერ მოიპოვეს და ახლა ცდილობენ, იქნებ რეპრესიებით, დასავლეთის შანტაჟით მაინც მოახერხონ მათი ყურადღების მიქცევა. არ ვიცი, ეს სტრატეგია ვინ მოიფიქრა, მაგრამ აშკარად დამანგრეველია უპირველესად "ქართული ოცნებისთვის". ჯერ ერთი, მისი ავტორიტარული ბუნება სულ უფრო და უფრო მკვეთრი ხდება. აქედან გამომდინარე, ასევე იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც ქართულ სახელმწიფოს დღემდე ჰქონდა დასავლეთთან, "ქართული ოცნება" სულ უფრო და უფრო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც შეიძლება იქცეს დასავლეთის პრობლემად, როდესაც ის აღარ იქნება პატარა უხერხულობა, როგორადაც დღეს ჩანს. მაშინ მას მოუწევს მართლაც რეალური, ძლიერი დასავლური წნეხის გააზრება. არა მგონია, ისინი ამისთვის მზად იყვნენ.

- რას გულისხმობთ?

- დასავლეთი თავიდანვე თანამიმდევრული იყო, კარგა ხნის განმავლობაში რეკომენდაციებით, რჩევებით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების გონზე მოყვანას, ამბობდნენ, რომ არ სურდათ საქართველოს მოქალაქეების დასჯა, ახლაც არ უნდათ. მათ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმი, ფაქტობრივად, არ აუმუშავებიათ. დამერწმუნეთ, მათ აქვთ ბერკეტები, მექანიზმები, რაც დღემდე არ გამოუყენებიათ საქართველოს წინააღმდეგ და დიდი იმედი მაქვს, რომ არც გამოიყენებენ.

მოგეხსენებათ, ევროკავშირმა ამ ცოტა ხნის წინ მიიღო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალი მექანიზმი, რომელმაც გააფართოვა იმ მიზეზების სია, რის გამოც შესაძლებელია შეუწყდეს ამა თუ იმ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია. ამასთან, შესაძლებელი გახდა, რომ არა მთლიანად ქვეყანას, გარკვეულ ჯგუფებს აღარ მიეცეს ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის საშუალება. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში საქართველოსთან დაკავშირებითაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება იმ პირებს, რომლებიც აძლიერებენ რეჟიმს. რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ, ხოლო ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებსა და ანტიდემოკრატიულ კანონებზე, ასევე პროპაგანდისტები სანქციების ქვეშ მოხვდებიან.

ამას ემატება ასევე ახალი მექანიზმი - უცხოურ, მავნე გავლენასთან ბრძოლა, რომელიც პირდაპირ მიმართულია იმ პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც მიზანმიმართულად ეწევიან ანტიდასავლურ, ანტიევროპულ პროპაგანდას. ეს მექანიზმი არანაკლებ მტკივნეული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ პროპაგანდისტულ მედიაში და აძლიერებენ ანტიდასავლურ ნარატივებს.

- კობახიძის განაცხადებიდან, რომლის თანახმადაც, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას ამცნო, რომ აჩერებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე, ერთი წელიწადი ხდება. ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გამოგზავნილი წერილი, სადაც იუწყება, რომ "საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით". მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე სწერს: "საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია". უკვე მერამდენე დღეა "ქართული ოცნება" თუ მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ კობახიძის განცხადებამდე იყო ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული.

- ეს მორიგი მანიპულაციაა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიღეს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას წაუყენეს კონკრეტული პირობები, რომლებიც ხელისუფლებამ არ შეასრულა. ამ შემთხვევაში აპელირება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ კომიკურია. პირობა უნდა შეესრულებინა "ქართულ ოცნებას", ეს ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრება და არა პირიქით... ყოველ შემთხვევაში, "ქართული ოცნების" გაცხადებული პოლიტიკა მოსვლის დღიდან ასეთი იყო. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაგვეკმაყოფილებინა წამოყენებული პირობები... სხვათა შორის, მარტივი შესასრულებელი იყო - "ქართულ ოცნებას" ხელი უნდა აეღო ქვეყნის მიზანმიმართულ დემოკრატიულ უკუსვლასა და ავტორიტარიზმის დამკვიდრებაზე, რაც არ გააკეთეს. შესაბამისად, სწორედ მათ შეაჩერეს ევროინტეგრაცია. მგონი, სავსებით გასაგებია ყველაფერი. დღეს ამ წერილზე ლაპარაკი ხელისუფლების მორიგი პროპაგანდისტული მანიპულაციაა.

როგორც სჩვევია, "ქართული ოცნება" ახლაც ცდილობს თავისი არასწორი ქმედებები გაამართლოს პროპაგანდისტული ცუნამით, მორიგ ჯერზე მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი და შეიყვანონ სტრატეგიულ გაუგებრობაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში "ქართული ოცნების" რიტორიკა იყო ასეთი - აუცილებლად გავხდებოდით ევროკავშირის წევრი, ახლა პროპაგანდა ცდილობს ტყუილები ილაპარაკოს და ევროკავშირს დააბრალოს ის, რაც თვითონ გააკეთეს. დიახ, სწორედ ამ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეაჩერა ევროინტეგრაცია, თან ეს გააკეთა კობახიძის განცხადებამდე, როდესაც პირდაპირ ევროპისა და დასავლეთის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

"ქართულმა ოცნებამ" ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენი საზოგადოების პროტესტის შესაჩერებლად ყველა წარმოუდგენელ და შესაძლებელ ზომას მიმართა. ყველანაირად ცდილობენ, რომ გატეხონ ქართველი საზოგადოება, თუმცა არ გამოუვიდათ. ამიტომ ცდილობენ სულ უფრო მეტი რეპრესიული კანონის მიღებას და საზოგადოებაზე წნეხის გაზრდას. ცდილობენ საკუთარი ლეგიტიმაციის პრობლემისა და ელექტორალური დანაკარგის რეპრესიებითა და ძალადობით ანაზღაურებას.

ამ შემთხვევაში ოპოზიციას აქვს რამდენიმე სტრატეგიული ამოცანა: პირველი - ერთიანი წინააღმდეგობის შექმნა, რაც აქამდე ვერ შეძლეს...

სამწუხაროდ, პროტესტს ზურგს არ უმაგრებდა პოლიტიკური ერთიანობა. საჭირო იყო სტრატეგიული თანამშრომლობა, რათა შექმნილიყო ერთობლივი ალტერნატივა ქართველი ელექტორატისთვის, რაც ვერ მოხერხდა. ნაწილობრივ ეს ოპოზიციის ბრალია, ნაწილობრივ ხელისუფლებამ მიახმარა ხელი. სტრატეგიული ერთიანობა უმნიშვნელოვანესია, რასაც ოპოზიციამ უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა მიაღწიოს.

მეორე ამოცანაა წინააღმდეგობის გაგრძელება და გაძლიერება. ვიდრე ქართველი საზოგადოება არ გატყდება, მანამდე არის შანსი, როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროპული მომავლის.