"საქართველოს მთავრობა Madman Policy-ს ატარებს"
"გიჟი კაცის პოლიტიკა" - ასე აფასებს პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, მათ შორის პროკურატურის გახმაურებულ ბრიფინგს ევროკომისიის ანგარიშის საპასუხოდ... მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, შექმნას არაპროგნოზირებადი და აგრესიული ძალის იმიჯი, რათა დააშინოს ოპონენტები და მიაღწიოს დათმობებს. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი, ამ საკითხებზე ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- ფაქტობრივად, ივანიშვილმა მესიჯი გაუგზავნა ქართველ საზოგადოებასაც და საერთაშორისოსაც, რომ ნებისმიერ ზეწოლას ის გაძლიერებული რეპრესიებით უპასუხებს და შეეხება ყველა იმ პირს, რომლებიც თანამშრომლობენ საერთაშორისო საზოგადოებასთან. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე ისინი აქედან აწვდიდნენ ინფორმაციას და დასანქცირებას ითხოვდნენ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ერთადერთი, რაც მახსოვს, მსგავსი ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი დისიდენტებს, განსაკუთრებით კოსტავასა და გამსახურდიას, რომ ისინი თანამშრომლობდნენ იმპერიალისტურ ძალებთან და აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას საბჭოთა წყობილებისა და საბჭოთა ხელმძღვანელობის შესახებ. ამ განცხადებით პროკურატურამ საქართველო ფაქტობრივად დააყენა იმ სახელმწიფოების რიგში, უკვე ოფიციალურად, სადაც არიან დისიდენტები და რაც ქვეყანაში ხდება, გამოიყვანა როგორც სახელმწიფოს ღალატი. ძალიან საინტერესო იყო ერთი ფორმულირებაც - მტრულ სახელმწიფოებს აწვდიდნენ ინფორმაციასო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკვე ოფიციალურ დოკუმენტებში მტრულ ქვეყნებად აცხადებს დასავლეთის სახელმწიფოებს; და თუ სასამართლო პროცესამდე მივა საქმე, პროკურატურას მოუწევს დაასახელოს, ვისთან თანამშრომლობდნენ ეს პირები, ვის აწვდიდნენ ინფორმაციას. აქამდე ვიცოდით, რომ ასეთი სახელმწიფო რუსეთია, მაგრამ უპრეცედენტოა, როდესაც საქართველოს მთავრობა და პროკურატურა აცხადებენ მტრებად ევროკავშირს.
- ამ ყველაფერს "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებს თუ ეს მართლაც რუსეთის ინტერესების გატარებაა?
- ეს არის ე.წ. მედმენ პოლისის (Madman Policy) სტრატეგია და უკავშირდება რიჩარდ ნიქსონსა და ჰენრი კისინჯერს. ქართულად ითარგმნება, როგორც "გიჟი კაცის პოლიტიკა". ცოტა სასაცილოა, მაგრამ ეს რეალური პოლიტიკა იყო - არაპროგნოზირებადობის იმიჯის შექმნა, ექსტრემალური და აგრესიული ქმედებები და რიტორიკა ოპონენტების მიმართ. ამის მიზანია დაშინებით დათმობის მიღწევა. ანუ იქმნი იმიჯს, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ცდილობ დააშინო ოპონენტი და ამ გზით მიაღწიო დათმობებს. დღეს პუტინის პოლიტიკა აღიქმება "მედმენ პოლისის" ნიმუშად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ტრამპზე რამდენიმე ცენტრი მუშაობდა, მათ შორის ნიქსონის ცენტრი. მას დაუმტკიცეს, რომ აი, ამ "მედმენ პოლისით" პუტინი მის დაშინებასა და "დაჩმორებაზე" მუშაობდა. ამიტომაც შეცვალა პუტინის მიმართ პოლიტიკა..
საქართველოს მთავრობის პოლიტიკაც ძალიან ჰგავს ამას - ერთი მხრივ, დგამენ არაპროგნოზირებად ნაბიჯებს, არიან რეპრესიებსა და დაშინებაზე გადასული და ძალიან აგრესიულად ეთამაშებიან დასავლეთს. საერთოდ ამ პოლიტიკას ძლიერი სახელმწიფო იყენებს ხოლმე. პუტინი ცდილობს საფრთხე შექმნას იმით, რომ მას აქვს ატომური იარაღი, ახლა კი ლაპარაკობს "ბურევესტნიკზე", "პოსეიდონზე", რომ ასეთი იარაღი მსოფლიოში არავის აქვს. ამით ცდილობს შანტაჟს, რომ ყველა სიგიჟეზეა წამსვლელი, ამიტომ ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს უკრაინის საკითხზე მის მოთხოვნებს. არა მგონია, საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდეს საიმისო რესურსი, რომ შანტაჟით ელაპარაკოს აშშ-სა და ევროპას. "მედმენ პოლისი" ძალიან სახიფათოა თვითონ მისი გამტარებლებისათვის და ხშირად ძალიან უარყოფითი შედეგით მთავრდება. ამ პოლიტიკის გატარებას სჭირდება გარკვეული ფსიქოტიპები. ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები თავად იჯერებენ, რომ იცავენ სახელმწიფოს მტრული ძალებისგან, რომ ქვეყანა ალყაშია, ყველას მისი განადგურება უნდა და მათ უნდა გადაარჩინონ ქვეყანა. შემდეგ კი ამ თავიანთი "დიდი მისიიდან" გამომდინარე, ამართლებენ ყველა იმ ძალადობას, რომელსაც მიმართავენ. ამ ადამიანებს სამი თვისება აქვთ: ნარცისიზმი, გადაჭარბებული თვითშეფასება და თვითრწმენა, ფსიქოპათია და მაკიაველიზმი. საქართველოს ხელისუფლების ფსიქოტიპები შეესაბამებიან ყოველივე ამას. მგონი, უკვე თავი დაირწმუნეს, რომ მთელ მსოფლიოს უნდა, საქართველო ომში ჩაბმულიყო და განადგურებულიყო. არათუ საქართველოს ომში ჩაბმა, უკრაინის ომიც არავის არ სჭირდებოდა და ბოლო მომენტამდე ცდილობდა ყველა ამ ომის თავიდან აცილებას, თავად პუტინის გარდა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების ნაწილს დაუმტკიცა, რომ ერთადერთი ისინი არიან მშვიდობის შემნარჩუნებლები და ისე შეიჭრნენ როლში, უკვე წარმოუდგენიათ, რომ თუ ისინი არ იქნებიან, ქვეყანა დაიქცევა.
- სადამდე მივა ეს ყველაფერი?
- არანაირი საზღვარი არა აქვს. ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე დაერეოდნენ თავიანთივე თანაგუნდელებს. არადა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ასეთი რეჟიმები თვითგაწმენდას აწარმოებენ, იშორებენ ყველა იმ პირს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან. მათ მუდმივად სჭირდებათ საზოგადოებას აჩვენონ, რომ არიან შეუბრალებლები, არავის დაინდობენ, უკან არ დაიხევენ. ამ "მედმენ პოლისის" მთავარი მახასიათებელი ის არის, რეჟიმმა ყველას უნდა აჩვენოს, რომ ის არის გამარჯვებული, რომ მოერევა ყველას, გაატარებს ნებისმიერ რეპრესიას და არ მიიღებს არავის გაფრთხილებას, თუ მას არ დაუთმობენ იმას, რაც უნდა. მაგრამ ამ ხელისუფლებას არ ეყოფა რესურსი, რომ ეს შეინარჩუნოს. ვერ ხვდებიან, რომ საქართველოში დიქტატურა შიდა ძალებით არასდროს დამყარებულა. არც მაშინ, როდესაც, ვთქვათ, გარე ძალებით ცდილობდნენ ძალაუფლების დამყარებას. რაღაც ეტაპზე შეიძლება წარმატება ჰქონდეთ, მაგრამ რაც უფრო შეტოპავენ, მით უფრო უარესი იქნება დასასრული. ახლა რაც უფრო შორს მიდიან, მით უფრო ხდებიან თავისივე პოლიტიკის ტყვეები, შიში იპყრობთ, რომ ამ ყველაფერზე ძალიან ცუდ პასუხს მოსთხოვენ და ამიტომ შეიძლება გახდნენ უფრო სასტიკები.
- ვინ მოსთხოვს პასუხს, ვისი ეშინიათ?
- საზოგადოების და საგარეო ფაქტორების. საგარეო ფაქტორი ახლა, ფაქტობრივად, არ მუშაობს, იმიტომ, რომ ამერიკაც და ევროპაც ძალიან პრაგმატულები არიან. ისინი მიდიან ცვლილებებზე იმ შემთხვევაში, თუ დაინახავენ აქ ძლიერ ოპოზიციას, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყანაზე. აი, ამ დაქსაქსული ოპოზიციის გამო, რომელიც ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არის დაკავებული, პროტესტი ცალკეა, პოლიტიკური პარტიები - ცალკე, სამოქალაქო სექტორი - ცალკე და საზოგადოება ამის შემყურე იმედგაცრუებულია, ასეთ ვითარებაში საგარეო ფაქტორი თითქმის არ მუშაობს. ისინი ვერ ხედავენ პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობას. ამიტომაც, ადრე თუ გვიან, უმთავრესი ამოცანაა, პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. ხელისუფლებას ეშინია, რომ ქართული პოლიტიკა რაციონალურ საფუძვლებს დაუბრუნდეს - როგორც კი გაჩნდა შანსი, რომ მსჯელობა დაიწყოს ოპოზიციაში, რაღაცა ხომ არ შევცვალოთო, ეგრევე გადადგეს ნაბიჯი, რომელიც ისევ რადიკალიზაციისკენ უბიძგებს ოპოზიციას. მრავალი თვეა ამას ვამბობ, რომ ხელისუფლების ინტერესებში არის რადიკალიზაცია, რომელიც ხელისუფლებას მისცემს რეპრესიული პოლიტიკის გატარების ლეგიტიმაციას. "ერთ დღეში უნდა დავამხოთ" ემოციურობიდან უნდა გამოვიდეთ და ახლა მაინც უნდა დავინახოთ, რომ ხელისუფლება რადიკალიზაციისკენ უბიძგებს ოპოზიციას... მათ აწყობთ, რომ პროტესტი პოლიტიკური პროცესის გარეშე იყოს. კი, არ არის მათთვის მაინცდამაინც კომფორტული, რომ ქუჩაში აქციებია, მაგრამ უარესს ურჩევნიათ, ცუდი მდგომარეობა იყოს, იყოს აქციები, ოღონდ პოლიტიკური პროცესის გარეშე. საზოგადოებაში უკვე ჩნდებოდა მოთხოვნა, რომ საჭიროა პროტესტის და პოლიტიკური პროცესის გაერთიანება, ამიტომ ეგრევე დაარტყეს, უბიძგეს რადიკალიზაციისაკენ სიტუაციას. თუ პოლიტიკოსებს მოაშორებ პროტესტს, ეს მისთვის ყველაზე ხელსაყრელია. ამიტომ იქნებ დაფიქრდეს ის ხალხი, ვინც პროტესტშია ჩართული. კიდევ ერთხელ ჩემი დიდი აღფრთოვანება მათ შეუპოვრობას, მაგრამ გვჭირდება შედეგი, ამას კი სჭირდება მეტი რაციონალიზმი.
- დღეს რაციონალური რა იქნება? ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან და კარგა ხანს, ალბათ, ვერც გამოვლენ.
- ოპოზიციამ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას უნდა დაანებოს თავი. ლიდერები ციხეში არიან და დღეს არის შანსი ახალი ლიდერების გამოსაჩენად, რომლებსაც არ ექნებათ ის წარსული, რაც ოპოზიციაში ბევრ ლიდერს აქვს საკრიტიკოდ. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში უნდა კოორდინირდნენ. არ არის თვითმიზანი ქუჩის გადაკეტვა ან აქციის გამართვა. თვითმიზანი უნდა იყოს გამარჯვების მოპოვება. პროტესტი უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი. თუ ეს ლიდერები უშლიდნენ ხელს, ისინი ციხეებში არიან უკვე, ხომ? აგერ არის ასპარეზი ახალი ლიდერებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანების გაერთიანება. მაგრამ თუ ახლები გამოჩნდებიან, ზუსტად იმავეს განაგრძობენ, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, თავიანთი ლიდერების წაქეზებით, მაშინ არაფერი გამოვა. თუ არ მოძებნე საზოგადოების უმრავლესობასთან მისასვლელი გზა, ხელისუფლება ყოველთვის გამარჯვებული დარჩება. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რისთვის გამოვიდნენ ქუჩაში, უნდა დაინახონ უკეთესი ალტერნატივა, "ნაცმოძრაობა" კი ბოლოს და ბოლოს, იტყვის, ბევრი რამ მაგრად მივქარეთ 2003-2012 წლებშიო და ის აღარ დაბრუნდება. უნდა ეყოთ ამათაც გამბედაობა. ხელისუფლება არ შეიცვლება, სანამ არ გაჩნდება სერიოზული ალტერნატივა. ეს არის აქსიომა - დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყანებშიც ხელისუფლება იცვლება მაშინ, როდესაც ჩნდება ძლიერი ალტერნატივა, რომელსაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ასეთი ალტერნატივა საქართველოში არ არსებობს. ეს არის ამ ხელისუფლების სიმტკიცის მიზეზი - მეტი არაფერი.
რუსა მაჩაიძე