„ეს არის საპასუხო რეაქცია ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის ქცევაზე“
პროკურატურამ რვა წამყვანი ოპოზიციონერის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. ბრალდებულთა შორის სამ პოლიტიკოსს პირდაპირ ადანაშაულებენ იმაში, რომ უცხოურ მთავრობებს საქართველოს ეკონომიკურ და უსაფრთხოების კავშირებზე ინფორმაცია მიაწოდეს და მიზნად ისახავდნენ საერთაშორისო სანქციების საფუძვლის შექმნას თბილისის წინააღმდეგ. შიდა დაპირისპირებისა და გლობალური არასტაბილურობის ფონზე სულ უფრო ხშირად იბადება კითხვა, შეძლებს თუ არა ქვეყანა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და სტრატეგიული ბალანსის დაცვას იმ დროს, როცა რეგიონი დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების არენად იქცა. ამ საკითხზე გვესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- დღეს ქვეყნის გარეთაც რთული და არასტაბილური პროცესები მიმდინარეობს. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარება პირდაპირ ბეწვის ხიდზეა და ხვალ-ზეგ შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. არავინ იცის, ვინ ვის დაუპირისპირდება ან სად დაიწყება ახალი ომი... რაც შეეხება შიდა ამბებს, იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ ეტაპობრივად გამყარდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს. თითქმის ყოველთვის, ჩვენს ქვეყანაში რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩართული იყო მესამე ქვეყანა, თავისი გავლენებითა და ე.წ. მეხუთე კოლონით. სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეებიდან არც ერთს არ სურს ამ ლოგიკის დანახვა. ამის ნაცვლად, ერთმანეთს ადანაშაულებენ, თითქოს ვიღაც ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. დღეს ისინი, ვინც ცდილობენ ცივი გონებით გააანალიზონ ვითარება და დარჩნენ ნეიტრალურ პოზიციაზე, მიუღებელნი არიან ყველა მხარისთვის.
- ცივი გონებისა და ობიექტური ანალიზის საფუძველზე რა დასკვნამდე მივალთ, შევძლებთ კი ფიზიკურად გადარჩენას, თუ არც მოთამაშის ინტერესს არ გავითვალისწინებთ?
- არა, ამის რესურსი ჩვენ არა გვაქვს. უკანასკნელი ხუთი-ექვსი საუკუნის განმავლობაში საქართველოს არც ერთხელ არ მისცემია შანსი, დიდი ძალების ინტერესებს გამიჯნოდა. არც ახლა გვაქვს ეს შესაძლებლობა, თუმცა შეგვიძლია ბალანსის დაცვა. თუ დავაკვირდებით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ბევრად ძლიერ მოთამაშეებსაც უჭირთ დამოუკიდებლად მოქმედება. მაგალითად, აზერბაიჯანს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ფინანსური რესურსი, ენერგეტიკული შესაძლებლობები და შედარებით სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, მაინც არ შეუძლია სრულად ავტონომიურად მოქმედება. ის აშკარად დამოკიდებულია კონკრეტულ ბრიტანულ პროექტებზე, ძლიერ არის მიბმული იერუსალიმის პოლიტიკურ მიმართულებაზე, იძულებულია გაითვალისწინოს ანკარის მითითებებიც და მუდმივად იმოქმედოს მოსკოვის ფაქტორის გათვალისწინებითაც. ეს მოცემულობა ცხადყოფს, რომ ჩვენი რეგიონი გახდა მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არენა - სივრცე, სადაც მსხვილი მოთამაშეები ერთმანეთს უპირისპირდებიან გავლენისა და ინტერესების გამო. ამის ნათელი მაგალითია სომხეთიც. იქ ასეთი მასშტაბის შიდა დაპირისპირება დიდი ხანია არ ყოფილა. საქმე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონფლიქტამდე მივიდა, რაც ძალიან სახიფათო სიგნალია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ შიდა დაპირისპირებისა და დასავლეთისკენ გაუაზრებლად გადახრის პროცესში სომხეთი თვითონვე ანადგურებს საკუთარ ისტორიას. მაგალითად, ცოტა ხნის წინ უკვე ციცაკაბერდის მემორიალის (სომხეთის გენოციდის მსხვერპლთადმი მიძღვნილი ეროვნული მემორიალი) დემონტაჟიც კი დაიწყეს. შეეხნენ იმ სიმბოლოს, რომელიც საუკუნეზე მეტია სომხეთის ისტორიული მეხსიერების ნაწილია.
- სომხეთს რუსეთმა სხვა შანსი დაუტოვა?
- ნამდვილად არ დაუტოვა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, სომხეთის ხელისუფლების ქმედებები ხშირად გაუაზრებელია. ჩვენ ეს გზა ერთხელ უკვე გავიარეთ და ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი რადიკალური ნაბიჯები. ვფიქრობ, სომხეთი იმავე შეცდომას უშვებს, რაც ოდესღაც ჩვენ დავუშვით და რაც უკრაინამაც გაიმეორა. 2014-2015 წლებში უკრაინელები თავად გვთხოვდნენ კონსულტაციებს, რათა არ გაემეორებინათ ის შეცდომები, რაც ჩვენ დავუშვით. მათ ჩვენი ყველა რჩევა მოისმინეს, მაგრამ არც ერთი არ გაითვალისწინეს.
- როგორი იყო თქვენი რჩევა უკრაინელებისთვის, რა შეიძლებოდა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია თავიდან აეცილებინათ?
- ეს კონფიდენციალური თემაა, თუმცა ვიტყვი, რომ მთავარია მოქნილი პოლიტიკა და მისი გააზრებული რეალიზაცია. სხვების მითითებებსა და მოწოდებებზე დამოკიდებულების ნაცვლად, ნაბიჯები საკუთარი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან უნდა გადაედგათ.
- ანუ დღეს ჩვენი ხელისუფლებაც ცდილობს მსგავსი მოქნილი პოლიტიკის გატარებას?
- სამწუხაროდ, არც ჩვენი ხელისუფლება ატარებს მოქნილ პოლიტიკას და ეს არის პრობლემა. ჩვენ უნდა გადავხედოთ ისტორიას: საქართველო მაშინ იყო წარმატებული, როცა მოქნილ აღმოსავლურ პოლიტიკას ძლიერი სამხედრო პოტენციალი ამაგრებდა და გვყავდა რეალური, იდეოლოგიურად ახლო მოკავშირეები რეგიონში.
- პროდასავლელი პოლიტიკოსების დაპატიმრება უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მტრულ საქმიანობაში ბრალდებით, დემარში ხომ არ არის საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ?
- ამის გამო, ალბათ, გამლანძღავენ კიდეც, მაგრამ მაინც ვიტყვი - ეს არის საპასუხო რეაქცია ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის ქცევაზე, იმაზე, რის უფლებასაც ისინი წლების განმავლობაში საკუთარ თავს აძლევდნენ. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: საქართველოს საზღვარი გადის ევროკავშირთან, ხოლო რუსეთი დაახლოებით იქაა, სადაც დღეს გერმანიაა. დარწმუნებული იყავით, ანალოგიური ტექსტები და ბრალდებებიც იქნებოდა რუსეთის მისამართით. გეოგრაფია ბევრ რამეს განსაზღვრავს. რასაკვირველია, კოლექტიურ დასავლეთს საქართველოში უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული და მართლაც ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია, მაგრამ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალა. თუ 90-იან წლებში ჯერ კიდევ იგრძნობოდა პატივისცემა და თანაგრძნობა, 2000-იან წლებში დასავლეთი გულგრილი იყო იმ მოვლენების მიმართ, რაც საქართველოში ხდებოდა. ეს ყველაფერი, ცხადია, პოლიტიკური ინტერესებით აიხსნება. იმ დროისთვის მათ საბჭოთა კავშირის დაშლა არ აწყობდათ, ამიტომ საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები მათთვის მეორეხარისხოვანი იყო. შემდეგ, როცა ენერგომატარებლებისა და კავკასიის რეგიონის მნიშვნელობა გაიზარდა, დაინტერესებაც დაბრუნდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს დასავლეთში სრულიად სხვა ტიპის პოლიტიკური ელიტა იყო. შესაძლოა შიდა გადაწყვეტილებებით გამორჩეული არ ყოფილა, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შემდეგ ეტაპზე კი თავად ევროპაში შეიცვალა პოლიტიკური კონიუნქტურა და ძალთა ბალანსი. 90-იან წლებში კლასიკური ევროპული პოლიტიკური ელიტა დამარცხდა და დასავლეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს გლობალისტებმა, ადამიანებმა, რომლებიც ფორმალურად პოლიტიკაში იყვნენ, მაგრამ რეალურად იმართებოდნენ ფინანსური და კორპორაციული კაპიტალის კულუარებიდან. ამ ცვლილების შემდეგ დამოკიდებულება საქართველოსა და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ უფრო ხისტი გახდა. ძალაუფლებაში მოსულ უსახო პოლიტიკოსები, რომლებსაც სხვისი ინტერესები არ აინტერესებთ, მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებთ, პატარა ქვეყნებს უკვე პირდაპირ ეუბნებოდნენ: თუ გინდათ იყოთ ჩვენი პარტნიორი, უნდა იზიარებდეთ ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს და ჩვენს ინტერესებსაცო. შესაბამისად, ზოგიერთ ქვეყანაში ჩნდება რეაქცია, მათ შორის საქართველოშიც. შეიძლება ეს რეაქცია უხეშია, მაგრამ ლოგიკა გასაგებია. კიდევ ერთ რამეს მინდა ყურადღება მიაქციოთ, ამის გამოც, ალბათ, გამლანძღავენ, მაგრამ მაინც ვიტყვი: როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, თავიდანვე არსებობდა გარკვეული განწყობა, რომ დასავლეთი მას არასდროს ენდობოდა... ჩვენს საზოგადოებაში ბევრმა არც იცის, რომ იმავე მიზეზით დასავლეთი ბადრი პატარკაციშვილსაც არ ენდობოდა. არსებობს სპეციფიკური მიდგომა: თუ ადამიანი რუსეთშია გამდიდრებული, ავტომატურად მიიჩნევა, რომ რუსულ სპეცსამსახურებზეა დამოკიდებული, ან კრემლის გავლენაშია. მესმის, რომ შეიძლებოდა დასავლეთს ივანიშვილზეც ჰქონოდა საფუძველი ეჭვისთვის, მაგრამ სიმართლის დადგენას არავინ შეეცადა... ყველაზე ნათელი მაგალითი იყო ის დრო, როცა დაიწყო ივანიშვილის აქტივებზე შეტევა. ამ პროცესში სრულიად უგულებელყვეს თავისივე კანონები - კერძო საკუთრებისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. დღემდე ეს პრობლემა მოუგვარებელია. ხშირად დასავლეთი ისე იქცევა, როგორც აწყობს. თუ ამას რუსეთი აკეთებს, გასაგებია, ეს მისი ბუნებაა. თუ სამხრეთის ქვეყნები მოიქცნენ ასე, არც ეს გვაკვირვებს, მაგრამ როცა ამას აკეთებს ქვეყანა, რომელიც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ეს თვალთმაქცობაა. ამ ფონზე "ოცნების" კონტრნაბიჯები ლოგიკურ რეაქციად ჩანს.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ უმძიმესი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, შემზარავია. ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, მათ შორის ნათესავები და ოჯახის წევრებიც კი. ეს ყველაზე საშიში პროცესია. რაც შეეხება ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარეს, ეს ცალკე თემებია, რომლებზეც ისტორია იმსჯელებს. ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი ციხეში ზის და ქვეყანაში ასეთი დაძაბული ატმოსფეროა, სადაც კომპრომისი საერთოდ არ არსებობს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხეა. მაგრამ, მეორე მხრივ, ძნელია მოისმინო ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებები. ეს ნამდვილად გამაღიზიანებელია. ამასთან, ის წესები, რომლებიც დღეს ევროკავშირშია დეკლარირებული, 20 წლის წინ მთავარი არ იყო. მაშინ სხვა პრიორიტეტები ჰქონდათ. როდესაც ევროკავშირი შეიქმნა, ეკონომიკური საკითხები იყო გადამწყვეტი; როცა ეს კავშირი გაძლიერდა, ყურადღება პოლიტიკაზე გადმოიტანეს. თუმცა არასდროს არ არსებობდა ის იდეოლოგიური ნარატივი, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გაჩნდა. შეიძლება თქვენ ამისი არც გჯერათ, მაგრამ მე, როგორც ყოფილ რეჟისორს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ: დღეს ფილმს ვერ გადაიღებ, თუ გადამღებ ჯგუფში არა გყავს ლგბტ თემის წარმომადგენელი. თუ ადრე აუცილებელი იყო, რომ ფილმში ყოფილიყო აფროამერიკელი პერსონაჟი, ახლა უნდა იყოს როგორც აფროამერიკელი, ისე ლგბტ.
- "ქართული ოცნების" ლიდერები საუბრობდნენ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ეს მიდგომები შეიცვლებოდა...
- დიახ, მაგრამ მხოლოდ ტრიბუნიდან განცხადებების გაკეთება საკმარისი არ არის, საქმე არ კეთდება. შეხედეთ, რას ლაპარაკობს ტრამპი და იმავდროულად, ვინ ხდება ნიუ-იორკის მერი - ზოჰრან მამდანი, კაცი, რომელიც ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დააპატიმრებს, როცა ის გაეროს ასამბლეაზე ჩავა, და საერთოდ მამდანი დეკლარირებულად უჭერს მხარს "ჰამასს". ეს უკვე არანორმალური ვითარებაა.
- დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამოსავალს ხედავთ?
- ნებისმიერი კრიზისიდან არსებობს გამოსავალი. დიდი ხანია ვამბობ, რომ საჭიროა კომპრომისი. აღმოსავლური პოლიტიკის მთავარი ღირსება ყოველთვის სწორედ კომპრომისი იყო. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება, და ეს საფრთხე სრულიად რეალურია, ეროვნული კონსენსუსის გარეშე მას ვერ გავუმკლავდებით. შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ და ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი მოთამაშეები პოლიტიკაში ჩვენს ინტერესებს ნაკლებად ან საერთოდ არ ითვალისწინებენ, საქართველომ მარტო ან რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა შექმნას ისეთი ფორმატი, რომელიც ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას აიძულებთ. ეს რთულია, ამ ვითარებაში თითქმის წარმოუდგენელიც კი, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ. სხვა გამოსავალი არა გვაქვს. განსაკუთრებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ხათუნა ბახტურიძე