„იმპერიის ნანგრევებზე წარმოშობილმა ყველა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს სუვერენულად არსებობის უფლება“
რეალობა დღეს უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ბევრად არაპროგნოზირებადი, ვიდრე გვგონია", - ამგვარად აფასებს ბოლოდროინდელ პროცესებს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.
- დღევანდელი ვითარება მხოლოდ რთული კი არა, არაორდინარულიც არის. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა. საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ეჭვქვეშ არ დგას, თუმცა აშკარად გადახედვის რეჟიმშია. ეს ბუნებრივად იწვევს იმ პრინციპების გადამუშავებასაც, რომლებითაც ქართული სახელმწიფო ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. ვგულისხმობ პრინციპებს, რომლებიც სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურებოდა და ქვეყნის უმთავრეს მიზნად ისახავდა სწორედ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. იმპერიის ნანგრევებზე წარმოშობილმა ყველა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს სუვერენულად არსებობის უფლება. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოშობილი ქვეყნების უმეტესობამ დიდხანს ვერ გაძლო, იგივე ბედი ეწია სხვა იმპერიების ნარჩენებზე შექმნილ სახელმწიფოებსაც როგორც ევროპულ, ისე რუსულ სივრცეში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წარმოშობილი ქვეყნები დღეს იმავე გამოცდის წინაშე დგანან. თითოეულ მათგანს უწევს იმის მტკიცება, რომ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. შეიძლება ითქვას, ერთადერთი გამონაკლისი ნაწილობრივ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებია, რომლებმაც შეძლეს რუსული გავლენისგან შედარებით გათავისუფლება და ნატოს ქოლგის ქვეშ მოქცევა.

- დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალის ქმედებები რა ტიპის დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს? როგორ შეიძლება პოლიტიკოსებისა და აქციის მონაწილეების მასობრივად დაპატიმრებამ შეცვალოს შიდაპოლიტიკური ბალანსი? არსებობს თუ არა რისკი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნისა და პროტესტის ახალი ტალღა დაიწყოს...
- ეს შეკითხვა კომპლექსური და მრავალშრიანია, ამიტომ მარტივად ვერ გიპასუხებთ. შეიძლება პირდაპირ ითქვას, ამ ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, ფაქტობრივად, გააჩერა. არაფორმალური მმართველობა დღეს უკვე ცალსახა მოცემულობაა, რაც ავტომატურად გამორიცხავს დემოკრატიას, სახელმწიფოს განვითარებასა და სუვერენულ სისტემას. შეგვიძლია ეს ხელისუფლება გადავცეთ ანათემას, მაგრამ მე ვეღარავის გავყვები იმ გზაზე, სადაც არსებული რეჟიმი "ნაცმოძრაობითა" და მის იდეური სატელიტებით უნდა შეიცვალოს. ივანიშვილის შექმნილმა სისტემამ მოახერხა მთავარი - ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა შეინარჩუნა. ამავე დროს, პოლიტიკური პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია: თავისუფალი მედია აღარ არსებობს, დღის წესრიგი კი მთლიანად პროპაგანდაზეა აგებული. გამონაკლისად მხოლოდ "კვირის პალიტრა" შეიძლება ჩაითვალოს. ქართული დემოკრატიის ხარისხი დაბალია. ამ დრომდე არსებობდა რუსული დემოკრატია, აზერბაიჯანული დემოკრატია, თურქული, ყაზახური და ა.შ., ახლა უკვე ჩნდება ახალი ფენომენიც: "ქართული დემოკრატია".
- როგორია ეს ქართული დემოკრატია და რით განსხვავდება პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებისგან?
- ქართული დემოკრატიის ფენომენი საინტერესოა ორი თვალსაზრისით: პირველი - ის არსებობს არაფორმალური მმართველობის პირობებში, რაც ეწინააღმდეგება თავად დემოკრატიის არსს; მეორე - ამ პირობებშიც კი მმართველი ძალა ახერხებს უმრავლესობის მხარდაჭერის შენარჩუნებას. ეს პარადოქსული და სპეციფიკური ვითარებაა: დემოკრატიას საქართველოში დიდი პრობლემები აქვს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც უჭერს მხარს იმ ძალას, რომელიც ამ ხარვეზების მთავარი ინიციატორია. წლების განმავლობაში, როცა ამ პრობლემაზე ვსაუბრობდი, თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას. არავის აინტერესებდა, რომ ქვეყანაში, სადაც ობიექტური სოციოლოგიური კვლევები აღარ ტარდება, ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ ინფორმაციული სიცრუის გარემოში. დღეს საქართველოში არც ერთი გავლენიანი და ავტორიტეტული სოციოლოგიური კომპანიის შედეგებზე დაყრდნობა არ შეიძლება და ეს უკვე სისტემური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და ხელისუფლებაა ამაზე პასუხისმგებელი. თუმცა ოპოზიციაც არ არის სრულიად უდანაშაულო. როდესაც არ ცნო არჩევნების შედეგები და აირჩია რევოლუციური გზა მიზნის მისაღწევად, ეს თავიდანვე მცდარი სტრატეგია იყო. როდესაც ამ გზამ არ გაამართლა და ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, ოპოზიციამ პასუხისმგებლობა არ აიღო იმ შედეგებზე, რაც მის არჩევანს მოჰყვა.
სად არის დღეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს რევოლუციურ ცვლილებას დაჰპირდა და შემდეგ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა? სად არის ის ლიდერი, რომელმაც სცადა პარლამენტზე შტურმი, ძალადობრივი ელემენტებით გამძაფრებული სცენარით? როდესაც ასეთი ნაბიჯი გადადგი და შედეგი იყო პოლიტიკური პროცესის ფაქტობრივი გაჩერება, პასუხი შენც უნდა აგო. ჩვენ ამ წლების განმავლობაში არ გვინახავს, რომ ვინმეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრა მარცხის გამო. რევოლუციური სცენარი რომ ჩაიშალა და ხელისუფლება არ შეიცვალა, პასუხისმგებლები მხოლოდ ზოდელავა და ბურჭულაძე არიან? "ნაცმოძრაობა" არ აღიარებს, რომ ეს კოლექტიური პოლიტიკური მარცხია. ეს პარტიები ისე აპირებენ ბრძოლას, თითქოს საკუთარი თავი მსხვერპლად უნდა წარმოგვიდგინონ, რაც სრულიად მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოში თითოეულ პოლიტიკოსს თავისი ქმედებისთვის ინდივიდუალურად უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა, და არა ერთდროულად წამოიწყონ საქმეები მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ. პარტიების შესაძლო აკრძალვაზე მომზადებული კომისიის დასკვნები კი ქვეყანას მძიმე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კრიზისში აქცევს.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია მკაფიოდ არ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ქვეყნის სამომავლო გზაზე და არ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ქვეყანას არაფერი ეშველება. დღევანდელი ვითარება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია: ის აგრძელებს იმ პროცესს, რაც უკვე ჩამოყალიბდა - მართვადი ოპოზიციის ფორმალური არსებობა პოლიტიკურ ველზე. ამ მიზნის მიღწევის ყველა ბერკეტი ხელისუფლებას უკვე აქვს, და ყველაზე მნიშვნელოვანი - საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერაც ჯერ კიდევ მის მხარესაა. ხალხის ნაწილი კვლავაც იმ ილუზიით ცხოვრობს, რომ მთავრობამ ომში ჩაურევლობით ქვეყანა დაიცვა და ამით დიდი ზიანი აიცილა თავიდან. ეს ილუზია მხოლოდ მაშინ ჩამოიშლება, როცა ევროკავშირის ლიდერები ბოლო კოზირს გამოიყენებენ და უვიზო მიმოსვლის შეაჩერებენ.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რა შემთხვევაში გამოიყენებენ ევროპელი ლიდერები ბოლო კოზირს და როგორი იქნება რეაქცია შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს: "ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა"?
- მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ - ხელისუფლების სპიკერები, ანუ ისინი, ვინც დღეს ხელისუფლების პოზიციას აფიქსირებენ, ჯერ კიდევ არ არიან პოლიტიკოსები სრული მნიშვნელობით. მათ შორის არც პაპუაშვილი, რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ განათლებული და კომპეტენტური კაცია. ირაკლი კობახიძემ უკვე გადადგა ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩამოყალიბდეს როგორც პოლიტიკური ფიგურა, თუმცა ის ჯერ კიდევ ძლიერად განიცდის ბიძინა ივანიშვილის გავლენას და მოქმედებს მისი ხედვებისა და ნარატივის მიხედვით. მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილთან შეხვედრებისას კობახიძე საკუთარ მოსაზრებებსაც აფიქსირებდეს, მაგრამ მხოლოდ ივანიშვილის მოწონებისა და ნებართვის შემდეგ შეასხამს ხორცს. ვერ ვიტყვი, რომ კობახიძეს ან პაპუაშვილს ოდესმე გადაუდგამთ ერთი ისეთი ნაბიჯი მაინც, რომელიც ივანიშვილს არ მოეწონებოდა. შესაბამისად, მთავრობაში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურებს არ უნდა ვეძებდეთ, ისევე როგორც ისინი არ არსებობდნენ "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს. მაშინაც გადაწყვეტილებებს ერთ ცენტრში იღებდნენ. რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებას, ეს არის ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" საერთო პოზიცია და გარკვეულწილად ლოგიკურიცაა. ევროკავშირი არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც სრულად ჩამოყალიბებული და გამართულად ფუნქციონირებადი მექანიზმი. ევროკავშირშიც ხშირად არის წინააღმდეგობები და სწორედ ამიტომ აქვს უამრავი პრობლემა. ევროკავშირის ლიდერები იშვიათად საუბრობენ იმაზე, რატომ გავიდა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან, რას წარმოადგენდა რეალურად "ბრექსიტი" და რა გახდა იმ უკმაყოფილების მიზეზი, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება გამოიწვია. როდესაც ბრიტანეთმა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოა, მიიჩნია, რომ ევროკავშირის გარკვეული წესები მისთვის მიუღებელია და ყველა ბარიერის მიუხედავად, მაინც შეძლო გამოსვლა, რატომ არ შეიძლება ჩვენც გვქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ? იმიტომ რომ პატარა სახელმწიფო ვართ? არ შეიძლება კრიტიკული აზრის არსებობა ავტომატურად რუსულ გავლენად გამოცხადდეს. კრიტიკა არ ნიშნავს ევროსკეპტიციზმს. ეს ნიშნავს ჯანსაღ პოლიტიკურ აზროვნებას. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე არ იყო მართალი, როდესაც თქვა, თუ ევროპაში შესასვლელად საჭიროა, ქართველები ცალ ფეხზეც დავდგებითო. უხიაგი ხალხი ვართ ქართველები, არ დავდგებით ცალ ფეხზე. ჩვენ უკვე ვთქვით ჩვენი სიტყვა რუსეთში და ახლა გვინდა ჩვენი სიტყვა ვთქვათ ევროპაშიც, თან თავის სიმაღლეზე მდგომი, ღირსეული პოზიციით.
ხათუნა ბახტურიძე