სკანდალური ამბები - რომლებიც მანჩო გიორგობიანის აურზაურმა გადაფარა
როდის გავა ქვეყანა სამშვიდობოს? აი, მაშინ, როდესაც მთავარი საინფორმაციო თემები იქნება ეკოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა და ა.შ., პოლიტიკა კი უკანა პლანზე გადაინაცვლებს. ოცნებას კაცი არ მოუკლავს, აი, "ოცნება" კი ახალ იერიშზე გადავიდა. კერძოდ, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გვამცნო, რომ საქმეები აღიძრა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს - საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების საწინააღმდეგო საქმიანობის დაფინანსებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
აი, რა თქვა ბრიფინგზე გენპროკურორმა: "უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აირჩია პოლიტიკა, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა. აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები - ელენე ხოშტარია, ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისთვის მისაწოდებლად. გარდა აღნიშნულისა, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებსა და ცალკეულ ბიზნესმენებს.
2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის, საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირებისა და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.
გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეომიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და "რეჟიმის ჩამოშლისკენ".
პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. არაერთგზის ჰქონდა ადგილი საპოლიციო ძალასთან მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დაპირისპირებას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების სროლას სამართალდამცველთათვის. მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან. ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. რაციების საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისების ჩხრეკისას, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის", "დროას" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ოფისებიდან.
2024 წლის 28 ნოემბერს ლიდერების მოწოდებით პარლამენტის მიმდებარედ პოლიციის თანამშრომლებთან დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირება 6 დღის მანძილზე. ძალადობრივმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავი უწყების 158 თანამშრომელს, მათ შორის რამდენიმე მძიმედ დაზიანდა, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტში არსებულ ოთახებს, პოლიციის სპეცტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება... აღნიშნულის პარალელურად, კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრებისა და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. ფონდები, რომლებიც, თავის მხრივ, დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან...
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სს კოდექსის 317-ე მუხლით - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს სს კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას სს კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ სს კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე".
იურიდიული განხილვა ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქმეებში უცნაური მტკიცებულებები დევს. პოლიტიკური კუთხით კი საინტერესოა, რატომ წავიდა ამ ნაბიჯზე ხელისუფლება მაშინ, როცა დღევანდელი ოპოზიციისგან მას არანაირი საფრთხე არ ელის?! გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს არის გარკვეული პასუხი ევროკომისიის კრიტიკულ ანგარიშზე. ალბათ, უფრო ეს არის რეაქცია იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა ვერ დაალაგა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობები (ევროკომისიის ანგარიში ამის პიკი იყო) და აქვს მოლოდინი, რომ სანქციები იქნება. თუმცა რას მიაღწევს ამით, გაურკვეველია. შესაძლოა იყოს გათვლა, რომ ბრიუსელი იმ მოტივით, რომ საქართველოში ასეთი სახიფათო პროცესები შეჩერდეს, თბილისთან დიალოგს დაიწყებს და მერე ახალი ურთიერთობების სქემების დალაგება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდება. თუმცა, რომ არ დაიწყოს?!
აქ ჩნდება მეორე კითხვა - წავა თუ არა ხელისუფლება იმაზე, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი გრძელი ვადით ციხეში გაუშვას?! ყველანაირი ლოგიკით, ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა... ქართულ პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა, არასოდეს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წავიდა?! გახარიას პარტია ოპოზიციურ ფლანგზე რჩება, "ნაცმოძრაობა" როგორც არის, ისევ ისე იქნება (ამჟამინდელ ხელმძღვანელებზე საქმე აღძრული არ არის, მიშა კი უკვე 4 წელია ციხეშია), ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია რეალურად ერთკაციანი პარტიების ლიდერები არიან და უფრო ტელეეთერებს დააკლდებიან, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ პროცესს. ყველაზე მეტად დაზარალდებიან "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ლელო", რამაც შეიძლება ამ პოლიტორგანიზაციების დასრულებაც გამოიწვიოს. თუმცა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება, პოლიტიკური დაძაბულობა არსად წავა და ნებისმიერ დროს შესაძლოა ესკალაცია გამოიწვიოს.
თუმცა ასე თეორიულად წერა ადვილია. იმ ადამიანების გულებში ჩავიხედოთ (მერე რა, რომ ზოგი მოგვწონს, ზოგი - არა), რომლებსაც მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა... თქვენი მონა-მორჩილი საკუთარ თავს პატარა პროგნოზის გაკეთების საშუალებას მისცემს. პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა (რასაც ზოგიერთი ოპოზიციონერის აღშფოთება მოჰყვა - აი, თუ არ არიან "ოცნებასთან" გარიგებულიო). ეს შესაძლოა იყოს ნიშანი, რომ წლობით ყველა ოპოზიციონერი ლიდერის ციხეში გამოკეტვას ხელისუფლება არ გეგმავს. უბრალოდ, მიაკერებს "საბოტაჟნიკების" იარლიყს და ამას მუდმივად გამოიყენებს მათზე შეტევისთვის.
ასე იქნება თუ ისე, მძიმე კრიზისი არსად წავა და მუდმივად "ზაზუნას დღის" რეჟიმით გავაგრძელებთ ცხოვრებას. შემდეგ, ალბათ, ბოლოს და ბოლოს, რაღაც მოხდება. რა - ამაზე პასუხი ქართული პოლიტიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნოსტრადამუსსაც კი არ ეცოდინებოდა.
რაც შეეხება ბრიუსელი-თბილისის ურთიერთობების დალაგება-არდალაგებას, გასულ კვირას საკმაოდ უცნაური ამბები გავრცელდა. კერძოდ, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ "საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით". მათივე ცნობით, ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე სწერს: "საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით შეჩერებულია".
შესაბამისად, "ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრება ამ ორგანიზაციაში და არა პირიქით - ანუ ეს არ დაწყებულა 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციას 2028 წლამდე. ევროკომისიის პასუხი ასეთია: "უკვე 2024 წლის ივნისში ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც ასრულებდა პირველ გამოსაფხიზლებელ მოწოდებას ხელისუფლებისთვის, რომ მათ შეეცვალათ აღებული კურსი" - ანუ ევროკომისია ამტკიცებს, რომ ჰერჩინსკის წერილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას კი არ ნიშნავდა, გამოსაფხიზლებელი სიგნალი იყო.
ამ ყველაფერმა დამატებითი კითხვები გააჩინა. თუ ხელისუფლების ვერსიით, ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა 2024 წლის ივნისში, რაღა საჭირო იყო 28 ნოემბერს კობახიძის ბრიფინგი; ან რატომ არ უთხრეს მოსახლეობას, რომ ასეთი წერილი არსებობდა? ისე, პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს "პირველი ვინ დაიწყო". რაც მოხდა, მოხდა და გამოსავალი არ ჩანს.
დეჟავიუ მეასეჯერ
პროკურატურის ზემოხსენებულ ბრიფინგს "ნაცმოძრაობა" და მათთან აფილირებულები თავისებურად გამოეხმაურნენ - აი, მიიღეთ იმათ, ვინც ამბობდით, რომ არც "ოცნება", არც მიშაო. ეს პირდაპირ შეიძლება ასე გადავთარგმნოთ: მიიღეთ იმათ, ვისაც მიშას გარშემო გაერთიანება არ გინდოდათო. ანუ არ გინდოდათ, რომ მიშა ყოფილიყო თქვენი ბელადიო. ეს ნიშნავს, სხვისი არ გესმის და არც შენი გინდა დაინახო - ანუ ამ ხალხმა ვერ გაითავისა, ხელისუფლებაში "ოცნება" კი არა, ოჩოპინტრე რომ მოვიდეს, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხედავს თავის ადგილს სააკაშვილის გვერდით. თუ არ გჯერათ, ნახეთ, რა ხდება აქციებზე. თუ სურთ, ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო დამძიმდეს სიტუაცია, ხალხმრავალი აქციების გამართვა გაჭირდეს და პროტესტი საბოლოოდ ჩაკვდეს, კი ბატონო, განაგრძონ ეს რიტორიკა...
ამასთან, "ნაცმოძრაობისა" და ყოფილი "ნაცმოძრაობის" ფლანგებიდან წამოვიდა მოწოდებები გაერთიანების შესახებ. პირველ რიგში, სააკაშვილი აქტიურობს, რომელიც ჰიპერაქტიური გახდა. კი, მაგრამ, რომელ გაერთიანებაზეა საუბარი, როდესაც თავად მიშა რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას, ფაქტობრივად, ღალატში ადანაშაულებდა.
"გილაურმა „თავისი“ ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, მედიაში იმ პირობით, რომ მინიმუმამდე დასულიყო ჩემი ხსენება. ჩემი ხსენება მართლაც გააქრეს, სამაგიეროდ, გილაური გამოდიოდა ყველგან და მუდმივად ჰყვებოდა, რომ ჩემს დროს ყველა რეფორმა მისი გატარებული იყო და ის არასდროს ყოფილა ენმ-ის წევრი, ოღონდ როცა ჩემს ხელისუფლებაში იყო ჯერ ენერგეტიკის, შემდეგ ფინანსთა მინისტრი და საბოლოოდ პრემიერ-მინისტრი და მთავრობაში ფეხი ამოუკვეთა კახა ბენდუქიძეს, დარწმუნებული ვარ, არც იცოდა, რომ არ იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ჩაიარა არჩევნებმა, "მთავარი არხი" დაიხურა და გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში", - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
ანუ მიშა ყოფილ თანაგუნდელებს, ფაქტობრივად, ივანიშვილის ფულის აღებას აბრალებს. და რა გაერთიანებაზეა საუბარი? სააკაშვილი აპატიებს მელია-გვარამიას თუ ისინი მოიხდიან ბოდიშს?! თუმცა სააკაშვილის ყოფილ თანაგუნდელებს არაერთხელ დაუვიწყებიათ ძველი წყენები, მაგრამ რატომღაც გვგონია, მელია არ დაივიწყებს, როგორ გამოაგდეს სააკაშვილის თანხმობით "ნაცმოძრაობიდან"...
"ლელოს" "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანების არანაირი სურვილი არ ეტყობა. გახარიაზე საუბარიც ზედმეტია - ანუ შეიძლება ისინი გაერთიანდნენ, ვინც ადრე ისედაც ერთად იყვნენ. "არანაცურმა" ოპოზიციამ გაუშვა გაერთიანების შანსი სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ და ესეც უკვე ჩავლილი მატარებელია.
P.S. მთელი ეს პოლიტიკურ-სამართლებრივი "თრილერი" გადაფარა გასულ კვირას მანჩო გიორგობიანთან დაკავშირებულმა სკანდალმა. აი, ასეთ უცნაურ ყოველდღიურობაში გვიწევს ცხოვრება.
გიორგი კვიტაშვილი