ვინ გახდა სამხრეთ კავკასიის ერთპიროვნული სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი - კვირის პალიტრა

ვინ გახდა სამხრეთ კავკასიის ერთპიროვნული სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი

8 ნოემბერს აზერბაიჯანმა დედაქალაქ ბაქოში გრანდიოზული სამხედრო აღლუმით პომპეზურად აღნიშნა 2020 წლის ყარაბაღის მეორე, 44-დღიან ომში გამარჯვების მეხუთე წლისთავი.

წელს, 3 სექტემბერს, მსოფლიომ უკვე იხილა ბევრად დიდი მასშტაბის სამხედრო აღლუმი, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და იაპონიაზე გამარჯვების მე-80 წლისთავი იზეიმა და პეკინის ცენტრში ბირთვული იარაღის გადამტანი სხვადასხვა კლასისა და ტიპის სარაკეტო, საავიაციო და საზღვაო შეიარაღება ჩაატარა, მაგრამ ბაქოს სამხედრო აღლუმი იმითაცაა გამორჩეული, რომ ერთდროულად აჩვენეს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო კომპონენტები, რასაც განაპირობებს აზერბაიჯანის დედაქალაქის მდებარეობა კასპიის ზღვის სანაპიროზე.

მაგრამ, მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, თუ რამდენი და რა ტიპის ტანკი, ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარი, სარაკეტო სისტემა, კამიკაძე-დრონი ჩაატარა ბაქოს ცენტრალურ მოედანზე აზერბაიჯანის არმიამ ან რამდენმა საბრძოლო თვითმფრინავმა გადაიფრინა ბაქოს თავზე, არამედ სულ სხვა... აზერბაიჯანმა და კერძოდ, მისმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც 22 წელია უდგას ქვეყანას სათავეში, მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ... ძალით დაკარგულს უკან ძალითვე იბრუნებენ!

პრეზიდენტ ალიევს ეს ურთულესი კომბინაცია გამოუვიდა კიდეც 2020 წლის 44-დღიან ომშიც და 2023 წლის 23-საათიან საბრძოლო ოპერაციაშიც, რასაც მოჰყვა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის თითქმის სრული გადინება სომხეთში, რითაც ბაქომ, ფაქტობრივად, მთლიანად გადაწყვიტა ყარაბაღის საკითხი სამომავლოდაც. შესაბამისად, მას შემდეგ პრეზიდენტი ალიევი გამარჯვებულის სახელს იმკის როგორც სამშობლოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზეც - აზერბაიჯანი ყველაზე გავლენიანი ქვეყანა ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, რისი გათვალისწინებაც უწევთ მეზობელ სომხეთსა და საქართველოსაც.

სომხეთის ხელისუფლება ფაქტობრივად, შეეგუა რეალობას და ფაშინიანის მთავრობა რუსეთიდან პოლიტიკურ ვექტორს ევროპისა და ამერიკისკენ მიმართავს, რაც უკეთესი გამოსავალი უნდა იყოს სომხეთის მომავლისთვის, ვიდრე ყარაბაღის თემასა და დიდი სომხეთის“ შექმნაზე ჩაჟინება.

საქართველოსაც უწევს აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება, გამომდინარე იქიდანაც, რომ აზერბაიჯანიდან მომავალი ნავთობ და გაზსადენები ჩვენს ტერიტორიაზე გადის, ისევე როგორც თურქეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზი, რომელმაც დროთა განმავლობაში, წესით, მეტი დატვირთვა უნდა შეიძინოს.

17624235571219052385-1200x630-1762697783.jpeg
ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების მეხუთი წლისთავზე ბაქოში გამართულ პომპეზურ სამხედრო აღლუმზე აზერბაიჯანის არმიამ არსენალში არსებული თანამედროვე შეიარაღება აჩვენა მსოფლიოს...

სამხრეთ კავკასიის მეზობლების გარდა, აზერბაიჯანის გავლენა იზრდება ევროპის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ამცირებენ ან საერთოდ წყვეტენ რუსული ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის შესყიდვას და ალტერნატივად აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებს ირჩევენ. პრეზიდენტ ალიევისა და მთლიანად აზერბაიჯანის საერთაშორისო იმიჯი მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები თეთრ სახლში ოვალურ კაბინეტში მიიწვია და მოელაპარაკა ზანგეზურის დერეფანში ტრამპის მარშრუტის“ გახსნაზე, რომელმაც თურქეთი სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს უნდა დააკავშიროს. ამასთან, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტისთვის საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ ყარაბაღის მეორე ომის შეჩერებაში მის წვლილს ხედავდნენ. უფრო მეტიც, თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპს ალიევისთვის თურმე უკითხავს, ხომ ძლიერი არმია გყავთ, რატომ არ გააგრძელეთ შეტევაო? ალბათ, ტრამპი იმას გულისხმობდა, რომ ყარაბაღის გათავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ აზერბაიჯანის არმიამ რატომ არ მიიტანა იერიში... სომხეთის ტერიტორიაზე?

გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან აფორმებს სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც მათ აზერბაიჯანსა და სომხეთთან დააკავშირებს. აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა (მოხსენიებული როგორც "C5+1 ქვეყნები") შეთანხმდნენ "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის" განვითარებაზე, რომლის დაკავშირებაც იგეგმება TRIPP-თან ("ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის"), რაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს.ეს ფაქტორი უფრო ზრდის აზერბაიჯანის პოლიტიკურ წონას სამხრეთ კავკასიაში და მას ერთპიროვნულ ლიდერად აყალიბებს, რასაც ზურგს უმაგრებს ენერგომატარებლების გაყიდვაზე აგებული ეკონომიკა (თუმცა ბოლო დროს აზერბაიჯანში დაიწყო ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება ამ საბადოების მარაგის ამოწურვის გამო) და, რა თქმა უნდა, ძლიერი შეიარაღებული ძალები.

ცალკე თემაა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის ოფიციალური და პირადი ურთიერთობები, რომლებიც მას აქვს თურქ და რუს კოლეგებთან. თურქეთი აზერბაიჯანის „"დიდ ძმად" განიხილება და შესაბამისად, ყარაბაღის დაბრუნებასა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ერდოღანს ლომის წილი უძევს, რის უკანაც თავად თურქეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესიც იმალება - აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებით ოფიციალური ანკარა კიდევ უფრო აძლიერებს თავის გავლენას სამხრეთ კავკასიაში და რაც მთავარია, ჭრის პირდაპირ გზას ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად, რაც საერთო ჯამში მიდის ახალი "დიდი ოსმალეთის"“შექმნის იდეისკენ, რომელიც უთუოდ ექნებოდა ჩაფიქრებული თურქეთის დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერს.

რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღისა და კიდევ შვიდი ოკუპირებული რაიონის ძალის გამოყენებით დაბრუნებას, პუტინმა, ფაქტობრივად, წყალში ჩაყარა 1990-იან წლებში ელცინის ყარაბაღის თემაზე აზერბაიჯან-სომხეთს შორის მუდმივი შეიარაღებული დაპირისპირების შენარჩუნებისა და მოსკოვიდან მართვის სტრატეგიული გეგმა. პუტინის რუსეთი არ დაეხმარა ერევანს, როდესაც ბაქომ 2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღის ძალით უკან დაბრუნება დაიწყო, რითაც სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს იმედი გაუცრუა.

ამ პოზიციით პუტინს შეიძლება სურდა სომხეთის მოსახლეობის აბუნტება ფაშინიანის იმ მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ კრემლს ეს არ გამოუვიდა - ფაშინიანმა, ყარაბაღის დაკარგვის მიუხედავად, შეინარჩუნა ხელისუფლება. პუტინის პოლიტიკამ ყარაბაღის საკითხზე სრული ფიასკო განიცადა - აზერბაიჯანიდან გაყვანილ იქნა რუსული სამშვიდობო ძალების კონტინგენტი, სომხეთში გაიზარდა ანტირუსული განწყობა, ერევანმა მოსკოვის გვერდის ავლით ბრიუსელსა და ვაშინგტონს მიაკითხა, სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის მომავალიც ბუნდოვანია და ყველაფერს აგვირგვინებს „ტრამპის მარშრუტის“ ამოქმედების პერსპექტივა ზანგეზურის დერეფნის გავლით თურქეთიდან აზერბაიჯანამდე, რომლის გაკონტროლებასაც ამერიკული მხარე ითავებს და რუსეთი სრულად თამაშგარე რჩება.

და ყოველივე ამის ფონზე 2024 წლის დეკემბერში რუსულმა საზენიტო პანცირმა “გროზნოს თავზე შეცდომით სასიკვდილოდ“ დააზიანა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც მისი კატასტროფა მოჰყვა, დაიღუპნენ მგზავრები და ეკიპაჟის ნაწილი. ამის შემდეგ მთელი ათი თვე რუსეთი არ აღიარებდა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის თუნდაც შეცდომით დაზიანების ფაქტს, რამაც ძალზე დაძაბა ალიევისა და პუტინის პირადი ურთიერთობა. ოქტომბერში ალიევი და პუტინი ცენტრალურ აზიაში შეხვდნენ ერთმანეთს და მათ შორის დაძაბულობა, ძირითადად, მას შემდეგ განიმუხტა, რაც პუტინმა აღიარა აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით დაზიანება რუსული საზენიტო რაკეტებით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის გავლენა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რასაც ითვალისწინებს თვით კრემლის უხუცესი ბინადარიც, თორემ ვინმეს მოუსმენია პუტინის ბოდიში საქართველოს დაბომბვის გამო?

ვინ რა სამხედრო ძალას ფლობს სამხრეთ კავკასიაში...

2025 წელს აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტმა 5 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც ბევრად აღემატება სომხეთისა (1,7 მლრდ დოლარი) და საქართველოს (628 მლნ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებლებს.

სომხეთის არმიაზე სამჯერ, ხოლო ქართულზე კი თითქმის რვაჯერ მეტად დაფინანსებულ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ჰყავთ არა მარტო ყველაზე მრავალრიცხოვანი პირადი შემადგენლობა, არამედ აქვთ უფრო მეტი და რაც მთავარია, თანამედროვე და თვით ულტრათანამედროვე შეიარაღების სახეობებიც, მათ შორის თურქეთის, ისრაელისა და ჩინეთის წარმოებული.

აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება 64 ათასი კაცი, რეზერვი კი შეადგენს 300 ათას კაცს.

აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაშია 497 ტანკი, 660-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 1 232 საარტილერიო დანადგარი, ათამდე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემა, თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 47 დამრტყმელი შვეულმფრენი, 50-მდე სატრანსპორტო შვეულმფრენი, დიდი რაოდენობის სადაზვერვო და კამიკაძე-დრონები, 12 სხვადასხვა კლასის სამხედრო ხომალდი და კატარღა.

სომხეთის შეიარაღებული ძალები 43 ათასამდე კაცს ითვლის, რეზერვის რაოდენობა კი 210 ათასს აღწევს.

შეიარაღებაშია: 109 ტანკი, 140 ჯავშანმანქანა, 225 საარტილერიო და 14 ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო დანადგარი, 17 საბრძოლო თვითმფრინავი, 25 დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

სამხრეთკავკასიელი მეზობლებისგან განსხვავებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალი ასეთია: 21 ათასამდე რიცხოვნობის ქართული არმია (საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობის ზედა ზღვარი განსაზღვრულია 37 ათასით, მაგრამ სრულად არ არის დაკომპლექტებული), 123 ტანკი, 71 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 150-მდე ჯავშანმანქანა, 240 საარტილერიო დანადგარი, 11 საბრძოლო თვითმფრინავი და ორ ათეულამდე დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები აღებულია ყოველწლიური Military Balance-2024-დან და მიუხედავად იმისა, მსოფლიოში ის ავტორიტეტულ გამოცემად ითვლება, ბევრი უზუსტობაა დაშვებული საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაცემებში (ის, რისი შედარებაც ჩვენი პირადი ინფორმაციით შეგვიძლია) და, დიდი ალბათობით, ასევე არანაკლები უზუსტობაა სომხეთისა და აზერბაიჯანის არმიებთან დაკავშირებით, რადგან წლიდან წლამდე მეორდება ერთი და იგივე ინფორმაცია.

რეალობასთან ყველაზე მეტად დაახლოებულ ინფორმაციას იძლეოდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, წელიწადში ორჯერ ტარდებოდა ინსპექტირება ამ ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების არმიებში, თითოეული ტანკისა თუ ჰაუბიცის საქარხნო ნომრისა და ადგილსამყოფლის მითითების ჩათვლით.

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ევროპელ ვერიფიკატორებს თავიანთი არმიის შესახებ ყველაზე დაუმალავად ქართული მხარე აწვდა ინფორმაციას, აზერბაიჯანელები და სომხები კი მუდამ ხელოვნურად ამცირებდნენ თავიანთი შეიარაღების რაოდენობას, მათ შორის ყარაბაღის რეგიონში მათი განთავსებით, სადაც ვერიფიკატორებს არც ერთი მეომარი მხარე სათოფეზეც კი არ აკარებდა.

მაგრამ ბოლო წლებში მსოფლიოში ბევრი რამ აირია, ამ ხელშეკრულებაში ბევრმა ქვეყანამ (მათ შორი საქართველომაც) შეაჩერა მონაწილეობა და ახლა მეტ-ნაკლებად ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რეალურად რა სამხედრო ძალას ფლობენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, მხოლოდ რუსეთის, თურქეთის, აშშ-ისა და შეიძლება ირანის სამხედრო დაზვერვებს თუ მოეპოვებათ.