„კუნთების თამაში“ აყენებს თუ არა სამყაროს მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე?!
ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს უხელმძღვანელა - რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პლესეცკის გამშვები სადგურიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "იარსი" გამოცადეს, ხოლო ბარენცის ზღვაში წყალქვეშა ნავიდან "სინევას" ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. 26 ოქტომბერს რუსეთის გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ 21 ოქტომბერს წარმატებით გამოცადეს ბირთვული დანადგარით აღჭურვილი ახალი ფრთოსანი რაკეტა "ბურევესტნიკი" და ბირთვულძრავიანი უპილოტო წყალქვეშა აპარატი "პოსეიდონი". პუტინმა ამ გამოცდას "უზარმაზარი წარმატება" უწოდა.
რამდენიმე დღეში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ბირთვული იარაღის გამოცდა, - კალიფორნიის შტატში მდებარე ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება ჩატარდა.
ხომ არ დგას სამყარო მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე და როგორი განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:
- ადრეც გვითქვამს, რომ რუსეთი და ამერიკა კუნთების თამაშსა და ერთმანეთის დაშინებაზე გადავიდოდა, მით უმეტეს, პუტინი დიდი ხანია ამით იმუქრება და შესაბამისად, შეეცდება, მუქარა კვლავ ისე წარმოაჩინოს, თითქოს ის ისევ რელევანტურია. შეიძლება ჩვენ ხშირად ვიხილოთ ბირთვული იარაღის გამოცდის კადრები, აფეთქების სიუჟეტები და სხვა. ეს ტაქტიკა ახალი არ არის, "ცივ ომშიც" ასე ხდებოდა - კუნძულ "ზემლიაზე" რუსები ბირთვულ იარაღს აგდებდნენ. ასე რომ, "ცივი ომის" ახალ სტადიას ვადევნებთ თვალს. დაშინებამ შეიძლება ვიღაცებზე იმუშაოს ერთხელ, ორჯერ, მაგრამ გრძელვადიანად ეფექტი არ ექნება, იმიტომ, რომ ბირთვული იარაღი ფრონტის ხაზზე თუ არ ჩააგდე, უშუალოდ ომის მდგომარეობაში თუ არ გაისროლე, მას ახალი არაფერი მოაქვს.
- ვაშინგტონმა ტრამპსა და პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც მოსკოვმა ამერიკულ მხარეს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც ადასტურებდა მკაცრ მოთხოვნებს: ტერიტორიულ დათმობებს კიევისგან, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას, გარანტიას, რომ ქვეყანა ნატოში არ გაწევრდება. ტრამპმა სამიტი გააუქმა და განაცხადა, რომ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ შეხვედრა უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმებას მოიტანს.
- ვფიქრობ, აქ არის კონკრეტულად მარკო რუბიოს საკითხი, რომელიც ძალიან საინტერესო და ტოპ-გამოცდილების პოლიტიკოსია. ამერიკის ადმინისტრაციაში მასზე სერიოზული კადრი არ არსებობს. კი, რუბიო დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის, ის ტრამპის სახელმწიფო მდივანია, მაგრამ მას ძალზე ბევრი საინტერესო ინიციატივა აქვს და ცდილობს ხოლმე ტრამპი სწორი მიმართულებით წაიყვანოს. ნათელია, რომ რუბიომ ურჩია ტრამპს, სამიტი არ შემდგარიყო, ვინაიდან ეს უფრო მეტად დააზიანებდა ამერიკის გეოპოლიტიკურ წონას. აქ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის პრეზიდენტს დიდი იმედი ჰქონდა, ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამერიკა ადგება და უკრაინას დაეხმარება, არამედ ნიშნავს იმას, რომ არ გაამწვავებს უკრაინის დახმარების საკითხს. ტრამპი შეიძლება დისტანცირდეს ზომიერად, ისე აქტიურად არ იყოს ჩაბმული, მაგრამ უკრაინისთGვის რა დახმარებაც იყო, ის მინიმალური დახმარებაც ნამდვილად იქნება, თუ არ მოიმატებს.
- როგორც ამბობენ, პუტინის "კუნთების თამაში" ბუდაპეშტის სამიტის ჩაშლის პასუხი იყო. პუტინის "წარმატებული გამოცდის" საპირწონედ ტრამპმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Minuteman III-ის გამოცდა გადაწყვიტა. რასთან გვაქვს საქმე და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი?
- Minuteman III-ის გამოცდა მოსალოდნელიც იყო. ეს რაკეტა 1973 წელსაა შექმნილი. ეს არის ძალის დემონსტრირება და კუნთების თამაში ორივე მხრიდან. პუტინისგან არ იყო წარმოუდგენელი ის, რომ მას სურს, ერთი მხრივ, დასავლეთს, მეორე მხრივ კი, თავის ამომრჩეველს დაანახოს, რომ ისევ საშიში ძალაა და რეალურად შეუძლია გაისროლოს. ხდება ის, რაც ხდებოდა "ცივი ომის" პერიოდში. პუტინმა სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწია. ერთი წლის განმავლობაში 40 კმ-იანი წინსვლა რუსეთის არმიისათვის, რომელიც 4 წელია იბრძვის უკრაინაში, წარმატებული მაჩვენებელი არ არის. ამიტომ ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ბუდაპეშტის სამიტი იყო პუტინის პოლიტიკური მცდელობა, გავლენა მოეხდინა დასავლეთზე. პოლიტიკური მარცხის გამო ის ახლა ცდილობს კვლავ სამხედრო მუქარა გააგრძელოს.
ტრამპის პასუხი ცივიომისეული ნიშანია - შენ რასაც აკეთებ, იმის საპირისპიროს გიბრუნებო. "ცივი ომი" ამაზე იყო აგებული - დიპლომატებს გამოუყრიდნენ, გამოყრიდა მეორე მხარეც, ერთი გაისროდა, გაისროდა მეორეც, ერთი სადღაც შეიჭრებოდა, შეიჭრებოდა ისიც. ეს იყო ბალანსის დაცვა, ამის მიღმა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში გიჟები სულ არიან და რისკები სულ არსებობს, ამ ეტაპზე უნდა ვთქვათ, რომ პუტინი არის მკვლელი, მაგრამ არა - თვითმკვლელი, შესაბამისად, გამოცდები გამოცდებად დარჩება, ომის მდგომარეობაში ჩაბმის შანსები მინიმალურია, უბრალოდ, სამხედრო ძალების შეჯიბრება განახლდა.
ორივე მხრიდან ბევრი შეიარაღების ქონა უკვე იმის ნიშანია, რომ ყველა აჩვენებს მზაობას, ჩაებას ძალის დემონსტრირებასა და შეიარაღების შეჯიბრებაში, მაგრამ ამის მიღმა თუკი არ იარსებებს პოლიტიკური ნება, რომ ბირთვული იარაღი ფრონტის ხაზზე ჩამოაგდო, მის ქონას მნიშვნელობა არა აქვს. ქალაქში მას არავინ ჩააგდებს, ამიტომ ეს უფრო სხვა მხრივ არის ნიშანდობლივი და ნიშნავს, რომ დაიწყო შეიარაღება, ხელახალი მასობრივი გადაიარაღება და შევედით ახალი "ცივი ომის" უფრო მძიმე და სწრაფ ფაზაში. 21-ე საუკუნეში უფრო მეტი ტექნოლოგიაა, რაც მანამდე ნაკლებად არსებობდა, ამიტომაც ვუსვამ ხაზს, რომ ეს არ არის უშუალო, ხვალ არსებული საფრთხე, არამედ გრძელვადიანია.
მსოფლიო მილიტარიზაციის აქტიურ ფაზაშია, რაც წინა "ცივი ომისგან" განასხვავებს - დღეს ორი პოლუსი აღარაა მსოფლიოში, არიან ჩინეთი (რომლისგანაც ბოლომდე დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის რუსეთი), ინდოეთი, ირანი, ჩრდილოეთი კორეა. გასაგებია, რომ ისინი შეიძლება დიდ ღერძში გავაერთიანოთ, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს, რომ იქნება მრავალი პოლუსი, რომლებიც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
- იგივე ევროპაც, რომელიც ცალკე მილიტარისტულ პოლუსად ყალიბდება...
- ევროპა ბოლომდე აღარაა მიბმული აშშ-თან, მას თავისი, დამოუკიდებელი ნიშა აქვს (როგორც რუსეთს ჩინეთისგან). ევროპასაც დაწყებული აქვს ე.წ. კუნთების თამაში, მაგალითად, პოლონეთი მომდევნო წელს 400 000 მოქალაქეს გადაამზადებს. გერმანიაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო ძალების გადამზადება და გერმანიის უმაღლესი სამხედრო სარდლობა, გერმანიის ინსპექტორი აცხადებს, რომ გერმანიის მილიტარიზაცია ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს და გერმანია ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად. ამ ყველაფრის შემდეგ მივიღებთ შეკავებად რუსეთს. ევროპაში მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოა, რომლებიც მილიტარიზაციით ანგარიშგასაწევი ძალა იყო - ფინეთი, მეტ-ნაკლებად პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. რუსეთმა აარჩია ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა - უკრაინა, რომელიც რუსეთს მაგრად დახვდა იმ გაგებით, რომ მას გვერდით დაუდგნენ ის ქვეყნები, რომლებიც ჩამოვთვალე. სწორედ აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედება ახლა ლიმიტირებულია. ამ პერიოდში ევროპა ასწრებს, რომ მომავალში რუსეთმა აღარ იფიქროს შემდგომი აგრესია, როგორც პროგრამა-მინიმუმი, მაგრამ მისი საშუალო და პროგრამა-მაქსიმუმი ანუ წარმატება იქნება ის, თუკი რუსეთი ამ ომში ტოტალურად დამარცხდა და სრულიად დაკარგა ნებისმიერი აგრესიული ომის წარმოების საშუალება. ამიტომაც პროგრამა-მინიმუმია ევროპამ სამომავლოდ შეაკავოს რუსეთი, რომ მან არ გაბედოს ომები ევროპის კონტინენტზე.
სანამ უკრაინა იბრძვის, ევროპა დროს იგებს და თუ ეს ყველაფერი წარმატებით გაგრძელდა, ევროპა მოასწრებს მილიტარიზაციას, შემდგომი ომებისგან თავის არიდებას, მაგრამ უკრაინა ტოტალურ წარმატებას მიაღწევს თუ უბრალოდ გადარჩება (ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ მაინც არ არის ტოტალური დამარცხება), ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, ახლა უკრაინა დროს იგებს დასავლეთისთვის.
- რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ფრონტზე?
- ველოდები, რომ ეს ზამთარი იქნება წარმოუდგენლად სისხლიანი, იქნება რაკეტების და დრონების გამოყენების მასშტაბის პიკი. ორივე მხარე მზად იქნება გაანეიტრალოს ქვეყნის ენერგო და ეკონომიკური სექტორი, რათა დაასუსტოს ომის გაგრძელების საშუალება. არა მგონია, რომ 3-4 თვეში რამე შეიცვალოს. გასაგებია, რომ პოკროვსკისა და კუპიანსკისთვის ბრძოლა გაგრძელდება და თუ რუსეთმა პოკროვსკი დაიკავა, ის ყველა ვარიანტში შეეცდება ჩრდილოეთით გადაიწიოს. იმის ჩრდილოეთით კიდევ არის სლავიანსკი და კრამატორსკი. ამ ორი ქალაქისთვის იქნება გადამწყვეტი ბრძოლა - რუსეთი იქამდე თუ ჩავიდა, ამ ორ ქალაქში შეიძლება ორივე მხრიდან იმდენი მსხვერპლი იყოს, რომ ამან ომის ბედიც კი გადაწყვიტოს. კუპიანსკის სიტუაცია ძალიან უცნაურია. რუსები მანევრირებენ, ქალაქის დაახლოებით 60% ბრძოლის ველია, ორივე მხრიდან დრონები მოქმედებენ და 4-5-კაციანი დანაყოფები მალულად შეჰყავთ ქალაქში, ხდება ჯერ ერთი შენობების გამაგრება, საავადმყოფოს დაკავება და მერე ამ შენობების გაწმენდისთვის მიმდინარეობს შეტაკებები. ამ პროცესებში რუსებიც და უკრაინელებიც დრონებს იყენებენ, ანუ ეს არ არის პირდაპირი ურბანული ბრძოლა. რუსები ქალაქში კანალიზაციის მილებით გადაადგილდებიან. საუბარია ასობით სამხედროზე, რომლებმაც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს, იმიტომ, რომ ქუჩაში გადაადგილება უბრალოდ, შეუძლებელია, იქ დრონები ბომბავენ ყველაფერს. კუპიანსკის დაცემა კატასტროფა იქნება უკრაინის თავდაცვისთვის, პოკროვსკიზე ბევრად უარესი, ვინაიდან პოკროვსკის იქით ბევრი უსაფრთხოების ზღუდეა, კუპიანსკის დაცემის შემთხვევაში კი რუსებს ეხსნებათ ხაზი ხარკოვის მიმართულებით. რუსებმა კუპიანსკი თუ დაიკავეს, შემდგომში ისინი მდინარე ოსკილის მეორე მხარეს გადავლენ. ამიტომ ამ ქალაქს ხელში თუ ჩაიგდებენ, უკრაინული დანაყოფები უზლოვში ალყაში მოექცევიან, ამის მერე უკვე გაიხსნება გზა ხარკოვისკენ. რუსებმა დიდი შეტევა რომ არ დაიწყონ, უკრაინას მოუწევს იქ დიდი დანაყოფების გადასროლა, რათა რუსები კუპიანსკთან შეაჩერონ. ეს იქნება ძალიან მძიმე იმ გაგებით, რომ ურბანულ ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაში, ველებზე გადავა ბრძოლა.