„აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო“ - კვირის პალიტრა

„აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო“

ოკუპირებულ აფხაზეთში 2023 წლის ივლისში მოკლეს გალის მკვიდრი, 28 წლის ნათია ბახტაძე. ახალგაზრდა ქალის მკვლელობა რამდენიმე დღეში აღიარა 26 წლის ოჩამჩირელმა აინარ წვიჟბამ და მხოლოდ ორი წლისა და ორი თვის შემდეგ გადაწყვიტა დე ფაქტო გენპროკურატურამ წვიჟბას წინააღმდეგ სს საქმე განსახილველად გაეგზავნა ე.წ. გალის რაიონულ სასამართლოში. როდის დაიწყება სასამართლო განხილვა, უცნობია, თუმცა აფხაზეთში არც ერთ ქართველს არა აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავე დაისჯება, რადგან წვიჟბა გავლენიანი და შეძლებული აფხაზური ოჯახის წევრია, ხოლო ქართველების სიცოცხლეს, გალელების თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში

ჩალის ფასი აქვს.

ყალბი ფსიქიატრიული დიაგნოზი გავლენიანი აფხაზის გადასარჩენად

ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმე დე ფაქტო გენპროკურატურამ ოქტომბერში­ გაიხსენა. განცხადებაში მითითებულია, რომ ბრალდებულის მიმართ ადრე განიხილებოდა "სავალდებულო სამედიცინო ზომების" გამოყენების შესაძლებლობა, თუმცა "პროკურატურა" ახლა თვლის, რომ "მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალურია და მას შეუძლია გამოძიებისა და სასამართლო პროცესის წინაშე წარდგეს".

ადრე სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამნაშავის გავლენიანმა ნათესავებმა წვიჟბას გაუგზავნეს ყალბი­ სამედიცინო ცნობა, თითქოს ის ფსიქიკურად აშლილი იყო, რათა სასამართლოსთვის აერიდებინათ. ამ წლების განმავლობაში ნათია ბახტაძის დედა მუდმივად ითხოვდა­ დამნაშავის დასჯას - რამდენჯერმე წერილიც მისწერა დე ფაქტო პრეზიდენტს, დე ფაქტო შსს-სა და აფხაზ ომბუდსმენს.

ნათია ბახტაძე გალის საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. ის 2023 წლის 28 ივლისს გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების­ შესახებ 31 ივლისს დედამ, იამზე აგუმავამ, სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავდა, ერთადერთი შვილის მოძებნაში დახმარებოდა. 2 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკა­ვეს ეჭვმიტანილი - 26 წლის აინარ წვიჟბა. მან მკვლელობა აღიარა. განაცხადა­, რომ გოგონა მოკლა 28 ივლისს "ლექსუსის" მარკის ავტომობილის სალონში, შემდეგ­ კი ცხედარი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი-3-ის ტერიტორიაზე და გამოძიებას დანაშაულის ადგილიც აჩვენა. აფხაზი მაშველები ცხედარს რამდენიმე დღე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ... მაშინ ითქვა, რომ აინარ წვიჟბამ ნათია ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მას ნათია მოსწონდა,­ მაგრამ ქალისგან უარის მიღების შემდეგ მუდმივად ემუქრებოდა და ავიწროებდა. წვიჟბას მამა წლების განმავლობაში გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, ოჯახს რამდენიმე ბიზნესიც ჰქონდა, ბიძამისი კი "დეპუტატი" იყო. დე ფაქტო პროკურატურამ სს საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა, რაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ წვიჟბა დღესაც არ არის დაკავებული.

"ქართველების მკვლელობისთვის აფხაზები თავისიანებს არ სჯიან"

გიორგი, გალის რაიონის სოფელი წარჩე: - 2023 წელს აფხაზებმა სამი ქართველი მოკლეს. ერთ-ერთი იყო ჩემი მეზობელი, ჯემო მარ­ღანია, რომელიც აპრილში, გაგრაში მოკლეს. ჯემო გაგრაში ტაქსაობდა. ერთმა ნაცნობმა აფხაზმა სთხოვა, ალახაძში უნდა მიხვიდე, რაღაცას გამოგატანენო. მისცა მისამართი და გაგზავნა ისე, რომ ჯემომ არც იცოდა, ვისთან მიდიოდა და რა უნდა წამოეღო. როგორც გაირკვა, ორ აფხაზს შორის ფულზე დავა იყო, ჯემო კი შუაში აღმოჩნდა. ჯემოს ნაცნობს მანქანა გაუყიდია და 200.000 რუბლი (დაახლოებით 6.700 ლარი) უნდა გადაეხადა მყიდველს, რომელიც­ ჯერ უარს ამბობდა ვალის გადა­ხდაზე, დიდი ჩარევების შემდეგ კი უთქვამს, რომ დათქმულ დღეს ფულს ძველი მეფრინველეობის ფაბრიკასთან მიიტანდა. ჯემოს ნაცნობს შეშინებია წასვლა და ჯემო გაუშვია­, ოღონდ არ უთქვამს, რომ ფული უნდა წამოეღო. როგორც კი ჯემო მანქანი­დან გადავიდა, ავტომატით ჩაცხრილეს - 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ცხედარი მეფრინველეობის მიტოვებულ ფაბრიკასთან, სამშენებლო ნაგავსაყრელზე იპოვეს. დააკავეს დავით ახიბა, რომელიც განთიადში (წანდ­რიფში) რუსეთთან საზღვარზე ოფიცრად მუშაობდა. ახიბა დანაშაულს არ აღიარებს. ჯემოს ოჯახის თქმით, ახიბა არ არის მკვლელი, მკვლელია ვიღაც სმირი, გავლენიანი ოჯახის წევრი. სასამართლოში დაკავებულის მამაც ამტკიცებდა, რომ ავტომატი, რომელიც საქმის მასალებში ფიგურირებს, მისია, ომისდროინდელი, წლებია არავის გაუსვრია და უბრალოდ სახლში ჰქონდა შენახული. ამ საქმეზე 2025 წლის ივლისში, მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ, ახიბას 14 წელი მიუსაჯეს განზრახ დამამძიმებელი­ გარემოებებით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ აფხაზეთში არავის სჯერა, რომ ის 14 წელს ციხეში გაატარებს - ერთი-ორი წლის შემდეგ აუცილებლად გამოუშვებენ.

აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველის მკვლელობისთვის ვინმეს­ სასჯელი მოეხადოს. აფხაზეთი პატარაა, ყველა­ აფხაზს ჰყავს გავლენიანი ნათესავი რომელი­მე მმართველ რგოლში და არავინ ისჯება.

მეორე მკვლელობა იყო ზაფხულში - ნათია ბახტაძის. ითქვა, რომ ნათიამ აინარ წვიჟბა­ სოხუმში გაიცნო. წვიჟბა თავიდანვე­ გამოირჩეოდა აგრესიით. სოხუმში სწავლის შემდეგ ნათია გალის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მუშაობდა და წვიჟბას ვეღარ­ იშორებდა. როგორც თქვეს, ბოლო შეხვედრაზე გაუფრთხილებია წვიჟბა,­ თუ თავს არ გამანებებ, ახლობლებს ჩავრევო.­ როგორც ითქვა, წვიჟბას ბიჭს გაუგია, რომ ნათიას სხვა მოსწონდა და ეჭვიანობის­ ნიადაგზე მოკლა. მკვლელობამდე რამდენჯერმე­ დამუქრებია კიდეც, რის გამოც დედა არსად აღარ უშვებდა შვილს. შეიძლება ფორმალურად გაიმართოს სასამართლო პროცესი და წვიჟბას თუნდაც 10 წელი მიუსა­ჯონ, მაქსიმუმ ორ წელიწადში გაათა­ვისუფლებენ.

2023 წლის დეკემბერში იყო მესამე მკვლელობა - აფხაზმა მილიციონერებმა ცემით მოკლეს თემურ კარბაია. ჩვენ ერთი სოფლიდან ვართ, წარჩედან. ეს გახმაურებული მკვლელობა იყო, მაგრამ არავინ დაუსჯიათ, იმ ორ მილიციონერს მხოლოდ 50.000 რუბლის ჯარიმა გადაახდევინეს და გაუშვეს. თემური მეზობლის სახლიდან მოდიოდა, ცოტა ნასვამი იყო და აფხაზ მილიციონერებს გადაეყარა. ისინი ხშირად ატარებენ რეიდებს ქართულ სოფლებში. ყველას აჩერებენ, მოსაწევზე ამოწმებენ და საბუთებს სთხოვენ, რეალურად კი ფულის გამოძალვის მიზნით შემოდიან. გალში 80%-ს საბუთები არა აქვს. ე.წ. აფხაზური პასპორტი დაახლოებით 500 კაცს აქვს, ე.წ. ბინადრობის მოწმობა კი მაქსიმუმ 30-40%-ს, ისიც უმეტესად ვადაგასული. საბუთების განახლება­ დროს მოითხოვს, აფხაზები კი განზრახ წელავენ ვადას, ქრთამს ითხოვენ. რეიდების დროს უსაბუთო ან ვადაგასული საბუთის მქონე ადამიანებს ეძებენ, რომ ფული დააწერონ. თემური ისეთი კაცი იყო, შეურაცხყოფას არავის აპატიებდა. როგორც ჩანს, აფხაზებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, თემურმაც­ უპასუხა. მერე სცემეს, განყოფილებაში წაიყვანეს და იქაც სცემეს. შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ გარდაიცვალა. ადამიანი მოკლეს და არავინ დასჯილა.

საჯაროდ მხოლოდ მკვლელობები ხდება ცნობილი, თორემ ქართველების შევიწროება და დაუნდობლად ცემა აფხაზეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ქართველმა ქართულად რომ იმღეროს ან ხმამაღლა ჩართოს ქართული სიმღერა, აფხაზები ჩხუბს იწყებენ. ზოგჯერ ქართულად ლაპარაკზეც კი შეიძლება აგიშარდნენ. გასულ წელს სომეხმა გოგომ ქართულად იცეკვა და ჯერ ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, შემდეგ ვიდეოები ჩააწერინეს და ბოდიში მოახდევინეს მასაც, მის მშობლებსა და ბებია-ბაბუასაც კი. თუ ვინმე ქართველი არ მოეწონებათ, აპრობირებული მეთოდი აქვთ იარაღს­ უდებენ სახლში და იარაღის შენახვის ბრალდებით იჭერენ.

"აფხაზეთში ქართველი უუფლებო მოქალაქეა!"

უჩა ნანუაშვილი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი:

- როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების უფლებების დარღვევაზეა საუბარი, პრაქტიკულად დე ფაქტო კანონი არ მოქმედებს. ეს გამორიცხულია, თუნდაც ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზულ დარღვევებზე იყოს საუბარი. აფხაზეთში ქართველი, ფაქტობრივად, უუფლებო მოქალაქეა.

ნათია ბახტაძის საქმეც ამის ნათელი მაგალითია. მკვლელობა ორი წლის წინ მოხდა, დამნაშავე წვიჟბამ აღიარა დანაშაული, თუმცა დღემდე გადაწყვეტილება­ არ არის გამოტანილი. ეს აჩვენებს, რომ დე ფაქტო სტრუქტურებს სამართლის აღსრულება არ აინტერესებთ. დამნაშავის გასათავისუფლებლადაც მოიძებნა საბაბი, თითქოს ის ფსიქიკურად შეურაცხადი იყო და ამიტომ არ უნდა ეგო პასუხი. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელობა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. მაშინ, როცა მდინარე ენგურში ბახტაძის ცხედარს ეძებდნენ, სხვა დანაშაულებიც გამოავლინეს, იპოვეს ორი ადამიანის ნეშტი, რომელთა შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ბახტაძის მკვლელობა რეზონანსული გახდა ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ოჯახმა ყველა ინსტანციას მიმართა: დე ფაქტო პრეზიდენტს, დე ფაქტო შსს-ს, აფხაზ ომბუდსმენს.

როდესაც საქმე ქართველების მდგომარეობას ეხება, არ მახსენდება შემთხვევა, რომ დამნაშავე დასჯილიყო. პირიქით, ყოველთვის გამონახავენ გზას, რომ პასუხი არავინ აგოს. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძიმებს გალში ქართველების ყოფას. ეს ეხება არა მხოლოდ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა მკვლელობა, არამედ სხვა სახის დარღვევებსაც. იქ დაუსჯელობის სინდრომია, რომელიც მხოლოდ ქართველების მიმართ მოქმედებს.

მსგავსი იყო თემურ კარბაიას შემთხვევაც. მას მილიციელები სასტიკად გაუსწორდნენ და ის კლინიკაში გარდაიცვალა. ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა: მოტეხილობა, დაჟეჟილობა, დამნაშავეებს მხოლოდ ჯარიმა გადაახდევინეს. მსგავსი პრაქტიკა გვახსოვს გიგა ოთხოზორიას შემთხვევაშიც, როდესაც 2016 წელს აფხაზმა "მებაჟემ" დაშიდ კანჯი-ოღლიმ ის გამშვებ პუნქტზე ჩაცხრილა. მაშინაც ფორმალურად აღიძრა საქმე და მკვლელს მხოლოდ დროებითი შიდაპატიმრობა მიუსაჯეს. ეს, პირიქით, უფრო წახალისება იყო დამნაშავისთვის. ზოგჯერ გამოძიება ფორმალურია, ზოგჯერ კი არც იძიებენ - ასეთი იყო 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საქმე. კვარაცხელია 2019 წელს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, როდესაც გალიდან აქეთ გადმოსვლას ცდილობდა. ის რუსულ სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს. აფხაზების ე.წ. ოფიციალური ვერსიით, მან დაკითხვის ოთახში თავი ჩამოიხრჩო. აშკარა იყო, რომ ის მოკლეს.

ხმაურის საგანი მხოლოდ ის დანაშაულებია, რომლებიც სიკვდილით მთავრდება, თუმცა ბევრ სხვა დარღვევაზე არაფერი გვესმის. ეს აისბერგის პრინციპია - 1-2 მძიმე შემთხვევა ჩანს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ რეალური სურათისა, რაც აფხაზეთშია. ხშირია ცემა, დაშინება, მაგრამ ასეთი შემთხვევების შესახებ არაფერი ვიცით. დაზარალებულთა ოჯახები ხშირად ცდილობენ ჩუმად მოაგვარონ საქმე, არაფორმალური კავშირებით, რადგან ეშინიათ, ხმაურმა მათი მდგომარეობა უფრო არ გააუარესოს.

- თუ იცით, რამდენი ქართველია დღეს აფხაზურ ციხეში? 2024 წელს დააკავეს სამი ქართველი, რემიკო და მურთაზ ჭინათავები და არჩილ საკანია "უკანონი მიგრაციის ორგანიზების ბრალდებით" და არ ვიცით, მიუსაჯეს რამე თუ გაათავისუფლეს.

- როგორც ვიცი, სამივე ისევ პატიმარია. ჩვენი მონაცემებით, ციხეში 4-5 ქართველია. ზუსტ რაოდენობაზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რამდენიმე თვის წინ მივმართეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მათ მოგვწერეს, რომ დაკავებულია ორი პირი. ქართული მხარე დაკავებულებად მხოლოდ იმ პირებს მიიჩნევს, ვისაც საქართველოს პასპორტი აქვთ და ქვეყნის ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. გალში მცხოვრები ქართველები, რომლებიც შესაძლოა ასევე დაკავებულები იყვნენ, ამ მონაცემებში არ ფიგურირებენ. ირაკლი ბებუა და ასმათ თავაძე გაათავისუფლეს, თუმცა ახლა "ჯაშუშობის ბრალდებით" დაკავებულია შალვა ხიზანიშვილი, რუსულის მასწავლებელი. ამჟამად ვაზუსტებთ დაკავებულთა სრულ სიას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში და დაზუსტების შემდეგ გვინდა გავავრცელოთ.

ეკატერინე ბასილაია