მთას დაუბრუნდა მთიელი
მას შემდეგ, რაც უკანა ფშავში, ჭიჩოს უკანასკნელი ხევისბერი გარდაიცვალა და მთაში კიდევ ერთი სოფელი გაუკაცრიელდა, ქალაქებში მცხოვრებმა რამდენიმე ფშაველმა ახალგაზრდამ წინაპრების ნასახლარებზე დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც შეიარაღებული ძალების ვეტერანი დიმიტრი ქართლელიშვილმა გვითხრა, ვახტანგ ხიზანიშვილი, თორნიკე და თედო გორელაშვილები, გიორგი თადიაური და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა წლებია ყოველ ზაფხულს აწესრიგებენ მამა-პაპათა კარ-მიდამოს და ამ კარგ საქმეში ნათესავ-მეგობრების აყოლიებასაც ცდილობენ. "ხევისბერი ვახტანგ ჩოლოგაური 5 წლის წინ გავიცანი ფშავში. მე, ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი, ფშაველი ახალგაზრდა თორნიკე გორელაშვილი, ლექსო თვალაძე და ვახტანგ ხიზანიშვილი 1660 მეტრ სიმაღლეზე ავდიოდით, სოფელ ჭიჩოსკენ, დავინახეთ მოხუცი კაცი, რომელსაც ფუტკრის ცარიელი სკა ჰქონდა აკიდებული და მხნედ მოაბიჯებდა. გამოველაპარაკეთ, გაგვეცნო... გულდაწყვეტილებმა ვისაუბრეთ ფშავის გაუკაცრიელებულ სოფლებზე. ხევისბერი უკვე 85 წლის იყო, სოფელში ერთადერთი კაცი, მეუღლე და შვილი გარდაცვლილი ჰყავდა. ჯიუტად არ ტოვებდა სოფელს... შარშან ისიც გარდაიცვალა. ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა ახალგაზრდებზე და მთის სოფლების გაცოცხლება დაისახეს მიზნად", - ამბობს ბატონო დიმიტრი და ფშაველ ახალგაზრდებთან ერთად უკვე გაკეთებულ საქმეებზე გვესაუბრება.
"ჩვენ უკვე ვართ უმცირესობა საკუთარ სამშობლოში"
დიმიტრი ქართლელიშვილი: - ჭიჩო, სადაც ცხონებული ვახტანგ ჩოლოგაური გავიცანით, ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული. მეფე ერეკლეს ამ სოფლიდან 170 მოლაშქრე ჰყოლია. მაშინ თითო კომლიდან თითო მოლაშქრე გამოჰყავდათ. გამოდის, ჭიჩოში მეფე ერეკლეს დროს 170 ოჯახი სახლობდა. ბოლშევიკებმა მთლიანად მოშალეს სოფლები და მოსახლეობა ბარში ჩამოასახლეს. ვახტანგ ხიზანიშვილის წინაპრები ჭიჩოდან გომბორში ჩამოსახლებულან და მან გადაწყვიტა წინაპრების საცხოვრებელს დაუბრუნდეს. ხევისბერმა გვიჩვენა მისი წინაპრების ნასახლარები... მაშინ ვახტანგმა თქვა, მე ამას აღვადგენ და პირველი მოსახლე ვიქნები, ვინც მამაპაპისეულ კერას დაუბრუნდაო. იმის მერე ვახტანგიც, თორნიკე, თედო სხვებიც ყოველ ზაფხულს ამოდიან, თავს არ ზოგავენ, რომ როგორმე მშობლიური სოფლები გამოაცოცხლონ, ხელისუფლებაც გვეხმარება... მაგალითად, ახადში, მიხა ხელაშვილის მშობლიურ სოფელში, ყოველთვის იყო გზის პრობლემა - სოფლამდე მისასვლელად ტყეში ოთხკილომეტრიანი ბილიკი უნდა გაიარო. სწორედ მიხა ხელაშვილის საზოგადოების ინიციატივით დაისვა საკითხი დღევანდელი ხელისუფლების წინაშე 4-კილომეტრიანი გზის აშენებისა და ფშავის არაგვზე ხიდის გადების შესახებ. თუ გზა და ხიდი აშენდება, გაჩნდება საცხოვრებელი პირობები და ადამიანები შეძლებენ დასახლებას. სამწუხაროდ, XIX საუკუნის ბოლოს ახადის მოსახლეობა გადაასახლეს ახმეტის და დედოფლისწყაროს რაიონებში, შემდეგ კი ნაწილმა რუსთავსა და თბილისში გადაინაცვლა. დღეს პანკისის ხეობაში მათი შთამომავლების დაახლოებით 30% დარჩა. რაც შეეხება სოფელ ჭიჩოს, იქ, ალბათ, ახლო მომავალშიც არ არის გზის გაყვანის პერსპექტივა, მაგრამ არიან სამშობლოსთვის გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან ძალ-ღონე არ დაიშურონ მამა-პაპის ნასახლარების ასაღორძინებლად.
თუ გვინდა საქართველოს მომავალი ჰქონდეს, მთა უნდა გავაძლიეროთ. მტერმა იცოდა, როგორ უნდა დაემარცხებინა ქართველი ერი და მთა ხალხისგან დაცალეს. ამით საძირკველი, ხერხემალი გამოაცალეს ჩვენს ქვეყანას. დასანანია, რომ ბოლშევიკებმა ეს უდიდესი ბოროტება ჩვენივე თანამემამულეთა ხელით გააკეთეს. ამ ზაფხულს პირიქითა ხევსურეთში ვიყავი და გულდამძიმებული დავბრუნდი. შეიძლება ითქვას, ამ გმირ ხალხს გენოციდი მოუწყვეს, როგორ შეიძლებოდა მათი საბუდრის მოშლა.
ჯერ კიდევ არა გვაქვს გაანალიზებული, რამდენად მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში ვართ. ჩემი სოფელი, ჩუმლაყი, მთის სოფლებისგან განსხვავებით მჭიდროდ არის დასახლებული, მაგრამ ახალგაზრდების თითქმის 80% დაუოჯახებელია. ჩვენ უკვე ვართ უმცირესობა საკუთარ სამშობლოში.

"ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, სად იყო მათი ფესვები"
ვახტანგ ხიზანიშვილი: - ძალიან დამწყდა გული, ჩვენი სოფლის ხევისბერის გარდაცვალება რომ გავიგე. მან მაჩვენა ჩემი წინაპრების ნასახლარი, სიპი ქვით იყო ნაგები, თუმცა მხოლოდ კედლებიღა იყო შემორჩენილი. მართალია, საცხოვრებელი პირობები არ არის, გზა, ელექტროენერგია, წყალი, ყველაფერი გასაყვანია, მაგრამ ყველანი თუ მოვინდომებთ, სოფელი აღორძინდება. პირველად ჭიჩოში 3 წლის ასაკში ავუყვანივარ მშობლებს, მეორედ უკვე 14 წლის ვიყავი და კარგად დამამახსოვრდა ყველაფერი. ბოლოს რომ ავედი და ვნახე, მთელი სოფელი მიტოვებული იყო, გული მეტკინა, მაშინ დავიფიცე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ სოფლისთვის ხელახალი სიცოცხლე მიმეცა. სამი შვილის მამა ვარ, კიდევ ვაპირებ გამრავლებას და მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, სად იყო მათი ფესვები. არც ენერგიას დავზოგავ და არც ფინანსებს, რომ ნასახლარი ისევ სოფლად ვაქციო. ჩემს ნათესავებსაც დავუკავშირდი, შევთავაზე, რომ ერთობლივად აღგვედგინა სოფელი. ძალიან ბევრს დაუჯდა ჭკუაში.
ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მდინარეზე კაპიტალური ხიდის გაკეთებაა. თუ მთავრობა მცირედით შეგვეხიდება, ჩვენ ბევრად მეტად დავიხარჯებით. იქ დიდი საძოვრებია, სუფთა ჰაერი, მდინარეები, ეკოლოგიურად უნიკალური გარემო. თავისუფლად შეიძლება მეურნეობის წამოწყება.
თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ აღარ მინდა ქალაქში დარჩენა. ძალიან მინდა დარჩენილი ცხოვრება მთაში გავატარო. თუ სახელმწიფო დაგვეხმარება, ჩვენც არ დავაკლებთ მცდელობას და მთის აღორძინება მართლა გახდება შესაძლებელი.

"იმედია, უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოუნდება მთაში ცხოვრება"
თორნიკე გორელაშვილი: - დედით და მამით ფშაველი ვარ, ახადის მკვიდრი, მაგრამ ახმეტაში დავიბადე. ბებო-პაპა მესაქონლეობას მისდევდნენ და ზამთარ-ზაფხულს მთაში იყვნენ, მშობლები ზამთარში ახმეტაში ცხოვრობდნენ, ზაფხულში კი ახადში ბრუნდებოდნენ. მე და ჩემს უფროს ძმას მთელი ბავშვობა ახადში გვაქვს გატარებული. 2000 წელს ოჯახით რუსთავში გადავედით საცხოვრებლად. ძალიან გაგვიჭირდა მთის გარეშე. სამჯერ გავიპარეთ სახლიდან მთაში საცხოვრებლად. ბოლო ჯერზე ჩემი ძმა მეუბნებოდა, სახლს მე შევარემონტებ და ცხვარ-ძროხას გავიჩენ, შენ ჯერ პატარა ხარ, მშობლები რომ ამოგვაკითხავენ, შენ გაჰყევი, სწავლა გააგრძელეო. გულიდან მოდიოდა მთის სიყვარული და მოსვენებას მიკარგავდა. ჩემი მეუღლეც ფშაველია და ჩემზე არანაკლებად უყვარს მთა. მასაც უნდა იქ ცხოვრება, უამრავი გეგმა აქვს, მეუბნება, რომ მამაპაპისეულ სახლ-კარს მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ავთენტურობა და ტურიზმისთვის განვავითაროთ იქაურობაო. იმასაც კი ამბობს, სკოლა რომ იყოს, ზამთარშიც დავრჩებოდიო. სამწუხაროდ, იქ ახლა სამანქანო გზა არა გვაქვს, ამიტომ ცხენით გვიწევს ყველაფრის ატანა. ცხენები შარშან ვიყიდეთ, რომ დაბლა ჭალიდან მთაში ავიტანოთ ბარგი.
უკანა ფშავში ბევრი სალოცავია: ჭიჩოს პირცეცხლიანი, მამამთავარი, დედა ღვთისმშობელი, ადგილის დედა, პირის და ფუძის ანგელოზი, თამარ მეფის სალოცავი, კელესის ღელე... ნასოფლარში ერთი უჩვეულო ნაგებობაც ვნახეთ, ბუხარს ჰგავდა, მაგრამ როგორც ხევისბერმა ამიხსნა, მტრის შემოსევის დროს დედები იქ მალავდნენ შვილებს.
ხეობაზე შეყვარებულმა ბიჭებმა "ლაშარის საყმო" ჩამოვაყალიბეთ. დროდადრო ვიკრიბებით, საჭირბოროტო საკითხებზე ვმსჯელობთ, ტრადიციებს ვაღვიძებთ, სალოცავებს ვაწესრიგებთ, სანთლებს ვანთებთ... თუ სადმე კიდევ ცხოვრობენ მოხუცები, ვაკითხავთ, საჭმელი მიგვაქვს, ზამთარში თოვლისგან ვუწმენდთ ბილიკებს. თემებად ვართ დაყოფილი. მე გოდერძაულთა თემის წარმომადგენელი ვარ, ასევე არის გაბიდაურთა, გოგოლაურთა თემი... სულ 12 თემია. თითოეულს თავისი სალოცავი აქვს. ჩვენი თემის ხელმძღვანელი მე ვარ. ახლა გვინდა სხვადასხვა თემიდანაც შემოვიკრიბოთ ახალგაზრდები, ვინც მხოლოდ საკუთარ ოჯახზე კი არა, მთელ ხეობაზე ფიქრობს. საბედნიეროდ მსურველი ბევრია, მთავარია, გზა მოწესრიგდეს და ელექტროენერგია შევიდეს, მერე ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. ამ ეტაპზე თორმეტამდე ოჯახი ვართ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს მამა-პაპის ნასახლარზე დაბრუნება. ზოგიერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს და ამბობს, სიამოვნებით დავბრუნდებიო. მთის გაცოცხლების იმედი სულ მქონდა, მაგრამ, რაც ბატონი დიმიტრი ქართლელიშვილი გავიცანით, უფრო გაგვიოლდა რიგი საკითხების გადაწყვეტა.
ბატონი დიმიტრი ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალიდან ბრუნდებოდა და შემთხვევით შეხვდა ჩემი შვილის ნათლიას, გიორგი თურმანაულს, რომელიც მიხა ხელაშვილის მუზეუმისა და თემების საქმეში იყო ჩართული. იმ დროს მიხას თემის აღდგენისთვის ხელმოწერებს აგროვებდა. ბატონმა დიმიტრიმ გიორგის საქმიანობის შესახებ რომ გაიგო, გვერდით დაუდგა და მას შემდეგ თავი აღარ დაუნებებია, მიხა ხელაშვილის მუზეუმით დაწყებული, გზის საკითხით გაგრძელებული. მისი აქტიურობით თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკით დაგვეხმარა გზის სამუშაოებზე, სამხედრო ხიდიც გვაჩუქა ფშავის არაგვზე გასადებად. ერთი სული მაქვს, როდის ავაწყობთ. იმედია, უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოუნდება მთაში ცხოვრება. ჩემმა მეგობარმა, მალხაზ მაჭარაშვილმა, 3 წლის წინ 7 თვის შვილი ამოიყვანა ცხენით, წელს კი 2 თვის ჩემი ნათლული. მართალია, კომფორტი არა გვაქვს, მაგრამ ჩემი პაპა-ბებოს ნაცხოვრები ხის სახლი ჩვენთვის სასახლეა. ჩემი სახლის უკან, 10 მეტრშია მიხა ხელაშვილის ნასახლარი, ის და ჩემი დიდი პაპა ბავშვების მეგობრები იყვნენ. მიხა ახლა ჩარგალში, ზედ დედის საფლავთან არის დაფლული. გვინდა მიხას ნეშტი მისი ანდერძისამებრ ახადში გადავასვენოთ.
მიხაზე ბევრი კარგი რამ მსმენია. 25 წლის ბიჭს იმდენი კეთილი საქმე დაუტოვებია, ზოგიერთი ას წელშიც ვერ მოასწრებდა. დასანანია, კომუნისტურმა ხელისუფლებამ ასე ვერაგულად რომ გაწირა. მძინარე მიხას გარსევანიშვილმა ვერ ესროლა, ხელი აუკანკალდა, მარცვალაშვილმა გამოჰგლიჯა იარაღი და დაუნდობლად დაახალა. მერე თურმე სოფელ ლიშოში სასადილოში პურს ჭამდა და თან იკვეხნიდა, მიხა მე მოვკალი, ახლა გოგია ჭიჭოშვილსაც მე მოვუღებ ბოლოსო. გოგია თიანელი ყაჩაღი იყო. მარცვალაშვილი რომ იკვეხნიდა, ისიც იქვე ყოფილა, გარეთ გამოსულს გზად წამოსწევია და უთქვამს, მე ვიცი, სადაც აფარებს თავს გოგია ჭიჭოშვილი და მიგასწავლიო. სამალავის ადგილსამყოფლის შესახებ სიმართლე უთხრა, თავადაც იქ დახვდა, გამოასალმა კიდეც სიცოცხლეს. ტყვია რომ დაუხლია, უთქვამს, ეს მიხას გამეტებისთვისო. აი, ასეთი საინტერესო და ისტორიული ამბები გვაქვს მთაში.
ხათუნა ბახტურიძე