„ესპანეთთან რაც ვნახეთ, ამას, ალბათ, ყველაფერი ჯობდა განადგურებაც კი...“
"სტატისტიკურადაც რომ გადავხედოთ, მსოფლიო ჩემპიონატს იგებენ ის გუნდები, რომელთა სათავეშიც სწორედ იმ ეროვნების მწვრთნელია, რომელი ქვეყნის დროშითაც თამაშობს გუნდი. საქართველოს სჭირდებოდა იმ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელი, როდესაც ვაისი დაინიშნა, შემდეგ სანიოლი. ახლა ამ მენტალობის ნაკრებში შეიძლება სვანაძის კანდიდატურის განხილვა. არ ვამბობ, რომ შემდეგი მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, თუმცა სასურველია. რა თქმა უნდა, თუ გვარდიოლას დონის მწვრთნელი გამოთქვამს ჩვენი ნაკრების ჩაბარების სურვილს, არავინ შეხედავს ეროვნებას, მაგრამ არა მგონია, ამის ფუფუნება გვქონდეს", - ამბობს სპორტული კომენტატორი ანდრო ხელაძე და არა მხოლოდ ქართულ ეროვნულ ნაკრებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გვესაუბრება.
- რას იტყვით გიორგი მამარდაშვილის სათამაშო დროზე ტრავმირებული ალისონ ბეკერის დაბრუნების შემდეგ? ვინ უნდა იყოს ლივერპულის კარის დამცველი? თანაც მამარდა ფორმაში ახლა შედის.
- გული დამწყდა, რომ "ლივერპული" ლიგის თასიდან გამოვარდა, რადგან სწორედ იქ იღებდა მამარდა სათამაშო დროს, მაგრამ მამარდას კარგი მატჩი ჰქონდა "ენფილდზე" "რეალ-მადრიდის" წინააღმდეგ. მისგან ის თავდაჯერებულობა და სიმშვიდე მოდიოდა, რასაც ვართ მისგან მიჩვეული, იყო ეს ვალენსიაში ეროვნულ ნაკრებში თუ ახლა უკვე "ლივერპულში". მართალია, თეთრებს მამარდას კარისთვის ბევრჯერ არ შეუტევიათ, მაგრამ მაინც ძალიან დამაჯერებელი იყო.
ალისონი სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ კურტუასა და დონარუმასთან ერთად. შესაბამისად, უცნაური იქნება, ალისონი რომ სათადარიგო სკამზე ვიხილოთ, მაგრამ პირადად ჩემთვის უცნაური იქნება ამხელა ფულის გადახდა იმ მეკარეში, რომელიც მეორე მეკარედ უნდა გყავდეს სათადარიგო სკამზე, თუ ალისონი არ აპირებს გუნდის დატოვებას. მამარდა ალისონისგან ბევრ რამეს ისწავლის, ძალიან საჭირო გამოცდილებას მიიღებს.
- თქვენი აზრით, რატომ ვერ გაიხსნა გიორგი ქოჩორაშვილი თავის ახალ კლუბ "სპორტინგში" ბოლომდე და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? წინა ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც ის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩა.
- კი, ძირითადად, სკამზეა ხოლმე ქოჩორაშვილი, რადგან კარგი კონკურენტებიც ჰყავს. მწვრთნელს ურჩევნია უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცეს შანსი. პორტუგალიური გრანდები, ძირითადად, ამაზე დგანან, ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევენ საშუალებას პრაქტიკა გაიარონ და შემდეგ კარგ ფასად გაყიდონ. მათთვის ერთ-ერთი მოტივატორი ესაა. თუმცა იმედია, ქოჩორა ისევ შევა ფორმაში და ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე.
- ხომ არ არის პსჟ-ს რიგებში მოტივაციის ნაკლებობა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის დედაქალაქის კლუბმა სანატრელი და მათთვის პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი ასწია?
- მოტივაციის პრობლემა აქვსო, ალბათ, "ლიგა 1"-ზე უფრო ითქმის, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე წაგებულ მატჩზე "ბაიერნთან", რადგან დღეს "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ზედიზედ 16 მოგება აქვს და ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ასე რომ, არა მგონია, "ბაიერნთან" წაგება მოტივაციის ნაკლებობით იყო განპირობებული. რაც შეეხება "ლიგა 1"-ს, როცა ამდენად უკეთესი ხარ ყველა სხვა გუნდზე და ისიც კი შეგიძლია, რომ მეორე შემადგენლობით თამამად ითამაშო ამ ჩემპიონატში, რა თქმა უნდა, მოტივაციის ნაკლებობის ფაქტორი იქნება მუდამ.

- ჰაკიმის მომენტზე მინდა გკითხოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ის 5-10 კვირამდე ვერ ითამაშებს და მისი ტრავმის შესახებ ტონი კროოსმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მსაჯის გადაწყვეტილებას, ჰაკიმი რომ მალევე წამომდგარიყო და თამაში გაეგრძელებინა, მსაჯი ამ მომენტს უბრალოდ არ გადაამოწმებდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მსაჯის გადაწყვეტილების პროვოცირება სწორედ აშრაფ ჰაკიმისგან მოდიოდა.
- როცა ეს ეპიზოდი ვნახე, არც მე მეგონა "წითელი", მაგრამ როდესაც გამეორებაზე ვნახე, ისე ჩაჰყვა ის ფეხი ლუის დიაზის ფეხებს შორის, რომ თამამად შეიძლება თქმა, რომ ლუის დიაზი სახიფათოდ თამაშობდა იმ მომენტში, თანაც უკნიდან იყო ვარდნა. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა.
- რადგან ტოპ-ევროპულ კლუბებს შევეხეთ, ერთი კითხვა კატალონიის "ბარსელონაზეც" მაქვს. ყველა ხვდება, რომ "ბარსელონას" მთავარი პრობლემა დაცვაა. აკრიტიკებენ მწვრთნელ ჰანზი ფლიკსაც მაღალი თამაშგარე ხაზის ტაქტიკის გამო, რითაც გახადა მან "ბარსელონა" თავიდან პოპულარული, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თითქოს "ბარსა" ყველა გოლს ერთმანეთის მსგავსს უშვებს მაღალი დაცვის ხაზის გამო. რომელიმე ფეხბურთელი ფლანგზე უკეთებს საჯარიმოში შემტევს პასს და მას 99%-ით ცარიელ კარში გააქვს ბურთი.
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინიგო მარტინეზი წინა სეზონის "ბარსელონის" წარმატებაში. მას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შემცვლელი არ მოუყვანეს. "ბარსელონის" ადგილზე, კრიზისის მიუხედავად, მე ყველანაირ ბიუჯეტს მხოლოდ დაცვის გაძლიერებაში დავხარჯავდი. ფლიკის ცოტა რობოტული მიდგომა აქვს საკუთარი ფეხბურთელების მიმართ. ყოველ თამაშში ითხოვს, რომ მისმა შეგირდებმა 60 წუთის განმავლობაში მეტოქე გუნდი თავდაუზოგავად აპრესინგონ და ეთამაშონ თამაშგარეს ზღვარზე. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ "ბარსას" ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებულია, მათ შორის პედრი და რაფინია, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ "ბარსას" წარმატებაში.
- იმსახურებს თუ არა იური ტაბატაძე ეროვნულ ნაკრებში სასტარტო შემადგენლობას?
- ძალიან გამიხარდა, რომ ვილი სანიოლმა მას შანსი მისცა და ამ სანაკრებო შესვენებაზე კონკრეტულ მატჩებში მიიღებს ის სათამაშო დროს, თან მას ასევე მარჯვენა გარემარბად შეუძლია თამაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ 4-3-3 ტაქტიკით ვითამაშებთ, მანდ უკვე ექნება ადგილი ტაბატაძეს და იქნება ზურიკო დავითაშვილთან კონკურენციაში. ორივეს დიდ წარმატებას ვუსურვებ, ისევე როგორც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.
- თქვენი აზრით, იპოვა მიქაუტაძემ საკუთარი თავი "ვილიარეალში"? ეს გუნდი დღეს ლა-ლიგაში მესამე ადგილზეა და საკმაოდ კარგად თამაშობს.
- მიქაუტაძისთვის კარგი არ არის, რომ ძალიან ხშირად იცვლის გუნდებს, მაგრამ მას ძალიან სწრაფად შეუძლია ადაპტაციაც ახალ გუნდში და ეს "ვილიარეალშიც" ძალიან სწრაფად შეძლო. მიქაუტაძემ "ვილიარეალი" დიდი კარიერის ტრამპლინად უნდა გამოიყენოს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, რომელიც მსოფლიოში შეიძლება ტოპ-ათეულში არა, მაგრამ ოცეულში მაინც შედის. არ მინდა დიდხანს გაჩერდეს "ვილიარეალში" ან გუნდების ხშირი გამოცვლა გააგრძელოს. მის ადგილას ორი სეზონით დავრჩებოდი "ვილიარეალში" - დარწმუნებული ვარ, ბევრ გოლს გაიტანს - და შემდეგ დაველოდებოდი მოვლენების განვითარებას, რადგან დიდი შანსი ექნება უკეთეს გუნდში გააგრძელოს თამაში.
- ჩვენი ეროვნული ნაკრების წინა ორ მატჩს როგორ შეაფასებდით?
- ძალიან მძიმედ... ესპანეთთან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სანახაობა იყო, რაც ნაკრებისგან გვინახავს, მით უმეტეს, როცა ახლა უკვე გუნდში მინიმუმ სამი ტოპ-ფეხბურთელი გვყავს. ეს არ არის ქეცბაიას დროინდელი ნაკრები, სადაც მაგ მოთამაშეებს დროც კი არ ჰქონდათ პრაქტიკის მისაღებად საკუთარ კლუბებში. აქ უკვე გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ თამასაც აწეულია. ესპანეთთან რაც ვნახეთ, ამას, ალბათ, ყველაფერი ჯობდა განადგურებაც კი... ერთი შეტევაც ვერ გავაკეთეთ, ერთხელ დავარტყით კარში და ისიც საკუთარი ნახევრიდან. ეს არ იყო ის, რის გამოც ხალხმა შეიყვარა ფეხბურთი და რის გამოც ელოდება ხოლმე ფეხბურთის მატჩებს. თურქეთთან უფრო განსხვავებული სცენარი იყო, ესპანეთის მატჩზე უკეთესი. თურქეთში დასაწყისში გვქონდა მომენტი და ვერ გამოვიყენეთ, შემდეგ კი თურქები დაწინაურდნენ. ჩვენ, როგორც იცით, ქამბექებს ვერ ვაკეთებთ, თამაშს ვერ ვატრიალებთ, ეს ჩვენი აქილევსის ქუსლია.
- დიდი პატივისცემისა და მადლიერების მიუხედავად, ქართველ გულშემატკივარში არის მოსაზრება, რომ ვილი სანიოლმა საკუთარი თავი ამოწურა ნაკრებში, რომ ნაკრებს უფრო ტაქტიკურად განსწავლული და გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება და იქნებ სწორედ ეს იყოს იმ პრობლემების გადამჭრელი, რომელიც შეიძლება ახალი მწვრთნელის მოსვლით მოგვარდეს?
- შეიძლება, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ უფრო მაგ აზრს ვეთანმხები, ვიდრე იმას, რომ სანიოლი დიდხანს დარჩეს ნაკრებში. აქვე პირადად გადავუხდი მადლობას იმ ემოციისთვის, რომელიც მან მოგვანიჭა პირველი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებით. მწვრთნელობა უმადური პროფესიაა და ძალიან მალე ივიწყებს ხალხი იმას, რაც გაკეთებული გაქვს. ყველაზე მეტად რაც მწყინს ვილი სანიოლისგან, ის არის, რომ საჯაროდ ხშირად არ ლაპარაკობს ხოლმე. ის მხოლოდ მატჩისწინა პრესკონფერენციებზე გამოჩნდება. ქეცბაიასთან ამ მხრივ დიდი კონტრასტია, მას შეეძლო ნებისმიერ გადაცემაში ნებისმიერ კითხვებზე პასუხის გაცემა. რატომ არ შეიძლება გააკეთოს იგივე სანიოლმა, როცა კითხვები და კრიზისი აქვს საქართველოს ნაკრებს?
- ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს იმ ეროვნების, რომელ ნაკრებსაც ის წვრთნის?
- სტატისტიკურადაც რომ გადავხედოთ, მსოფლიო ჩემპიონატს იგებენ ის გუნდები, რომელთა სათავეშიც სწორედ იმ ეროვნების მწვრთნელია, რომელი ქვეყნის დროშითაც თამაშობს გუნდი. საქართველოს სჭირდებოდა იმ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელი, როდესაც ვაისი დაინიშნა, შემდეგ სანიოლი. ახლა ამ მენტალობის ნაკრებში შეიძლება სვანაძის კანდიდატურის განხილვა. არ ვამბობ, რომ შემდეგი მწვრთნელი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, თუმცა სასურველია. რა თქმა უნდა, თუ გვარდიოლას დონის მწვრთნელი გამოთქვამს ჩვენი ნაკრების ჩაბარების სურვილს, არავინ შეხედავს ეროვნებას, მაგრამ არა მგონია, ამის ფუფუნება გვქონდეს.
ნიკოლოზ თევდორაშვილი