ირმის რქის საიდუმლო
საიდან მოვდივართ, როგორი იყო ჩვენი უძველესი გენეტიკური ცნობიერება, რა მოგვყვა თანამედროვეობამდე და რას გადავიტანთ მომავალში? - ეს არის კითხვები, რომლებიც ირმის რქის დაახლოებით 5000-წლოვანი ნამოსახლარის შესწავლამ შესაძლოა ახალი პასუხებით შეავსოს. ამ დროს ადიგენის ამ მაღალმთიანი აღმოჩენების შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის. არადა, ეს აღმოჩენები უნიკალურია და აქ მცხოვრები მრავალათასწლოვანი საზოგადოების მაღალგანვითარებაზე მეტყველებს, რის შესახებაც არქეოლოგ გიორგი ჩილინგარაშვილს ვესაუბრეთ.
- ირმის რქის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა გამაოცა: თითქმის ძველეგვიპტური ასაკის ცივილიზებული საზოგადოების კვალი გვქონია ზღვის დონიდან 1560 მეტრზე. რატომ არ იცის ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ?
- ამის მიზეზი ის არის, რომ აქ აღმოჩენილი არტეფაქტების უმეტესობა ბოლომდე არა გვაქვს შესწავლილი. კიდევ ძალიან საინტერესო აღმოჩენები გველოდება, თუკი სამუშაოების დაფინანსება დ გაგრძელება შევძელით. თავად ირმის რქაც, როგორც არქეოლოგიური ობიექტი და როგორც ადგილმდებარეობა, უაღრესად საინტერესოა. ეს არის დამოუკიდებელი ოვალური მთა-ქედი სამცხეში, რომელიც არც ერთ მთიანეთს არ ერწყმის, ირგვლივ არსებულ ყველა სიმაღლეზე მაღალია და რასაც თვალი გასწვდება, ნებისმიერ ხეობასა და ფერდობს აკონტროლებს,A ხოლო ამ მთის მწვერვალი შორიდანაც წაჭრილ-მოსწორებული ჩანს. სინამდვილეში ასეც არის, სავარაუდოდ, ირმის რქის წვერი სპეციალურადაა დამუშავებული აქ საცხოვრებლების ასაშენებლად. საზოგადოდ, მსგავს ადგილებში ხშირად ვლინდება უძველესი საზოგადოებების ცხოვრების კვალი და ამას თავისი მიზეზი აქვს.
- ანუ სავარაუდოდ ამ უშველებელი ქედის მწვერვალი, სპეციალურად "გადაიჭრა", რომ ზედ საცხოვრებელი აშენებულიყო?
- ცხადია. თუმცა ეს ადგილი საინტერესოა არა მხოლოდ სტრატეგიულად, რომ შემაღლებული ადგილიდან მტრის შემოსვლა გაკონტროლდეს, არამედ სხვა მნიშვნელობითაც - თუნდაც ყოფა-ცხოვრების კომფორტულობის თვალსაზრისით. ამ ქედის სამხრეთ კალთას მუდამ მზე დაჰყურებს, ამიტომ თოვლიც სწრაფად დნება. მთაგორიან ადგილებს, სამხრეთის მზისკენ, სხვათა შორის, საცხოვრებლად ხშირად ირჩევდა უძველესი მოსახლეობა და არა მხოლოდ ჩვენს ტერიტორიებზე. ამ მოსახლეობას რომ ხორბალი და ქერი მოჰყავდა, უკვე დავადასტურეთ. ამისთვის უამრავი სახნავ-სათესი ფერდობები ჰქონდათ გარშემორტყმული. გარდა ამისა, ცხადია, საძოვრებიც ჰქონდათ.
2014 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი ირმის რქის არქეოლოგიურ დაზვერვაზე. მაშინ მოვიძიეთ კერამიკული ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც ზედაპირზე იყო. თუმცა აქ სამეცნიერო კვლევა, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ დაიწყებოდა, რომ არა გაზსადენი და მისი მილი, რომელიც მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც მოგვიანებით ირმის რქის აეროფოტოებს ვათვალიერებდი. როგორც კი ამ მიდამოებში უშველებელი გაზსადენის მილი შევნიშნე, მაშინვე გაზსადენის კორპორაციას მივმართე. რომელმაც, საბედნიეროდ, არქეოლოგიური გათხრები დააფინანსა. შემდეგ ჯერ ამოყრილი მიწის ფენებიდან ამოვკრიფეთ უამრავი არტეფაქტი, საიდანაც, სამწუხაროდ, ბევრი რამ დაზიანებული იყო, მერე კი დავიწყეთ გათხრები.
- და მაღალგანვითარებული საზოგადოების კვალს მიადექით. გავოცდი, როდესაც სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი 5000-წლოვანი საზოგადოების პოლიგონების, ნარჩენების შესანახ ფოტოებს - ანუ გარშემო კი არ მიმოყრიდნენ ნაგავს, არამედ მის გადასაყრელად სპეციალური ორმოები ჰქონდათ?
- ამ გადასახედიდან ძნელია თქმა, ნარჩენებისათვის ორმოებს სპეციალურად ჭრიდნენ თუ ამ მიზნისთვის მარცვლეულის იმ ორმოებს იყენებდნენ, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა გასდიოდა. ირმის რქაზე სულ 50-მდე მსგავსი ორმო აღმოვაჩინეთ, თანაც ყველა შესანიშნავად შენახული. ნარჩენების გარდა, ზოგიერთში სპეციალურად ჩალაგებულ კერამიკის ჭურჭელსაც მივაკვლიეთ. ზოგიერთ ორმოში ჩვენთვის ამოუხსნელი მიზნით შენახული სამშენებლო ქვის მარაგიც ვნახეთ, რაც არქეოლოგიაში ის შემთხვევაა, როდესაც დანიშნულება საიდუმლოებით მოცული დარჩა სამუდამოდ: რატომ მოიმარაგეს ამ ორმოებში დაახლოებით მეტრის სიგრძისა და ნახევარი მეტრის სიგანის ამდენი ქვა, ვერ დადგინდა, მით უფრო, რომ მსგავსი ქვები ამ ტერიტორიაზე არ არის, სხვა ტერიტორიებიდან არის მოზიდული.
ჯერჯერობით აქ აღმოჩენილი საცხოვრებლების ნაშთიდან არც ერთი არ არის იმ ქვით ნაშენები, რომელიც ირმის რქის ორმოებშია შენახული. მსგავს ფილებს უფრო სამარხების საშენებლად ვხვდებით შედარებით გვიანდელ პერიოდში, დედაქანში ჩაჭრილ ორმოშია გამართული. მასში მიცვალებული მჯდომარე მდგომარეობაში დაგვხვდა.
- მჯდომარე მდგომარეობაში მყოფი თითქმის 5000 წლის მიცვალებული! ის, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ნეშტი 5000 წლის შემდეგ თავსატეხს გააჩენდა. შეისწავლეთ ძვლები? საინტერესოა, მისი გენეტიკური კოდი.
- ჯერჯერობით არა. თუმცა, რაც უკვე დადგინდა, მიცვალებული შუახნის მამაკაცია, რომლის სამარხში არაფერია ჩაყოლებული.
- ნამოსახლარზე რაიმე რელიგიური არტეფაქტი თუ აღმოჩნდა?
- აღმოჩნდა ერთი საინტერესო არტეფაქტი - 15/30 სანტიმეტრის მოცულობის საუკეთესოდ დამუშავებული, გაპრიალებული თიხის ფილა, რომელზეც სხვადასხვა ფიგურაა გამოსახული, მათ შორის სპირალიც. ფილა კერასთან ახლოს აღმოჩნდა, სწორედ ამიტომაც ვივარაუდეთ მისი საკრალურობა. თუმცა ეს ვარაუდი დადასტურებული არ არის.
- აქაური მოსახლეობის ცხოვრების წესზე სხვა რომელი არტეფაქტი იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას?
- მე ვიტყოდი, რომ ყველა. ქედის ფერდობსა და თხემზე საცხოვრებლის ნაშთებია, რომლიდანაც ერთ-ერთი კედლის ნაშთი 10 მეტრის სიგრძისაც არის. უმეტესად 15-20 კვმ "ოთახები" გვაქვს აღმოჩენილი, სამწუხაროდ, არასრულყოფილი სახით. ეს ადასტურებს, რომ ეს ხალხი, ძირითადად, ხსენებული ფართობის საცხოვრებლებში ცხოვრობდა და ბუნებრივია იქ კერაც ჰქონდათ.
- ანუ ამ ხალხს აქვს ორმოები ნარჩენების დასაბინავებლად და ინარჩუნებს ჰიგიენას, ჰყავს "ტრანსპორტი", რომ ქვა მოიტანოს, ქმნის კერამიკის მრავალფეროვან ჭურჭელს, ცხოვრობს სტრატეგიულ ადგილას, სადაც პური და ქერი მოჰყავს. სხვა რა უნდა სურდეს ადამიანს სიმშვიდისათვის?
- საკმაოდ მაღალტექნოლოგიურ ჭურჭელს ქმნიდნენ. ეს არის დაახლოებით 5000-წლოვანი ტოლჩები, ქოთნები, ჯამები. ასე განსაჯეთ, 80 სმ სიმაღლის დერგიც კი აღმოვაჩინეთ. შესანიშნავი ნაკეთობანი, რომელიც შავად და წითლად პრიალებს, იშვიათად მოხატულია წითელი საღებავით, იმავდროულად, შეიცავს უამრავ საინტერესო ორნამენტს. მაგალითად, ბორჯღალს ან გეომეტრიულ რომბებს, რომლებიც შიგნით უამრავი წვრილი წერტილით აქვთ გალამაზებული.
- ანუ ნაკეთობაში მოთმინებასა და სიყვარულს დებდნენ.
- არა მხოლოდ. აგრესიასაც მტრის მიმართ. ჩვენ ხომ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაზე ვსაუბრობთ, ის ხალხი იბრძოდა, მათ შორის ბრინჯაოს იარაღით, რომელთა ისრებიც ასევე აღმოვაჩინეთ. აღმოვაჩინეთ ასევე სამკაულები და შრომის იარაღებიც, მათ შორის, ნამგლები, რომლითაც პურის ყანას მკიდდნენ, რისთვისაც ნამგლის პირზე მჭრელ, გალესილ ქვებს 5-7-სანტიმეტრიან კაჟს ან ქალცედონიტს ამაგრებდნენ. მათთან ერთად იყო ძროხისა და თხის (ცხვრის) ძვლებიც.
- ფრინველის ძვალი თუ არის აღმოჩენილი?
- ჯერჯერობით, რაც ამ თემაზე აღმოვაჩინეთ, ის არის, რომ ეს ხალხი პატივს სცემდა წეროს მსგავს ფრინველს, რომლის გამოსახულება აქაური კერამიკის უმეტესობაზეა. ვერ გეტყვით, ეს რომელი ფრინველია, თუმცა, ცხადია, აქაურებს უყვარდათ.
- მეცნიერებაში რა სახელი ჰქვია მათ კულტურას?
- მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომადგენლები არიან. ეს კულტურა იმდენად გაძლიერდა, რომ თითქმის მთელი კავკასია, სომხეთი, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია, ასევე ირანისა და თურქეთის, სირია-პალესტინის ნაწილი მოიცვა, რაც დამეთანხმებით, ძალიან დიდი ტერიტორიაა.
და ერთიც: ამ სამუშაოებიდან, ჩემი აზრით, ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კიდევ ერთი მოცემულობაა: აქაური არქეოლოგიური ფენები ადასტურებს, რომ ხალხი ირმის რქაზე უწყვეტად ცხოვრობდა 4000 წლის განმავლობაში, ანუ ქრისტეს დაბადებამდე 3500 წლიდან, ვიდრე VI საუკუნემდე სიცოცხლე აქ ვერანაირმა ძალამ ვერ შეწყვიტა. დანარჩენ დასკვნებს მომდევნო სამუშაოებიდან გავაკეთებთ; იმედია, აქ ეს სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება.