"ეს იმ ეროვნული მოძრაობის გაგრძელებაა, რომლის სათავეშიც იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? როგორ შეიძლება სახლში იჯდე" - კვირის პალიტრა

"ეს იმ ეროვნული მოძრაობის გაგრძელებაა, რომლის სათავეშიც იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? როგორ შეიძლება სახლში იჯდე"

მწერალ ირაკლი ლომოურთან შეხვედრა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც სოციალურ ქსელში რუსთაველზე გადაღებულ მის ცნობილ ფოტოს წავაწყდი. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება უჭირს, რუსთაველზე ყოველდღე მომიტინგეებთან ერთად დგას.

სანამ ინტერვიუზე შევუთანხმდებოდი, მის ბიოგრაფიას გადავავლე თვალი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით დაუმთავრებია. შემდეგ იყო მისი პირველი მოთხრობა "შემთხვევა", რომელიც ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში"” დაიბეჭდა. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში, ასევე გაზეთების "საქართველო" და "თავისუფალი საქართველოს" რედაქციებში. იყო საპატრიარქოს ბიბლიოთეკის გამგე და იმავდროულად სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში... შემდეგ იქვე კითხულობდა ლექციებს ქრისტიანულ ეთიკაში. გამოცემული აქვს მოთხრობების რამდენიმე კრებული, ორი დეტექტიური რომანი, ასევე საბავშვო წიგნი "33 სახალისო რითმოცანა", იყო სცენარისტი თოჯინური სერიალისა "ჩვენი ეზო". ავტორია პიესებისა და ოთხი რადიოპიესის. ინგლისურიდან ნათარგმნი და გამოცემული აქვს ო,ჰენრის მოკლე მოთხრობების კრებული და მარიო პიუზოს რომანი "ნათლია" და ასევე, სხვა წიგნებიც. მერაბ კოკოჩაშვილმა მისი მოთხრობის მიხედვით 2009 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "უსუი".

- სულ პირველად ცხოვრებაში, როდის გახვედით აქციაზე?

- პირველად, სულ პირველად ცხოვრებაში, როდესაც აქციაზე გავედი, ეს იყო 1978 წლის 14 აპრილი. საბჭოთა კავშირში არასანქცირებული აქცია, ქუჩაში გამოსვლა, უმკაცრესად ისჯებოდა და სრულიად წარმოუდგენელი იყო. 1978 წელს სტუდენტები ვიყავით და გავიგეთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია პროექტი, სადაც საქართველოს სახელმწიფო ენა აღარ არის ქართული. ეს ნიშნავდა, რომ გარუსების პროცესი გრძელდებოდა და ქართული ენა რუსულით უნდა ჩანაცვლებულიყო. ჩვენ სისხლი გვიდუღდა, ახალგაზრდები ვიყავით.

მოკლედ, კითხვაზე პასუხი, თუ როდის ვიგრძენი პირველად საჭიროება, რომ აქციაზე გავსულიყავი შემდეგია: ამის პასუხია 1978 წლის 14 აპრილს. ქართული ენა საქართველოში უნდა დარჩენილიყო სახელმწიფო ენად და თუ ამას ვერ მოვახერხებდით, პროტესტი მაინც უნდა გამოგვეცხადებინა იმ ქმედების საწინააღმდეგოდ, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ მთავრობასა და ხელისუფლებას. მაშინ ეს იყო საბჭოთა კავშირი, საქართველო კი ოფიციალურად ვითომ ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა, მაგრამ სინამდვილეში მოსკოვიდან იმართებოდა. მოკლედ რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირი იყო საკონცენტრაციო ბანაკი, რომელსაც თავისი ისტორიის განმავლობაში ხან უფრო მკაცრი რეჟიმი ჰქონდა, ხან ცოტა ვითომ ჰუმანური, მაგრამ ყოველთვის იყო ტოტალიტარული სისტემა, რომელიც არც ადამიანის და არც სხვა ერების უფლებებს არ სცნობდა, ქაღალდზე კი აღიარებდა, მაგრამ ეს სიყალბე და ტყუილი იყო.

მოკლედ, ქუჩაში გასვლისკენ იმან მიბიძგა, რომ საქართველოში ქართული ენა გადაგვერჩინა. ეს ვიცოდით დანამდვილებით და პასუხისმგებლობის განცდაც გვქონდა, რომ ჩვენ თუ ამას არ ვიტყვით და არ გავუწევთ წინააღმდეგობას, მაშინ არც არავინ არაფერს გააკეთებს და ეს ქვეყანა ისევ გადასარჩენი იქნება. მოკლედ, გავბედეთ და გავედით.

- დღესაც ისტორია მეორდება და თქვენ ისევ ქუჩაში გასაპროტესტებლად გახვედით.

- დღევანდელი პოლიტიკური ვითარება იმის გაგრძელებაა, რაც იყო და რასაც რუსეთის ხელში განიცდიდა ჩვენი ქვეყანა. რეალურად, ეროვნული მოძრაობა არ შეწყვეტილა, რუსეთი ისევ გვიპყრობს და ჰიბრიდული ომის მეთოდებით შიგნიდან გვხრავს.

რუსეთი მონღოლ-თათრული ურდოს მემკვიდრეა და იმ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას აგრძელებს, რაც ჰქონდათ ჩინგიზ-ყაენის დროინდელ მონღოლ-თათრებს. სურთ საქართველო რუსეთის მონა-მორჩილი იყოს. არ უნდა გვეგონოს, რომ ბრძოლას აზრი არა აქვს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

წარმოუდგენელი რაღაც ხდება - ყოველდღე იჭერენ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს. მაგალითად, ქალბატონი აზა ჩილაჩავა, 71 წლის ქალი, აფხაზეთიდან ლტოლვილი დაიჭირეს. ეს ხალხი საოცრად ღირსეული, კეთილშობილი, მართალი და შემართულია. საუკეთესო ქართველები არიან და ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა ვთქვათ, რომ არ გვინდა ეს მთავრობა, რომელიც არის რუსული, რუსული კოშმარი. იმის მიუხედავად, რომ ვინც ხმას ვიღებთ, შეიძლება ყველა ციხეში გაგვიშვან, ჩვენ უკანდასახევი გზა არა გვაქვს.

- თქვენი აზრით, რით არის განპირობებული საზოგადოების ერთი ნაწილის აქციებზე გამოსვლისგან თავშეკავება ან პასიურობა?

- საქმეც ის არის, რომ მოსახლეობის ნაწილი კონფორმისტულად არის განწყობილი, ზოგს ეშინია, ზოგი მხოლოდ თავისი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობს.­ ეს ეგოიზმია, რომ არ გაწუხებს შენ გვერდით მყოფი ადამიანის ბედი. მაგალითად, მე მყავს ნათესავები, რომლებიც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ მოგვწონს, მაგრამ თუ "ნაცები" დაბრუნდებიან, საშინელება იქნება და ამიტომ ვერ დავდგებით "ნაცების" გვერდითო. ამიტომ სახლში სხედან და არ მონაწილეობენ ეროვნულ მოძრაობაში. ეს იმ ეროვნული მოძრაობის გაგრძელებაა, რომლის სათავეშიც იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. იმ მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობა აღარც მაქვს, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? პასიურობა და თავშეკავება ქვეყნის დამღუპველია. როგორ შეიძლება სახლში იჯდე, როდესაც ქუჩაში იჭერენ უდანაშაულო ხალხს გზაზე გადასვლისა და პირბადის ტარების გამო და ციხეში უშვებენ - ასეთ ხალხს რა უნდა უთხრა? ვთხოვ, დაფიქრდნენ და თავიანთ გულებში ჩაიხედონ და სინდისის ხმას, თუ ჯერ კიდევ ჟღერს მათ გულებში, ყური მიუგდონ.

- გაქვთ იმედი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება?

- დიახ, მაქვს იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ რაც რუსეთმა ჩაიფიქრა, არ გამოუვა. მიუხედავად ყველაზე სასტიკი მეთოდებისა, რაც შეიძლება გამოიყენონ, მაგალითად, ქუჩაში ტყვიაც კი გვესროლონ. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი გავა, იმაზე ბევრჯერ ნაკლები, რაც ახლა გადის და იმათაც დახოცავდნენ, დანარჩენები შინ ჩაიკეტებიან, მაგრამ ჯერ ამ ზღვარს ვერ მიაღწია რეჟიმმა, რადგან დEღეს სიტუაცია მსოფლიოში სხვანაირია. თუ ეს ვითარება დიდხანს გაგრძელდა და საზოგადოების აქტიური ნაწილი ციხეში გაუშვეს, არა რამდენიმე დღით, არამედ რამდენიმე წლით, ეს წინააღმდეგობა მაინც გაგრძელდება, ოღონდ სხვა ფორმით. ადრე თუ გვიან, რუსეთი ჩამოიშლება. უკრაინამ, ფაქტობრივად, უკვე გაიმარჯვა, იმის მიუხედავად, რომ ახლა რთული ვითარებაა, თუნდაც ფრონტზე. რუსეთი მთელ დასავლეთს უპირისპირდება, უკრაინაში შესვლით კი იმ ტოტს ხერხავს, რომელზეც ზის. პუტინის მიზანია ისევ აღადგინოს საბჭოთა კავშირი. მისი იდეაფიქსი ის არის, რომ მთელი სამყარო უნდა შეიყვანოს რუსულ სამყაროში. ეს ნიშნავს, რომ უნდა იცხოვრო როგორც რუსმა, უნდა იყო პირუტყვი და მუდამ ემორჩილებოდე ბელადის ძალადობას. მე არ მჯერა, რომ ეს გამოუვათ, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ ძალიან მაგრები და ვერ გაგვიკეთებენ იმას, რაც ბელარუსს გაუკეთეს, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიოში ვითარება ამჟამად სხვაგვარია. ჯერ არა ვართ დამარცხებული და თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გვაქვს მომავალი.

კესო ხოსიტაშვილი