"მაშინ ქისტებსა და ხევსურებს შორის მტრობა მართლაც არსებობდა, სისხლის აღებაც ძალაში იყო, მაგრამ გმირული და ამაღელვებელი მაგალითებიც მრავლად იყო. ამას შ - კვირის პალიტრა

"მაშინ ქისტებსა და ხევსურებს შორის მტრობა მართლაც არსებობდა, სისხლის აღებაც ძალაში იყო, მაგრამ გმირული და ამაღელვებელი მაგალითებიც მრავლად იყო. ამას შეიძლება ქცევის ზეპირი კოდექსიც დავარქვათ"

"ამ სამყაროში გამორჩეული ადამიანები ძალიან ცოტანი იყვნენ და არიან, ასევე იქნება მომავალშიც, რადგან უკეთესობა­ ძნელი შესამჩნევია, მით უმეტეს გარე თვალისთვის", - ამბობს მეცნიერი, ფილოლოგი და ფოლკლორისტი ამირან არაბული და იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს.

samuka-chincharauli-1762706948.jpg

"პაპა იმ თბილი საცმელის კალთაში მიფარავდა..."

- ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში დავიბადე და გავიზარდე, ბავშვობა მაინც სხვაგვარად არის აწყობილი და მოწესრიგებული. უფროსების საუბრის ყურის გდება, ჩემი და თანატოლების ყველაზე საყვარელი საქმიანობა იყო. მოგეხსენებათ, მთაში­ როგორი კლიმატური პირობებია. საღამოს და ღამის საათები პაპების და შვილიშვილების, მშობლების და შვილების ინტენსიური ურთიერთობის დრო იყო. ალბათ, ზედმეტი იქნება საუბარი იმაზე, რომ პაპის და ბებიის კალთაში გაზრდა რამდენად­ მნიშვნელოვანია, მეც ასეთ სითბოში და მზრუნველ გარემოში გავიზარდე. ბებია ჩემს დაბადებამდე გარდაიცვლა, პაპა კი სიზმარივით მახსოვს, რადგან ისიც ჩემს ადრეულ ბავშვობაში წავიდა ამ ქვეყნიდან. პაპას ზამთარში სათბილებლად ყოველთვის ტყავკაბა ჰქონდა მოხურული. იმ თბილი საცმელის კალთაში მიფარავდა, ისე გამახვევდა, თითქოს მეძებდნენ და ვერ მპოულობდნენ. დღესაც ცოცხლად მახსოვს ის ემოცია. მშობლებთან, უფროს მეზობლებთან ურთიერთობას გნებავთ გაკვეთილი უწოდეთ, გნებავთ დიდაქტიკა, ჰარმონიული იყო და დღევანდელობასთან შედარებას რომ ვაკეთებ, მაშინდელი მდგომარეობისგან რადიკალურად განსხვავებულია. დღეს თაობებს შორის აღარაა საუბარი. მთელი არსებით ახალგაზრდები ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში არიან ჩაფლული. ტექნიკური მიღწევები კარგია, კეთილი მხარე უდავოდ აქვს, მაგრამ ზღვარგადასული ხომ არაფერი ვარგა?! თაობებს შორის უწყვეტი ჯაჭვის არსებობა სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია.

უფროსების ნათქვამი ყველა სიტყვა, მათ მიერ გაკეთებული ყველა საქმე ახლაც ხშირად მახსენდება. მაშინ მოსმენილი ფრაზები მახსოვს და მეძვირფასება. დიალექტების და კილოკავების ლექსიკური ფონდისთვის იქაურობა ცალკე საგანძურია, განსაკუთრებული სიმდიდრით გამორჩეული.

iura-japarize-1762706948.jpg

თარუა და ნათელა ბალიაურები

- პაპაჩემის ძმის ცოლი გახლდათ თარუა ბალიაური. ჩემი სიყმაწვილის და ბალღობის წლებში მათი დაუპატიჟებელი სტუმარი ხშირად ვიყავი. თარუას ძმა მწერალი ლადო ბალიაური გახლდათ. ლადო რეპრესირებული იყო, შუა აზიაში გადასახლებული, იქ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

თარუა მიამბობდა არხოტზე ქისტების­ გალაშქრების ამბებს. ადამიანებმა, რომლებმაც წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ,­ ალღოსა­ თუ გუმანის წყალობით, ისე მოჰქო­ნდათ თაობებთან სათქმელი, მთელი დღეები გრძელდებოდა ეს კეთილი ზემოქმედება და გამახსოვრდებოდა. პაპას ძმა (თარუას მეუღლე) კოლორიტული პიროვნება­ იყო, არხოტში ხშირად მოგზაურობდა.

თარუა იყო განსაკუთრებული სახე ჯუთაში მყოფი ასაკოვანი ქალებისა. 7-8 ქალბატონი იყო არხოტიდან ჯუთაში გამოთხოვილი, ჩვენ ერთი უღელტეხილი გვყოფს.­ ცხენებით ან ფეხით უხდებოდათ მოყვრებთან მიმოსვლა. მაშინ ქისტებსა და ხევსურებს შორის ურთიერთობაში მტრობა მართლაც არსებობდა, სისხლის აღებაც ძალაში იყო, მაგრამ მტრობასთან ერთად ურთიერთობაში გმირული და ამაღელვებელი მაგალითებიც მრავლად იყო. ამას შეიძლება ქცევის ზეპირი კოდექსიც დავარქვათ.

მოგვიანებით, სტუდენტობის პერიოდში, როდესაც უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები დავდიოდით ექსპედიციებში, მასალებს ვიწერდით და ჩამოგვქონდა, ჩემზე ასეთივე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ნათელა ბალიაურმა. მას შუაფხოში შევხვდი, ის გახლდათ ცნობილი ეთნოგრაფის ალექსი ოჩიაურის მეუღლე, თინათინ, დედიკა, ირაკლი და გოგი ოჩიაურების დედა. ნათელა ბალიაურს ეკუთვნის "სწორფრობა ხევსურეთში". მოცულობითი­ წიგნია, უამრავი უნიკალური გრძნობა და ინფორმაციაა სწორფრობის სახელწოდებით ცნობილი მრავალსაუკუნოვანი წეს-ჩვეულების შესახებ. ნათელა ბალიაურს ეკუთვნის "ხევსურული ქრონიკები", სადაც პატარ-პატარა ამბებია მთელ წიგნში განფენილი. რომ გაიგო ვინ ვიყავი, ჩემდამი უდიდესი პატივისცემით განეწყო, ის ჩემს მშობლებს იცნობდა. სულ რაღაც ერთი საათი დავყავი შუაფხოში ოჩიაურების კარზე, სადაც ანა კალანდაძეს უყვარდა ასვლა და თავის მეგობარ ოჩიაურებთან ზაფხულის დღეების გატარება.

ნათელა ბალიაურიც ყურადღებას ხევსურებსა და ქისტებს შორის უძველესი დროიდან არსებულ მტრობაზე ამახვილებდა. ამ თემაზე თხრობისას, ტენდენციურობა აშკარად შეიმჩნევა. ხევსურები თავისიანებს ხოტბას ასხამენ და გარეშე ადამიანები ცოტათი ყურადღების მიღმა რჩებიან. ნათელა ბალიაურმა აღნიშნა, მიუხედავად მათი ურთიერთმტრობისა, არსებობდა ზღვარი, რომლის გადალახვაც არ შეიძლებოდა თვით მოსისხლე მტრებს შორისაც კი. ამ თემაზეა ანა კალანდაძის ცნობილი ლექსი:

- რაისთვის აქებ ქისტებს ბერდედავ? მათ ვაჟკაცობას ძალას და სიმხნეს? მიწა უვსიათ... ხევსურთა ძვლებით...

- რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს! - ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჟკაცები, ახიელაშიც უზომოდ ხოცეს...

- რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს! - რა ვიცი ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!

მთის მარგალიტები

- იურა (გიორგი) ჯაფარიძე იყო ჩვენი ექსპედიციების უცვლელი წინამძღოლი, იმდენად არაჩვეულებრივი პიროვნება, რომ მე, ხევსურს, ხევსურეთი გამაცნო. ზაფხულობით ფშავ-ხევსურეთში დავყავდით სტუდენტები. მთაში არდადეგებზე მყოფი სტუდენტები და ლექტორები ერთმანეთს ვხვდებოდით. იურა ფშავის რომელიმე სოფელში თუ იყო საკალმასოდ ანუ მასალების შესაკრებად წასული, იქვე იყვნენ ზურაბ კიკნაძე, ბეჟან აბაშიძე და მათ მიერ შეკრებილი მასალებით ივსებოდა ხალხური პოეზიის კრებულები. იურა ისეთი იყო, რომლის მსგავსებიც სამყაროში იშვიათად იბადებიან. ის არანაირ ტიტულს და ხარისხს არ იყო დახარბებული. შიგნიდან კითხულობდა, შიგნიდან იცოდა ხევსურების ყოფა, ბევრი ადათი და წესი, რაც მის უძვირფასეს ჩანაწერებშიც ჩანდა.

არასდროს დამავიწყდება სამუკა ჭინჭარაული, ისეთი დანაოჭებული, დაღარული სახე ჰქონდა, მსგავსი პორტრეტი არასდროს მინახავს, ვიღაცამ შედარებაც კი გააკეთა, საქართველოს რუკას ჰგავსო. ჩვენ რომ ვინახულეთ, ის 100 წელს იყო გადაცილებული. სოფელი ხევსურეთში, სადაც სამუკა ცხოვრობდა, დღეს უკვე აღარ არსებობს. სამუკასთან ერთად ცხოვრობდა მისი 70 წლის შვილი, რომელიც გათხოვილი იყო, მაგრამ შემდეგ უკან დაბრუნებული.

ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერიდან, ნაწილი გამოუქვეყნებელია. დღევანდელი სიმპტომები და ტენდენცია ამ მხრივ დამშვიდების საშუალებას არ მაძლევს. სტუდენტებს სულ ვეუბნები, როცა სოფლებში მოხვდებიან და ასაკოვან ადამიანებს იპოვიან, ყურადღება გაამახვილონ, მათგან თუნდაც ერთი უცხო სიტყვა რომ გაიგონ, ეს უკვე ძალიან დიდი საქმეა.

- ახალგაზრდების მხრიდან ინტერესი დაკარგულია?

- მეტ-ნაკლებად. ხანდახან გამოჩნდება გამოანათებს ხოლმე ინტერესიანი ახალგაზრდა, ენთუზიაზმი აქვთ, ბევრი რამ იციან, მაგრამ უნდა ჰქონდეთ ცოდნა, როგორ დაგეგმონ ექსპედიცია, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.

babale-aludauri-1762706948.jpg

- ამბების მთხრობელები არიან შემორჩენილი?

- ბაბალე ალუდაური, ხახმატელი ქალია, ზამთრობით ნორიოს სიახლოვეს ცხოვრობს, თუმცა მთაში ასვლა უკვე ზაფხულზეც უჭირს. საოცარი ქალბატონია, მსგავსი მთხრობელი არ მინახავს. უნდა დაუგდო ყური და სიტყვასიტყვით ჩაწერო, ისეთი წიგნიერია, ისეთი მეტყველი, ისეთი მოუბარი... სახელოვანი მამის შვილია.

ბაბალე გოდერძი ჩოხელის ფილმშია გადაღებული, რის შემდეგ ბაბალე და გოდერძი ძმადნაფიცები გახდნენ. ლამის მთელი ფილმი ხახმატშია გადაღებული. ერთი ეპიზოდია გურამ ფირცხალავა და ბაბალეს პერსონაჟები ჭიდაობენ. ამ სცენის გადაღებისას, ბაბალეს ნახევრად ხუმრობით უთხრეს, ქმარი გიყურებს, გურამ ფირცხალავასთან როგორ ჭიდაობო. მიყუროს, მერე, რა, ცუდ ვაჟკაცთან ვჭიდაობო?

მე და ეთერმა (ეთერ თათარაიძე) 3 დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ. ერთ-ერთს "ცისა და მიწის შუამავლები" დავარქვით. ფილმში გადაღებული არიან ხუცესები, ხევისბრები, ჯვარ-ხატების მსახურები, რიტუალებში მონაწილენი. ისეთი კადრებია, რომლის გამეორებაც უკვე ძნელია. ასე შემოვინახეთ ბეწიწურ არაბულის სახეც, ის 106 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენს წარსულში ძალიან დიდი სიმდიდრეა, საგანძურია საკითხავი, ჩვენ რა წამოვიღეთ წარსულიდან? ვახტანგ კოტეტიშვილს აქვს ნათქვამი: "რაც კი რამ შექმნილა დიადი და გენიალური, სათავე ხალხური შემოქმ-ედების წიაღში ეძებეთო". ეს ჩამოყალიბებული ფორმულაა, დიდი სიმართლე.

თამუნა კვინიკაძე