"ერთ დღეს ჩემს კონცერტზე რომ ნახა ფილარმონიის გადაჭედილი დარბაზი, შეძახილები კვაშალი, კვაშალი... მაშინ მითხრა: გეხვეწები, თავში არ აგივარდეს, ვარსკვლა - კვირის პალიტრა

"ერთ დღეს ჩემს კონცერტზე რომ ნახა ფილარმონიის გადაჭედილი დარბაზი, შეძახილები კვაშალი, კვაშალი... მაშინ მითხრა: გეხვეწები, თავში არ აგივარდეს, ვარსკვლავური ავადმყოფობა არ დაგემართოსო!"

"მამა იყო ჩემი პირველი დამრიგებელი. ერთ დღეს ჩემს კონცერტზე რომ მოვიდა და ნახა ფილარმონიის გადაჭედილი დარბაზი, შეძახილები კვაშალი, კვაშალი... მაშინ მითხრა: მამა, გეხვეწები, თავში არ აგივარდეს, ვარსკვლავური ავადმყოფობა არ დაგემართოსო!" - იხსენებს მომღერალი ნუგზარ კვაშალი.

- დაბადების თარიღი...

- 1952 წლის 15 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ჩემი თბილისის მეეზოვე. მაშინ ვფიქრობდი, რომ დილაადრიან იმ დროს ავდგებოდი, ქუჩაში რომ არავინ იქნებოდა. დავიწყებდი დასუფთავებას და ამ დროს აუცლებლად ვიპოვიდი ბევრ ფულს ან კარგ ნივთებს. მეგონა, რაღაცები იკარგებოდა და მეეზოვეები პოულობდნენ.

- ჩემზე ამბობენ...

- ძალიან ნიჭიერიაო. ჯერ მსიამოვნებს­, ვამაყობ, თან ვტრაბახობ. მაგრამ მერე თუ გადაამლაშებენ, აღარ მომწონს. ისეთ ანსამბლში მოვხვდი, სადაც ნიჭიერების ზეიმი იყო. უდიდესი პიროვნებების გვერდით გამოვდიოდი. 53 წელია "ივერიელი" მქვია და ბოლომდე "ივერიელი" ვიქნები. 4 წლის იყო "ივერია", მე რომ მივედი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- იმავე გზას დიდი სიამოვნებით გავივლიდი. ახლა წარმოვიდგინე და ამ გზის გავლა, თავიდან რომ მიწევდეს, ჩემზე უბედნიერესი კაცი არ იქნებოდა.

- ჩემი წარმატება...

- იყო ბავშვობაში, 51-ე სკოლაში ანსამბლი ჩამოვაყალიბეთ. მაშინ ელექტროგიტარა პირველად ავიღე ხელში და სკოლის კლუბში ორი აკორდით (მაშინ მეტი არ ვიცოდი) დაკვრა დავიწყე. დარბაზი დაინგრა. იცი, პირველად როგორ მივხვდი, წარმატებული რომ ვიყავი? ჩემმა შეყვარებულმა სხვაგვარად შემომხედა, ეს იმის დასტური იყო, რომ რაღაც ძალიან მაგარი გავაკეთე.

- სიყვარული ეს...

- ავადმყოფობაა. სიყვარულით თუ დაავადდი, დამთავრდა, კარდიოლოგიურზე, ონკოლოგიურზე მძიმე ავადმყოფობაა. ჩემი სიყვარული 53 წელია ჩემ გვერდით არის. ეჭვიანობაც სიყვარულის ერთ-ერთი დაავადებული ნაწილია. კარგი დაავადებაა, ისეთია, რომ მორჩენაც არ გინდა. სიყვარული სურვილია, სურნელია, ტკივილია, ხმაურია, ჰაერია...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- იმ მერვეკლასელ გოგოზე გიამბოთ? ძალიან ლამაზი განცდა იყო, მანამდე გარშემო ფანტასტიკური გოგონები ტრიალებდნენ, ისინიც ბავშვურად ცდილობდნენ ბიჭების ყურადღება მიექციათ, მაგრამ ჩვენ გავრბოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით. რომ წამოვიზარდე, აბა, ჩემ გარდა ვინმეს შეეხედა, მერე წავიდოდა ჩხუბი, მუშტების ტრიალი, სკოლის ფორმების ჩამოხევა. ეს ამბები ბავშვობაში დარჩა.

ჩემი მეუღლე იცით, როგორ გავიცანი? დავინახე, ქუჩაში ერთად ორი ანგელოზი­ გოგო მოდიოდა, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რომელი უფრო მომწონს? მაშინ მეც კარგი ბიჭი ვიყავი, გამხდარი, გიტარით, კარგი სიმღერებით. მერე ჩვენ შორის მოიძებნა რაღაც ენერგია და 53 წლის წინ ეს გოგო ჩემი გახდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- შვილები, შვილიშვილები ჯანმრთელები არიან. ჩემს ასაკში ყველაზე დიდი ბედნიერება ეს არის. სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებთან კონცერტების ჩატარება ხშირად მიწევდა... ადამიანები ჯანმრთელობას­ სათანადოდ ვერ ვაფასებთ, არ ვუფრთხილდებით, არადა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ასაკობრივი "ბარათები" მქონდა. ადრეულ წლებში სახელი თენგიზ ჩხეიძემ დამარქვა. ერთ დღეს მითხრა, შენ ხარ "მუკუზა". რატომ ვარ-მეთქი? ხარო. მუკუზანი გამიგია, მაგრამ "მუკუზა" არ ვიცი, რას ნიშნავს. მაგის მერე "მუკუზას" მეძახდნენ. სუფრასთან ჩემი სავიზიტო ბარათი პირველივე სასმელი ნახევარლიტრიანი ყანწი იყო. ახლა უკვე ჩემი სავიზიტო ბარათი ვალიდოლი და კორვალოლია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...კონცერტები ჩავატარო. ამ ასაკში შევქმენით ანსამბლი "შესანიშნავი შვიდეული". ამხელა ადამიანები კიდევ სცენაზე ვდგავართ და ვაკეთებთ საქმეს, რომელიც დიდ ბედნიერებას გვანიჭებს. მინდა მქონდეს შესაძლებლობა, ჩემი შვილიშვილი რომ მოვა, კანფეტის ფული მქონდეს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- უღალატო ვარ და აბსოლუტურად ყველა მიყვარს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ახლა ჩემი გამოსწორება უკვე გვიანია, მაგრამ წლების წინ სოლო სიმღერები არ მიყვარდა, ანსაბლთან ერთად სიმღერა კი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ყველა მეძახდა, კომპლექსიანი ხარო. ახლა ის აღარ მომწონს, კომპლექსიანი რომ აღარ ვარ.

- ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა...

- არის ოჯახი, სამეგობრო და მსმენელის სიყვარული. ღირსების და კიდევ სხვა ორდენებიც მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი საპატიო თბილისელის წოდებაა. 46 წლის წინ დაიწყო ამ დღესასწაულის აღნიშვნა და 422 კაცს აქვს სულ ეს ჯილდო მინიჭებული. ერთ საუკუნეში შეიძლება 1000 კაცამდეც არ მოგროვდეს და რამხელა პატივია, იმ ჩამონათვალში რომ ხარ, სადაც უდიდესი ლეგენდები არიან. როგორ შეიძლება, ამით ბედნიერი არ ვიყო. ხანდახან არ მჯერა ხოლმე. მეუბნებიან, ეს ჯილდო აქამდეც უნდა მოეცათო. რა ასაკშიც არ უნდა დაჯილდოვდე, ამ დროს ასაკი ქრება.

- საპატიო თბილისელის წოდება...

- არც საჩუქარია, არც პრიზია, ეს შენი უბნელობის, შენი ბიჭობის, შენი ცხოვრების შეჯამებაა. ქალაქისგან უკან დაბრუნებული სიყვარულია. იმის დასტურია, რომ შენ არა მხოლოდ იცხოვრე ამ ქალაქში, აკეთე ის საქმე, რომელიც თბილისს უხდებოდა და უხდება. ჩემი ბავშვობის დროს, ეს ქალაქი აბსოლუტურად სხვაგვარი იყო. ვინც სწორად არ მოიქცა, იმ ადამიანებს გაუბრაზდა.­ ცუდი საქმეები არ უნდა აკეთო, ხალხი, მეზობლები, უბნელები არ გაღიარებენ. ის თბილისი მახსოვს, როცა არც ერთი კარი არ იკეტებოდა, სახლების ღია ფანჯრებიდან სიმღერის ხმა გამოდიოდა. ღამის 2 და 3 საათზეც არავინ გეტყოდა, ნუ ხმაურობო.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- პოლიტიკაში წასვლა, თუმცა 1999-2000 წლებში მქონდა ამის მცდელობა. მინდოდა, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის­ ზურგი ვყოფილიყავი, დავხმარებოდი, მაგრამ რაც მე იქ ვნახე... "პოლიტიკური რეჟისორი" რომ გავიცანი, ჩემი ბასილაია ვარჩიე და ამ საქმეს თავი დავანებე.

- რა ნახეთ იქ თქვენთვის მიუღებელი?

- მაშინ არჩევნებში რა ხდებოდა, იცით? ისეთი კარგი ილუზიონისტები და ფოკუსნიკები მუშაობდნენ, 500 ბიულეტენი წამში ხდებოდა 1500. რომ გავიკვირვე, მითხრეს, აქ არაა შენი ადგილი, წადი, შენს საქმეს მიხედეო. დავუჯერე და წამოვედი.

- გული მწყდება, რომ...

- ჩემი ბევრი მეგობარი დღეს გვერდით აღარ მყავს, მაგრამ ასეთია ცხოვრება, ოდესღაც ადამიანებს ჩვენც დავაკლდებით.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- პასიურობის გამო, ძველი სიმღერები რატომ არ გინდა გაიხსენო, ახლებურად გააკეთოო. ჩემგან ბევრს მოითხოვენ... ჰო, მეუღლე მსაყვედურობს, ბევრს ნუ ჭამ, ძალიან მოიმატეო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- კერძების მომზადება, მიუხედავად იმისა, რომ გურმანი ვარ. ჩემი სიდედრი და მეუღლე ისეთი მზარეულები არიან, რომ... მერე მეჩხუბებიან, რატომ გასუქდიო?

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- დიდ საკონცერტო დარბაზს ავაშენებდი, ისეთს, როგორიც "ბლექსი არენაა", იქ კონცერტები ყველა სეზონზე იქნებოდა და რაც მთავარია - უფასოდ.

- მაკვირვებს...

- ქართველი ხალხი. უზომოდ ნიჭიერები ვართ, განათლებულებიც... რამდენი საერთაშორისო წარმატება გვაქვს, ვერავინ დათვლის. დღეს დიდი დაძაბულობაა, ეს ნიჭიერი ხალხი ერთმანეთს ერჩის, ადრეც ვერჩოდით, ახლა გარედანაც გვერჩიან. ამიტომ ყველანი უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ყველამ ჩვენი საქმე პირნათლად ვაკეთოთ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ჩემი წამლები ჩემი შვილიშვილები არიან. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, მოვლენ, ჩამეხუტებიან და გამაცოცხლებენ. რაც მთავარია, ეს თავადაც იციან და რომ მოვლენ, იძახიან, ბაბუს წამლები მოვედითო. იმ წამლებს "ყიდვა" ხომ უნდა?..

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- მამა იყო ჩემი პირველი დამრიგებელი. ერთ დღეს ჩემს კონცერტზე რომ მოვიდა და ნახა ფილარმონიის გადაჭედილი დარბაზი, შეძახილები კვაშალი, კვაშალი...მაშინ მითხრა: მამა, გეხვეწები, თავში არ აგივარდეს, ვარსკვლავური ავადმყოფობა არ დაგემართოსო!

- არ დაგმართნიათ?

- არასდროს. ჩემ გვერდით ისეთი ხალხი იდგა, თავში მე რა უნდა ამვარდნოდა? ავტოგრაფზე უარი არავისთვის მითქვამს. დღეში 300-400 ავტოგრაფს ვაძლევდით, ზოგჯერ ხელს ვეღარ ვამოძრავებდი. ერთი პერიოდი მე და ვახო ტატიშვილი ჯუჯებს ვხატავდით.

- დაბოლოს გეტყვით...

- დიდი მადლობა თქვენს მკითხველს, ვინც დაინტერესდა და ამ ინტერვიუს გაეცნო. მადლობა, რომ გიყვართ ანსამბლი "ივერია", "ჯუჯები", "გუდა, გუდა, თოვლის გუნდა"... ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ!

თამუნა კვინიკაძე